თურქული "ჰერკულესი" 8კმ სიმაღლეზე ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა - რა შეიძლება გამხდარიყო ამ საშინელი ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები? - კვირის პალიტრა

თურქული "ჰერკულესი" 8კმ სიმაღლეზე ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა - რა შეიძლება გამხდარიყო ამ საშინელი ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?

11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“.

თავდაპირველად, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც მოჩანს დიდი სიმაღლიდან „ფარფატით“ როგორ ეშვება მოგრძო დიდი საგანი და ეცემა მიწას...

1-tur-1762874498.png
სწორედ ამ, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609, დღეს, 11 ნოემბერს განიცადა კატასტროფა და მისი ფრაგმენტები საქართველოს საზღვრისპირა რაიონში ჩამოცვივდა...

მარტო ამ კადრიდანაც შეიძლებოდა იმის გარჩევა, რომ ეს არ იყო შვეულმფრენის ნაწილი და ის ეკუთვნოდა დიდი ზომის თვითმფრინავს, უფრო სწორად, წარმოადგენდა მისი ფრთის მსხვილ ნაწილს, ეს კი თავის მხრივ, უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ ეს თვითმფრინავი ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა და ფრთა მოსცილდა ფიუზელაჟსა და კუდის ნაწილს...

მიუხედავად ვიდეოკადრების არცთუ მაღალი ხარისხისა, შეიძლებოდა იმის გარკვევა, რომ ეს ფრთა არ იყო ისრისებრი, ანუ არ ეკუთვნოდა სწრაფად მფრენ თვითმფრინავს და შეიძლება უფრო სატრანსპორტო თვითმფრინავის წარმოადგენდა...

2-1-tur-1762874572.png
ასე „ფარფატით“ ეშვებოდა რვა კმ-ის სიმაღლიდან „ჰერკულესის“ 40 მ სიგრძის ფრთა...

საბოლოოდ, ასეც აღმოჩნდა - ქართულ ცაში კატასტროფა განიცადა თურქულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ჰერკულესმა“, რომელიც რაღაც მიზეზის გამო, ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა, რაც მის ბორტზე მყოფი ადამიანების-ეკიპაჟისა და შესაძლო მგზავრების გადარჩენის არავითარ შანსს აღარ ტოვებდა...

ინტერნეტრესურსის Flightradar24-ის საშუალებით დადგინდა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609, დღეს,11 ნოემბრის დილას აფრინდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან კაისერი და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა აზერბაიჯანის სამხედრო აეროდრომზე განჯაში, სადაც დაყო დაახლოებით ორი საათი და დღის 14:19 სთ განჯიდან აფრინდა (რეისის ნომერი TUAF543), რომ ისევ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრენილიყო დისლოკაციის ადგილზე კაისერში...

2-tur-1762874611.png
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130EHercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტოთვითმფრინავი,სარეგისტრაციო ნომრით 68-01609,გამოშვებული იყო 1968 წელს და თავდაპირველადსაუდის არაბეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებისშემადგენლობაში ირიცხებოდა.თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაეცა 2010 წლის მარტში.

აფრენიდან მალევე, თურქული „ჰერსულესი“, დაახლოებით 8კმ სიმაღლეზე ფრენისას, რაღაც მიზეზის გამო, ნაწილებად დაიშალა, რაც სავარაუდოდ, ჯერ კიდევ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში დაიწყო, რადგან თურქული „ჰერკულესის“ ფრთა საქართველოს ტერიტორიაზე, საზღვრიდან მხოლოდ ხუთიოდე კმ-ის სიღრმეში ჩამოვარდა.

რა შეიძლება გამხდარიყო ამ საშინელი ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?

როგორც წესი, საავიაციო შემთხვევის გამოძიებას იწყებენ შემდეგი სავარაუდო მიზეზების დასადგენად - საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომები, რთული მეტეოროლოგიური პირობები და გარე ფაქტორების ზეგავლენა, ანუ საზენიტო რაკეტის მოხვედრა თუ თავად ბორტზე მომხდარი ტერორისტული აფეთქება...

3-tur-1762874954.jpg
საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული „ჰერკულესის“ ფრაგმენტებს ცეცხლი უკიდიათ...

ის გარემოება, რომ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს „ჰერკულესის“ ფრთის (ამ თვითმფრინავის ფრთის სიგრძე 40 მ-ს შეადგენს) ცალკე „ფარფატი“ ჰაერში, უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ეს 70-ტონიანი სატრანსპორტო თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერშივე დაიშალა...

