თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის სამი ვერსია - რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?!
თურქული „ჰერკულესის“ კატასტროფის გამომწვევი რამდენიმე ვერსია...
11 ნოემბერს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130E Hercules-ის ფრაგმენტები ქართულ მიწაზე დაეცა, შესაბამისად, წესით, საქართველოც უნდა ჩაერთოს ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენის პროცესში.
თუმცა, როგორც ჩანს, მთელ საგამოძიებო პროცესს თავის თავზე იღებს თურქული მხარე, რომელმაც ტრაგედიის ადგილზე სასწრაფოდ ჩამოიყვანა თავისი სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფები, მანამდე კი ქართულ მხარეს სთხოვა „ჰერკულესის“ ფრაგმენტების ადგილების დაცვა, რომ არავინ უცხო პირი არ მიკარებოდა.
თურქები „ჰერკულესის“ ყველა დიდ და პატარ ფრაგმენტებს შეაგროვებენ, ასევე, მოძებნიან თვითმფრინავის ბორტზე მყოფების ცხედრებს და ყველაფერს თურქეთში გაიტანენ, იქ დეტალური დათვალიერებისა და გაანალიზებისთვის.
კახეთის ეს რაიონი, სადაც ცაშივე დაშლილი თურქული „ჰერკულესის“ ფრაგმენტები გაიბნა, რთულად მისადგომი არ არის და არც ტყითაა დაფარული, რის გამოც ამ ფრაგმენტების მოძებნა უნდა გაადვილდეს დრონების გამოყენებით, მით უმეტეს, რომ თურქებმა გუშინვე გამოაგზავნეს ქართულ ცაში (იმედია ოფიციალურ თბილისთან შეთანხმებით) თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სადაზვერვო დრონი „აკინჩი“.
თურქი გამომძიებლებისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს კატასტროფაგანცდილი „ჰერკულესის“ ორივე „შავი ყუთის“ სასწრაფო მოძებნა. მათგან ერთი თვითმფრინავის ფრენის პარამეტრებს იწერს, მეორე კი - ეკიპაჟის შიდა და ავიადისპეჩერებთან საუბრებს.
მათი გაშიფვრის შემდეგ მალევე გახდება ნათელი, თუ რა მიზეზმა ან მიზეზებმა გამოიწვია ეს ავიაკატასტროფა.
თურქული მხარის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ დადასტურდეს მათი „ჰერკულესის“ ჩამოგდებაში წინასწარგანზრახული მტრული განზრახვა ანუ ვინმემ ხომ არ ჩადო ასაფეთქებელი მოწყობილობა მის ბორტზე ან კიდევ საზენიტო რაკეტით ხომ არ იქნა ჩამოგდებული ეს „ჰერკულესი“...
პირველი - იმ ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ქართულ ტელევიზიებს თვითმხილველები ინტერვიუს აძლევენ და თან ახლოდან აჩვენებენ „ჰერკულესის“ ფრაგმენტებს, ბორტის შიგნით აფეთქების ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მიწაზე დაგდებული თვითმფრინავის სადესანტო კარი თითქმის დაუზიანებლად მოჩანს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის რვა კმ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდა - მას არ ეტყობა არც აფეთქების ტალღის და არც ნამსხვრევების ზემოქმედების კვალი.
მაგრამ, ზუსტად დასარწმუნებლად, რომ ბორტზე აფეთქება არ მომხდარა, მაინც საჭიროა, ქიმიური ანალიზის აღება, ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალის სრულად გამოსარიცხად.
