ქეიფიდან ცემა-ტყეპამდე : რატომ დაალეწეს ერთმანეთს თავპირი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მერის მოადგილემ?! - ჩხუბის დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.
„პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ლევან გელაძე ყვარლის მერის მოადგილეა, გივი ზაუტაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ზაუტაშვილი კი მისი ძმაა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბამდე ლევან გელაძე და გივი ზაუტაშვილი ილიაობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი ერთ-ერთ რესტორანში თბილისიდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლეს.
ადგილობრივების ცნობით, ქეიფის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე წაკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. გივი ზაუტაშვილს გამოესარჩლა ძმა, ნიკა ზაუტაშვილი. მოჩხუბრები გააშველეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ზაუტაშვილები გელაძეს მოგვიანებით ისევ შეხვდნენ და ცემა-ტყეპაც განახლდა. ჩხუბის დროს აქტიურად იყენებდნენ ქვებს.
მოჩხუბრებმა გარკვეული დაზიანებები მიიღეს.