ვინ არის და რას საქმიანობდა გიორგი სახოკია, რომელიც შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, 10 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხუზი გათავისუფლდა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზo საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან“,- ნათქვამია დოკუმენტში
2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
2021 წლის 9 თებერვალს გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა იმავე წლის 26 ივნისს თანამდებობიდან გათავისუფლდა. შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახოკია შსს-ს აკადემიის რექტორი იყო.