მუნის შემოტევა: ყველაფერი, რაც ამ დაავადებაზე უნდა ვიცოდეთ - "ეს არ არის უბრალოდ „ქავილი, ეს არის სოციალური სიგნალი, რომ სადღაც სისტემა არ მუშაობს"
"საბურთალოზე, ჩემი შვილის სკოლაში დაფიქსირდა მუნის არაერთი შემთხვევა, ამიტომ ბავშვს სკოლაში აღარ ვუშვებდი. ახლა მოგვწერეს, რომ ხვალ მთელ სკოლაში დეზინფექცია ჩატარდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთი მშობელი. მუნის შემთხვევების მატებაზე საუბრობენ დასავლეთის არაერთ ქალაქსა თუ სოფელში. მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" თავის ფბ-გვერდზე სვამს კითხვას, მუნი რომელ სკოლებში დაფიქსირდაო, და კომენტარებში წერენ: "თემქა ლიდერობს", "ყური მოვკარი, რომ ბევრგან არის შემთხვევები, მაგრამ დირექტორები მალავენ, დამალვის მიზეზი არ ვიცი". იქვე კონკრეტული სკოლებისა და საბავშვო ბაღების ჩამონათვალია, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. ოფიციალური განცხადება მუნის შემთხვევებზე არც განათლების და არც ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია.
რატომ ჩნდება მუნი, და როგორ უნდა მოვიქცეთ, სადაც მუნის შემთხვევა დაფიქსირდება. რა წესები უნდა დაიცვან ბავშვებმა და მშობლებმა, რომ საფრთხე თავიდან აირიდონ, ამ საკითხებზე დერმატო-ვენეროლოგ ნინო სანოძეს ვესაუბრეთ.
- მუნი პარაზიტული დაავადებაა და არ ახასიათებს სეზონურობა, რადგანაც თვითონ გამოწვეულია პარაზიტის მოქმედებით კანის ზედა შრეში, რაც იწვევს როგორც გამონაყარს, ასევე ძლიერ ქავილს.
- რას უკავშირებთ მომატებულ შემთხვევებს?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ შემთხვევებმა იმატა. ბოლო წლებია მუნი გავრცელებული დაავადებაა და ის გვხვდება აბსოლუტურად ყველა სეზონზე. უბრალოდ, ამჟამად, სავარაუდოდ, გავრცელდა ბავშვებში და შესაბამისად, უფრო მეტი ემოციური ფაქტორი დაემატა, ცოტა მეტი პანიკაა მშობლებში. ჩვენ, ექიმები, ვიტყოდით, რომ ბოლო წლებში მუნი ძალიან გააქტიურდა, თანაც ყველა სეზონზე.
- შემთხვევების სტატისტიკა წარმოებს?
- სამწუხაროდ, არა და ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ გასულ წელსაც მუნის ზუსტად მსგავსი აფეთქება იყო. შეიძლება შემოდგომაზე მისი შემთხვევები უკავშირდებოდეს იმას, რომ იწყება სასწავლო პროცესი და ბავშვებს მეტი კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან.
- მუნი მოზარდების დაავადებაა?
- ადამიანს მუნი შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ასაკში, ჩვილობიდან სიბერემდე.
- ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომლები ამბობდნენ, ჩვენს თანამშრომელს მუნი ჰქონია და გაგვიკვირდა, რომ არ გადაგვედო, არადა, იმავე კლავიატურით ვსარგებლობდითო.
- მყარ ზედაპირზე დიდხანს მუნის ტკიპა ვერ ძლებს. ის უფრო მეტად იბუდებს რბილ სათამაშოებში, თეთრეულში, სამოსში... მუნის ტკიპა გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
- თუ საეჭვო კონტაქტი გქონდა, რამდენი ხანია ინკუბაციის პერიოდი, მუნი რომ გამოგვივლინდეს?