მეორე - გუშინდელ სტატიაში გამოვთქვით ვარაუდი -„გამომდინარე იქიდან, რომ 8 ნოემბერს აზერბაიჯანმა დიდი მასშტაბის სამხედრო აღლუმი ჩაატარა ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების ხუთი წლისთავის აღსანიშნავად და მასში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გარდა, თურქეთის არმიის სააღლუმო ასეული მონაწილეობდა, ისევე, როგორც თურქული გამანადგურებლების - F-16-ების რგოლი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ „ჰერკულესით“ განჯიდან სამშობლოში აბრუნებდნენ ბაქოს აღლუმში მონაწილე თურქ ჯარისკაცებს ან კიდევ თურქული გამანადგურებელი თვითმფრინავების მომსახურე საინჟინრო შემადგენლობას...“ და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩვენი ამ ვარაუდის მეორე ნაწილი გამართლდა - განჯის აეროდრომიდან აფრენილი ხუთი თურქული F-16-ი ნამდვილად მონაწილეობდა 8 ნოემბრის სამხედრო აღლუმში, ბაქოს თავზე, შემდეგ ეს საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთში დააბრუნეს (რა თქმა უნდა, ისევ ქართული ცის გავლით), ხოლო მათი ფრენების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის განჯის აეროდრომზე ჩატანილ საინჟინრო მოწყობილობებს და მათ მომსახურე პერსონალს 11 ნოემბერს სამშობლოში სწორედ ეს „ჰერკულესი“ აბრუნებდა...
ასევე დაგაინტერესებთ: თურქული "ჰერკულესი" 8კმ სიმაღლეზე ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა - რა შეიძლება გამხდარიყო ამ საშინელი ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?
მესამე - ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ თურქულმა „ჰერკულესმა ჯერ მარცხენა ვირაჟი შეასრულა, მინგეჩაურის წყალსაცავის თავზე და მერე სიმაღლის აკრეფა დაიწყო, ფრენის 27-ე წთ-ზე, უკვე აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადალახვისას, მოხდა „ჰერკულესის“ სატვირთო ნაკვეთურში განთავსებული F-16-ების მძიმე საინჟინრო მოწყობილობის ან კონტეინერის მოწყვეტა სამაგრებიდან და იმის გამო, რომ თვითმფრინავი ისევ სიმაღლის აღების პროცესში გახლდათ (გადიოდა 7 400 მ-ზე ზღვის დონიდან) და ცხვირი „აწეული“ ჰქონდა“, ეს ტვირთი უკან გადაადგილდა და გაგლიჯა სატვირთო რამპა ან კიდევ მძიმე ტვირთის გადაადგილებამ დაარღვია „ჰერკულესის“ ბალანსირება, თვითმფრინავი „ყალყზე“ შედგა და გადავიდა შტოპორში, რაზეც ამ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კონსტრუქციის გამძლეობა არ არის გათვლილი, რის გამოც მოხდა „ჰერკულესის“ დიდ ფრაგმენტებად დაშლა, ჯერ კიდევ ჰაერში...
მეოთხე - ამ ავიაკატასტროფის კიდევ ერთი ვერსია კი უფრო ბანალურად გამოიყურება -თურქული „ჰერკულესი“ უბრალოდ... „სიბერემ“ იმსხვერპლა, რადგან იგი 1968 წლიდან დაფრინავდა!
57 წლის თვითმფრინავი, რომელიც თავიდან ჯერ საუდის არაბეთს ეკუთვნოდა და თურქეთის საჰაერო ძალებში 2010 წლიდან „ჩაირიცხა“, განეკუთვნებოდა 222-ე სამხედრო-სატრანსპორტო ესკადრილიას, ბაზირებდა კაისერის სამხედრო აეროდრომზე და რაც მთავარია, ძალიან ინტენსიურად გამოიყენებოდა.
ამასთან, როგორც იკვევა, ამ კონკრეტულ „ჰერკულესს“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ჰქონია გავლილი კაპიტალური ტექნიკური რემონტი, რაც აჩენს დიდ ეჭვს, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟის ლითონის დეტალებმა შესაძლოა, ფარული კოროზია განიცადეს ან მოხდა „ლითონის დაძველება“ და „ჰერკულესის“ კონსტრუქციამ ვეღარ გაუძლო დატვირთულ მდგომარეობაში (ბორტზე 20 ადამიანი და გარკვეული მასის ტვირთი) სიმაღლის აღებისას წარმოქმნილ გადატვირთვას...
ის ფაქტორი, რომ „ჰერკულესის“ ეკიპაჟმა რადიოეთერში ვერ მოასწრო განგაშის სიგნალის გადაცემა, იმას მიუთითებს, რომ კატასტროფის პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და პილოტებს არავითარი შანსი არ რჩებოდათ თვითმფრინავის გადასარჩენად...