"წამოიდგინეთ, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესისთვის სწირავენ იმ ადამიანებს, რომელთაც ცხენის ან ვირის ხორცი მიირთვეს" - როგორ აღმოჩნდა ვირის ხორცი საშაურმეებში?!
ამ დღეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტების სასადილოები დააჯარიმა ხორცის ფარშში ვირის ხორცის შერევის გამო, რომლითაც ქაბაბს, კატლეტებს და ხორცის სხვა, წვნიან პროდუქციას ამზადებდნენ. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია: "ლაბორატორიული ანალიზის შედეგად სურსათის ორ ნიმუშში გამოვლინდა ვირის დნმ. ეს ფაქტი მიუთითებს სურსათის არაჯეროვნად მარკირებასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას".
ფარშის ორივე ნიმუში გასული თვის ბოლოს ერთსა და იმავე დღეს არის დამზადებული. სავარაუდოდ ვირის ხორციც ერთსა და იმავე დღეს არის მიღებული, რის შემდეგაც სავაჭრო ობიექტებმა მომხმარებელს ვირის ხორცით დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი შესთავაზეს.
ამოიცნეს თუ არა სასადილოს თანამშრომლებმა მიღებულ ხორცპროდუქტში ვირის ხორცი, შემთხვევით შეცდომაში ხომ არ შევიდნენ, ამ კითხვის პასუხი ერთადერთია - რასაკვირველია, ამოიცნეს! შეუძლებელია ხორცპროდუქტების მზარეულმა საქონლისა და ვირის ხორცს შორის განსხვავება ვერ დაინახოს, ან კლიენტს წინასწარ არ შეუთანხმდეს პროდუქტის მიღება-ჩაბარებაზე: თუმცა, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტში, სხვა ქალაქებსა თუ დედაქალაქში ვირისა და ცხენის ხორცის პროდუქტის დამზადებას ერთი და იგივე მიზეზი აქვს - ჩვენს ქვეყანაში არაეთიკურ საკვებად აღიარებული პროდუქტი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ეთიკურ საკვებად მიღებული ხორცის პროდუქტები. პარალელურად, ფინანსურად მოგებული რჩებიან ვირის თუ ცხენის ხორცის მწარმოებლებიც, რომლებიც ხორცს მალულად ასაღებენ.
ამჟამად აღნიშნული სავაჭრო ობიექტები დახურულია, მაგრამ კანონით დაწესებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მათი მუშაობა, სავარაუდოდ, განახლდება, ისევე როგორც დედაქალაქში, შაურმით ცხენის ხორცის რეალიზაციის შემდეგ.
როგორც მარნეულში მცხოვრები კვების ტექნოლოგიის სპეციალისტი როლანდ დეკანოიძე ამბობს, რომ ამ პროცესის გაკონტროლება შეუძლებელია, თუკი კანონი არ გამკაცრდა.
- უამრავი სავაჭრო ობიექტია, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ სანიტარიული სამსახურები დახურულია, სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლები კი იმდენად ცოტანი არიან, პროცესის გაკონტროლება არ შეუძლიათ და ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერც მოახერხებენ. რადგან უმეტესობა სპეციალისტი არ არის. საქმე იქამდეა მისული, რომ ცხენისა და ვირის ხორცის გამოვლენა კი არა, უმეტესობას ელემენტარული სამეურნეო ცოდნა არა აქვს. სიტყვაზე, სიმინდის შესახებ გეუბნებიან, კი არ უნდა დავთესოთ, არამედ უნდა დავრგოთო. აბა, ასეთ სპეციალისტს რა საქმის მოგვარება უნდა მოსთხოვო. ამ სიტუაციაში გამოსავლად მხოლოდ კანონის გამკაცრება მესახება: დადგენილი ეთიკის დამრღვევები მხოლოდ ჯარიმით არ უნდა ისჯებოდნენ. გამოვლენილი ობიექტები აუცილებლად უნდა დაიხუროს და სხვა ობიექტებს ეცოდინებათ, რომ თუ იმავეს გაიმეორებენ, მკაცრად დაისჯებიან.
წამოიდგინეთ, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესისთვის სწირავენ იმ ადამიანებს, რომელთაც ცხენის ან ვირის ხორცი მიირთვეს. შესაძლოა ვიღაცამ მარტივად აიტანოს, მაგრამ ვიღაცას ამის გამო ცუდი შეგრძნებები მთელი სიცოცხლე არ მოშორდეს.
- საიდან უნდა იყოს მარნეულში ამდენი ვირი, რომ მათი ხორცით სასადილოებს ამარაგებდნენ?
- თბილისში საიდან გაჩნდა ამდენი ცხენი, რომ მისი ხორცით საშაურმეები ვაჭრობდნენ? საიდანღაც მაინც ხომ არის? მივიდა მეპატრონე, შეუთანხმა შაურმის მეპატრონეს ან მზარეულს, ცხენი დამიბერდა, ან დამიავადდა, იაფად მოგყიდი. ამით შენც იხეირებ და მეც, მით უფრო, მისი ხორცპროდუქტები კლიენტებს არ დახოცავსო! ჰოდა, შედგა გარიგება.
ვირს მარნეულის სოფლებში ისევ შეხვდებით როგორც სატრანსპორტო საშუალებას, მაგალითად, ახყულაში, მოლა-ოღლიში, გიულბაღში...…სომხურ სოფლებშიც ვირი ისევ ბევრია. ალბათ, ვიღაცის ვირი რომ დაეცა, პატრონი სასადილოების მზარეულებს მოელაპარაკა და გაასაღა. მყიდველმაც იხეირა და გამყიდველმაც, ხალხი კი ვერაფერს მიხვდა.
- როგორ ვერ მიხვდა, როდესაც ვირის ხორცი ცხენის ხორცზე მეტადაც განსხვავდება საქონლის ხორცისაგან, უფრო მეტად მძაფრი სუნი აქვს, ფერიც სხვა აქვს, მოლურჯოა!
- როდესაც ვირის ხორცს საქონლის ხორცთან ერთად გადააქცევ ქაბაბად, ქაბაბში რა ხორცია, ვინღა შეგიმოწმებს! სამზარეულოში რომელი კლიენტი შევა, მაჩვენეთ, ქაბაბს რა ხორცით ამზადებთო! არის მომხმარებლის კატეგორია, რომელსაც პროდუქტის არც სუნი ადარდებს, არც ფერი, მთავარია, კარგად შეზავებული მიართვა. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანი ცუდად არ გახდება, როდესაც შეიტყობს, რაც აჭამეს!
ახლა ამ სასადილოების მფლობელებიც, ისევე როგორც დანარჩენები მსგავს შემთხვევებში, ჯარიმას გადაიხდიან და ობიექტის მუშაობას განაახლებენ. დროთა განმავლობაში კი იმავეს გაიმეორებენ და ისევ გადაიხდიან ჯარიმას. ასეთი თაღლითობით მიღებული შემოსავალი იძლევა საშუალებას ჯარიმაც რამდენჯერმე გადაიხადო და მოგებაც გქონდეს. ასე რომ, ამგვარი შემთხვევების აღკვეთას კანონის გამკაცრების გარდა, სხვა არაფერი უშველის.