რა ბიზნესებს ფლობენ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლები გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე, რომლებსაც მასშტაბურ თაღლითობაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

რა ბიზნესებს ფლობენ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლები გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე, რომლებსაც მასშტაბურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

კომპანიას, რომელიც მოქალაქეებს „მომხიბვლელ“ საინვესტიციო გეგმას სთავაზობდა და კომპანია, რომელიც ე.წ. მევახშეებისგან დაზარალებულებს „იცავდა“, პროკურატურა თაღლითობაში ედავება. გამოძიების ინფორმაციით, „სფერო ჰოლდინგისა“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებლების საქმიანობის შედეგად მოქალაქეებს ჯამში 12 მილიონი ლარის ზარალი მიადგათ.

პროკურატურის განცხადებით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია კომპანიის დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულთა ქმედებებით მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 12 მილიონ ლარს აღწევს.

„გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ბიზნესებს ფლობენ გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე, ასევე რა არის ცნობილი მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი წულეისკირი 100%-იანი წილის მფლობელია შპს „სფერო ჰოლდინგში“, რომელიც 2015 წელს არის რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორიც თავად წულეისკირია.

გარდა ამისა, გივი წულეისკირი 100%-იანი წილის მფლობელია შპს „კადაგი +სა“ და შპს „სფერო დეველოპმენტში“. „კადაგი+“ 2016 წელსაა რეგისტრირებული, შპს „სფერო დეველოპმენტი“ კი რეგისტრაციაში 2018 წელს შევიდა. აღნიშნული კომპანიების დირექტორიც თავად წულეისკირია.

აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო მონაცემების მიხედვით, წულეისკირი დირექტორი და დამფუძნებელია ორგანიზაციაში „იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“. გარდა ამისა, ის დირექტორის პოზიციას იკავებს „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებაში“.

რაც შეეხება სს „სფერო ინვესტს“, რომელიც საბრალდებო საქმეში ფიგურირებს, შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობითაა დაფუძნებული. რეგისტრირებულია 2020 წელს, ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი კი გიორგი მურუსიძეა. თუმცა, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მურუსიძე „სფერო ინვესტის“ ფორმალური მმართველი იყო, საწარმოს მართვას ის და გივი წულეისკირი ერთობლივად ახორციელებდნენ.

გიორგი მურუსიძე ასევე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს „სფერო ბაკურიანში“, შპს „სფერო კოინში“, შპს „სფერო აკადემიაში“, შპს „სფერო ტვ-ში“, შპს „სფერო კვებაში“, „ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაციაში“ და შპს „შავი ზღვის მართვის ჯგუფში“. ამ უკანასკნელში ის 100%-იანი წილის მფლობელიც გახლავთ.

ინფორმაციისთვის, „სფერო ჰოლდინგი“ ტელეკომუნიკაციების ბაზარზეც პოზიციონირებდა, „სფერო დეველოპმენტი“ კი სამშენებლო მიმართულებით იყო დაკავებული. „სფერო ჰოლდინგი აერთიანებს ბიზნესს, მედიას და სოციალურ პროექტებს. ვქმნით პლატფორმას, სადაც განვითარება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და სანდოობა არის მთავარი ღირებულებები“, - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მფლობელმა, გივი წულეისკირმა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს საჩუქრად აპარტამენტი გადასცა.

რამდენიმე თვეში კი, ათობით მოქალაქემ დაიწყო საუბარი კომპანიის მხრიდან მათ მიმართ არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ ბანკიდან გამოტანილი სესხები დააბანდეს ჰოლდინგში, რომელიც მათ გირაოს ალტერნატივას სთავაზობდა, ბოლოს კი კონტრაქტით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

განაგრძე კითხვა