მიშა გადავარდაო! ("ზოლიანი" რეისი ყვითელი "მარშრუტკით") - კვირის პალიტრა

მიშა გადავარდაო! ("ზოლიანი" რეისი ყვითელი "მარშრუტკით")

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ციხეში, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, აქამდეც ყველამ კარგად იცოდა და თავს ნურავინ მოვიტყუებთ, რომ ამ კადრებით პირველად გავიგეთ, როგორ უსწორდებოდნენ ციხეებში დამნაშავე და უდანაშაულო პატიმრებს. მაგრამ, მართალი ყოფილა: ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო.

მართალია, ჯობდა არ გვენახა, მაგრამ სიმართლისთვის თვალის გასწორებაც უნდა ვისწავლოთ და საკუთარი უფლებების დაცვაც, რადგან ის, რაც ვნახეთ სახელმწიფოს სიკვდილს ნიშნავს და კიდევ სირცხვილს, რომელსაც ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოვირეცხავთ.

საპატიმროში გადაღებული შემზარავი კადრების ნახვის შემდეგ, ქვეყანამ რომ სულ სხვა რეალობაში გაიღვიძა, ამას მეორე დილითვე მივხვდი, როცა სკოლისკენ მიმავალს (შვილები მიმყავდა) სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე ასეთი სურათი დამხვდა: მძღოლები მონდომებით აძრობდნენ მანქანებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პლაკატებს და თან წუწუნებდნენ, ყველაზე რთულად მოსაცილებელი პლაკატის ზედა ნაწილია, სადაც ხუთიანი წერიაო. ამასობაში სახელმწიფო დაცვის სამსახურის ავტომობილმა გამოიარა და სამარშრუტო ტაქსების მძროლების საქმიანობით დაინტერესდა. ვერ გავარჩიე რა უთხრეს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ბანერების ახევით დაკავებულ მძღოლებს, მაგრამ ის კი კარგად გავიგონე რომ მძღოლებმა უპასუხეს: მიშა გადავარადაო!

იმავე დღეს, კიდევ ერთი "უცნაურობა" აღმოვაჩინე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას - პოლიტიკური სლოგანებისგან გაწმენდილ "მარშრუტკაში" მძღოლს რადიომიმღები ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული. კიდევ უფრო კი იმან გამაკვირვა და თან გამახარა, რომ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო გადაცემას უსმენდა. არადა, ყველას კარგად ახსოვს, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში, სამარშრუტო ტაქსებში რადიომიმღებების ჩართვა იმ მიზეზით აკრძალეს, რომ თითქოსდა სარეკლამო რგოლების ხმოვან სიგნალს ჩაახშობდა. ვინც ხშირად სარგებლობს ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დამეთანხმება, რომ "მარშრუტკების" უმეტესობაში ან საერთოდ არ არის ეს სარეკლამო მონიტორი დამონტაჟებული, ან თუ არის, ხმოვანი სიგნალის გარეშე გადის სარეკლამო რგოლები. ასე რომ, რადიომიმრების გათიშვას იქ, სადაც ყოველ დღე უმარავი ადამიანი მგზავრობს და სადაც შეიძლება ობიექტური ინფორმაცია მოისმინონ, შემდეგ კი ერთმანეთს თამამად გაუზიარონ გულისნადები, რადიომიმღებების გათიშვას სულ სხვა, "დიადი" მიზანი ჰქონდა. მაგრამ, ის, რამაც ასე აღაშფოთა საზოგადოება, თვით დადუმებული რადიოც აალაპარაკა.

"მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ვნახეთ, მძღოლებმა გადავწყვიტეთ მანქანებიდან "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატები ჩამოგვეხსნა. ზოგმა, ამის გაკეთება თავისი ნებით მაინც ვერ გაბედა მანამ, სანამ აქციაზე გამოსულმა სტუდენტებმა ქვები არ დაუშინეს "პლაკატებიან" მანქანებს. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა იმ საზარელი კადრების ჩვენების შემდეგ, "მარშრუტკების" სადგომზე, თავად "გარაჟის" დირექტორმა დაუარა ყველა მანქანას და თავისი ხელით ჩამოხია ყველა პოლიტიკური რეკლამა.

აქამდე, სამსახურის დაკარგვის შიშით, ბევრ რამეს ვითმენდით და ვყლაპავდით. ახლა ის დროა, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ მანამ, სანამ ცხვირზე არ აგვაფარეს ღისებააყრილი კაცების ვიდეოკადრები, ხმა არავინ ამოვიღეთ და მორჩილად ვასრულებდით იმას, რასაც გვიბრძანებდნენ. რადიომიმღების ჩართვის ნებართვა არავის მოუცია, მაგრამ ეს ჩემი ერთგვარი პროტესტია იმის წინააღდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ყველამ იცის, რომ სამარშრუტო ტაქსების ბიზნესსაც სახელისუფლებო წრეები აკონტროლებენ, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდაც მატი ინიციატივით მოხდა, რომ ყველგან სადაც ფულის შოვნა შეიძლება, ყველგან წილში მთავრობის კაცი ზის, რომ სადაც თავისი კაცი არ ჰყავთ, იმ ბიზნესს "წეწავენ", უსამართლოდ არიცხავენ ჯარიმა-საურავებს, ტენდერებში მხოლოდ თავის ახლობლებს ამარჯვებინებენ და ისინის ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრედებიან, რომ კერძო საკუთრების უფლება ხშირად ირღვევა და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი უსამართლობა ხდება. პატიმრებს თუ წამებით ხდიან სულს, თავისუფლებაზე მყოფთ შიმშილით, მაღალი გადასახადებით და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებით სძვრებათ სული. ახლა თუ არ ამოვიღეთ ხმა, ჩათვალეთ, რომ ჩაიარა "ჩვენმა მატარებელმა" და თან გაჰვა ოცნება დემოკრატიული ქვეყნის შენების შესახებ." - მითხრა ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა. მას სიტყვა ერთ-ერთმა მგზავრმა ჩამოართვა:

