"ზამთრის ომის" ფაზა დაბრუნდა - ვინ უფრო მეტ ქალაქს ჩაუბნელებს ერთმანეთს?!
რუსეთ-უკრაინის ომის 1357-ე დღესაც საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობა აღმოსავლეთ ფრონტზე არ იკლებს, რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ უტევენ პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციას დონბასში და კუპიანსკს - ხარკოვის ოლქში, თუმცა ამის პარალელურად, ყოველღამ მეორდება უკრაინის ძირითადი ენერგეტიკული ობიექტების წერტილოვანი დაბომბვები, ამ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზეც...
აქ ახალი არაფერია - 2022, 2023 და 2024 წლების ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კრემლის დავალებით რუსეთის გენშტაბი აძლიერებდა საჰაერო შეტევებს უკრაინის ელექტროსადგურებზე და თბოელექტროსადგურებზე, რათა მილიონობით უკრაინელი მკაცრი ზამთრის პირობებში სითბოსა და შუქის გარეშე დაეტოვებინა...
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლებისთვის ბნელი ოთახები და გაყინული გათბობის ბატარეები უკვე ნაცნობი შეგრძნება გახდა (ის, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მთელმა საქართველომ გამოიარა და ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ უკრაინაში), უკრაინის ელექტროსისტემის სრული ბლეკაუტი რუსულმა „ისკანდერებმა“, „გერანებმა“ თუ „კალიბრებმა“ მაინც ვერ შეძლეს, რასაც თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური მიზეზი გააჩნია...
საქმე ის არის, რომ ომის დაწყებამდე უკრაინაში 158 მლრდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა 4 ატომური ელექტროსადგური (მეხუთე - ჩერნობილის, გაჩერებული იყო), 36 თბოელექტროსადგური, 12 ჰიდროელექტროსადგური, 4 ქარის ელექტროსადგური და 7 მზის ელექტროსადგური (ხუთი მზის ელექტროსადგური 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში დარჩა).
2022 წლიდან დაწყებული, რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინამ დაკარგა კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტოსადგურზე, ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, ისევე, როგორც ოკუპირებულ დონბასში მდებარე ათზე მეტ თბოელექტროსადგურზე, რომელთა მუშაობას უზრუნველყოფდა ადგილობრივ შახტებში მოპოვებული ქვანახშირი.
უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩენილი თბოელექტროსადგურების მწყობრიდან გამოყვანა რუსმა სამხედროებმა შორსმფრენი კამიკაძე-დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ზუსტი დარტყმებით დაიწყეს, რომლებიც უპრობლემოდ წვდებოდნენ უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში განთავსებულ ამ თბოელექტროსადგურებს, რომელთა სრული დაცვა, მათი ფართობიდან გამომდინარე, ტექნიკურად ურთულესია, თუ საერთოდ შეუძლებელი არ არის.

შედარებით რთულად გასაჩერებელი გახლდათ უკრაინული ჰიდროელექტროსადგურების მუშაობა, რადგან საჰაერო დარტყმებს შეეძლო, გამოეწვია ამ ჰიდროელექტროსადგურების კაშხლების დაზიანება და წყლის დიდი მოცულობის სწრაფი დაღვრა, რაც ახლომდებარე დასახლებული პუნქტების წალეკვას გამოიწვევდა, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ნეგატიურად იმოქმედებდა ისედაც აგრესორი რუსეთის საერთაშორისო იმიჯზე.
მიუხედავად ამისა, კრემლმა ეს მაინც გააკეთა კახოვკის ელექტროსადგურზე, როდესაც 2023 წლის 6 ივნისს ააფეთქა მისი კაშხალი და დატბორა დიდი ტერიტორია, რითაც, ფაქტობრივად, ჩაშალა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან (ქალაქ ხერსონიდან) მარცხენა სანაპიროზე უკრაინული არმიის კონტრშეტევის დაწყება.
გარდა ამისა, 2024 წლის 22 მარტს რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკრაინისა და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს - დნეპრის ჰიდროელექტროსადგურს და დააზიანა მისი ნაწილი. არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა კვლავ გასცეს ბრძანება დნეპროჰესის კაშხლის აფეთქებაზე, როგორც ეს ერთხელ იმავე კრემლიდან უკვე გააკეთა სტალინმა, როდესაც 1941 წლის 18 აგვისტოს დნეპროჰესის კაშხალი უკანდახეულმა საბჭოთა ჯარებმა ააფეთქეს, ჰიტლერის არმიის სწრაფი შეტევების შესაჩერებლად - 20 ტ ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად კაშხლის 175 მ სიგრძის ჯებირი მოიშალა და წყლის უდიდესმა მოცულობამ (წყლის ტალღის სიმაღლე 5 მეტრს აღემატებოდა) რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა და უფრო მეტი - ადგილობრივები და საბჭოთა ჯარისკაცები, ვიდრე - გერმანელები.
მეორედ დნეპროჰესის კაშხალი, რომელიც ნაწილობრივ თავადვე ჰქონდათ აღდგენილი, უკვე გერმანელებმა ააფეთქეს - 1943 წლის შემოდგომაზე, უკანდახევის დროს, თუმცა ეს აფეთქება ბევრად ნაკლები სიმძლავრის გამოვიდა, ვიდრე - 1941 წლის, რადგან ლავრენტი ბერიას მიერ გაგზავნილმა საბჭოთა სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფებმა შეძლეს ბოლო მომენტში გადაეჭრათ ის ელექტროკაბელი, რომლის საშუალებითაც, გერმანელების მიერ კაშხლის ჯებირში ჩადებული 3,5 ტ ტროტილისა და ასი ცალი ნახევარტონიანი საავიაციო ბომბის დეტონაცია უნდა მომხდარიყო...
მარტო კამიკაძე-დრონებითა და სარაკეტო დარტყმებით რუსეთს გაუჭირდება დნეპროჰესის კაშხლის დაზიანება (ამისთვის საჭიროა პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვული 1,5 და 3-ტონიანი საავიაციო ბომბების ზუსტი მოხვედრა კაშხლის ჯებირზე), თუმცა დნეპროჰესის სამანქანო განყოფილებებისა და მართვის ორგანოების დროებით მწყობრიდან გამოყვანა კი ძალუძთ.
ბოლომდე არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დნეპროჰესი... თავად უკრაინელებმაც ააფეთქონ, რომ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვით ხელი შეუშალონ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევებს, თუკი პუტინის არმიამ შეძლო სამხრეთ ფრონტზე, ქალაქ ზაპოროჟიეს მიმართულებით სწრაფი გაჭრა -დნეპროჰესამდე რუს ოკუპანტებს პირდაპირ ხაზით ამჟამად მხოლოდ... 36 კმ თუ აშორებთ...
თუმცა რუსეთმა თითქმის ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგურიც რომ გაუთიშოს, უკრაინა სრულ ბლეკაუტში მაინც არ აღმოჩნდება, რადგან დღეისათვის ფუნქციონირებს სამი ატომური ელექტროსადგურის (როვენსკის, ხმელნიცკისა და იუჟნო უკრაინსკის) 9 ატომური რეაქტორი (ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ექვს ატომურ ენერგობლოკს კი ომის დაწყებიდან რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ), რომლებიც, საერთო ჯამში, 52 მლრდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას იძლევიან, რაც უკრაინაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარია.
თბო და ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ატომური ელექტროსადგურების დაბომბვას, ყველაფერზე წამსვლელი პუტინი ჯერჯერობით ვერ ბედავს, თუნდაც იმიტომ, რომ დაბომბილი და ჰერმეტულობა დარღვეული ატომური რეაქტორიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ მაღალრადიოაქტიურ ნუკლიდებს ქარი ადრე თუ გვიან რუსეთის საჰაერო სივრცეშიც შეიტანს და თავად კრემლისკენაც კი წაიღებს, როგორც ეს 1986 წელს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ატომური ენერგობლოკის ავარიისა და მისი დამცავი კონსტრუქციის დარღვევის შემდეგ მოხდა...
თითქოს, უკრაინული ატომური ელექტროსადგურების „ხელშეუხებლობა“ უკრაინის მოსახლეობას გარანტიას აძლევს, ამ ზამთარში სრულ სიბნელესა და სიცივეში არ დარჩეს, თუმცა აგრესორი რუსეთი აქაც ცდილობს გამოსავლის პოვნას და საჰაერო დარტყმების მიყენება დაიწყო არა უშუალოდ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურებზე, არამედ იმ ქვესადგურებზე, რომლებზეც გაივლის ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროდენი...
უკრაინაც, თავისი მხრივ, ცდილობს, რუსეთს ანალოგიური მეთოდებით შეებრძოლოს და რუსეთის მოსახლეობის ნაწილს მაინც აჩვენოს, რომ მათი პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეს საშინელი ომი თავად რუსეთის ქალაქების მაცხოვრებლებსაც უბრუნდებათ...
უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ბოლო დროს უფრო ინტენსიური საჰაერო შეტევების მიტანა დაიწყეს საზღვრისპირა რუსული ქალაქების თბო და ელექტროსადგურებზე, რის შემდეგაც დროებით, სრულად ან ნაწილობრივ ჩააბნელეს ბელგოროდი, კურსკი, ვორონეჟი, დონის როსტოვი...
სამხედრო თვალსაზრისით, რუსული ქალაქების „ჩაბნელება“ დიდ ვერაფერ შეღავათს მოუტანს ფრონტის ხაზზე მუდმივ თავდაცვაში მყოფ უკრაინულ არმიას, მაგრამ, საერთო ჯამში, აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანა, თუნდაც ამ სახით ასეთი საჰაერო შეტევების, მაინც გამართლებულად ითვლება...