"სააკაშვილს ვერაფერი გამოასწორებს, სურს თვითონ მოექცეს სიტუაციის სათავეში და ვერ ხვდება, რომ აღარ არის 2003 წელი..." - დავით ზურაბიშვილის ანალიზი: რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ვერაფერი გამოასწორებს, სურს თვითონ მოექცეს სიტუაციის სათავეში და ვერ ხვდება, რომ აღარ არის 2003 წელი..." - დავით ზურაბიშვილის ანალიზი: რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?!

პარტიების გაუქმების სარჩელის შეტა­ნის შემდეგ, "ქართული ოცნება" ოპოზი­ციის თითქმის ყველა ლიდერს ახალი სასჯელით ემუქრება, მიუხედავად იმისა, დღეს ციხეში არიან თუ გარეთ. ეს უკვე შეფასდა, როგორც "ოცნების" პასუხი ევროკავშირის ბოლო ანგარიშზე, რომლის თანახმად, ჩვენ ევროკავშირში გაწევრების სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და სადამდე შეიძლება მივიდეთ, ამ საკითხებზე ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.

- ბიძინას აქვს ასეთი ტაქტიკა და ამას პირველად არ შვრება: მომაწექით? - მოგაწვებით. მისთვის ოპოზიციური სპექტრი, პროტესტანტები, ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, აგენტურაა. მისი გაგებით, დასავლეთი აქ ამ ხალხის მეშვეობით მოქმედებს, ამიტომ ეს პირდაპირი პასუხია ევროკავშირის რეზოლუციაზე და ეს არც პირველია და დიდი ეჭვი მაქვს, არც უკანასკნელი იქნება.

ივანიშვილმა დაიჯერა, რომ დასავლეთი მის ჩამოგდებას აპირებს. თავიდან ფულის ამბავს მოჰყვა მისი ეს წარმოდგენები,­ ამის მერე ღრმავდებოდა, ღრმავდებოდა და დღეს სრულიად გამყარებული აქვს ეს რწმენა.­ ფიქრობს, რომ დასავლეთი უსამართლოდ ექცევა. ჩვენ გვგონია, აქ დიქტატურას ამყარებს, მისი შეხედულებით კი თავს იცავს­ - მას თავს ესხმიან, მასზე­ უმაგალითო წნეხია, სანქცირებას უპირებენ, იქ ვიღაც­ გარემოცვა დაუსანქცირეს, აკრიტიკებენ, მიუხედავად იმისა, რომ იმის ნახევარი დიქტატურაც არ არის აქ, რაც აზერბაიჯანშია. ამიტომ არავინ ერჩის ალიევს, პირიქით, თანამშრომლობენ მასთან­ ეკონომიკურადაც, ყველანაირად, ამასთან კი არავის არ უნდა არაფერი და ამაზე გიჟდება.­ ფიქრობს, ე.ი. ჩემი ჩამოგდება გინდათ და ამიტომაც შეგებრძოლებითო. მის ამ განწყობას ცეცხლს უნთებენ კობახიძე, მდინარაძეები და პაპუაშვილები. ეს არის ბიძინას მესიჯი - მაღიარეთ ისეთი, როგორიც ვარ და მერე შეიძლება ვიფიქრო, რომ ვიღაცა გამოვუშვა ციხიდან ან შეიძლება რაღაც ვქნაო.

- ქვეყნისთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სადამდე შეიძლება მივიდეთ?

- ცხადია, სანამ ბიძინა ასეთ მდგომარეობაშია, ეს დიქტატურას და ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმისკენ სვლას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სისტემური, რაღაც წინასწარ ჩაფიქრებული ინსტიტუციური ჭანჭიკი, ივანიშვილი სპონტანურად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, როცა დასავლეთთან ასეთი თამაში წამოიწყო, არ ეგონა, თუ აქამდე შეტოპავდა.­ თუმცა ფსიქოლოგიურად მზად იყო. რა თქმა უნდა, არ ჰქონდა წარმოდგენა, ეს ინსტიტუციურად როგორ უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ამას თავისი ინსტიტუციური შედეგები მოაქვს. კერძოდ, ინგრევა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და ერთ დღესაც გადავიქცევით პოლიტიკურ ორღობედ, რომელთანაც არავის არ უნდა ურთიერთობა–- არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს. რუსეთისთვისაც კი არ ვიქნებით მაინცდამაინც საინტერესო, იმიტომ, რომ რუსეთს სურს აქ საქონელი გამოატაროს ევროპიდან, რაღაცა შემოიტანოს, შავი ხვრელები იყოს და ა.შ. და თუ ევროპასთან ურთიერთობა არა გაქვს, ეკონომიკურად არავისთვის საინტერესო ქვეყანა არ ვიქნებით, არც ჩინეთისთვის, არც რუსეთისთვის და არც არავისთვის.

