რა არის ცნობილი სამტრედიის ხიდსა და მშენებელ კომპანიაზე, რომლის საქმეზეც ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს - კვირის პალიტრა

რა არის ცნობილი სამტრედიის ხიდსა და მშენებელ კომპანიაზე, რომლის საქმეზეც ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ხიდის ჩანგრევის საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

მათ შორის უწყების ცნობით, დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი, რომელსაც ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, მატერიალური ზიანი.

ცნობისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. პირველი მონაკვეთის მშენებლობა (სიგრძე 11.5კმ) მშენებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს კომპანია Road Building ALTCOM-მა დაიწყო, რომელთანაც ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა. უკვე 2018 წლიდან ადგილზე სამუშაოები Akkord lndustry Construction Investment Corporation-მა გააგრძელა, თუმცა იმავე მიზეზით ხელშეკრულება მასაც შეუწყდა.

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნული კომპანია „აკორდი“ ახორციელებდა სამუშაოებს სამტრედიის ხიდზე, რომელიც 2023 წელს ჩაინგრა. საუბარია, სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე, მდინარე რიონზე მდებარე 801 მეტრის სიგრძის ხიდზე, რომელსაც 2023 წლის თებერვალში მე-8 ბურჯი გამოეცალა, რამაც ორი მალის ჩამოშლა გამოიწვია.

ამ ხიდის ჩამონგრევის მიზეზებზე სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა დასკვნა 2023 წლის დეკემბერში დადეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხიდის ჩანგრევის მიზეზი პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია) იყო.

„ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები,“ - ნათქვამი იყო დასკვნაში.

დღეის მდგომარეობით, მდინარე რიონის ხიდის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2026 წელს. ამასთან, როგორც ცნობილია, სამტრედია-გრიგოლეთის 52 კმ-იანი მაგისტრალის 30 კმ-ზე მოძრაობა უკვე გახსნილია.

რაც შეეხება კომპანიას, რომელიც აღნიშნული ხიდის სამუშაოებს ახორციელებდა, პროკურატურის ცნობით, სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად