ყველაზე დიდი ავიაკატასტროფები საქართველოში - ჰაერში დამწვარი "იუნკერსიდან" "ჰერკულესის" ტრაგედიამდე
პირველი ავიაკატასტროფა ქართულ ცაში 100 წლის წინ მოხდა - ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში
11 ნოემბერს მომხდარმა თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტოფამ ამ ბლოგის არც თუ მცირე რაოდენობის (რისთვისაც მათ გულწრფელ მადლობას ვუხდი) მკითხველთა შორის გააჩინა ინტერესი, თუ კიდევ როდის და რა სახის ავიაკატასტროფები მომხდარა ქართულ ცაში...
სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე წერა ძალიან რთულია, რადგან ყოველივე ავიაკატასტროფის უკან დაღუპულთა ოჯახების დიდი ტრაგედია დგას და ამით დიდ ტკივილს ვახსენებთ მათ...
ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები,რომლებიც საქართველოს ისტორიაში დარჩება...
ამჯერად იმ ავიაკატასტროფებზე მოგითხრობთ, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სამგზავრო თვითმფრინავებს შეემთხვათ ქართულ ცაში ან ჩვენი აეროდრომებიდან აფრინდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ავიაკატასტროფები ცალკე თემაა. ამ სტატიაში არ შევეხებით იმ ოთხი სამგზავრო თვითმფრინავისა და მათი მგზავრების ტრაგიკულ ბედს, რომლებიც 1993 წლის 20-23 სექტემბერს აფხაზი სეპრატისტებისა და რუსი ოკუპანტების შეიარაღებულმა რაზმებმა სოხუმთან ჩამოაგდეს და ბაბუშერის აეროპორტში ააფეთქეს, რადგან მას საერთაშორისო ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
ქართულ ცაში, მას შემდეგ, რაც ავიაციამ მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოშიც შემოაბიჯა, ავიაკატასტროფების სიაც გაიხსნა - ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1925 წლის 22 მარტს, ტიფლისში, დიდუბის იპოდრომიდან გერმანული წარმოების Junkers F13-ის ტიპის პატარა სამგზავრო თვითმფრინავმა გეზი სოხუმისკენ აიღო, მაგრამ მალევე ცეცხლის ალში გაეხვია. ორი მგზავრი ჰაერშივე გადმოხტა, მაგრამ ამან არ უშველა. ეკიპაჟის ორი წევრი და სამივე მგზავრი დაიღუპა. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მგზავრები ცნობილი ჩეკისტები იყვნენ, ისინი, ვინც ხელმძღვანელობდნენ წითელი არმიის შემოჭრასა და საქართველოს გასაბჭოებას. ლევ ტროცკიმ იოსებ სტალინი დაადანაშაულა ამ ავიაკატასტროფის სპეციალურად მოწყობაში, თუმცა სპეციალისტებმა უფრო სანდოდ მიიჩნიეს ვერსია, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩეკისტმა ჩიბუხის გაბოლების დროს ჩაუმქრალი ასანთი თვითმფრინავის სალონის იატაკზე დააგდო, რამაც აალება გამოიწვია.
1953 წელს ზუგდიდთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ მთელი საქართველო (და არა მარტო) შეძრა - დაიღუპა ცნობილი კინომსახიობი ნატო ვაჩნაძე...
Ил-12П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი 14 ივნისს მოსკოვიდან დონის როსტოვის გავლით თბილისისკენ გამოფრინდა. სოხუმის თავზე გადაფრენისას დისპეტჩერმა რატომღაც არ აცნობა ეკიპაჟს, რომ სამეგრელოში ჭექა-ქუხილი იყო. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები ზუგდიდიდან 15 კმ-ში აღმოაჩინეს, ლავრენტი ბერიას სახელობის საბჭოთა მეურნეობის საძოვარზე. ბორტზე მყოფი 18-ივე მგზავრი დაიღუპა. ეს იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მსხვილმასშტაბიან ავიაკატასტროფად იქნა მიჩნეული.
1963 წლის 24 აგვისტოს ქუთაისიდან სოხუმისკენ გაფრენილი Ил-14П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ გეგეჭკორთან (ახლანდელი მარტვილი) მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის 5 წევრი და 27 მგზავრი. ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ეკიპაჟის ნავიგაციური შეცდომა გახლდათ.
1973 წელს საქართველოდან მოსკოვში გაფრენილმა ორმა, ერთი და იმავე ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ერთსა და იმავე აეროპორტში განიცადეს ავიკატასტროფა, ორი თვის ინტერვალით.
