სილამაზის რეცეპტები წარსულიდან - კვირის პალიტრა

სილამაზის რეცეპტები წარსულიდან

დღეს მსოფლიო სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი სფეროა. მილიარდობით დოლარის ბრუნვით, ის აერთიანებს კოსმეტიკას, ფარმაციას, ესთეტიკურ მედიცინას და კანის მოვლის მრავალფეროვან პროდუქტს. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ეს ყველაფერი საუკუნეების წინანდელ რეცეპტებს, ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ტრადიციულ სილამაზის რიტუალებს ეფუძნება, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. როგორ უვლიდნენ ჩვენი წინაპრები თავს და თავის მოვლის რა რეცეპტები შემოგვინახა ისტორიამ? - ამ კითხვებს ესთეტიკოს-კოსმეტოლოგი სოფიო თოიძე პასუხობს.

კლეოპატრას საიდუმლო

სახის პილინგის პროცედურა, რომელიც დღეს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ლაბორატორიაში არ შექმნილა. ეს პროცედურა პირველად სამეფო სააბაზანოში ჩატარდა. პილინგი, ანუ კანის ზედა ფენის განახლება, ერთ-ერთი უძველესი ესთეტიკური მეთოდია, რომელიც ძველ ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. პირველი სახის პილინგი სწორედ კლეოპატრას პერიოდში შეიქმნა.­ ეგვიპტის ლეგენდარული დედოფალი, სილამაზის ნამდვილი ალქიმიკოსი იყო. ამბობდნენ, რომ მისი კანი ისე ბზინავდა, თითქოს შუქს ასხივებდა. ხშირად ისმის კითხვა - რა იყო კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო? - რძის აბაზანა, რომელსაც ამატებდა თაფლსა და ვარდის ფურცლებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რძეში არსებული ლაქტოზა და რძის მჟავა სწორედ ის ინგრედიენტებია, რომლებიც თანამედროვე პილინგებში გამოიყენება.

ეგვიპტელები კანის გასაახალგაზრდავებლად იყენებდნენ: რძემჟავას (რომელიც დღეს ქიმიური პილინგების აქტიური კომპონენტია); მარილს, ქვიშას და თაფლს - როგორც ბუნებრივ სკრაბებს; თეთრ თიხას და ნატურალურ ზეთებს - კანის დასარბილებლად და დასამშვიდებლად. კლეოპატრა აბაზანებს იღებდა თხის რძეში, სადაც რძემჟავა ბუნებრივად იწვევდა კანის მსუბუქ აქერცვლას. ეს ბუნებრივი ნაზავები ითვლება ძირითად შემადგენლობად იმ პროცედურისა, რასაც დღეს პილინგს ვუწოდებთ.

სილამაზე სიცოცხლის ფასად

XVI-XVII საუკუნეების რომში ქალის გარეგნობა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური სტატუსის მაჩვენებელი იყო. თეთრი კანი, ლამაზი თმა და დახვეწილი სურნელი აღიქმებოდა როგორც სიმდიდრისა და მაღალი სოციალური სტატუსის ნიშანი. რომაელი მაღალი წრის ქალები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კანის სისუფთავესა და ფერს. მათი მიზანი იყო ძალიან ფერმკრთალი, თითქმის გამჭვირვალე კანი. იმდროინდელი ქალებისთვის თავის მოვლის საშუალებები იყო: თაფლი და რძე, როგორც კანის დასარბილებელი და დასატენიანებელი საშუალებები; კვერცხის გული და ცილის ნიღბები კანის ლიფტინგისთვის; ვარდის წყლისა და ლავანდის ნაზავი - დასატენიანებლად. სიცოცხლისთვის საშიში პროცედურა კი იყო სახის კანის გათეთრება, რომელიც შეიცავდა ტყვიის ფხვნილს. მაშინ არ იცოდნენ, რომ ფხვნილი უეცარი გარდაცვალების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. იაპონიაში გეიშებიც იყენებდნენ სახის გასათეთრებლად ტყვიისა და ვერცხლის ნარევს, რასაც მოგვიანებით `სილამაზის წყევლა~ უწოდეს. შუა საუკუნეებში ევროპაში ქალები წარბებს იპარსავდნენ და წამწამებს იქნიდნენ, რათა შუბლი მაღალი ჰქონოდათ - ეს ინტელექტის ნიშნად ითვლებოდა.

