„როგორ გამოვიცნოთ ვლადიმერ პუტინის ადგილსამყოფელი? - პრეზიდენტს რამდენიმე რეზიდენცია აქვს, რომლის ოთახები ერთმანეთის ზუსტ ასლს წარმოადგენენ“ - The daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The daily Telegraph) 14 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „როგორ გამოვიცნოთ ვლადიმერ პუტინის ადგილსამყოფელი? - პრეზიდენტს რამდენიმე რეზიდენცია აქვს, რომლის ოთახები ერთმანეთის ზუსტ ასლს წარმოადგენენ“ (ავტორი - ანტონია ლენგფორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც გამოკვლევა აჩვენებს, რუსეთის რამდენიმე რეგიონში მდებარე ვლადიმერ პუტინის რეზიდენციების (ოფისების) კაბინეტ-ოთახები ერთმანეთის ზუსტ ასლს წარმოადგენენ - იმ მიზნით, რომ პრეზიდენტის ადგილმდებარეობა უცნობი იყოს და თავიდან იქნას აცილებული შესაძლო საჰაერო შეტევები.
„სხვადასხვა შენობაში სამი იდენტური ოთახი იქნა აღმოჩენილი“, - ნათქვამია აშშ-ის რადიო „თავისუფალი ევროპა“/“თავისუფლების“ (RFE/RL) ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის „სისტემის“ (Sistema) მოხსენება-ანგარიშში, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ის შეხვედრები, რომლებიც, კრემლის ცნობით, თითქოსდა, „ნოვო-ოგარიოვოს“ რეზიდენციაში ტარდებოდა, სინამდვილეში, თურმე, მისგან ასობით კილომეტრის მოშორებით ხდებოდა.

„ნოვო-ოგარიოვოში“ არსებული ერთ-ერთი ოთახის ზუსტი ასლი არის შავი ზღვის ნაპირზე, სოჭის ახლოს, პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში, მეორე კი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით, უღრან ტყეში, ტბის ნაპირზე მდებარე „ვალდაის“ რეზიდენციაში.
ანგარიშში გაკეთებულია დასკვნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას „ვალდაის“ რეზიდენციას, რომელიც განსაკუთრებით არის დაცული.

„სისტემის“ ჟურნალისტმა-მკვლევრებმა ანალიზი გაუკეთეს, დაახლოებით, 700-მდე ვიდეოჩანაწერს, რათა ზუსტად განესაზღვრათ, სად არის ხოლმე სინამდვილეში რუსეთის ლიდერი „დამალული“, იმ დროს, როცა იგი, თითქოსდა, ყველას თვალწინ, „ნოვო-ოგარიოვოშია“ და იქიდან მართავს ქვეყანას.
ზუსტი მსგავსების მიუხედავად, დაკვირვებულმა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს და ყოველი ოთახის შიდამოწყობაში არსებული განსხვავებები გამოავლინეს, რათა პრეზიდენტის ჭეშმარიტი ადგილსამყოფელი გაეგოთ.

კრემლის მიერ 2020 წლის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ გამოშვებაში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი ერთი ოთახის კარიდან მეორეში გადის და რუსეთის პრეზიდენტისაგან ინტერვიუს იღებს. მაგრამ რუსმა რიგითმა ტელემაყურებლებმა, ალბათ, ვერ შეამჩნიეს, რომ ეს ორი ოთახი ერთმანეთისაგან მრავალი ასეული კილომეტრის მოშორებით, სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.
ილუზია მაშინ გაიფანტა, როცა ჟურნალისტმა-მკვლევრებმა შენიშნეს - სხვადასხვა კადრში ნაჩვენები ოთახების კარის სახელურების ზომა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიდეოჩაწერა ორ ადგილზე განხორციელდა.

კიდევ ერთ მინიშნებას წარმოადგენს განსხვავებები ვლადიმერ პუტინის მაგიდის მიღმა არსებულ კედლებზე, ასევე, ავეჯსა და სხვადასხვა ფურნიტურს შორის - ტელევიზორის სადგამებითა და მაგიდის ფერით დაწყებული, დამთავრებული ჭერში არსებული სავენტილაციო ნახვრეტების რაოდენობით და თერმოსტატის განლაგებით.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეც დადიოდა ხმები ერთმანეთის მსგავს ოთახებზე, ანალიტიკოსებს არ ჰქონდათ სრული მონაცემები და იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ერთმანეთისაგან განესხვავებინათ.
„სისტემის“ მკვლევრებმა თავიანთ დასკვნებში გამოიყენეს, აგრეთვე, ვიდეოჩანაწერები, გაკეთებული სახელმწიფო ტელეარხების ჟურნალისტების მიერ, რომლებმაც, როგორც ჩანს, „ფიცი დადეს“, მუდმივად საიდუმლოდ შეენახათ ინფორმაცია, თუ სად იღებენ ისინი რუსეთის ლიდერს და მისი უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებს.

