დიდი ბიზნესი ათასობით ადამიანის სიკვდილის ხარჯზე - წვერებიანი "ბოევიკები" მხოლოდ შემსრულებლები არიან, ხოლო შემზარავ დანაშაულებს სათვალეებიანი ინტელექტუალები გეგმავენ
13 ნოემბერს ათი წელი ხდება მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრში, პარიზში, დროის მცირე შუალედში შემზარავი და უაზრო სისატიკით ჩადენილი ექვსი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შედეგად გარდაიცვალა 130 და მძიმედ დაიჭრა - ოთხასამდე ადამიანი. გარდა ამისა, თავდასხმების დროს დაიღუპა შვიდი ტერორისტი: ნაწილი „შაჰიდის ქამრის“ აფეთქების, ნაწილი კი - პოლიციასთან შეტაკების დროს. ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, სალაჰ აბდესლამმა, ბოლო მომენტში თავი არ აიფეთქა და ბელგიაში მიიმალა, თუმცა 2016 წლის 18 მარტს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა და მას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა (შეწყალების უფლების გარეშე) მიუსაჯა.
თავდასხმების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბააუდი 18 ნოემბერს, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „პარიზის ტერაქტის“ დეტალების ანალიზი მნიშვნელოვანია, რათა დავინახოთ ის შეცდომები, რაც საფრანგეთის, ბელგიის და ევროპის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმა დაუშვეს. ასევე, აუცილებელია ტერორისტების მოქმედებების სტრატეგიისა და ტაქტიკის, მეთოდებისა და ხერხების ცვლილებების შესწავლაც.
ათწლეულების მანძილზე "ალ-ქაიდას", "ჰესბოლას", "ჰამასის", "ისლამური სახელმწიფოს" და "თალიბანის" მიერ განხორციელებული ტერაქტები ადასტურებს, რომ რელიგიური ტერორიზმი გაცილებით საშიში, დაუნდობელი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, საერთაშორისო ტერორიზმის სხვა (სეპარატისტულ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ) სახეებთან შედარებით. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც რელიგიური იდეოლოგიით სულდგმულობს, ძალზე რთული დასამარცხებელია. ამის მიზეზები კი რელიგიური ტერორიზმის იდეოლოგიაშია ღრმად საძიები. ისლამისტი ტერორისტები საკუთარ შემზარავ ტერაქტებს ამგვარად „ამართლებენ“: დიახ, ჩვენი მოქმედება ტერორისტული აქტია, მაგრამ ის გამართლებულია, რადგან ტერორიზმს, რომელსაც ისრაელი (ამერიკის მხარდაჭერით) ახორციელებს, მსგავსი გზით უნდა დავუპირისპირდეთო. ტერაქტებს კი ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
დღეს ტერორისტები მხოლოდ ფანატიკოსი და ავტომატ „კალაშნიკოვით“ შეიარაღებული "წვერებიანი ბოევიკები" და „შაჰიდები“ აღარ არიან. მათ უკან უკვე სხვადასხვა სახელწიფო, ასევე - მძლავრი საფინანსო და სამხედრო-სამრეწველო ჯგუფები დგანან. ბევრი ქვეყანა საერთაშორისო ტერორიზმს უკვე საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევისა და პოლიტიკური ზეწოლის იარაღადაც იყენებს. ბოლო დროს ტერორიზმი პრაგმატულიც გახდა და მას, როგორც ძალზე მოგებიან ბიზნესს, ისე უყურებენ. ათასობით ადამიანის უბედურების ხარჯზე მდიდრდებიან ტერაქტების ორგანიზატორები, რომელთაც შეუძლიათ, მსოფლიო სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბაზრებზე სპეკულაციური გარიგებებით მილიონობით დოლარი იშოვონ. "ალ-ქაიდას", "ჰამასის", "ჰეზბოლას", „თალიბანის“ და სხვა ტერორისტულ და ექსტრემისტულ ჯგუფებში არსებული ღრმა ნათესაური კავშირი და გადაწყვეტილებების მიმღები ხელმძღვანელი ჯგუფის მცირერიცხოვნობა, საერთაშორისო ტერორიზმს კორპორაციულ, ჩაკეტილ ბიზნესად აქცევს. ტერაქტების ჩატარება მყარი და სტაბილური შემოსავლის წყაროდ იქცა თვით შემსრულებლების, მათ შორის - "შაჰიდის" ოჯახებისთვისაც. "ისლამური სახელმწიფოს" მაგალითი გვიჩვენებს, რომ რელიგიური ფანატიკოსების მიერ რომელიმე უკონტროლო ტერიტორიის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ტერორისტული კვაზი სახელმწიფოს ფორმირების საფრთხეც, რაც ძალზე მძიმე შედეგებს მოიტანს. "თალიბანის" მიერ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ შესაძლოა, ეს ქვეყანა კვლავ საერთაშორისო ტერორიზმის ძირითად ბაზად აქციოს.
საერთაშორისო ტერორიზმის ახალი და დაუნდობელი ერა 1993 წლის 26 თებერვალს დაიწყო, როდესაც „ალ-ქაიდას“ წევრებმა ნიუ-იორკში, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკის მიწისქვეშა ავტოსადგომში 600 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დატოვეს, რომელიც 12 წუთის შემდეგ აფეთქდა. ტერორისტების გათვლებით, ერთი ცათამბჯენის ჩამონგრევას, „დომინოს პრინციპით“ მეორეს დანგრევაც უნდა გამოეწვია. საბედნიეროდ, ისინი შეცდნენ: მასობრივი ნგრევა და ათასობით ადამიანის დაღუპვა არ მომხდარა, თუმცა აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი მაინც დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა და ტერაქტმა ასობით მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.