13 ოქტომბერს ქუთაისიდან გაფრენილმა Ту-104Б ტიპის პირველმა საბჭოთა რეაქტიულმა სამგზავრო ლაინერმა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 122 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა (ეს Ту-104-ის კატასტროფების ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია). გამოძიების დასკვნით, ავდარს დაემატა ლაინერის კაბინაში რამდენიმე ხელსაწყოს გათიშვაც (მათ შორის - ავიაჰორიზონტის), რაც ეტყობა, გამოიწვია ელექტროჩამრთველის უნებლიეთ გამორთვამ. ჩანს, ის ერთ-ერთმა იმ მგზავრმა გამორთო, რომელიც ეკიპაჟს კაბინაში უბილეთოდ გადაჰყავდა. 122 დაღუპულში რვა უბილეთო მგზავრი ამოიცნეს.
7 დეკემბერს ისევ ქუთაისის კოპიტნარის აეროდრომიდან გაფრენილი ანალოგიური Ту-104Б ისევ დომოდედოვოს აეროპორტთან ჩამოვარდა. ავდრისა და დისპეტჩერის არასწორი მითითების გამო ეკიპაჟმა დაჯდომისას შეცდომა დაუშვა და თითქმის 60-ტონიანი ლაინერი ასაფრენ ზოლამდე დაენარცხა მიწას, შუაზე გადატყდა და ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის 7 წევრისა და 68 მგზავრისგან 59 ცოცხალი გადარჩა.
1982 წლის 14 აგვისტოს სოხუმში, ბაბუშერის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი, Ту-134А და L-410M შეეჯახა, რასაც 11 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. Ту-134А სოხუმიდან მოსკოვში მიფრინავდა და მის ბორტზე 76 მგზავრი იმყოფებოდა, უფრო მომცრო L-410M-ს კი ქუთაისში მიჰყავდა 9 მგზავრი. ასაფრენ ბილიკზე 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გაქანებულმა Ту-134А-მ მარჯვენა ფრთით შუაზე გაჭრა L-410M-ის ფიუზელაჟი და 9-ვე მგზავრი და ორივე მფრინავი დაიღუპა. Ту-134А-ს მგზავრებს არაფერი დაშავებიათ.
საოცარი დამთხვევაა, რომ ამ ტრაგედიიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ ახალი ტრაგედია - აფხაზეთის ომი დაიწყო...
1985 წლის 11 ოქტომბერს სენაკთან (კოპიტნარის აეროდრომიდან დასავლეთით, 47 კმ-ში) მთას შეეჯახა Як-40, რომელიც ასრულებდა ქუთაისი-ფოთის რეისს. ავიაკატასტროფას 10 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი შეეწირა. გაირკვა, რომ დისპეტჩერმაც და ეკიპაჟმაც შეცდომა დაუშვეს, რასაც დაემატა რთული მეტეოროლოგიური ვითარება და საშინელმა შედეგმაც არ დააყოვნა.
1992 წლის 20 ივლისს, თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გარბენისას, Ту-154Б ტიპის თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა, დასახლებულ ადგილას შეიჭრა და აფეთქდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და 16 მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ხმელეთზე მყოფი 4 მოქალაქეც. როგორც გაირკვა, თვითმფრინავი 20 ტონა ჩაით იყო დატვირთული, რომელიც ქ. მინვოდში მიჰქონდათ, მაგრამ თვითმფრინავში ჩატვირთვის დროს არ დაიცვეს ტვირთის გადანაწილების წესები, რის გამოც დაირღვა თვითმფრინავის ბალანსირება და აფრენა შეუძლებელი გახდა.
1993 წლის 17 ივნისს თბილისიდან 33 კმ-ში, დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტთან, მთას შეეჯახა ტაჯიკეთის კუთვნილი სამგზავრო Ан-26Б, რასაც არანაკლებ 33 კაცის დაღუპვა მოჰყვა. თვითმფრინავი ბათუმიდან ბაქოში მიფრინავდა და კატასტროფის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
1993 წლის 30 სექტემბერს სოფელ საკენიდან სოფელ ჭუბერამდე კოდორის ხეობაზე გადაფრენით, ქართულ სამოქალაქო Ми-8МТ-ს დევნილები მორიგი რეისით გამოჰყავდა, როდესაც შვეულმფრენი მთას შეეჯახა და მის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა...
