"ონკოპაციენტს სიბრალული ყველაზე ნაკლებად სჭირდება“ - კვირის პალიტრა

"ონკოპაციენტს სიბრალული ყველაზე ნაკლებად სჭირდება“

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება წამი, რომელიც ყველაფერს ცვლის - ამ წამის შემდეგ სამყარო ისეთი აღარაა, როგორიც იყო, თითქოს ყველაფერმა ფერი იცვალა... სწორედ ასეთი წამი დადგა ვიკა ღლონტის ცხოვრებაში, როდესაც უთხრეს, რომ კიბო ჰქონდა. მერე იყო შფოთვით, შიშითა და იმედით სავსე დღეები - დღეები, რომელთაც ავადმყოფობაზე გამარჯვების სიხარული მოჰყვა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ დაამარცხა ვერაგი სენი და რას ურჩევს ქალბატონი ვიკა მათ, ვინც ამ გზას ახლა გადის:

- ახლა რომ ვფიქრობ, ამ დაავადების­ ყოველთვის რაღაცნაირი, ქვეცნობიერი შიში მქონდა. ისე ვცხოვრობდი, რომ თავი საფრთხეში არ ჩამეგდო, კოსმეტიკას­ და სუნამოსაც კი არ ვყიდულობდი, თუ საეჭვო ნივთიერებებს შეიცავდა. არ ვიცი, ეს წინათგრძნობა იყო თუ სხვა რამ, მაგრამ­ ერთ დღეს მკერდთან რაღაც­ შევნიშნე. შემდეგ "კოვიდი" შემხვდა და რომ გამოვკეთდი, ვიგრძენი, იგივე ადგილი ისევ ბურთივით გამობერილი მქონდა. გავიდა ერთი, ორი, სამი კვირა, ბურთი თანდათან იზრდებოდა და მაგრდებოდა. ყველაფერი ოჯახის წევრებს ვუთხარი. ექოსკოპიის შემდეგ მითხრეს, რომ მკერდში კვანძი მქონდა. დედამ ჩემი ექოსკოპიის პასუხი ჩემს მალულად­ ნაცნობ მამოლოგთან წაიღო, რომელმაც უთხრა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ბიოფსიის გარეშე ამას ვერ დავიჯერებდი­ და პირდაპირ თურქეთში წავედი. ჩავედი თუ არა, ყველაფერი იმ დღესვე გამიკეთეს. მახსოვს, როგორი შოკი მივიღე, როცა თარჯიმანმა ექიმის ნათქვამი სიტყვები მითარგმნა: მან მითხრა, რომ ქიმიოთერაპიის ექვსი კურსი უნდა ჩამეტარებინა. თითქოს გავითიშე და ჩემ თვალწინ მთელმა ცხოვრებამ კადრებად ჩაიარა.­ თავდაპირველად, უიმედობა მომერია და თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, რადგან ტანჯვა-წვალებით ცხოვრებას ეს მერჩივნა,­ მაგრამ გამიმართლა, რომ თარჯიმანი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა: მიხვდა,­ რა მდგომარეობაშიც ვიყავი, დამიჯდა და ორი საათის განმავლობაში მელაპარაკა. არაერთი ისტო­რია მიამბო იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბევრად რთული მდგომარეობა ჰქონდათ და სიმსივნე მაინც დაამარცხეს. მაიმედებდა, რომ მეც აუცილებლად შევძლებდი ამ სენის დამარცხებას.

- ვიკა, ეს ყველაფერი როდის მოხდა?

- 2022 წელს, მაშინ ჩემი გოგონა 13 წლის იყო და მეც გულში ჩავიდე, რომ მის გამო უნდა მეცოცხლა და მემკურნალა.­ ოპერაციის შემდეგ მითხრეს, რომ მეტასტაზი არსად გასულა. ქიმიოთერაპიის პირველი კურსის შემდეგ საქართველოში­ წამოვედი. მხოლოდ ერთი ნატვრა მქონდა: ჩემი შვილი წამით მაინც მენახა. უფლის ნებით თბილისში ჩამოვედი, შვილიც ვნახე, ახლობლებიც და მომდევნო ქიმიოთერაპია აქ ჩავიტარე.­ როცა ოჯახთან ახლოს ხარ, განსაცდელთან გამკლავება­ უფრო მარტივია, მაგრამ ყოველი კურსის შემდეგ სულ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, რაც უნდა ძლიერი იყო, ქიმიო­თერაპია მაინც თავისას შვრება, ორგანიზმი სუსტდება და გგონია, ფეხზე ვეღარ წამოდგები. სწორედ ამ დროს უნდა შეებრძოლო საკუთარ თავს, არ უნდა ჩაწვე და ტკივილს არ უნდა დაემორჩილო. მე სულ ვამბობ, რომ ონკოპაციენტი ყოვე­ლთვის დაკავებული უნდა იყოს და ცუდზე ფიქრის დრო არ უნდა ჰქონდეს. არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ სუსტადაა, რომ თმა აღარა აქვს, რომ წარბები და წამწამებიც გასცვივდა... იმის გადმოცემა შეუძლებელია, თუ როგორია ქიმიოთერაპიის შედეგი - ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა! ყველაზე რთული თმის გადაპარსვა აღმოჩნდა - ჩემთვის ეს დღე ნამდვილი კოშმარი იყო, რომელიც ძალიან მძიმედ გადავიტანე.

