მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება: " უკრაინელები გვთხოვდნენ კონსულტაციებს, რათა ჩვენი შეცდომები არ გაემეორებინათ , არც ერთი ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინეს" - რატომ ინადგურებს სომხეთი ისტორიას?! - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება: " უკრაინელები გვთხოვდნენ კონსულტაციებს, რათა ჩვენი შეცდომები არ გაემეორებინათ , არც ერთი ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინეს" - რატომ ინადგურებს სომხეთი ისტორიას?!

პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ბრალდებულთა შორის სამ პოლიტიკოსს პირდაპირ ადანაშაულებენ იმაში, რომ უცხოურ მთავრობებს საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებზე ინფორმაცია მიაწოდეს და მიზნად ისახავდნენ საერთაშორისო სანქციების საფუძვლის შექმნას თბილისის წინააღმდეგ. შიდა დაპირისპირებისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე სულ უფრო ხშირად იბადება კითხვა, შეძლებს თუ არა ქვეყანა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და სტრატეგიული ბალანსის დაცვას იმ დროს, როცა რეგიონი დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების არენად­ იქცა. ამ საკითხზე გვესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- დღეს ქვეყნის გარეთაც რთული და არასტაბილური პროცესები მიმდინარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარება პირდაპირ ბეწვის ხიდზეა და ხვალ-ზეგ შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. არავინ იცის, ვინ ვის დაუპირისპირდება ან სად დაიწყება ახალი ომი...

რაც შეეხება შიდა ამბებს, იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ ეტაპობრივად გამყარდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. თითქმის ყოველთვის, ჩვენს ქვეყანაში რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩართული იყო მესამე ქვეყანა,­ თავისი გავლენებითა და ე.წ. მეხუთე­ კოლონით. სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეებიდან არც ერთს არ სურს ამ ლოგიკის დანახვა.

ამის ნაცვლად, ერთმანეთს­ ადანაშაულებენ, თითქოს ვიღაც ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. დღეს ისინი, ვინც ცდილობენ ცივი გონებით გააანალიზონ ვითარება და დარჩნენ ნეიტრალურ პოზიციაზე, მიუღებელნი არიან ყველა მხარისთვის.

- ცივი გონებისა და ობიექტური ანალიზის საფუძველზე რა დასკვნამდე მივალთ, შევძლებთ კი ფიზიკურად გადარჩენას, თუ არც მოთამაშის ინტერესს არ გავითვალისწინებთ?

- არა, ამის რესურსი ჩვენ არა გვაქვს. უკანასკნელი ხუთი-ექვსი საუკუნის განმავლობაში საქართველოს არც ერთხელ არ მისცემია შანსი, დიდი ძალების ინტერესებს­ გამიჯნოდა. არც ახლა გვაქვს ეს შესაძლებლობა, თუმცა შეგვიძლია ბალანსის დაცვა. თუ დავაკვირდებით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ბევრად ძლიერ მოთამაშეებსაც უჭირთ დამოუკიდებლად მოქმედება. მაგალითად, აზერბაიჯანს­, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ფინანსური რესურსი, ენერგეტიკული შესაძლებლობები და შედარებით სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, მაინც არ შეუძლია სრულად ავტონომიურად მოქმედება. ის აშკარად დამოკიდებულია კონკრეტულ ბრიტანულ პროექტებზე, ძლიერ არის მიბმული იერუსალიმის პოლიტიკურ მიმართულებაზე, იძულებულია გაითვალისწინოს ანკარის მითითებებიც და მუდმივად იმოქმედოს მოსკოვის ფაქტორის გათვალისწინებითაც. ეს მოცემულობა ცხადყოფს, რომ ჩვენი რეგიონი გახდა მსოფლიო პოლიტიკის­ ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არენა - სივრცე, სადაც მსხვილი მოთამაშეები ერთმანეთს უპირისპირდებიან გავლენისა და ინტერესების გამო. ამის ნათელი მაგალითია სომხეთიც. იქ ასეთი მასშტაბის შიდა დაპირისპირება დიდი ხანია არ ყოფილა. საქმე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონფლიქტამდე მივიდა, რაც ძალიან სახიფათო სიგნალია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ შიდა დაპირისპირებისა და დასავლეთისკენ გაუაზრებლად გადახრის პროცესში სომხეთი თვითონვე ანადგურებს საკუთარ ისტორიას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ უკვე ციცაკაბერდის მემორიალის (სომხეთის გენოციდის­ მსხვერპლთადმი მიძღვნილი ეროვნული მემორიალი) დემონტაჟიც კი დაიწყეს. შეეხნენ იმ სიმბოლოს, რომელიც საუკუნეზე მეტია სომხეთის ისტორიული მეხსიერების ნაწილია.

- სომხეთს რუსეთმა სხვა შანსი დაუტოვა?

- ნამდვილად არ დაუტოვა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, სომხეთის ხელისუფლების ქმედებები ხშირად გაუაზრებელია. ჩვენ ეს გზა ერთხელ უკვე გავიარეთ და ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რადიკალური ნაბიჯები. ვფიქრობ, სომხეთი­ იმავე შეცდომას უშვებს, რაც ოდესღაც ჩვენ დავუშვით და რაც უკრაინამაც გაიმე­ორა. 2014-2015 წლებში­ უკრაინელები თავად გვთხოვდნენ კონსულტაციებს, რათა არ გაემეორებინათ ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით. მათ ჩვენი ყველა რჩევა მოისმინეს, მაგრამ არც ერთი არ გაითვალისწინეს.

- როგორი იყო თქვენი რჩევა უკრაინელებისთვის, რა შეიძლებოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია თავიდან აეცილებინათ?

- ეს კონფიდენციალური თემაა, თუმცა ვიტყვი, რომ მთავარია მოქნილი პოლიტიკა და მისი გააზრებული რეალიზაცია. სხვების მითითებებსა და მოწოდებებზე დამოკიდებულების ნაცვლად, ნაბიჯები საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან უნდა გადაედგათ.

- ანუ დღეს ჩვენი ხელისუფლებაც ცდილობს მსგავსი მოქნილი პოლიტიკის გატარებას?

- სამწუხაროდ, არც ჩვენი ხელისუფლება ატარებს მოქნილ პოლიტიკას და ეს არის პრობლემა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ისტორიას: საქართველო მაშინ იყო წარმატებული, როცა მოქნილ აღმოსავლურ პოლიტიკას ძლიერი სამხედრო პოტენციალი ამაგრებდა და გვყავდა რეალური, იდეოლოგიურად ახლო მოკავშირეები რეგიონში.

წაიკითხე ვრცლად