სამგლოვიარო ცერემონიაზე რაულ ბარცბას მკვლელობა სცადეს? - რა დეტალებია ცნობილი აფხაზეთში მომხდარ სროლაზე
როგორც ოკუპირებული აფახაზეთის ე. წ. შსს იუწყება, სოხუმის რაიონში მდებარე ВИЭМ - ის დასახლებაში, გუმსკის ქუჩაზე 11 ნოემბერს სროლა მოხდა, რის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ე .წ. შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კიუტმას განცხადებით, ტარდება სპეციალური ოპერაცია და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ინციდენტის ყველა გარემოების დადგენასა და დამნაშავეების დაკავებას ისახავს მიზნად.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამგლოვიარო ცერემონიის დროს ატეხილი სროლის მიზეზი შესაძლოა "კანონიერ ქურდ" რაულ ბარცბაზე (კრიმინალურ წრეებში ცნობილია როგორც «პიზა») თავდასხმა ყოფილიყო.ინციდენტის დროს დაიჭრა თვითონ ბარცბაც.
მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ერთ-ერთ პაციენტს თავის ქალაში გამჭოლი ჭრილობა აქვს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. მას ოპერაცია უტარდება.
მეორე დაშავებულს მუცლის არეში აქვს ჭრილობა და წვრილი ნაწლავის დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო მესამეს მარჯვენა ხელში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა.