"შესაძლოა თეირანის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს: კატასტროფა, რომელიც ირანს ემუქრება - გვალვა უფრო უარესია, ვიდრე - ამერიკისა და ისრაელის ბომბები“ - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"შესაძლოა თეირანის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს: კატასტროფა, რომელიც ირანს ემუქრება - გვალვა უფრო უარესია, ვიდრე - ამერიკისა და ისრაელის ბომბები“ - The Daily Telegraph

„შესაძლოა, თეირანის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს“: კატასტროფა, რომელიც ირანს ემუქრება - გვალვა უფრო უარესია, ვიდრე - ამერიკისა და ისრაელის ბომბები“ - ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) 12 ნოემბერს გამოქვეყნდა, ანალიტიკოსების - როლანდ ოლიფანტისა და ახტარ მაკოის ავტორობით. პუბლიკაციაში განხილულია ირანში მიმდინარე ეკოლოგიური კრიზისი, რომელიც გვალვის მიერ არის გამოწვეული და ის პოლიტიკური შედეგი, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება ამ კატასტროფულ ბუნებრივ მოვლენას მოჰყვეს - მმართველი რეჟიმის ცვლილების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„ღმერთო, დაიფარე ჩემი ქვეყანა მტრებისაგან, სიცრუისაგან და გვალვისაგან“ - ეს დარიოს დიდის - ძველი სპარსეთის მეფის ვედრებაა უფლისადმი, რომელიც პერსეპოლისში მდებარე მის აკლდამაზეა ამოკვეთილი, 2500 წლის წინათ.

ისლამისტი-თეოკრატები, რომლებიც დღეს ირანს მართავენ, შეიძლება მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემენ დარიოს პირველის ზოროასტრიულ ღმერთს აჰურა მაზდას, მაგრამ მათ აქვთ საფუძველი, გარკვეული იმედი მაინც ჰქონდეთ - იქნებ დარიოსის ვედრება მისმა ღმერთმა შეისმინოს და ქვეყანა იმ უბედურებისაგან გადაარჩინოს, რომლის წინაშეც დგას. მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა, რაც ირანმა ისრაელისა და აშშ-ის დაბომბვები გადაიტანა და ახლა ქვეყანას უარესი საშინელება ელოდება: გაურკვეველია, გადაურჩება თუ არა ირანი ისტორიულად უმკაცრეს გვალვას, რომელიც მას თავს დაატყდა.

ამ სტატიის დაწერისა და გამოქვეყნების მომენტში, ჰიდროლოგ-კლიმატოლოგთა შეფასებით, თეირანის სასმელი წყლის რეზერვუარებში დარჩენილი ადამიანის მაცოცხლებელი სითხის რაოდენობა მოსახლეობას მხოლოდ 9 დღეს ეყოფა. პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა: თუ უახლოეს ხანში წვიმა არ იქნება, მაშინ 10-მილიონიანი მოსახლეობის მქონე თეირანის ევაკუაცია გარდაუვალი გახდება.

picture3-1763026282.jpg

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კრიზისს საერთოეროვნული ხასიათი აქვს: ირანში სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს თითქმის ყველა რეგიონი განიცდის. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - ხორასანში მდებარე სიდიდით მეორე ქალაქი მეშჰედიც იმავე მდგომარეობაშია - მის ახლო მდებარე წყალსაცავში წყალი მხოლოდ 3%-ღაა დარჩენილი. მთლიანობაში კი, როგორც ირანის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება, ქვეყნის 19 უდიდესი წყალსაცავი დაშრობის პირასაა მისული.

თავის მხრივ, არქეოლოგებმა ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ პერსეპოლისის - სპარსეთის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქის ქვეშ (ფარსის ოსტანში), წყლის შემცველი ქანები იმდენად არის გამომშრალი, რომ ყველაფერი, დარიოსის აკლდამასთან ერთად, შეიძლება ჩაიშალოს და მიწამ დაფაროს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ირანში წყლის უპრეცედენტო კრიზისია: წყალსაცავების დაშრობასთან ერთად, რომლებიც წვიმის წყლით საზრდოობენ, ფაქტობრივად ამოწურულია დამაბალანსებელი წყაროებიც - მიწისქვეშა წყლები, რომლებიც ისტორიულად ეხმარებოდა ქვეყნის მოსახლეობას, გვალვიანი წლების გადატანაში.