- ინკუბაციის პერიოდი იწყება 2 კვირიდან, დაახლოებით 8 კვირამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ დასაწყისში მუნი არ გამოვლინდება გამონაყარის სახით და იწყება მხოლოდ ქავილით. ამ ადამიანს ჰგონია, ალერგიული რეაქცია აქვს, სხვადასხვა პრეპარატს იღებს და ქავილი ოდნავ შეუმცირდება. მერე, როდესაც გამონაყარი ეწყებათ, ფიქრობენ, რომ ისევ ალერგიაა. ძალიან ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუნის ტკიპაზე აქვთ ალერგიული რეაქცია და ამიტომ ორივე მკურნალობის ჩატარება ერთდროულად გვიწევს.
- რომელი ფაქტორები იწვევს ტკიპის განვითარებას - ჰორმონული, ბაქტერიული თუ ცხოვრების წესთან დაკავშირებული?
- ჰორმონები მუნის ტკიპასთან არ არის კავშირში. ცხოვრების წესია უპირველესია - უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. მოზარდები ხშირად სთხოვენ ერთმანეთს სამოსს - ეს არ არის სწორი. უპირველესია ხელის ხშირი დაბანაც. ყველაზე ხშირი კონტაქტი არის ხელით და პირველი გამონაყარიც ხშირად ხელზე ვლინდება. თუკი გადადება მოხდა სამოსით ან თეთრეულით, პირველი გამონაყარი ჩნდება ტანზე. არის შემთხვევები, როდესაც სქესობრივი კონტაქტის ფონზე ხდება მუნის გადადება და შესაბამისად, სასქესო ორგანოებიდან იწყება გამონაყარი.
- მხოლოდ მკურნალობის შედეგად ხდება განკურნება?
- არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თვითნებურად მკურნალობს და სხვადასხვა საშუალების გამოყენებით განიკურნება, მაგრამ ისე, რომ არაფერი წაისვას, არ ჩაიტაროს დეზინფექცია და მუნი თავისით გაქრეს, წარმოუდგენელია.
- თვითმკურნალობა რამდენად გამართლებულია და რა პათოლოგიებს შეხვედრიხართ თვითმკურნალობის შედეგად?
- ყველაზე ხშირად არის ბაქტერიული ინფექციით გართულებული მუნი, იმიტომ, რომ მთავარი მუნის შემთხვევაში სწორი დიაგნოსტიკაა. თვითნებურად მუნის მკურნალობის შედეგად ყველაზე ხშირი გართულებაა როგორც ფსიქიკური, ასევე ფსიქოლოგიური, რადგან მუნს ახასიათებს გამოხატული ღამის ქავილი. ადამიანს ერღვევა ძილის რიტმი, მუდმივად გაღიზიანებულია. შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციით გართულდეს მდგომარეობა, რადგან მუდმივი ქავილის გამო ზიანდება კანის საფარველი და განვითარდება მეორადი ინფექცია.
- შეიძლება ვთქვათ, რომ თუ კლასში ერთ ბავშვს აქვს, მთელ კლასს გადაედება?
- გააჩნია, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი, მუნი არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.
- რამდენად ამძაფრებს ტკბილი და ცხიმიანი საკვები ამ პრობლემას?
- მწარე და ცხარე საკვები უფრო მეტად იწვევს ქავილის შეგრძნებას ნორმალურ მდგომარეობაშიც. მუნის დროსაც შესაძლებელია ასეთი საკვების მიღებისას ალერგენები გააქტიურდეს და ამის ფონზე დაიწყოს ქავილი, თორემ თვითონ მუნთან კვებას კავშირი არა აქვს.
- არსებობს მუნისკენ მიდრეკილი კანი?
- არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მიდრეკილი არიან, ვთქვათ, დატილიანებისკენ, იმიტომ, რომ აქვთ მხურვალე თავი, მეტად გამოყოფენ ოფლს, ცხიმს. თბილი და ნოტიო გარემო ხელს უწყობს როგორც სხვადასხვა პარაზიტული დაავადების, ასევე ინფექციური დაავადებების განვითარებას.
- რამდენხნიანი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო მუნის დასამარცხებლად?