მე რომ ვიყო, მაგალითად, ამერიკელი ან ფრანგი და დავინტერესდე საქართველოთი,­ ვხედავ, რომ ეს კაცი არ არის ის კაცი, რომელიც საჭიროა, მაგრამ დავუშვათ, გადავაგდეთ, მერე ვინ მოდის? არ არის გამოკვეთილი ალტერნატივა. ამიტომაც ოპოზიციისა და ამ წინააღმდეგობის მოძრაობის­ ადგილზე უპირველესად იმაზე ვიმუშავებდი, რომ როგორმე შემექმნა ალტერნატივა. დასავლეთისთვის და ქართველი ხალხისთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ვინ მოვა!

ხელისუფლებას პროპაგანდის დიდი საშუალება აქვს, რადგან ვიღაცებს "ნაცების" დაბრუნების ეშინიათ, ამ შიშზე თამაშობს; ვიღაცას "მხედრიონის" დროის დაბრუნების, რომ ქაოსი და არეულობა იქნება და ა.შ. თუ ალტერნატივა გამოკვეთილია, მერე რამდენიც არ უნდა იძახოს, მიშა მოდის ან ომი იქნებაო, არავინ დაუჯერებს; და მეორე - ამ ხელისუფლებას რომ დავაკვირდი, ბიძინა ძალიან ფრთხილად უდგება­ იმას, რაც არ იცის, არ მიდის ჯიქურ და არ რისკავს. რაც უკვე იცის და მეტ-ნაკლებად გადახარშული აქვს, იქ ხისტად­ და შეიძლება სასტიკადაც კი მოქმედებს. მაგალითად, მიტინგის დარბევა უკვე იცის. არც ასი ათასი კაცის გამოსვლაა პრობლემა, რადგან ესეც უკვე ნახა. ამიტომ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ჯერ არ იცის და, თუ ისეთი რამ ჩამოყალიბდება, რაც მისთვის იქნება სიახლე, ეს აიძულებს, რომ გაჩერდეს­ და დაიწყოს შესწავლა, მაგრამ ჯერ ასეთი­ არაფერია. ჯერჯერობით ოპოზიცია­ ბიძინასთვის ძალიან პროგნოზირე­ბადად იქცევა.­ თან, ბიძინას თვალში, ეს მთელი ოპოზიციური მოძრაობა აგენტურაა. მართლაც ფიქრობს, რომ ყველანი მას ვეწინააღმდეგებით და დასავლეთიდან გვკარნახობენ, რა გავაკეთოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის დიდი ნაწილი იმავეს ფიქრობს ბიძინაზე, ოღონდ მას რუსეთიდან აძლევენ დირექტივებს - კრემლიდან დაურეკეს და უთხრეს, დაუმატე იმათ "სროკი", იმიტომ, რომ შენზე ასეთი რეზოლუცია მიიღესო, ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. პიარად, სალაპარაკოდ აქვთ, რომ ბიძინა რუსეთიდან იმართება,­ მაგრამ თავიანთი ქცევებით ისეთ პრაქტიკას არ მიმართავენ, რომელიც ამ შეხედულების შესაბამისია...

- ამ სიტუაციაში, როდესაც ისევ ერთმანეთს ლანძღავენ, სააკაშვილი ციხიდან წერილს წერილზე წერს, რომ ყველამ მხოლოდ ის უნდა აღიაროს...

- სააკაშვილი ისეთივე მოცემულობაა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. მაგას ვერაფერი გამოასწორებს. მას სურს თვითონ მოექცეს სიტუაციის სათავეში და ვერ ხვდება, რომ აღარ არის 2003 წელი. ის ყოველთვის ეცდება, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, თვითონ იყოს სიტუაციის ლიდერი. ამიტომ იმდენად უნდა გაძლიერდნენ სხვები, რომ აღარ იყოს ეს ფაქტორი. სააკაშვილს ყოველთვის ეყოლება ფანატიკოსი მომხრეები. იმაზე კი არ უნდა იმუშაონ სხვა პოლიტიკოსებმა, რომ პარტია "ნაცმოძრაობა" მოტეხონ საიდანღაც. არა, უნდა იმუშაონ იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ბევრი, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველია, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ, რომ იქ სხვა ოპოზიცია არ არის. ამიტომ ხალხშია სამუშაო. ჩემი აზრით, შესაქმნელია რაღაც დიდ ერთობასავით, რომელიც არ იქნება რეგისტრირებული ფორმალურად, მით უმეტეს, მე არ ველოდები, რომ 2028 წლამდე არჩევნები იქნება. ბიძინა ამ ყველაფერს "ცეხავიკის" თვალით უყურებს, არჩევნები მისთვის ხარჯია. ისედაც ყველა ბერკეტი მის ხელშია. დიდი ამბავი, თუ კონსტიტუციაში­ რაღაც წერია. მაგისთვის კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია. ამიტომ არანაირი პრობლემა არა აქვს, რომ 2028 წლამდე არჩევნები ჩაატაროს, მით უმეტეს, რიგგარეშე. ეს 2028 წელიც ახლა ეჩვენება ზოგს შორეულად, მაგრამ მალე მოვა და თუ ისევ ბოიკოტზე დაიწყო ლაპარაკი, არაფერი გამოვა.

წაიკითხე ვრცლად