მსოფლიო მასშტაბის #1 დამნაშავე: როგორ მოკლეს ოსამა ბინ ლადენი - რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ სპეცსამსახურები?
2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტი (რა დროსაც დაიღუპა 130 და დაიჭრა 400-მდე ადამიანი) და 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში მოწყობილი ტერაქტი (დაიღუპა 31 და დაიჭრა 300-მდე ადამიანი) ადასტურებს იმ რეალობას, რომ ჯერჯერობით სპეცსამსახურები აშკარად მარცხდებიან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩემი აზრით, ეს რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. მთავარი შეცდომა ანტიტერორისტული ოპერაციების ორგანიზაციისაა და დაგეგმვის დაბალი დონე, აგენტურული დაზვერვის არყოლა, "ბოევიკების" წინააღმდეგ არმიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენება და "დრონებით" შეტევების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი იყო და არის. მრავალი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ აშშ-ის მოწინააღმდეგეთა (და პოტენციურ თვითმკვლელთა) რიცხვს კიდევ რამდენიმე ათეული "შაჰიდი" რომ დაემატოს, გასაკვირი იქნება?
ერაყში, ავღანეთში და სირიაში ამერიკელთა და მოკავშირეთა პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ აგენტურული დაზვერვის დაბალი დონე იყო. დაზვერვის რომელ სახეობას: თანამგზავრებიდან, რადიოელექტრონულს თუ აგენტურულს უნდა მიეცეს უპირატესობა ტერორიზმთან ბრძოლის დროს?
აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლების უმთავრესი შეცდომა ისაა, რომ მათ სპეცსამსახურებს არ ჰყავთ საიმედო ფარული აგენტების საჭირო რაოდენობა ტერორისტულ ორგანიზაციებში. ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობას კი ბევრჯერ მოუტანია სავალალო შედეგი. "თალიბანის", „ალ-ქაიდას“ და "ისლამური სახელმწიფოს" მაგალითი გვიჩვენებს, თუ რაოდენ უსუსური შეიძლება გახდნენ მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები, როცა უდიდეს სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებენ და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ოპერატიულ-აგენტურული მეთოდების ფართო არსენალიდან გამოკვეთილ უპირატესობას ოპერატიული ტექნიკის გამოყენებას მიანიჭებენ. ფარული მოსმენების (კოსმოსური თანამგზავრიდან, ფიჭური თუ ჩვეულებრივი ტელეფონებიდან) გზით ინფორმაციის მოპოვება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის არ იქნა გაჯერებული აგენტურული ანუ "ცოცხალი წყაროებიდან" მოპოვებული ინფორმაციით, მაშინ საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია. ასე მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დროს, როცა აშშ-ის სპეცსამსახურებს: ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს მომავალი ტერაქტების შესახებ ელექტრონული დაზვერვის შედეგად მიღებული სხვადასხვა "ინფორმაციული ნაგლეჯები" ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლეს ერთიანი სურათის შექმნა და ტერორისტების მოქმედებათა პროგნოზირება/პრევენცია.

ოსამა ბინ ლადენი ავღანეთში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლისას, 1988 წელი.
ამჟამად ტექნიკური საშუალებებით იმდენი ინფორმაციის "დაჭერა" ხდება, რომ მათი სწრაფი გადამუშავება ფიზიკურად ვეღარ ხერხდება და მთავარ პრობლემად ინფორმაციის ანალიზი იქცა. ამ დროს ვერ ესწრება ინფორმაციის ამ დიდი მასივის ერთმანეთთან დაკავშირება, ტერორისტთა შემდგომი სვლების გათვლა და შემდგომი მოქმედების პროგნოზირება. აგენტურული და ტექნიკური დაზვერვები ავსებენ ერთმანეთს, თუმცა პირველს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, რასაც კოსმოსური მზვერავ-თანამგზავრიდან და სატელეფონო მოსმენებიდან ვერ დაადგენ, კერძოდ: ტერორისტთა მეთაურების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა; მათი მოქმედებების მეთოდებისა და ტაქტიკის შესწავლა; ფინანსური რესურსებისა და იარაღის მიღების წყაროებისა და არხების გამოვლენა; ტერორისტთა გადაადგილების, მათი სასწავლო ბაზებისა და დროებითი ბანაკების ზუსტი განლაგების დადგენა. ამ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ტერაქტამდე უნდა მოხდეს, რათა ტერორისტებმა მიზნის მიღწევა ვერ შეძლონ. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აგენტურულ მუშაობაზე ყურადღების შემცირება რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული.
