ცეკვა საკუთარი ქმრის ქორწილში, შავი კაბით: "სადმე ვთქვი, რომ ქმარს გავშორდები?" - როგორ ცხოვრობს ჩეჩენი უმდიდრესი მებრძოლის პირველი ცოლი, რომლის ვიდეომ მსოფლიო მოიარა
ოქტომბერში ჩეჩნეთში გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. იმ საღამოს გმირი კი, შავ კაბაში ჩაცმული, წითელთავსახვევიანი ქალი გახდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ქმრის ქორწილში ცეკვავდა. იმ დღეს, ლიმდა იბრაგიმოვას ქმარმა მეორე ცოლი მოიყვანა.
როგორ ცხოვრობს ახლა მოულოდნელად დატეხილი პოპულარობის შემდეგ და რას პასუხობს გამომწერებს, რომლებსაც დღემდე აინტერესებთ როგორ განვითარდა საბედისწერო საღამოს შემდეგ მისი ისტორია?
ლიმდას ისტორია თავდაპირველად მისმა მეგობარმა გაავრცელა სოციალურ ქსელში, თავად იბრაგიმოვას ნებართვით: "ლიმდამ მხოლოდ მადლობა გადაუხადა მეუღლეს იმისთვის, რომ ეს ამბავი პირადად აცნობა. რაოდენ მტკივნეული და საწყენი იყო მისთვის, მხოლოდ მან და ყოვლისშემძლე ღმერთმა იციან“ - წერდა მეგობარი.
როგორც გაირკვა, მეუღლემ ლიმდას მეორე ქორწილის შესახებ ღონისძიებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე შეატყობინა. იმ დროისთვის წყვილის მეორე საერთო შვილის, ქალიშვილის დაბადებიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული. ის წინააღმდეგი იყო რომ მეუღლეს ექორწინა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ვერაფერს შეცვლიდა.
ცეკვა, როგორც პროტესტისა და დამშვიდობების სიმბოლო
იბრაგიმოვამ გადაწყვიტა მეგობრის რჩევისთვის დაეჯერებინა და ქმრის ქორწილში იცეკვა, სანამ პატარძალი სცენაზე იდგა და მოკრძალებულად უკრავდა ტაშს. სტუმრები მხარს უჭერდნენ ლიმდას, რომელიც დარბაზში შავი კაბითა და წითელი თავსაფრით ტრიალებდა და თან გაწვდილ ხელებში ფულს აგროვებდა — ადგილობრივი ტრადიციით, ცეკვის დროს გოგონას ხელში კუპიურების ჩადება მიღებულია.
ამ ცეკვამ სოციალურ ქსელში მძაფრი რეაქცია გამოიწვია:
"რატომღაც ძალიან მეცოდება. მინდა ჩავეხუტო და ვანუგეშო", "მას შავი აცვია, ეს შავი დღეა, წითელი თავსაფარი კი სისხლივითაა, რომელიც დაჭრილი გული იღვრება", "ამ ცეკვის მიუხედავად, მისი გული შიგნიდან მოკვდა. ტყუილად არ ეცვა შავი, ეს მისი ქმრისადმი სიყვარულის გლოვის ნიშანია", "მიიღო, აპატია, იცეკვა“, - ასე გამოეხმაურნენ ამ იბრაგიმოვას ცეკვას სოციალურ ქსელში.
ინვესტიცია განქორწინების ნაცვლად
როგორც მოგვიანებით გაირკვა, იბრაგიმოვამ ცეკვის დროს საკმაოდ კარგი თანხა იშოვა. ცოტა ხნის წინ, მან პირად ბლოგში, Instagram-ზე, დაწერა რაში გამოიყენა მიღებული შემოსავალი.
"დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამომეყენებინა ქორწილში გამომუშავებული ფული: დამეწყო პატარა ბიზნესი, გამომეცვალა მანქანა, ან გავქცეულიყავი ყველაფრისგან და დამესვენა. მაგრამ მე სხვა რამ ავირჩიე“, - განაცხადა იბრაგიმოვამ.
როგორც გაირკვა, ქალმა გადაწყვიტა ფული დაღესტნის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში ჩაედო. გამომწერებმა მხოლოდ მხარი დაუჭირეს ლიმდას, რომელიც, როგორც ჩანს, ახალ ცხოვრებას იწყებს.
"მეორე ცოლის ქორწილიდან ფულის აღება და უძრავ ქონებაში ჩადება - ასეთი გოლი ჯერ არავის გაუტანია" - წერენ იბრაგიმოვას სტატუსის კომენტარებში.