მოღალატის მისია: რუსების მხარეს გადასული უკრაინელი გენერალი საკუთარ ქალაქს ბომბავს - რატომ და როგორ გადავიდა უკრაინელი სამხედრო ოკუპანტების მხარეს?!
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოცემაში, 9 ნოემბრის „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსების მხარეს გადასული უკრაინელი გენერალი საკუთარ ქალაქს ბომბავს“ (ავტორი - იონა კლივი). „მოღალატე სერგეი სტოროჟენკო კუპიანსკთან ახლოს მდებარე სოფელშია გაზრდილი, ახლა კი იგი მშობლიური ქალაქის განადგურებას ცდილობს“, - აღნიშნულია მასალაში. რატომ და როგორ გადავიდა რუსების მხარეს უკრაინელი გენერალი?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დანგრეულ ქალაქ კუპიანსკს იცავენ, მასზე ხშირად არ ლაპარაკობენ, მაგრამ მისი სახელი ყველასათვის კარგად არის ცნობილი: გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სტოროჟენკო, რუსეთის მე-6 საერთო-საჯარისო არმიის სარდალი. იგი, ალბათ, ყველაზე მაღალჩინოსანი უკრაინელი ოფიცერია, რომელიც მტრის - რუსეთის მხარეს გადავიდა და ახლა თავისი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვის.
იგი გაიზარდა სოფელში, რომელიც ორი საათის სავალზე მდებარეობს იმ ქალაქიდან, რომლის დაპყრობასაც ცდილობს. მისი მიზანია, ალყაში მოაქციოს ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქი, რომლის დაკავება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე ორი წელია, სურთ. კუპიანსკის პირველი ოკუპაცია 2022 წლის მარტში მოხდა, სექტემბერში ის გათავისუფლდა, ახლა კი უკრაინის არმია თავგანწირვით ცდილობს, მეორედ არ დაიპყროს ის მტერმა.
თუ რუსები კუპიანსკს ხელში ჩაიგდებენ, ამით მოსკოვს კარი გაეხსნება, უფრო ფართო რეგიონის დასაკავებლად. კრემლის ჯარები გადაჭრიან მომარაგების საკვანძო გზებს და ვლადიმერ პუტინის ჯარებს შესაძლებლობა მიეცემათ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად - ხარკოვის დასაპყრობად, რომელიც სიდიდით უკრაინის მეორე ქალაქს წარმოადგენს.
ოდესღაც დამსახურებული უკრაინელი ოფიცერი, 50 წლის სერგეი სტოროჟენკო დეზერტირი ყირიმის ანექსიის დროს გახდა, 2014 წელს. მისმა არმიამ კუპიანსკის ბრძოლებში იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რომ უკრაინელი ბლოგერები ხუმრობენ, მოღალატე, ნებით თუ უნებლიედ, უკრაინას ეხმარებაო. ანალიტიკოსების თქმით, რუსებმა ქალაქის დასაპყრობად უკვე 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, მაგრამ სერიოზულ გარღვევას ვერ მიაღწიეს.
სერგეი სტოროჟენკოს მძიმე მოვალეობა აქვს დაკისრებული - მან უმაღლეს მთავარსარდალს - პრეზიდენტს ქალაქის დაპყრობა უნდა უპატაკოს ანუ გენერალი იძულებული ხდება, რომ კრემლს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც ჩანს, სწორედ სამშობლოს მოღალატე გენერალ სერგეი სტოროჟენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ განაცხადა, რომ კუპიანსკი ალყაშემორტყმულია და ქალაქში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფებაო.
სინამდვილეში სიტუაცია სხვაგვარადაა: როგორც „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტს მაიორმა ვიქტორ ტრეგუბოვმა, უკრაინის არმიის წარმომადგენელმა, აცნობა, „ქალაქის დამცველები იბრძვიან, მათი ალყაში მოქცევა რეალობას არ შეესაბამება, თუმცა მდგომარეობა მძიმეა“.
მასმედიაში ომის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტს შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე - დონბასში, ქალაქ პოკროვსკთან მიმდინარე ბრძოლებს, მაგრამ კუპიანსკის ხანძრებისაგან გარუჯული ნანგრევები მოწმობს, თუ რა ბედს უმზადებს კრემლი იმ უკრაინულ ქალაქებს, რომლებიც უარს აცხადებენ მტერს დანებდნენ.
ამჟამად რუსეთის ჯარებს კუპიანსკის ცენტრი და ჩრდილოეთი ნაწილი აქვთ დაკავებული, ხოლო უკრაინელები ინარჩუნებენ ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებს.
მაიორ ვიქტორ ტრეგუბოვის თქმით, „რუსები ცდილობენ, ქალაქი სანტიმეტრობით, ნელ-ნელა ხელში ჩაიგდონ... შენობას შენობაზე, სახლს სახლზე იკავებენ. ასეთი ტაქტიკა ნამდვილად მუშაობს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე ჯარისკაცების სიცოცხლეს არ უფრთხილდება და სამხედროებს სასაკლაოზე ჯიუტად გზავნის“...