2000 წლის 27 ოქტომბერი პრეზიდენტმა შევარდნაძემ გლოვის დღედ გამოაცხადა იმის გამო, რომ ორი დღით ადრე ბათუმთან, მტირალას მთას შეეჯახა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Ил-18Д ტიპის სამგზავრო თვთმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან მოფრინავდა. დაიღუპა ეკიპაჟის 11 წევრი და 73 მგზავრი. უამინდობის გარდა, კატასტროფის მიზეზი დისპეტჩერისა და ეკიპაჟის შეუთანხმებელი მოქმედებაც იყო, ასევე ეკიპაჟის მეთაურის არასწორი გადაწყვეტილება გახლდათ, როდესაც ბათუმის აეროპორტში დაშვება მთების მხრიდან გადაწყვიტა.
2002 წლის 16 სექტემბერს კუმისის ტბაში ჩავარდა მესაზღვრეების Ми-2 ტიპის შვეულმფრენი. ავიაკატასტროფაში ეკიპაჟის ორივე წევრი - ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე დაიღუპნენ.
2003 წლის 13 აგვისტოს წალკასთან ავარია განიცადა ქართულმა "იროკეზმა", რომელსაც, სავარაუდოდ, ამერიკელი პილოტი მართავდა.
2004 წლის 5 მაისს ხულოს რაიონში საბრძოლო Ми-24 დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდა. სხეულის დაზიანებები მიიღეს ეკიპაჟის წევრებმა და ბორტზე მყოფმა მგზავრებმა.
2007 წლის 12 თებერვალს ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე დაშვებისას ავარია განიცადა Ми-8 ტიპის შვეულმფრენმა. დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.
2007 წლის 11 მარტს, ღამით გაფრენისას, დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბასთან კატასტროფა განიცადა საბრძოლო Ми-24-მა. ეკიპაჟის სამივე წევრი - გიორგი ლონდარიძე, გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე, დაიღუპნენ.
2015 წლის 24 თებერვალს ყაზბეგის რაიონში სამთო მოთხილამურე ტურისტების სათხილამურო ტრასაზე გადასხმისას ქარის მოულოდნელი დაბერვის გამო მართვა დაკარგა და მთის ფერდობზე დაეცა კერძო კომპანიის Bo-105 ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც ქართული ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მფრინავი შამილ ქორთოშიძე მართავდა. ტურისტებს არაფერი დაშავებიათ, პილოტმა სხეულის დაზიანება მიიღო.
2017 წლის 27 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას, მესაზღვრეების Ми-8МТВ ტიპის შვეულმფრენი დაბალი სიმაღლიდან მდინარეში ჩავარდა სახანძრო კალათის წყლით შევსების პროცესში. ეკიპაჟი გადარჩა.
2018 წლის 12 ივლისს თელავის რაიონის სოფელ ართანასთან დაშვებისას ავარია განიცადა "სუპერპუმას" ტიპის მესაზღვრეების შვეულმფრენმა. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
2019 წლის 6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა უახლესმა კერძო შვეულმფრენმა Bell 505-მა ავიაკატასტროფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი.
2022 წლის 29 ივლისს ქართულ ცაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა, რაც გაამძაფრა ამ ტრაგედიის ამსახველმა მძიმე ვიდეოკადრებმაც - სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შვეულმფრენი Mи-8MTV-1 გუდაურთან დაშავებულების ევაკუაციის რთული ოპერაციის დროს კუდის ხრახნით წამოედო კლდეს და ხეობაში ჩავარდა,დაიღუპა მასში მყოფი რვა ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი.
„საქაერონავიგაციის“ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 28 457 ჯამური ფრენა განხორციელდა(მათ შორის 7045 ქართული აეროპორტებიდან აფრენა-დაფრენა და 21 412 ტრანზიტული ფრენა),რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთელი წლის განმავლობაში ქართულ ცას 300 ათასზე მეტი საფრენი აპარატი კვეთს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნის ცისთვის ძალზე დიდი ციფრია და ერთი მხრივ მისასალმებელია(თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით), როდესაც უცხო ქვეყნების ავიაკომპანიები ირჩევენ შენი საჰაერო სივრცით უსაფრთხო ფრენების განხორციელებასა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და მნიშვნელოვნად გაზრდილი ფრენების (განსაკუთრებით კი სატრანზიტო ფრენების, იმის ფონზე, რომ რუსეთმა ამერიკულ და ევროპულ ავიაკომპანიებს ჩაუკეტა თავისი საჰაერო სივრცე, ისევე, როგორც ევროპამ აუკრძალა რუსულ სამგზავრო თვითმფრინავებს მათზე გადაფრენა და ახლა ორივე მხარე... ქართული ცის გავლით დაფრინავს) კვალზე ბუნებრივად იმატებს ქართულ ცაში საავიაციო შემთხვევების გაზრდის ალბათობაც,რაც კიდეც აჩვენა თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტროფამ...