C-130 Hercules: თვითმფრინავი, რომელმაც 3730 ადამიანი შეიწირა - "ჰერკულესის" პირველი კატასტროფა 67 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მოხდა - კვირის პალიტრა

C-130 Hercules: თვითმფრინავი, რომელმაც 3730 ადამიანი შეიწირა - "ჰერკულესის" პირველი კატასტროფა 67 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მოხდა

„ჰერკულესის“ კატასტროფები... სომხეთიდან დაწყებულა...

თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტროფამ საქართველოში მკითხველის დიდი ყურადღება მიიპყრო და ვეცდებით, გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას, თუ რამდენად უსაფრთხოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „უხუცესი“ „ჰერკულესებით“ ფრენა?

ცნობილ ამერიკულ საავიაციო ფირმა Lockheed-ში შექმნილმა ოთხძრავიანმა სამხედრო-სატრანპორტო თვითმფრინავმა C-130 Hercules-მა პირველი გაფრენა ჯერ კიდევ 1954 წლის 23 აგვისტოს ანუ 71 წლის წინ განახორციელა და დღესაც მსოფლიოში ყოველდღიურად დაფრინავს ასობით „ჰერკულესი“, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე „უხუცეს“ მოქმედ სამხედრო თვითმფრინავად აქცევს (მასზე უფრო „უხუცესები“ არიან დღემდე შეიარაღებაში მყოფი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 Stratofortress და საბჭოთა/რუსული, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС, რომელთა პროტოტიპების პირველი აფრენები ორი წლით ადრე,1952 წელს შედგა).

1-som-1763025647.jpg
ესეც „ჰერკულესია“, ოღონდ მისი შეიარაღებული ვარიანტი - AC-130E PAVE SPECTRE...

71 წლის განმავლობაში დამზადებულია 2 600-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის „ჰერკულესი“ და რაც ყველაზე საოცრად მოჩანს, მისი თანამედროვე მოდიფიკაციის C-130J Super Hercules-ის სერიული წარმოება დღესაც კი მიმდინარეობს...

ეს ფაქტი და ისიც, რომ ამერიკული „ჰერკულესები“ შესყიდული აქვთ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს, ასევე, სამოქალაქო ავიაკომპანიებს, ნამდვილად მიუთითებს მის სანდოობასა და პოპულარობაზე.

ამასთან, „ჰერკულესმა“ მსოფლიო ავიაციის ისტორიაში დაიმკვიდრა ყველაზე უნივერსალური თვითმფრინავის სახელი, რომელიც ტვირთების გადატანის, მგზავრების გადაყვანის გარდა, ასრულებს „საჰაერო მეხანძრის“ ფუნქციას და ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული განვლილ შვიდ ათეულ წელში მომხდარ ყველა ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში, მათ შორის - საბრძოლო დამრტყმელი თვითმფრინავის სახით, როდესაც მისი შეიარაღებული მოდიფიკაცია АС-130E Pave Aegis-ი ბორტზე დამონტაჟებული 105 მმ კალიბრის ერთი ქვემეხით, ორ-ორი 40 და 20 მმ-ის კალიბრის ავტომატური ქვემეხებითა და „მინიგანის“ ორი სწრაფსმსროლელი ტყვიამფრქვევით ჰაერიდან ქარიშხლის მსგავს ცეცხლს უხსნიდა მოწინააღმდეგეს ვიეტნამში...

2-som-1763025648.jpg
„ჰერკულესისთვის“ უცხო არ არის საჰაერო მეხანძრის“ როლში გამოჩენაც...

გარდა ამისა, სწორედ „ჰერკულესი“ გახლავთ ის ერთადერთი ოთხძრავიანი თვითმფრინავი, რომელმაც არა ერთი აფრენა-დაფრენა განახორციელა ავიამზიდის გემბანზე.

ინდოელმა მფრინავებმა კი შეძლეს „ჰერკულესის“ დაფრენა-აფრენის გახორციელება ყველაზე მაღალ, ზღვის დონიდან 4 960 მ-ზე მდებარე საველე აეროდრომზე, ჰიმალაის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

და მიუხედვად ასეთი შთამბეჭდავი ჩამონათვლისა, „ჰერკულესის“ შესაძლებლობებზე, ის, როგორც სხვა საფრენი აპარატები, დროდადრო განიცდიდა ავარიებსა და კატასტროფებსაც...

2021 წლის მონაცემების თანახმად, 327-მა სამხედრო და 48 სამოქალაქო დანიშნულების „ჰერკულესმა“ განიცადა კატასტროფა, რასაც შესაბამისად, 3 466 სამხედრო და 264 სამოქალაქო პირი შეეწირა.