1993 წლის 26 თებერვლის ტერაქტის შედეგები
1993 წლის 26 თებერვლის „ნიუ-იორკის ტერაქტის“ ორგანიზატორი პაკისტანელი რამზი აჰმად იუსუფი, ხოლო მთავარი დამფინანსებელი - მისი ბიძა, ჰალიდ შეიხ მოჰამედი იყვნენ.

რამზი აჰმად იუსუფი / ჰალიდ შეიხ მოჰამედი
1995 წელს რამზი აჰმად იუსუფი ისლამაბადში დააკავეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა ექსტრადირებული. 1998 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამად ის კოლორადოს შტატის სახელმწიფო ციხეში იხდის სასჯელს. რაც შეეხება ჰალიდ შეიხ მოჰამედს, ის მხოლოდ 2003 წლის 1 მარტს დააკავეს აშშ-ისა და პაკისტანის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს. თუმცა ეს უკვე ძალზე დაგვიანებული იყო, რადგანაც მანამდე განხორციელდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტები, რომელთა ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ ჰალიდ შეიხ მოჰამედი გახლდათ.
ალბათ, ბევრს გინახავთ და გახსოვთ იმ დღის შემზარავი სატელევიზიო კადრები: ცეცხლწაკიდებული და ჩამოშლილი ცათამბჯენები, პანიკაში ჩავარდნილი ნიუ-იორკელები და სრული უმწეობის განცდა, რაღაც ახალი, მანამდე გაუთვითცნობიერებელი ბოროტების წინაშე. იმ დილითაც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლები ჩვეულებრივ მიიჩქაროდნენ საქმეებზე და არავინ იცოდა, თუ რა საფრთხე მოელოდათ უღრუბლო ციდან...

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ტერორისტებმა რადიკალურად შეცვალეს მოქმედების მეთოდები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წვერებიანი და "კალაშნიკოვით" შეიარაღებული "ბოევიკები" მხოლოდ შემსრულებლები არიან, ხოლო ტერაქტებს სათვალეებიანი ინტელექტუალები გეგმავენ, რომლებიც სულ ახალ-ახალ გზებს ეძებენ თავიანთი საშინელი მიზნების მისაღწევად. საგანგაშო და დასაფიქრებელი მართლაც ბევრი იყო და არის, რადგანაც სახეზეა ტერორისტების მიერ ტერაქტების ჩატარების ფორმებისა და მეთოდების აშკარა დახვეწა.
2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, „ალ-ქაიდას“ ჯგუფის 19-მა ტერორისტმა აშშ-ის შიდაავიარეისების შესრულების დროს ოთხი თვითმფრინავი გაიტაცა. ტერორისტების ოთხივე ჯგუფში იყო პირი, რომელმაც თვითმფრინავის მართვა იცოდა. მათი მიზანი ამერიკის "ძლიერების სიმბოლოებზე" შეჯახება და ადამიანთა მაქსიმალური მსხვერპლის გამოწვევა იყო. პირველ სამიზნედ მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის "ტყუპები" - 110-სართულიანი ცათამბჯენები იყვნენ შერჩეულნი. პირველი თვითმფრინავი 08:46 სთ-ზე შეეჯახა ერთ-ერთს, ხოლო მეორე ავიალაინერი - 09:03 სთ-ზე მეორეს. ორივე შენობას ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა და ორი საათის შემდეგ ისინი მთლიანად ჩამოიშალნენ. შემდეგი სამიზნე აშშ-ის თავდაცვის უწყების შენობა - "პენტაგონი" იყო, რომელსაც "მფრინავი ბომბი" 09:37 სთ-ზე შეეჯახა. მეოთხე თვითმფრინავთან დაკავშირებით ორი ვერსიაა: პირველის მიხედვით, გატაცებული თვითმფრინავის სალონში, ტერორისტებსა და მგზავრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, თვითმფრინავი თავად ჩამოვარდა. მეორე ვერსიის მიხედვით კი, ეს ავიალაინერი, რომელიც, სავარაუდოდ, "თეთრ სახლს" უნდა შეჯახებოდა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. ტერაქტების პირველივე შედეგები კატასტროფული იყო: სამი ათასამდე დაღუპული და დაკარგული ადამიანი; აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო პრესტიჟის არნახული დაცემა; პანიკა სამომხმარებლო ბაზრებზე; საფონდო ბირჟების დახურვა; ფასიანი ქაღალდების გაუფასურება; ნავთობსა და ოქროზე ფასების უსწრაფესი ზრდა; საავიაციო, სადაზღვევო და ტურისტული კომპანიების აქციების კურსის მკვეთრი დაცემა და სხვ. მრავალწლიანი თეორიული გათვლების, პრაქტიკული გამოცდილების და, ასევე, მრავალმილიარდიანი ხარჯების მიუხედავად, მსოფლიოს ზესახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა ტერორისტების წინაშე. ტერაქტის შემდგომ, თითქმის ორი კვირის მანძილზე, აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურები პანიკასა და ქაოსში იმყოფებოდნენ.
(პირველი ნაწილის დასასრული)