- არსებობს მუნის სამკურნალო სხვადასხვა ტიპის საშუალებები და დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში სრულად იკურნება. როდესაც არ მიმდინარეობს სრულყოფილი მკურნალობა ან არ მუშავდება ტანსაცმელი ან სხვა რბილი ქსოვილი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ადამიანი, მუნი უბრუნდებათ ხოლმე, ან პირველწყარო არ არის ამოცნობილი და ამის ფონზე ხდება განმეორებითი ინფიცირება. მუნი სრულიად იკურნება და საკმაოდ მალე, თუ დეზინფექციის ყველა ნორმა იქნება დაცული. ამასთან, აუცილებელია, კონტაქტში მყოფი ყველა პირი მკურნალობდეს, რათა არ მოხდეს განმეორებითი ინფიცირება.
- როგორ უნდა დამუშავდეს ადგილი, სადაც მუნია მოდებული.
- ყურადღება უნდა მიაქციონ პირად ჰიგიენას, უნდა დამუშავდეს სამოსი, თეთრეული. თუ მუნი აღმოჩნდა კლასში, მყარი ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებებით წმენდა საკმარისია, რადგან მყარ ზედაპირზე მუნის ტკიპა ვერ ძლებს, მას ცხოველმყოფელობისთვის 36-37 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება.
„მუნი - დაავადება, რომელიც არ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში“
ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი: - მინდა ამ პოსტით, რამდენიმე ჩემს კოლეგას გამოვეხმაურო, დიახ, გვახსოვს 90-იანები, როდესაც მუნი (ბღერი) არავის უკვირდა, გვახსოვს დენის მოსვლა გვიკვირდა, გაზი საერთოდ არ ვიცოდით იმდროინდელმა ბავშვებმა რა იყო, წყალი უფრო ნაცნობი იყო ჩვენთვის, უფრო ხშირად მოდიოდა ონკანში და იქ დავბრუნდეთ? ეს მდგომარეობა გავამართლოთ? რატო არ ფიქრობთ სოციალურ მდგომარეობაზე? ან ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ამ დროს? იქნებ ისიც წაიკითხოთ მისი გავრცელება სად არის? ბანგლადეში, ინდოეთის პროვინციები, აფრიკის ზოგიერთ სოფელში და ა.შ.
მუნი - დაავადება, რომელიც არ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში. მუნი (სცაბიეს) არ არის უბრალოდ „ქავილი,- ეს არის სოციალური სიგნალი. სიგნალი იმისა, რომ სადღაც სისტემა არ მუშაობს. რომ იქ, სადაც ბავშვი უნდა თამაშობდეს, ის იზოლაციაშია, იმიტომ რომ მის კანქვეშ ერთმილიმეტრიანი ტკიპა ცხოვრობს. დღეს საქართველოში მშობელი აფთიაქიდან აფთიაქში დადის, რომ იშოვოს პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში Oთჩ (თავისუფლად) იყიდება. ბავშვი კი სახლში ვერ ეკარება სხვებს, საკუთარ ძმას, დედას, მეგობარს… და რბილ ავეჯზე დაჯდომაც ეკრძალება. ეს მხოლოდ სამედიცინო პრობლემა აღარ არის, ეს სოციალური ტრავმაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გვხვდება მუნი სკოლებსა და ბაღებში და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები „უხეირონი“ ან „არასუფთები“ არიან. ეს ნიშნავს, რომ პროფილაქტიკა არ მუშაობს, არ მიმდინარეობს სკოლებში დეზინფექცია, არ არის დაცული ჰიგიენა.
ჯანდაცვის სისტემა არ უნდა ტოვებდეს ოჯახს მარტო პრობლემასთან, მით უმეტეს ისეთ დაავადებასთან, რომელიც მარტივად იკურნება დროული ჩარევის შემთხვევაში.
მუნი არის სიღარიბის, უყურადღებობის და სისტემური ხარვეზის სარკე და სანამ ბავშვს ერთ ოთახში გამოკეტავენ, სანამ დედა ონლაინ ეძებს წამალს და ელოდება პასუხს აფთიაქიდან, ჯანდაცვამ უნდა იკითხოს: რატომ არსებობს XXI საუკუნეში საქართველოში დაავადება, რომელიც ელემენტარული ჰიგიენისა და პრევენციის პირობებში საერთოდ არ უნდა იყოს.