"საქართველოში სიკვდილით დასჯას აღადგენენ, ქვეყანა კი საოჯახო დესპოტიად იქცევა" - რა უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდს"
"საქართველოს მმართველი პარტია კრემლიდან იმართება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდს" განუცხადა. მან არხის კითხვებს პასუხები წერილობით გასცა.
"რამდენად შორს წავა ივანიშვილი? ხდება თუ არა საქართველო მეორე ბელორუსი? საქართველო ბევრ საკითხში ბელორუსზე უარესია და ივანიშვილი მზად არის, უფრო შორს წავიდეს, ვიდრე ლუკაშენკო. ლუკაშენკო პოლიტიკოსი მაინც არის, ივანიშვილს კი საერთოდ არ ესმის პოლიტიკა", - თქვა სააკაშვილმა.
მისი მტკიცებით, მალე საქართველო ევროსაბჭოდან გამოვა.
"ქვეყანაში აღადგენენ სიკვდილით დასჯას, რომლის გაუქმების კანონი მე პარლამენტში 1997 წელს გავიტანე. ივანიშვილი ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება და საქართველო საოჯახო დესპოტია გახდება", - აცხადებს სააკაშვილი.