მართალია, ამერიკული C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის წარმოება ჯერ კიდევ 1954 წლიდან დაიწყო, ანუ მისი ექსპლუატაცია 70(!) წელია გრძელდება, ეს კონკრეტული თურქული C-130E Hercules-ი, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609, შედარებით „ახალგაზრდა“ იყო და ის ხშირად ასრულებდა საჰაერო რეისებს თურქეთ-აზერბაიჯან-თურქეთის მიმართულებით და ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით - კონკრეტულად „ჰერკულესის“ ამ ბორტმა ასეთი ორმაგი ფრენები განახორციელა 8 და 10 ნოემბერს, კაისერსა და განჯას შორის, მაგრამ 11 ნოემბერს სამშობლოში დაბრუნება ტრაგედიით დამთავრდა...

„შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა - შველის საკოორდინაციო ცენტრში 112-იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საავიაციო ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს განიცადა.

საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით, „საქაერონავიგაციის“ საძიებო ჯგუფი გაემგზავრა სავარაუდო ინციდენტის ადგილის აღმოჩენისა და დაზარალებულებისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა - შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე, ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.

ამჟამად, საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“ - აცხადებენ „საქაერონავიგაციაში“.

4-tur-1762875123.png
კატასტროფაგანცდილი თურქული „ჰერკულესის“ კუდის ნაწილი...

გამომდინარე იქიდან, რომ 8 ნოემბერს აზერბაიჯანმა დიდი მასშტაბის სამხედრო აღლუმი ჩაატარა ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების ხუთი წლისთავის აღსანიშნავად და მასში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გარდა, თურქეთის არმიის სააღლუმო ასეული მონაწილეობდა, ისევე, როგორც თურქული გამანადგურებლების F-16-ების რგოლი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ „ჰერკულესით“ განჯიდან სამშობლოში შეიძლება აბრუნებდნენ ბაქოს აღლუმში მონაწილე თურქ ჯარისკაცებს ან კიდევ თურქული გამანადგურებელი თვითმფრინავების მომსახურე საინჟინრო შემადგენლობას...

თუკი ეს ვარაუდი ახლოა რეალობასთან, მაშინ თურქული „ჰერკულესის“ ჩამოვარდნის ადგილის მიდამოებში (რადგანაც თვითმფრინავი დაახლოებით 8კმ-ის სიმაღლეზე დაიშალა, გაფანტვის არეალი ძალიან დიდი იქნება) სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის ცხედრები და მათი ფრაგმენტები შეიძლება აღმოჩნდეს გაბნეული - „ჰერკულესს“ 72 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია...

თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფა ძალაუნებურად გვახსენებს 1994 წლის 17 მარტის ტრაგედიას, როდესაც ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერთან (რომელსაც მაშინ სომხური ძალები აკონტროლებდნენ), სომეხმა მეზენიტეებმა საზენიტო რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს (აზერბაიჯანული ეგონათ) ირანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 Hercule-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც მოსკოვიდან თეირანში ირანელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა, რის შედეგადაც დაიღუპა „ჰერკულესის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი და 19 მგზავრი, მათ შორის, 9 ბავშვი...

და ერთიც, ამ ბლოგის ავტორს „ჰერკულესის“ ბორტზე ფრენისას, უსიამოვნო წუთები აქვს გადატანილი, როდესაც 2008 წლის მაისში ერაყის ალ-კუტიდან გამოფრენისას ამერიკული „ჰერკულესის“ ოთხი ძრავიდან ერთი ავარიულად გაჩერდა (ეს „შთამბეჭდავად“ გამოიყურება ტურბოხრახნიანი ძრავის გაჩერებული ხრახნების სახით) და იძულებული დაშვება განვახორციელეთ ისევ ერაყის ერთ-ერთ აეროდრომზე...

ე.წ. „შავი ყუთის“, რომელიც სინამდვილეში ფორთოხლისფერია, აღმოჩენისა და მისი გაშიფვრის შემთხვევაში, ძალიან მალე შეიძლება იმის ზუსტი დადგენა, თუ რამ გამოიწვია თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტროფა აზერბაიჯან-საქართველოს საჰაერო სივრცეების გასაყართან...

ფრენის ისტორია იხილეთ ბმულზე