რუსები კუპიანსკის დასაპყრობად ხშირად იმავე მეთოდებით სარგებლობენ, როგორიც ადრე სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ გამოიყენეს: ქალაქში გზავნიან მცირე, ორ-სამ კაციან დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებს, რომ მათ შეუმჩნევლად შეძლონ უკრაინის პოზიციების გავლა. მოსახლეობაში პანიკის გავრცელება-დათესვის მიზნით, რუსები იცვამენ უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო ფორმას და არ ერიდებიან სამოქალაქო ტანსაცმლის ჩაცმასაც, რაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. რუსები, ასევე, სარგებლობენ მსხვილი მილსადენებით - მათში ძვრებიან, ხოხვა-ხოხვით გადაადგილდებიან და ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში მიწის ზემოთ ამოდიან. ასე გააკეთეს მათ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, როცა გაზსადენის მილით ისარგებლეს და ცენტრი დაიკავეს, უკრაინელები კი იძულებულნი გახდნენ, ქალაქიდან უკან დაეხიათ. ასე გააკეთეს რუსებმა ავდეევკაშიც, ახლა კი - კუპიანსკშიც, როცა მდინარე ოსკილის ქვეშ გადებულ მილში ჩაძვრნენ, უკრაინის პოზიციები უკან მოიტოვეს, მათ ზურგს უკან მიწის ზემოთ ამოვიდნენ და ქალაქის კვარტლები დაიკავეს.
რა თქმა უნდა, უკრაინელებმა მილები დაუყოვნებლივ დანაღმეს და ააფეთქეს. დაიღუპა რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კუპიანსკის ცენტრი ამჟამად რუსების ხელშია.
გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სტოროჟენკო (მეტსახელად „სტოროჟი“) ყველანაირად ცდილობს, სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ იგი, თითქოსდა, მსხვილ წარმატებას აღწევს, შესაბამისად, სწორედ მისი მოხსენებების საფუძველზე ავრცელებს სიცრუეს ვლადიმერ პუტინი. სტოროჟენკოს მოხსენებები ჯერ გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მაგიდაზე იდება, შემდეგ კი - ვლადიმერ პუტინს ეგზავნება. გერასიმოვი უკვე მესამე თვეა (აგვისტოდან), აცხადებს, რომ კუპიანსკი ალყაშია და ქალაქს რუსები დღე-დღეზე აიღებდნენ.
სერგეი სტოროჟენკო ადრე ყირიმში უკრაინის ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან ქვედანაყოფს მეთაურობდა. 2014 წელს მან ყველა თავის დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილს რუსების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა. კრემლმა მისი „დამსახურება“ დააფასა, დააჯილდოვა და იმავე ყირიმში სანაპირო დაცვის 126-ე ბრიგადა ჩააბარა. მას შემდეგ სტოროჟენკოს სამხედრო კარიერამ აღმასვლა დაიწყო. იგი გახდა 35-ე არმიის სარდალი, რომელიც ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდა (ამ ქალაქში მისი ნათესავები ახლაც ცხოვრობენ).
2023 წელს ვლადიმერ პუტინმა სერგეი სტოროჟენკოს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა და მე-6 არმიის სარდლად დანიშნა, რომელიც კუპიანსკის შტურმში მონაწილეობს.
ქალაქში, სადაც ომის დაწყების წინ 27 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 500 მშვიდობიანი მოსახლეა დარჩენილი. ევგენი კოლიადა, ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი, ამბობს, რომ კუპიანსკში აუტანელი ვითარებაა, არ არის წყალი, გაზი, ელექტროენერგია... „მუდმივად იბომბება, დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ახლა დრონები ჰაერში ფრინველებზე მეტი დაფრინავს, ადამიანს ქუჩაში გამოსვლის ეშინია - დრონი შენიშნავს და მოკლავს“.
ზამთარი ახლოვდება, სურსათ-სანოვაგე ილევა, დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია კი პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია.
ვრცელდება წინააღმდეგობრივი ინფორმაციები: ერთი კვირის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუპიანკში მხოლოდ 60-მდე რუსი ჯარისკაცია დარჩენილი და ქალაქი მალე გაიწმინდებაო. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელები „ქვაბში“ არიან მოქცეულები და მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, დანებების გარდაო.
ჭეშმარიტება ომის კვამლსა და ნისლში იკარგება. ისიც აშკარაა, რომ უკრაინის არმიის სარდლობიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რა მდგომარეობაა სინამდვილეში.
პოკროვსკისგან განსხვავებით, რომელიც 125 კილომეტრით სამხრეთით, დონბასში მდებარეობს და სადაც სიტუაცია კრიტიკულია, კუპიანსკი უახლოეს ხანში მტრისადმი ჩაბარებას არ აპირებს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის - ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსებს, მართალია, ქალაქის ცენტრი აქვთ დაკავებული, მაგრამ მათ კუპიანსკის მთლიანად დასაპყრობად ძალები არ ჰყოფნით. ამჟამად მტრის შეტევის მთავარი მიმართულება პოკროვსკია. „კუპიანსკი იანვრამდე გაუძლებს, შემდეგ კი, თუ რუსები პოკროვსკს აიღებენ, ისინი თავიანთ ძალებს კუპიანსკისკენ გადაისვრიან და მდგომარეობა დამძიმდება“, - ამბობს ივან სტუპაკი, უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი. მას იმედი აქვს, რომ ზამთარი უკრაინელების მხარეს იქნება. ხეებს ფოთლები რომ გასცვივა, რუსებს დამალვის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და მათ უკრაინელები გაანადგურებენ.
რაც შეეხება გენერალ-ლეიტენანტ სერგეი სტოროჟენკოს, მისი სახელი კუპიანსკის დამცველებს არ აშინებთ. მისი სარდლობით რუსეთის არმიამ უფრო მეტი მარცხი განიცადა, ვიდრე - წარმატება. „ის, რაც 10 წლის წინათ შოკი იყო - მისი გადასვლა მტრის მხარეს - ახლა ჩვეულებრივ ფაქტად აღიქმება... მაგრამ ყველა მოღალატეს უნდა ახსოვდეს, რომ იგი აუცილებლად დაისჯება“, - ამბობს მაიორი ვიქტორ ტრეგუბოვი, „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტთან საუბარში.