ირანის თეოკრატიული ხელისუფლება ვერაფერმა შეარყია - ვერც სანქციებმა, ვერც ქუჩის პროტესტებმა და ვერც ამერიკა-ისრაელის ბომბებმა, მაგრამ ახლა ის გარდაუვალი დილემის წინაშე დგას - გაუწევს თუ არა წინააღმდეგობას ისლამური რესპუბლიკა ბუნების მკაცრ მოვლენას?

პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ წყალთან დაკავშირებული „სერიოზული კრიზისი“ მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოწვეული ნალექების შემცირებით (წვიმისა და თოვლის რაოდენობამ ირანში, გასულ წლებთან შედარებით, ბოლო დროს 40%-ით მოიკლო), უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია წყლის რესურსების უსისტემოდ და არაეკონომიურად სარგებლობა.

თეირანი და სხვა მსხვილი ქალაქები ისე სწრაფად და ქაოსურად იზრდებოდნენ, რომ მათ ახლომახლო არსებული ლანდშაფტი დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობას ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, დედაქალაქის სამთავრობო დაწესებულებებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადატანა მოუწევთ - ალბათ, ჩრდილოეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე ან სამხრეთში, სპარსეთის ყურესთან. ასევე, ევაკუირებული იქნება სამოქალაქო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

და რაც ყველაზე უარესია, ხელისუფლებას სიტუაციის გამოსწორება არ შეუძლია, ბუნების ძალას წინ ვერ აღუდგება: „პოლიტიკოსები ტელევიზიით გამოდიან და ამბობენ, რომ მთავრობამ ეს და ეს უნდა გააკეთოს“, - გაბრაზებული ტონით, ხმამაღლა ამბობდა მასუდ პეზეშკიანი ირანის პარლამენტში, 11 ნოემბერს, გამოსვლისას, - „თუ თქვენ ნამდვილად გგონიათ, რომ კატასტროფული გვალვის თავიდან აცილების შესაძლებლობა არსებობს, მე დაგითმობთ ჩემს თანამდებობას, მოდით და სიტუაცია გამოასწორეთ“.

ზოგიერთებმა პრეზიდენტი პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულეს, სხვები კი აღნიშნავენ, რომ 10-მილიონიანი ქალაქის ევაკუაცია, ალბათ, შეუძლებელი იქნება, მაგრამ, ირანელ მეცნიერთა აზრით, მასუდ პეზეშკიანი მართალს ამბობს - პრეზიდენტი შექმნილ ურთულეს სიტუაციას სწორად აფასებს და მიზეზებსაც ობიექტურად წარმოაჩენს.

picture2-1763026282.jpg

„ამჟამად რეგიონი გვალვის ბუნებრივ ფაზაში იმყოფება. რასაკვირველია, ხელისუფლება ემზადებოდა ასეთი სიტუაციისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, გვალვის პერიოდი უპრეცედენტოდ გაჭიანურდა. ვფიქრობდით, რომ მშრალი ამინდების ფაზა ოთხი-ხუთი წელი გაგრძელდებოდა, მაგრამ ექვსი წელია, ნალექები კატასტროფულად არის შემცირებული. ასეთი ხანგრძლივობის მქონე გვალვას ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობის პარალიზება შეუძლია, პლანეტის ნებისმიერ ადგილში“, - ამბობს პროფესორი-ჰიდროლოგი კავე მადან-ლარიჯანი, რომელიც 2016-2018 წლებში ირანის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო, - „ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ გვალვის პერიოდში ირანის ორი მთავრობა გამოიცვალა და ორივე სხვადასხვანაირ პოლიტიკას ატარებდა წყლის რესურსების გამოყენებაში. საერთოდ, ირანის ხელისუფლება წყლის რესურსებით სარგებლობისას მოძველებულ წესებს იყენებს, ამიტომ მასუდ პეზეშკიანის ადმინისტრაციას ზომების მიღება მოუწევს. სამწუხაროდ, ექსტრემული ზომების არჩევანი ცოტაა. რჩება მხოლოდ წყლის მიწოდების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის მთლიანი თუ არა, ნაწილობრივი ევაკუაცია მაინც“.

