მოწამლე მფრინავი, მოიტაცე МиГ-31 და მიიღე 3 მილიონი დოლარი - უკრაინული სპეცოპერაცია, რომელიც ჩავარდა?! - კვირის პალიტრა

მოწამლე მფრინავი, მოიტაცე МиГ-31 და მიიღე 3 მილიონი დოლარი - უკრაინული სპეცოპერაცია, რომელიც ჩავარდა?!

„კინჟალჩამოკიდებული“ რუსული „მიგის“ 3 მილიონად მოსატაცებლად რუს შტურმანს ჯერ, თურმე, მფრინავი უნდა მოეწამლა...

გავრცელდა ძალზე საინტერესო ინფორმაცია მორიგ „ჯაშუშ თამაშებთან“ დაკავშირებით, რისი წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, აგრესორი რუსეთი თავისი ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე შეიარაღების ერთ ეგზემპლარს შეიძლება დამშვიდობებოდა...

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუს პილოტებს 3 მილიონს ჰპირდებოდა, რათა „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით აღჭურვილი МиГ-31-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი მოეპარათ.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად უკრაინისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ მასშტაბური პროვოკაციის ორგანიზების გეგმები ჩაიშალა“, - ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.

„ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პროვოკაციის მოწყობის მიზნით, МиГ-31 რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ნატოს საჰაერო ბაზისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდება მომხდარიყო“.

აერობალისტიკური რაკეტა Кинжал-ით აღჭურვილი ზებგერითი МиГ-31-ი წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საბრძოლო საშუალებას, რომლის მეშვეობითაც აგრესორი რუსეთი თითქმის ყოველღამ ზუსტ დარტყმებს აყენებს უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს.

თითქმის ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი „კინჟალების“ მოგერიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ამერიკულ საზენიტო „პეტრიოტებს“ ძალიან უჭირთ.

ამიტომაც ადვილი დასაშვებია, რომ უკრაინული მხარე მართლაც ძალიან დაინტერესებული ყოფილიყო „კინჟალჩამოკიდებული“ რუსული „მიგის“ გატაცებით, რაც გარდა იმისა, რომ რუს აგრესორს ასეთი შეიარაღების ისედაც შეზღუდულ რაოდენობას ერთ ეგზემპლარს მოაკლებდა, ამას უდიდესი საერთაშორისო რეზონანსის გამოწვევაც შეეძლო - ომის დროს კი ყველა ხერხის გამოყენება გამართლებულია...

ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ განხორციელებული წარმატებული საიდუმლო ოპერაცია, სახელად - „სინიცა“, როდესაც შუა ომში, 2023 წლის 9 აგვისტოს უკრაინის პოლტავასთან (სახელმწიფო საზღვრიდან 120 კმ-ის სიღრმეში) მოულოდნელად დაეშვა... რუსული, ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაციის Ми-8 АМТШ-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, სახელად Терминатор -ი...

როგორც შემდეგ გაირკვა, „ტერმინატორის“ რუსი მეთაური, 28 წლის კაპიტანი მაქსიმ კუზმინოვი ადრევე გადაუბირებია უკრაინულ მხარეს. მან 500 ათასი დოლარის გასამრჯელოს სანაცვლოდ, უკრაინელებს რუსეთის შეიარაღებული ძალების საარმიო ავიაციის 319-ე ცალკეული საშვეულმფრენო პოლკის Ми-8 АМТШ-ის ტიპის არანაკლებ 5 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, საბორტე ნომრით 62 (წითელი), რომელიც დატვირთული იყო Су-30СМ-ისა და Су-34-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებით... მოწინააღმდეგეს ჩააბარა!

ასევე დაგაინტერესებთ: თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის სამი ვერსია - რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?!

თურქული "ჰერკულესი" 8კმ სიმაღლეზე ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა - რა შეიძლება გამხდარიყო ამ საშინელი ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?

"ზამთრის ომის" ფაზა დაბრუნდა - ვინ უფრო მეტ ქალაქს ჩაუბნელებს ერთმანეთს?!

აზერბაიჯანმა აჩვენა ის შეიარაღება, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ზუსტი დარტყმების განსახორციელებლად...

