"მთავრობა ალბათ ჩემი 150 წლის იუბილეს მომილოცავს და აღნიშნავს" - რას ამბობს იუბილარი, 93 წლის ლეო ანთაძე - კვირის პალიტრა

"მთავრობა ალბათ ჩემი 150 წლის იუბილეს მომილოცავს და აღნიშნავს" - რას ამბობს იუბილარი, 93 წლის ლეო ანთაძე

ყველაზე მხცოვანი, აღარებული ქართველი მსახიობი - ლეო ანთაძე იუბილარია, მსახიობს 93 წელი შეუსრულდა. თუ სად და როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს, ამის გასარკვევად თავად ლეო ანთაძეს დავუკავშირდით...

- გილოცავთ ბატონო ლეო დაბადების დღეს!

- დიდი მადლობა!

- საზეიმოდ აღნიშნავთ?

- აღნიშნავენ, ახლა ბათუმში ვარ, ბავშვები მილოცავენ, ერთი ამბავია. ზეიმი მიმდინარეობს, კონცერტია, მეც ვმონაწილეობ ამ შეხვედრაში. მთელი სკოლა ესწრება. საღესასწაულო ტორტი მომართვეს სანთლებით, სული შევუბერე.

- ბათუმის ერთ-ერთმა სკოლამ სიურპრიზი მოგიწყოთ?

- დიახ, მე არაფერი ვიცოდი და ძალიან ბედნიერი ვარ, ასე რომ მომილოცეს.

- ორი წლიდან მეგობრობდით თქვენ და ელდარ შენგელაია...

- ეჰ, არ მითხრათ... ძალიან დიდი სევდა მაქვს, ყოველთვის ვულოცავდით ერთმანეთს დაბადების დღეებს. მართლაც ძალიან დიდი მეგობარი დავკარგე და მაგ დარდს ვერაფერი გამიქარვებს.

- სახელმწიფო თუ აღნიშნავს თქვენს დაბადების დღეს რამე ღონისძიებით?

- არა, მრგვალი თარიღი არ არის. მთავრობა ალბათ ჩემი 150 წლის იუბილეს მომილოცავს და აღნიშნავს... ძალიან ბევრი მოლოცვა მივიღე ფეისბუქზე, 4 ათასზე მეტი და ნელ-ნელა ყველა მოლოცვას გავეცნობი.

(სპეციალურად საიტისთვის)