ნორმირება უკვე დაიწყო: უნივერსიტეტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში და სხვადასხვა დაწესებულებებში საშხაპეები დახურეს. თეირანის წყალმომარაგების საქალაქო სამმართველოში გეგმავენ, რომ წყლის წნევა მკვეთრად შეამცირონ და კვირაში რამდენიმე დღე მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყვიტონ. რასაკვირველია, ასეთ დროს ყველაზე მეტად დაზარალდებიან თეირანის ღარიბი მოსახლეობის მქონე კვარტლები.

„ღამ-ღამობით ონკანებიდან მხოლოდ წვეთებიღა მოდის. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ, თუ თეირანში წყალი აღარ იქნება“, - ამბობს სიამაკი, თეირანის შუშის ღარიბი კვარტლის მცხოვრები, - „ვცდილობთ წყალი ნაკლები დავხარჯოთ, ჩვენს ქუჩაზე ყველამ მოვილაპარაკეთ... უკვე დამატებითი ვედროები და ბიდონები ვიყიდეთ, წყალი მოვიმარაეოთ იმ შემთხვევისათვის, თუ ონკანები საერთოდ დაშრება“.

კლიმატის ცვლილებამ ირანის ტერიტორიაზე, რომელიც ისედაც მშრალ ზონაში მდებარეობს, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ურმიის ტბა, რომლის შესახებაც 2014 წელს აცხადებდნენ, შრებაო, ამჟამად უკვე თითქმის მთლიანად დაშრალია. (...)

და მაინც, ეს კატასტროფა ანაზდეული არ ყოფილა: ბუნება მოსახლეობას საკმაო ხნის განმავლობაში მიანიშნებდა, რომ ვითარება გამწვავდებოდა. ოდესღაც წყალუხვი მდინარის, ზენდერუდის ნაკადმა, რომელიც ქალაქ ისპაანში მიედინება, 2007 წლიდან შემცირება დაიწყო და ამჟამად კალაპოტი მთლიანად დაშრა, წყალი მხოლოდ სეზონურად თუ ჩნდება. ბელუჯისტანის წყლის რესურსები ფაქტობრივად ამოწურულია. ხუზესტანშიც იგივე მდგომარეობაა, სადაც მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა.

picture1-1763026282.jpg

თვითონ კავე მადან-ლარიჯანიც, როცა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ თუ ირანში ხელისუფლება წყლის მოხმარების სისტემას არ შეცვლიდა და უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებზე არ გადავიდოდა, ქვეყანა წყლით უზრუნველყოფაში ბანკროტი გახდებოდა. რასაკვირველია, ასეთი განცხადებები სარისკო იყო: „ისლამური რევოლუციის გუშაგებმა“ მინისტრის მოადგილე უცხო ქვეყნის აგენტობაში (MI-6, „მოსადი“) დაადანაშაულეს - სოფლის მეურნეობისათვის ზიანის მიყენებას ცდილობდა და ამით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების დავალებას ასრულებდაო და დააპატიმრეს. მართალია, მალე გაათავისუფლეს, მაგრამ მაინც იძულებული გახდა, პოლიტიკას ჩამოშორებოდა და ქვეყნიდან გაქცეულიყო.

„ხელისუფლება ჩემს პროგნოზებს ყურადღებას არ აქცევდა და წყლის რესურსების „ბანკროტობას“ მითს უწოდებდა. მთავრობა აცხადებდა, რომ ირანს წყალი საკმარისი აქვსო. დიახ, წყალი მართლაც გვქონდა, შეიძლებოდა მისი დაზოგვა, რათა ბუნებისგან გამოწვეული გვალვის გარდაუვალი სიმწვავე მაინც შეგვერბილებინა. მაგრამ ეს არ გაკეთდა“, - ამბობს ირანელი ექსჩინოვნიკი.

რა თქმა უნდა, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის არც ერთი მთავრობა, სადაც სოფლის მეურნეობისათვის წყლის მოხმარება მაღალია, არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ წყლის სარგებლობის რეფორმა განახორციელოს და ფერმერების უკმაყოფილობა გამოიწვიოს, თუნდაც სპეციალისტების დაბეჯითებული რჩევით. ისეთები, როგორიც კავე მადან-ლარიჯანია, ამტკიცებენ, რომ ქვეყნის წყლის რესურსებით სარგებლობის რეფორმა ისევე აუცილებელია, როგორც კიბოს მკურნალობისას - ქიმიოთერაპია. მაგრამ პოლიტეკონომისტები იშვიათად თუ ფიქრობენ წყლის ეკონომიაზე და, საერთოდ, წყალმომარაგების სისტემის რეფორმაზე. მათ კარგად იციან, რომ წყალი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობას, კვების პროდუქტების წარმოებას, ჯანდაცვას, ენერგიის წარმოებას და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილებს და ცხოვრების დონეს. ირანისათვის წყლის მოხმარების ეკონომია (ანუ შემცირება) ნიშნავს იმას, რომ უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის რეფორმაც: ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მცენარეული კულტურების პრიორიტეტების ცვლილება... შესაბამისად, მიწების ექსპლოატაციის ხარისხი გაიზრდება, მაგრამ შემცირდება ფერმერების რაოდენობა...

ამგვარი რეფორმის გატარება რთულია უკეთეს დროშიც კი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში, როცა ირანის ხელისუფლება და აიათოლა ალი ჰამენეი „წინააღმდეგობის ეკონომიკას“ ახორციელებენ (თვითკმარი ეკონომიკური მოდელი სანქციების პირობებში), რეფორმა საერთოდ, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

და ალბათ, ირანის სპეცსამსახურები თავისებურად „არ შემცდარან“, როცა წყლის სარგებლობის რეფორმის გატარებაში ეჭვი შეიტანეს და ანტისახელმწიფოებრივ განზრახვად მონათლეს. სხვათა შორის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანში წყლის დეფიციტს პროპაგანდისტული მიზნით იყენებს და ირანელებს წყლის რეცირკულიაციის ტექნოლოგიების გაზიარებას ჰპირდება - „როგორც კი თქვენი ქვეყანა თავისუფალი გახდებაო“, - რითაც აშკარად მიანიშნებს რეჟიმის ცვლილებაზე.

აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ იყო ისრაელის ავიადარტყმა ივნისის კონფლიქტის დროს თეირანის ჩრდილოეთით მდებარე ტაჯირის წყალსაცავის ჯებირზე, რისი დანგრევის შედეგადაც წყალდიდობა მოხდა. როგორც ჩანს, წყლის დეფიციტის გამწვავებას ამ ფაქტმაც ხელი შეუწყო. კავე მადან-ლარიჯანის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

აშკარაა, რომ პრობლემის იგნორირება მეტად აღარ შეიძლება: „შეგიძლიათ, რომ ყველაფერი მე დამაბრალოთ და მითხრათ, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ მე წვიმის ციდან გამოშვება და ჭების წყლით ავსება არ შემიძლია. მთავარია, რომ ის წყალი, რასაც უფალი გვიგზავნის, გონივრულად და აზრიანად გამოვიყენოთ“, - მიმართა პრეზიდენტმა ირანელ დეპუტატებს, სამშაბათს.

ამასობაში თეირანელმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს წყლის მიწოდების შემცირების გამო. პრობლემა ფართოდ განიხილება მასმედიაში, ხელისუფლების კრიტიკის ფონზე.

თავის მხრივ, კავე მადან-ლარიჯანი გეოპოლიტიკური დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს და თავს არიდებს, რომ ზოგიერთებივით გვალვის გამწვავება „ისლამურ სახელმწიფოს“ ან სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების ხრიკებს მიაწეროს.

მაგრამ აშკარაა, რომ ბუნებას სწორედ ახლა შეუძლია, გავლენა მოახდინოს ირანის მმართველი რეჟიმის ბედზე: „იმას, რასაც ახლა ბუნება უკეთებს ირანის [ხელისუფლებას], პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვერც წარმოიდგენდნენ... ეს უფრო უარესია, ვიდრე ის ბომბები, რომლებიც მათ ირანში ჩამოაგდეს“, - ამბობს კავე მადან-ლარიჯანი.

მომზადა სიმონ კილაძემ

წყარო