3-som-1763025647.png
უნიკალური ფოტო, გადაღებული საბჭოთა МиГ-17-იდ ტიპის გამანადგურებლის ბორტზე დაყენებული ფოტოაპარატით, როდესაც მისი მფრინავი 1958 წლის 2 სექტემბერს ცეცხლს უხნის ამერიკულ „ჰერკულესს“, სომხეთის თავზე...

კატასტროფების ეს რიცხვი მართლაც რომ შემაძრწუნებლად მოჩანს, თუმცა პროცენტული შეფარდებით - რამდენი „ჰერკულესი“ იქნა სულ გამოშვებული და რამდენი წელი, რა ინტენსივობით დაფრინავენ ისინი - „ჰერკულესი“ ბევრად უფრო საიმედო თვითმფრინავად ითვლება, ვიდრე ბევრი მისი თანამოძმე (თუმცა 17 წლის წინ ამ ბლოგის ავტორიც ცოტა „შააშინა“, როდესაც ერაყის თავზე ფრენისას ჩვენს „ჰერკულესს“ ერთი ძრავა გაეთიშა).

ასევე დაგაინტერესებთ: თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის სამი ვერსია - რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?!

თურქული "ჰერკულესი" 8კმ სიმაღლეზე ჰაერშივე დაიშალა და ქართულ მიწაზე ჩამოვარდა - რა შეიძლება გამხდარიყო ამ საშინელი ავიაკატასტროფის მიზეზი ან მიზეზები?

მოწამლე მფრინავი, მოიტაცე МиГ-31 და მიიღე 3 მილიონი დოლარი - უკრაინული სპეცოპერაცია, რომელიც ჩავარდა?!

და ყველაზე საინტერესო კი, იცით, რა არის?

„ჰერკულესმა“ პირველი კატასტროფა, თურმე, სწორედ... სამხრეთ კავკასიის ცაში განიცადა!

თუმცა ამაში მას საბჭოთა გამანადგურებელი თვითმფრინავები „დახმარებიან“, რის შემდეგაც „ჰერკულესი“ სომხურ სოფელთან ჩამოვარდა...

1958 წლის 2 სექტემბერს თურქეთის ინჯირლიყის აეროდრომიდან აფრენილმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა პირველი მოდიფიკაციის C-130 A Hercules-მა სადაზვერო ფრენა განახორციელა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრის (საქართველოსა და სომხეთის) გასწვრივ და ბრძანების თანახმად, საზღვარს 160 კმ-ზე ახლოს არ უნდა „მიკარებოდა“, მაგრამ "ჰერკულესის“ ეკიპაჟმა შედომა დაუშვა, შეფრინდა საბჭოთა სივრცეში და ოთხმა საბჭოთა МиГ-17-ის ტიპის გამანადგურებელმა ის ქვემეხების ცეცხლით ჩამოაგდო...

4-som-1763025647.jpg
„საჰაერო ტანკერის“ HC-130P-ის მოდიფიკაციის „ჰერკულესი“ ჰაერში საწვავს აწვდის სპეციალური დანიშნულების „შავ ქორს“ - HH-60G Pave Hawk-ს...

ამერიკული „ჰერკულესი“ სომხური სოფლის, ნერკინ სასნაშენის მიდამოებში ჩამოვარდა (რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30-იოდე კმ-შია) და დაიღუპა ეკიპაჟის ექვსი წევრი, ასევე, „ჰერკულესის“ ბორტზე მყოფი კიდევ 11 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც სადაზვერვო აპარატურაზე მუშაობდნენ.

მეორედ ისევ „ჰერკულესი“, ოღონდ ირანის კუთვნილი, უკვე თავად სომხებმა ჩამოაგდეს - 1994 წლის 17 მარტს ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტთან (რომელსაც მაშინ სომხური ძალები აკონტროლებდნენ), სომეხმა მეზენიტეებმა საზენიტო რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს (აზერბაიჯანული ეგონათ) ირანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც მოსკოვიდან თეირანში ირანელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა, რის შედეგადაც დაიღუპა „ჰერკულესის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი და 19 მგზავრი, მათ შორის, 9 ბავშვი...

5-som-1763025647.jpg
1963 წელს საზღვაო ქვეითების კორპუსის KC-130F მოდიფიკაციის „ჰერკულესი“ 21-ჯერ დაჯდა და აფრინდა ამერიკული ავიამზიდის „ფორესტოლის“ გემბანიდან, რაც მას შემდეგ აღარავის გაუმეორებია...

და, აი, 2025 წლის 11 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში, ამჯერად კი საქართველოს მიწაზე, მესამე „ჰერკულესი“ განიცდის კატასტროფას. რამ გამოიწვია ეს მორიგი ჩამოგდება - ეკიპაჟის შეცდომამ, ტვირთვის არასწორმა დამაგრებამ თუ 57-წლიანი თვითმფრინავის „დაბერებამ“, ამას გაარკვევს კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ე.წ. შავი ყუთის გაშიფვრა...