„აშკარაა, რომ საკითხი პრეზიდენტის უსაფრთხოებას ეხება“, - უთხრა ჟურნალისტებს კონსტანტინე ჰააზემ, ავტოკრატიის შემსწავლელმა რუსმა მეცნიერმა, - „რასაკვირველია, უადგილო და უხერხული იქნებოდა, „პანცირები“ (ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები) კრემლის კოშკების თავზე განელაგებინათ... ამიტომაც, მათი დისლოკაციის ძირითადი ადგილი იქ არის, სადაც პრეზიდენტი ხშირად იმყოფება ხოლმე ანუ „ვალდაის“ რეზიდენციაში.
ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის მონაცემებით, კრემლის ჩინოვნიკები ასევე აყალბებენ თარიღებსაც, როცა ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვიდეოჩანაწერებს უშვებენ: იყენებენ ადრევე, რამდენიმე დღის წინ მომზადებულ კადრებს, რათა პრეზიდენტის რეალური ადგილსამყოფელი შენიღბონ და დამალონ.

როგორც „სისტემის“ ანგარიშშია აღნიშნული, პრეზიდენტის მიმდინარე წლის თითქმის ყველა შეხვედრა, რომლებიც, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, თითქოსდა, „ნოვო-ოგარიოვოშია“ გადაღებული, სინამდვილეში მიმდინარეობდა „ვალდაის“ რეზიდენციაში - რადგან ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე.
ვალდაიში მდებარე განმარტოებული თავშესაფარი-რეზიდენცია, სადაც, როგორც ადრე იტყობინებოდნენ, პრეზიდენტის საყვარელი ქალი ალინა კაბაევა და მათი ორი შვილი ცხოვრობს, განლაგებულია ტბაში მდებარე ნახევარკუნძულზე და ითვლება, რომ მასზე შეტევა რაკეტებით და დრონებით ძალზე რთულია და - შეუძლებელიც.
კოსმოსიდან თანამგზავრებით გადაღებული ფოტოსურათები მოწმობენ, რომ 2024 წლის ზაფხულში, როცა უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით აქტიურად შეუტია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ ობიექტებს, ვალდაის ტბის რაიონში დამონტაჟებული იქნა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის 12 სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-С1“.

შედარებისათვის: The Moscow Times-ის მონაცემებით, მოსკოვის მეგაპოლისს, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინული დრონებისაგან მხოლოდ 60 „პანცირი“ იცავს.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები სხვადასხვა დროს შემჩნეულნი იქნენ პუტინის კრემლის ოფისის თავზე და მათ ხანძარიც გამოიწვიეს, აგრეთვე, რუსეთის პრეზიდენტის შავიზღვისპირა სასახლის კომპლექსთან, რომელიც ოდესღაც განთქმული იყო თავისი „წყლის დისკოთეკით“, საცეკვაო ბუდუარებით, მინიატურული რკინიგზით და სხვა ეგზოტიკური გასართობებით.
თავდასხმის შიშის გამო, ვლადიმერ პუტინმა შეცვალა თავისი საქმიანობის რეჟიმი და ცხოვრების სტილი. მის რეზიდენციებში ღრმა მიწისქვეშა ბუნკერები ააშენეს.
უფრო ადრე ოპოზიციური გამოცემა „პროექტი“ იტყობინებოდა, რომ პუტინის ბრძანებით დაანგრიეს მისი შავიზღვისპირა საზაფხულო, სტალინისდროინდელი რეზიდენცია „ბოჩაროვ რუჩეი“, რომელსაც იგი უცხოელი სტუმრების მისაღებად იყენებდა - დაანგრიეს პუტინის შიშის გამო, რომ შენობა მოწყვლადი იყო ზღვის მხრიდან შეფრენილი უკრაინული დრონების წინაშე.
კონსტანტინე ჰააზემ პუტინის აკვიატებული შიში უსაფრთხოების მიმართ შეადარა სადამ ჰუსეინის შიშს, რომელსაც მრავალი რეზიდენცია ჰქონდა - მისი ნამდვილი ადგილსამყოფელი რომ უცნობი ყოფილიყო.
„სადამ ჰუსეინის უახლოესმა გარემოცვამაც კი არ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა მოცემულ მომენტში ერაყის დიქტატორი პრეზიდენტი“, - ამბობს კონსტანტინე ჰააზე, - „იგი ამას აკეთებდა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ახლა ვლადიმერ პუტინი აკეთებს. სადამ ჰუსეინს შიდა შეთქმულებებისა და შურისძიების კი არ ეშინოდა, არამედ - შიში ჰქონდა ამერიკული „ტომაჰავკების“... იმავეს განიცდის რუსეთის პრეზიდენტიც“.