უკანასკნელი "პროვოკაცია" "ძველი საქართველოდან"?.. - კვირის პალიტრა

უკანასკნელი "პროვოკაცია" "ძველი საქართველოდან"?..

შესავლის მაგიერ

როგორც არაერთხელ მითქვამს, თქვენ რომ ხუთშაბათს კითხულობთ ხოლმე ჩემს "პროვოკაციას", მე სამშაბათობით ვწერ და ამიტომ მეეჭვება, რომ წინა ნომერში ვინმეს ბოლომდე წაეკითხოს, რაც დავწერე. მართალიც არის: სწორედ აწყობილი ნომრის სტამბაში გაგზავნიდან ორიოდე საათის შემდეგ გამოქვეყნდა ის საშინელება, ის მარაზმი, მთელი მსოფლიოს თვალში თავის მოჭრა, ბევრი, ბევრი წლის მანძილზე ძნელად ჩამოსარეცხი ლაქა, რომლის გარდა, ხუთშაბათს ვერავინ ვერაფერზე ფიქრობდა და აბა, ვის "ეპროვოკაციებოდა" მაშინ?!

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მოვლენები უკვე ისეთი სისწრაფით ცვლის ერთმანეთს, იქნებ ახლაც ტყუილად ვწერ და ვასკდები ნერვებს - ზეგ ჟურნალის გამოსვლისას იქნებ კიდევ უფრო უარესად იყოს საქმე?.. აბა, კარგს რას უნდა ელოდე - ერთისგან, მეორისგან, მესამისგან... მეათისგან (იმ ერთისგან განსაკუთრებით)...

აი, ამ წუთს, "რუსთავი 2"-მა ის "სკანდალური კადრები" აჩვენა, რომლითაც "ნაცმო" იმუქრებოდა - გულზე მომეშვა, ამის მეტი თუ არაფერი აქვთ... მაგრამ ხუთშაბათამდე იქნებ მართლაც რამე "ბომბა" კომპრომატი დადონ და ახლა რომ ამათ დავცინო, მერე მე თვითონ გავხდე დასაცინი?!

ისე, მარტივი გამოსავლის პოვნაც შემეძლო: იმავე საღამოს, "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნებული ჩემი ბლოგ-პოსტი მიმეთითებინა და მეთქვა, - ამ სამიოდე აბზაცის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ("...და მაინც: ნაბიჭვრების ქვეყანა" - ასე დავარქვი) და "იხ. პროვოკატორის ბლოგი www.kvirispalitra.ge-ზე"-მეთქი, მაგრამ მაინც "ხალტურა" იქნებოდა ეს...

არადა, ოღონდ ამ საძაგლობაზე საფიქრალი და დასაწერი არ მქონდეს ახლა და რას არ მივცემდი...

ისე, მართლა "უკუღმართ-პროვოკატორული" ტვინი რომ მაქვს, თორემ ხომ არიან ადამიანები, კარგი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველა თუნდაც ცუდ ამბავში რაღაც კარგი აღმოაჩინონ და ამას ახერხებენ კიდეც? მე კიდევ, ეს ოხერი, მსოფლიოში საუკეთესო ბათუმის, მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტის გახსნაშიც კი უარყოფით მხარეს ვეძებ (წეღან ვუყურე) და როცა აღმოვაჩენ, რომ 18-სართულიანი უნივერსიტეტის შენობის 15 სართული, ბიზნესცენტრის ფართები ყოფილა და არა უნივერსიტეტი, საქილიკო რომ მეძლევა, მიხარია...

არ ვარგა ასე, არ ვარგა (ჩემს თავს ვეუბნები), მაგრამ ამ ბოლო დღეების საშინელებებიდან ყველაზე ოპტიმისტმაც კი კარგი რა შეიძლება დაინახოს?.. მოიცადეთ, კოლეგებს ვკითხავ...

არის! (მართლა, ხუმრობისა და შაყირის გარეშე) - სტუდენტები!!! ჩვენი შვილები, რომლებსაც არა მხოლოდ ქვეყანა და საკუთარი მომავალი სტკივათ და აღელვებთ თურმე, არამედ გამართულად და საქმიანად ლაპარაკიც შესძლებიათ, ერთად დგომაც და წინააღმდეგობის გაწევაც (ოღონდ ახლა ვინმე არ შემედავოს - აქამდე პირიქით რატომ გეგონაო, თორემ რაღაცები გამახსენდება, აღფრთოვანება გადამივლის და ისევ ცუდ რამეებს ვიტყვი)!

კიდევ ის არის კარგი, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი "მაკომპრომეტირებელი მასალა" ხაინდრავაზე ძალიან სასაცილოა: საფრანგეთში, თავის ბავშვობის მეგობართან (თუმცა მართლაც კანონიერ ქურდთან) ბინაში შედის და მერე გამოდის! აუფ! ჰო, შესვლისას გადაკოცნა და გამოსვლისასაც გადაკოცნა! აუფ და კიდევ აუფ!!! "აუფ" კი არა, როგორც ბრძენი ქართველი ხალხი იტყოდა: აპრუწუწუნ თქვენს მაძებრობა-რეჟისორობას!

სხვათა შორის, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და ეს მგონი, ის ლორთქიფანიძეა, რომელზეც ხაინდრავამ ჯერ კიდევ მინისტრობისას იკითხა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, - რეზო ლორთქიფანიძე ბავშვობის ძმაკაცი და თან მეზობელია, კიბეზე რომ შემხვდეს, აღარ მივესალმოო? მაშინ დართეს მისალმების ნება, ახლა ეტყობა, ისევ აკრძალულია...

ისე, მე სახელისუფლებო გუნდის ბევრი წევრი ვიცი, რომლებიც "ნივიჟუს" არ უკეთებენ ქურდებს და იქნებ ამის ვიდეოებიც დადონ?

სიმართლე გითხრათ, ხაინდრავას "საქციელზე" მეტად (ცხადია, თუკი სხვა კომპრომატიც არ დაიდო), "ქრისტიან-დემოკრატების" უსაქციელობა მაწუხებს - "ჟურნალისტების პარტიის" ხმებმა რომ მისცა ხელისუფლების მონა "ცესკოს" ჟურნალისტებისთვის საარჩევნო უბნებზე მუშაობის ფაქტობრივი აკრძალვის საშუალება!

სამაგიეროდ, ამასაც მოჰყვა რაღაც კარგი (აი, უკვე ვისწავლე კარგის დანახვა): ინგა გრიგოლიამ გამოუცხადა, - წადით, თქვენიო! ოღონდ ისინი არ წავიდნენ, თვითონ წამოვიდა... ქართულ ჟურნალისტიკას ვულოცავ შენს დაბრუნებს, კოლეგა (იმედია, დაბრუნდები)!

P.S. დღევანდელი P.S. მოკლე იქნება: მე რომ "ცოცხზე მეკიდოს" ქვეყანა და მხოლოდ ჩემს ჰონორარზე ვფიქრობდე, გამეხარდებოდა, მაგრამ მადარდებს საქართველო და ამიტომ ვდარდობ, რომ "პროვოკატორი" არჩევნების შემდეგაც აქტუალური იქნება...