"აქამდე ასეთ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერც გავბედავდი, მით უფრო სამარშრუტო ტაქსიში. ახლა კი იმდენად შეურაცხყოფილი ვარ ნანახით, რომ გაჩუმება არ შემიძლია. ჩემი მეზობელი, ახალგაზრდა მამაკაცი, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან და ეს კადრები რომ ნახა, ხმამაღლა, მოთქმით ტიროდა. დედამაც ვერც გაუბედა ეკითხა, სხვა პატიმრებს ტიროდა თუ საკუთარ თავს. დღეს საქართველოში, ლამის ყოველ მესამე ოჯახს, პატიმარი ჰყავს. განა ეს ნორმალურია? ჩემი ნათესავი, 18 წლის ბიჭი, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ვიღაცისგან მობილური ტელეფონი შეიძინა, რომელიც მოპარული იყო. როგორც კი ჩართო, მაშინვე დააკავეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დედამისი თვეში ერთხელ შედის ციხეში შვილის სანახავად და ყოველთვის ნაცემი ხვდება, მაგრამ პატიმარი ხმას არ იღებს, არაფერს ამბობს, გატეხილ თავს ხან რა შემთხვევითობას აბრალებს და ხანაც რას. ახლაც იყო ამ ამბების შემდეგ შვილთან პაემანზე და ისევ ნაცემი დახვდა.

მე სკოლაში ვმუშაობ, პედაგოგი ვარ და მას შემდეგ რაც პატიმართა წამების კადრები აჩვენეს ტელვიზიით, მოსწავლეებისთვის თვალებში შეხედვის მრცხვენია. რა ვუთხრა, რომ ასეთი ქვეყანა ავუშენეთ, სადაც გულაგი და ოსვენციმი მონაგონია? იცით, დღეს სკოლებში ბავშვები როგორ აშინებენ ერთმანეთს? მოვიდა ცოცხიო - ამბობენ. განათლების სისტემა ხომ თავზე გვენგრევა და ნაცვლად იმისა, რომ განათლებულ საზოგადოებას ვზრდიდეთ, პოლიციურ რეჟიმს ვამყარებთ სკოლებში. სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ვინც ერთ დროს პენიტენციალურ სისტემას ხელმძღვანელობდა, შემდეგ განათლების მინისტრი იყო. პედაგოგების აღშფოთებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერავინ იღებს, ყველა არჩევნებს ელოდება." - შემომჩივლა ერთ-ერთმა ქალბატონმა. მას ლაპარაკი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ სამარშრუტო ტაქსის კიდევ ერთი მგზავრი "ჩამოსაშლელად" განწირულ სამედიცინო სექტორზე ალაპარაკდა. ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერი აღმოჩნდა და თქვა, რომ სახელმწიფომ პენსიონერები და ბავშვები რეალურად კლინიკების ხარჯზე დააზღვიაო. მისი საუბრიდან გაირკვა, რომ ერთ სამედიცინო მანიპულაციაში, სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით, პროვაიდერ კლინიკებს მხოლოდ 1,20 ლარს უხდის. და ეს მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს ესა თუ ის სამედიცინო პროცედურა. ამიტომ, ახლა თავად კლინიკის "თავში სახლელია", სახელმწიფოს მიერ დაზღვეული პაციენტის სამედიცინო ხარჯები. მგზარვებს შორის ერთი ყოფილი პოლიციეილიც აღმოჩნდა (ყოველ შემთხვევაში მგზავრებს ასე გაგვეცნო) და საყოველთაო მღელვარებას რამდენიმე საინტერესო ამბით შეუერთდა: როგორც მან თქვა, სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაის ხელმძღვანელობის დროს, ციხის დირექტორებსა და მათ მოადგილეებს, კაბინეტებში თურმე ახალაის ფოტოები ეკიდათ. შემდეგ კი, თავდაცვის მინისტრ ახალაიას პორტრეტები, ამ უწყების ხელმძღვანელი პირების კაბინეტებში გაჩნდა. ბოლოს ისიც დაამატა: საკუთარი თვალით ვნახე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე სამთავრობო "პიკაპი" მორიგეობს, ალბათ იმისთვის, თუ ვინმე ხელისუფლებიდან ქვეყნიდან გაქცევას დააპირებსო. "ასეთ დროს, სპეცრაზმს აეროპორტის მთელი პერიმეტრის გადაკეტვა ევალება, რომ თვითმფრინავის აფრენას ხელი არავინ შეუშალოს. მერე კი, ვიღაც აუცილებლად მიაყოლებს უკან ფრთიან ფრაზას ცნობილი ფილმიდან: ხომ გითხარით გაფრინდებიანო!" - იხუმრა კიდეც უცნობმა.

(სპეციალურად საიტისთვის)