ჯერ ერთი, 1960-90-იან წლებში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის არნახულმა წარმატებებმა "დათვური სამსახური" გაუწიეს მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებს. დაირღვა ბალანსი ტექნიკურ და აგენტურულ დაზვერვებს შორის - პირველის სასარგებლოდ. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი და მითი იმის შესახებ, რომ: "თუ კოსმოსური მზვერავ-თანამგზავრიდან ასანთის კოლოფს დავინახავთ და ავტომობილის ნომრებს წავიკითხავთ, მაშინ ტერორისტები ვეღარ გაგვექცევიანო". მეორე მიზეზი კი, თვით ტერორისტების მიერ ტაქტიკის შეცვლაა.
ტერორისტებმა უკვე დიდი ხანია, გაშიფრეს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი სპეცპროგრამები, რომელიც განსაკუთრებულ სიტყვებზე ("პრეზიდენტი", "ბომბი" და სხვ.) რეაგირებს და ამ საუბრებს ავტომატურ რეჟიმში იწერს. „თალიბანი“, "ალ-ქაიდა", "ჰეზბოლა", „ჰამასი“ და სხვა ტერორისტული და ექსტრემისტული ჯგუფები მოსმენებისაგან მაქსიმალურად დაცულ კავშირგაბმულობის არხებს და ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ ან საუბრის დროს ადრევე დათქმულ პირობით ტერმინებს ხმარობენ, როცა "პრეზიდენტი" - „ატამი“, "ბომბი" კი - „ტყემალია“.
ისიც უნდა ითქვას, რომ სპეცსამსახურებს უდიდესი ობიექტური პრობლემები ჰქონდათ და აქვთ, ტერორისტულ ჯგუფებში აგენტურის შეგზავნისა და იქ დამკვიდრების მხრივ. ობიექტურობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს: დიქტატორული რეჟიმების ქვეყნებში აგენტურული მუშაობა ისტორიულად ურთულესი საქმეა. ერაყის, სირიის და ავღანეთის, როგორც კლასიკური აღმოსავლური ავტორიტარული ქვეყნების მნიშვნელოვანი სპეციფიკა ისაა, რომ აგენტურული შეღწევა ასეთ ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი იყო და არის. იქ არ არსებობს რეალური და ძლიერი შიდაოპოზიცია, რომელთანაც შეიძლება ოპერატიული მუშაობა და კარგი სადაზვერვო პოზიციების მოპოვება-გამაგრება, გართულებული არის ინფორმაციის სანდო წყაროს გადმობირება. ამ ქვეყნებში, ფაქტობრივად, სახეზეა საბჭოთა კავშირის 1950-1990-იანი წლების ჩაკეტილი ადმინისტრაციული მოდელი - "რკინის ფარდა", მხოლოდ უფრო რთული - აღმოსავლური სპეციფიკით.
ბევრი გადაბირებული აგენტი, შეაღწევდა თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციაში, სწრაფადვე მათ მხარეს გადადიოდა, რაშიც გადამწყვეტი მომენტი რელიგიური ფაქტორი იყო. ტერორისტულ ჯგუფებში აგენტურული მუშაობის დამაბრკოლებელია, აგრეთვე, იქ არსებული ღრმა ნათესაური კავშირი და გადაწყვეტილებების მიმღები ხელმძღვანელი ჯგუფის მცირერიცხოვნობა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მრავალწლიანი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ალ-ქაიდას" ჯგუფებში მყოფი ტერორისტების 60%-ზე მეტი მრავალი წლის მანძილზე იცნობდა ერთმანეთს, ხოლო 30% კი - ნათესავები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების ქსელთან მრავალ ათას ტერორისტსა და დამხმარე პირს აქვს მჭიდრო კავშირი, ტერაქტების ჩატარებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 20-30 კაცისგან შემდგარი, ძალზე ღრმა კონსპირაციაში მყოფი ჯგუფი იღებს, რომელსაც, თავის მხრივ, რამდენიმე პირი აკონტროლებს. ძველი ხალხური სიბრძნე გვასწავლის: "მინდორში თაგვს ლომზე უკეთ კატა იჭერსო". წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება მხოლოდ პატარა, მობილურ ჯგუფებს ძალუძთ, რომლებიც უახლესი სპეციარაღით და კავშირის საშუალებებით არიან აღჭურვილნი, კარგად იცნობენ ტერორისტების მოქმედებებს და რაც მთავარია, აქვთ სხვადასხვა წყაროებით გადამოწმებული ზუსტი აგენტურული ინფორმაცია. სწორედ აგენტურული დაზვერვის დახმარებით შეძლო აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ 2001 წლის 11 სექტემბრის მთავარი ორგანიზატორის, ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი ლიკვიდაცია.
დიდხანს მოუხელთებელი ოსამა ბინ ლადენის შესახებ ძალზე ბევრი დაიწერა, თუმცა მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი მაინც საინტერსო იქნება მკითხველისთვის. წლების მანძილზე მილიონერი "წვერებიანი ტერორისტი" იმდენად მითიური პიროვნება გახდა, რომ ბევრს არც კი სჯეროდა მისი რეალური არსებობისა. ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბეთში 1957 წელს, მდიდარ ოჯახში დაიბადა. ნავთობის ბუმის პერიოდში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით მისი ოჯახი ძალზე გამდიდრდა.მის მამას, მუჰამედ ბინ ლადენს (1908-1967) 22 ცოლიდან 52 შვილი ჰყავდა, ოსამა მეჩვიდმეტე იყო. 1979 წელს ოსამა ბინ ლადენმა ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი მეფე აბდელ აზიზის სახელობის უნივერსისტეტში დაამთავრა. ამ პერიოდიდან ის აქტიურად ჩაერთო ავღანეთში შეჭრილი საბჭოთა კავშირის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში და ავღანური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი გახდა. ბინ ლადენი სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებების ხელმძღვანელებთან ერთად არაბული ქვეყნებიდან მოხალისეებსაც აგროვებდა.
მსოფლიოს ათი ყველაზე ძებნილი ტერორისტის სიაში ბინ ლადენი კენიასა და ტანზანიაში ამერიკული საელჩოების წინააღმდეგ 1998 წელს მოწყობილი ტერაქტების შემდეგ მოხვდა. ბოსნიაში ომის დროს ოსამა არაბული ქვეყნებიდან დაქირავებული მებრძოლების გადასროლას აფინანსებდა. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ნაწილების შეყვანის შემდეგ ოსამა ბინ ლადენი, წლების განმავლობაში, ავღანეთის მთებში იმალებოდა. აშშ-ის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბინ ლადენმა თავის ვიდეომიმართვაში აღიარა "ალ-ქაიდას" მონაწილეობა 11 სექტემბრის ტერაქტებში და დაამატა, რომ თვითონ ჰქონდა ამ ტერაქტებთან პირდაპირი კავშირი. ამის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ გაყინა ოსამა ბინ ლადენის საბანკო ანგარიშები და ხუთ მილიონ დოლარს შეჰპირდა იმას, ვინც მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

„ალ-ქაიდას“ მეთაური ოსამა ბინ ლადენი
წლების მანძილზე ჯილდო იზრდებოდა და, სხვადასხვა ინფორმაციით, ბოლოს რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარსაც კი მიაღწია. აშშ-ის სპეცსამსახურებმა დასახული ამოცანა მხოლოდ 2011 წლის 1 მაისს შეასრულეს. მსოფლიოს #1 ტერორისტად შერაცხული ბინ ლადენის ლიკვიდაცია აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ჰოლივუდურ თრილერად და ობამას წინასაარჩევნო პიარაქციად იქცა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას თვალს ონლაინ რეჟიმში ადევნებდა.

ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი და აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს სხვა წევრები თვალს ადევნებენ სპეცოპერაციის მსვლელობას.
2 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამ სენსაციური განცხადების გაკეთება არავის ანდო და მთელ მსოფლიოს თავმომწონედ ამცნო: "2011 წლის 1 მაისს ამერიკელების სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურებულია "ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი". მარტო ამერიკაში სამოცი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს ტელევიზორების ეკრანებიდან ობამას გამოსვლას. ამ ინფორმაციის შემდეგ ამერიკის დიდი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა საზეიმოდ, ზოგიერთ მათგანს ხელში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპული ახლობლის სურათი ეჭირა და თვალცრემლიანი იძლეოდა ინტერვიუს: აქებდა სამხედრო სპეცრაზმის სიჩაუქეს და პრეზიდენტ ობამას "მხედართმთავრულ" ნიჭს. თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "აშშ! აშშ!".
აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებების შემდეგ ამ სპეცოპერაციის დეტალები უფრო ბუნდოვანი გახდა. ბინ ლადენი დაიღუპა ქალაქ აბოტაბადში სროლის დროს, ისლამაბადიდან 100 კმ-ში, გამაგრებულ საცხოვრებელ კომპლექსში. აღსანიშნავია, რომ ეს კომპლექსი მდებარეობს სულ რაღაც 700 მეტრში პაკისტანის სამხედრო აკადემიიდან და დაუჯერებელია, პაკისტანის ხელისუფლებას მსოფლიოს #1 ტერორისტის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი სცოდნოდა. ამერიკული სპეცდანაყოფების ოპერაცია დაიწყო 22:30 საათზე ადგილობრივი დროით და 45 წუთს გაგრძელდა. სპეცოპერაცია პაკისტანის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ღამით ამერიკული ვერტმფრენების გადაფრენამ ქალაქში ნამდვილი პანიკა გამოიწვია.
ოპერაციის სამიზნე კომპლექსის შუაგულში მდგარი სამსართულიანი შენობა იყო. კომპლექსი 3000 კვ. მეტრს იკავებდა და სამმეტრიანი კედლითა და მავთულხლართებით იყო შემოღობილი, სადაც ტერორისტი სამ ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსში არანაირი სატელეფონო ხაზები არ შედიოდა და ურთიერთკავშირი კურიერების მეშვეობით ხორციელდებოდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი აწვდიდა ბინ ლადენის შესახებ ამერიკელებს ინფორმაციას (სხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, ბინ ლადენის ადგილმდებარეობა მისი დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის მობილური ტელეფონის მიხედვით დაადგინეს, კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ცსს-მა გადაიბირა პაკისტანელი ექიმი, რომელიც ბინ ლადენის შვილებს მკურნალობდა). ამერიკელების ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაცია ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარდა, ხოლო ოსამა ბინ ლადენი ურთიერთსროლებისას დაიღუპა. მაშინ "თეთრი სახლის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბინ ლადენი ლიკვიდაციის დროს თავად უიარაღო იყო, ხოლო დიდი შეიარაღებული წინააღმდეგობა მასთან ერთად მყოფმა პირებმა გაწიესო.
ამერიკელების ინფორმაციით, ბინ ლადენის ცხედარი ავიამზიდ "კარლ ვინსონის" ბორტიდან ზღვაში ჩაუშვეს, ხოლო ხმელეთზე დამარხვაზე თავი იმიტომ შეიკავეს, რომ დაკრძალვის ადგილი ტერორისტებისთვის ახალ წმინდა ადგილად არ ქცეულიყო. აშშ-ში მოკლული ბინ ლადენის ფოტოს გამოქვეყნების საკითხზე დიდხანს მსჯელობდნენ. მაშინ „თეთრი სახლის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოკლული ბინ ლადენის ფოტო იმდენად ამაზრზენია, რომ მისი გამოქვეყნება მართებული არ იქნებაო. ობამას ადმინისტრაცია ამ არგუმენტს ჩაეჭიდა და გადაწყვიტა, რომ მოკლულის ფოტოები არ გამოექვეყნებინა. მსოფლიოს #1 ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ "ალ-ქაიდას" აქტიურობა მინიმუმადე შემცირდა, თუმცა მალევე ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" გახდა ახალი და უფრო დიდი საფრთხე. აშშ და ევროპის ქვეყნები კი კვლავ მოუმზადებელნი შეხვდნენ ტერორისტების ამ გამოწვევას.
(მეორე ნაწილის დასასრული)