ერთ-ერთი პროცედურის დღეს ექთანმა დერეფანში დამანახა გოგო, რომელსაც საოცრად ლამაზი, ტალღოვანი თმა ჰქონდა. ამ გოგოს ზუსტად შენნაირი დიაგნოზი ჰქონდა, იმკურნალა, ახლა კარგად არის, თმაც გაეზარდა, ძალიან გალამაზდა და ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებსო.­ როცა მითხრეს, მკურნალობამ დადებითი შედეგი მოგვიტანაო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.A ასეთ დროს თითქოს ხელმეორედ იბადები და ხვდები, რომ რაღაც წვრილმანებზე არ უნდა ინერვიულო და იწუწუნო. გამოვლილი განსაცდელი მოტივაციას გაძლევს,­ რომ ცხოვრება გააგრძელო. ამ დროს ოჯახის და ახლობლების თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მათი სიყვარული გაიძულებს, რომ ისევ ფეხზე დადგე და გაძლიერდე.

ახლა ექვს თვეში ერთხელ კვლევებს ვიტარებ, მართალია, ყველა გამოკვლევის წინ ვნერვიულობ, მაგრამ რწმენა მაქვს, რომ ეს სენი აღარ დამემართება, მაგრამ თუ დამემართება, კიდევ ერთხელ დავამარცხებ. საერთოდ, ვინც ეს დაავადება დაამარცხა, ყველა ძალიან ძლიერი და პოზიტიური ადამიანია. მათ უკვე ვეღარაფერი შეაშინებს. მეც ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ცხოვრება თითქოს უფრო მარტივი გახდა. როცა ქიმიოთერაპიის კაბინეტიდან გამოდიხარ და ქუჩაში ისმენ, ხალხი რაზე ნერვიულობს, მინდა მივიდე და ვუთხრა: შენ ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი და ნუ ნერვიულობ ასეთ წვრილმანებზე-მეთქი.

ვინც ამ განსაცდელს ახლა გადის, ვცდილობ მხარში ამოვუდგე. ამ მიზნით გავხდი ონკოკლუბის წევრი, რომლის დამფუძნებელი სოფო ფირანიშვილია. ის მეც ძალიან დამეხმარა და სხვებსაც. ონკოკლუბში ყველა ერთმანეთს მხარში უდგას, მეც რამდენჯერმე წამლებით დამეხმარნენ. ვიცნობ ონკოპაციენტებს, რომლებსაც 35-40 ქიმიოთერაპიის კურსი აქვს გაკეთებული, ცხადია, მათ უკვე ვერაფერი შეაშინებს. მართალია, თავიდან ყველა ონკოპაციენტი ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ამ დროს ძალა და მოტივაცია უნდა იპოვოს, თუ ვისთვის ან რისთვის უნდა სიცოცხლე. მე ისიც დამეხმარა, რომ როგორც კი ძალას აღვიდგენდი, სამსახურში გავდიოდი, სადაც მაქსიმალურად ხელს მიწყობდნენ. ონკოპაციენტმა თავი საჭიროდ უნდა იგრძნოს და საქმე უნდა აკეთოს, მას სიბრალული ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რადგან ამ დროს შეიძლება დაითრგუნოს და უარესად გახდეს.

- რას ეტყვით ონკოპაციენტებს, რომლებიც ამ გზას ახლა იწყებენ?

- ვეტყვი, რომ თავიდან უნდა იტირონ და უარყოფითი განცდებისგან დაიცალონ, ამის შემდეგ კი ძალა იპოვონ, ენერგიით აივსონ და სიცოცხლისთვის იბრძოლონ. და კიდევ: ადრეულ ეტაპზე ნებისმიერი სიმსივნის მართვა შეიძლება, მით უმეტეს, მკერდის სიმსივნისა. ვისაც მეტასტაზები წასული აქვს, მისი მკურნალობა მეტ დროს მოითხოვს, ამიტომ ექვს თვეში ერთხელ კვლევა უნდა ჩაიტაროთ. ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა კიბოსთან საბრძოლველად.

ხათუნა ჩიგოგიძე