"ტყიბულის სოფელ ცუცხვათში ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს" - infoimereti - კვირის პალიტრა

"ტყიბულის სოფელ ცუცხვათში ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინეს" - infoimereti

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ტყიბულის სოფელს ცუცხვათში ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინა. ნეანდერტალელთა მიერ ამ არეალის ათვისების დრო კი, სპეციალისტების შეფასებით, 90 ათასი წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. ეს უკვე მესამე კბილია, რომელიც ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩნდა.

“90 ათასი წლის წინ ნეანდერტალელები უკვე ბინადრობდნენ ცუცხვათის ტერიტორიაზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი უფრო ადრეც მოვიდნენ, უბრალოდ, ჯერჯერობით იმ ფენებზე არ გადავსულვართ – კვლევები ჯერ არ ჩაგვიტარებია. ამის ძალიან კარგი მტკიცებულებაა ცეცხლის გამოყენების ის ინტენსიური კვალი, რომელიც დასტურდება”, - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის აქტიურად გამოყენების მტკიცებულებებთან ერთად, ამავე ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხიც გათხარეს, სადაც საკინძები, თავსაბურავის ფრაგმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები აღმოჩნდა. კვლევები ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულებებით მიმდინარეობდა.

წყარო