თუმცა, რუსული „ტერმინატორის“ უკრაინაში გამტაცებელი პუტინის კილერებმა მაინც მოძებნეს - 2024 წლის 13 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში მამაკაცის დაცხრილული სხეული ნახეს, რომელსაც ათზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - რამდენიმედღიანი მოკვლევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოკლულს ყალბი პასპორტი ჰქონდა და ის სინამდვილეში მაქსიმ კუზმინოვი იყო...

2-mig-1762863851.jpg
აერობალისტიკური რაკეტა Кинжал-ით აღჭურვილი ზებგერითი МиГ-31-ი რუსი აგრესორების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ იარაღად რჩება უკრაინის წინააღმდეგ ომში...

მიუხედავად, ზემოთ მოყვანილი წარმატებული ოპერაციისა, რუსული „ტერმინატორის“ ხელში ჩაგდების სახით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დიდი ფიასკოც არის...

ამ ოპერაციამდე გენერალ ბუდანოვის მზვერავები ცდილობდნენ, გადაებირებინათ რუსული საფრონტო ბომბდამშენის - Су-34-ის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი მაინც, რომ მას უკრაინის მორიგი ქალაქის დასაბომბად გაფრენისას, ჰაერში გადაწყვეტილება შეეცვალა, უკრაინულ აეროდრომზე დაშვებულიყო და უკრაინელ მზვერავებისთვის ძვირად ღირებული ბომბდამშენი ფეშქაშად მიერთმია, რისთვისაც დიდ ჯილდოს ჰპირდებოდნენ...

მრავალთვიანი საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, თითქოს ერთი რუსი პილოტი დათანხმდა უკრაინელების შეთავაზებას და კონოტოპის აეროდრომიც კი წინასწარ გაამზადებინა - იქ დავეშვები, მაგრამ ჰაერში უკრაინული გამანადგურებელი დამახვედრეთ, რომ წინ გამიძღვესო...

დათქმულ დროს, როდესაც უკრაინული გამანადგურებელი კონოტოპიდან აფრენას აპირებდა, თითქოსდა გატაცებული რუსული ბომბდამშენის დასახვედრად და გასაძღოლად, რუსებმა კონოტოპის აეროდრომზე მოულოდნელი საჰაერო იერიში განახორციელეს, ის უკრაინული გამანადგურებელიც ააფეთქეს და რამდენიმე სამხედროს სიცოცხლეც შეიწირეს...

МиГ-31-ის ეკიპაჟის გადაბირების მცდელობისას, თუკი ვენდობით რუსულ წყაროებს, მას შემდეგ, რაც მფრინავმა ამაზე უარი განაცხადა, თითქოს უკრაინელი მზვერავები ცდილობდნენ 3 მლნ დოლარით „მოეხიბლათ “ შტურმანი (МиГ-31-ის ეკიპაჟი კაბინაში ტენდემურად მჯდომი მფრინავისგან და შტურმანისგან შედგება), რომ მას მფრინავის ჟანგბადის მოწყობილობაზე წინასწარ წაესვა დამაძინებელი ნივთიერება, ხოლო „მიგი“ თავად გაეტაცა.

МиГ-31-ების შტურმანები, როგორც წესი, არ ფლობენ ამ რთულად სამართავი 45-ტონიანი საბრძოლო თვითმფრინავის პილოტირების ტექნიკას და მით უმეტეს, არ შეუძლიათ მისი დაფრენის განხორციელება აეროდრომზე, რის გამოც უკრაინული მხარე რუს შტურმანს თითქოს სთავაზობდა გამოსავალს -ონლაინ რეჟიმში გამოცდილი უკრაინელი მფრინავი მას ასწავლიდა ამ „მიგის“ უკრაინის რომელიმე აეროდრომზე უსაფრთხო დაშვების უნარ-ჩვევებს...

რუსეთ-უკრაინის ომში „ჯაშუშური თამაშები“ გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ რუსული „ეფ-ეს-ბე“, „ეს-ვე-ერი“ ან „გე-ერ-უც“ ცდილობდნენ რომელიმე უკრაინელი პილოტის გადაბირებას, უკრაინული F-16-ისა თუ „მირაჟის“ რუსეთში გადასაფრენად...