XIX საუკუნეში კი მოდური იყო ტუჩების გასაწითლებელი საშუალება - სინაბარი (ვერცხლისწყლის ნაერთი), რომელიც ნელ-ნელა წამლავდა ორგანიზმს. სილამაზე ყოველთვის იყო ძალაუფლება და როგორც ყველა ძალა, ზოგიერთ შემთხვევაში საშიშიც.

კანს აქვს მახსოვრობა

როცა გეშინია, კანი ცივდება, როცა გწყინს, ფერმკრთალდება. როცა გიხარია, ანათებს. კანი ყველაზე დიდი ორგანო და ემოციური­ ფარია, ის გრძნობს ყველაფერს. ხშრად გამონაყარი, სიმშრალე, გაღიზიანება არა მხოლოდ კოსმეტიკური, არამედ დაძაბულობის გამოძახილია, თითქოს კანი გეუბნება, შეჩერდი, დამშვიდდი, მოუსმინე საკუთარ თავსო. როცა არ ადარებ შენს სახის კანს სხვას და უვლი - კანი, რა თქმა უნდა, დადებითად რეაგირებს და ის იხსენებს, რომ უსაფრთხოდაა. ნამდვილი ესთეტიკა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ხვდები, რომ სილამაზე არ არის მხოლოდ გარეგნობა, ის შენი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც კანს ასხივებს.

სილამაზე არ იწყება ქილაში. ის იწყება იქ, სადაც ადამიანი პირველად შეეხო წყალს, თიხასა და ზეთს. ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ, სანამ მეცნიერება კოსმეტოლოგიას სახელს დაარქმევდა, ადამიანები ქმნიდნენ ნატურალურ ელექსირებს­ სხეულის გასალამაზებლად. ძველ ეგვიპტეში ქალები ნიღბებს ამზადებდნენ თაფლით, რძითა და თიხით. მათი კანი მზეზეც ბზინვარე და ნაზი იყო. საბერძნეთში ზეთისხილი წმინდა ინგრედიენტად ითვლებოდა. მისი ზეთი გამოიყენებოდა როგორც საცხი და ახალგაზრდობის სიმბოლო. სპარსელებს სჯეროდათ, რომ ვარდის ზეთი ასუფთავებდა არა მხოლოდ კანს, არამედ მთელ სხეულს, ინდოეთში კი ქოქოსის ზეთი და ალოე ვერა გამოიყენებოდა როგორც კანის დამცავი და მკვებავი. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ყველა ეს რეცეპტი დღესაც გამოიყენება. კანის მოვლის პროდუქციის თანამედროვე ფორმულებში ისევ ვხვდებით იმავე ინგრედიენტებს, რომელთაც ათასწლეულების წინ იყენებდნენ, უბრალოდ, ახალი სახელებით არიან წარმოდგენილი - მაგალითად,AHA Alpha Hydroxy­ Acid, რომელიც გამოიყენება პილინგებსა და კანის მოვლის საშუალებებში, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას, კანის გაახალგაზრდავებას და ფერის გათანაბრებას; ასევე ვიტამინი E, კოლაგენი, ანტიოქსიდანტები... ყოველ ჯერზე, როცა ბუნებრივ ინგრედიენტებს ისვამ კანზე, შენ ერთდროულად ეხები წარსულსაც და მომავალსაც. სილამაზე მემკვიდრეობაა, რომელსაც დრო ვერ შეაჩერებს.