"შემდეგ მოვიდა ადამიანი, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემთ, ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. თუმცა აი, დადგა მომენტი, როდესაც ისეთი შინაბრძოლა, წინააღმდეგობები დაიწყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანაც ერთმმართველობისკენ მიდის"
მერაბ კოკოჩაშვილი: "ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანაც ერთმმართველობისკენ მიდის"
"დღეს პოლიტიკოსი ხდება ის, ვისაც არანაირი პოლიტიკური ცოდნა არა აქვს და სახელმწიფოს მართვას იწყებს. ჩვენ კი საზოგადოება ისეთ დღეში ვართ, როცა აღარც ვიცით, ხმა ვის მივცეთ..." - ამბობს ლეგენდარული ქართველი რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი.
მან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია და მოსაზრება გაგვიზიარა...
- ბატონო მერაბ, რას იტყვით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?
- ნამდვილად ურთულესი ვითარებაა... საჭიროა პრობლემებზე საუბარი. საზოგადოება ძალიან გახლეჩილია. საჭიროა ლაპარაკი სხვადასხვა კუთხიდან, მხოლოდ პოლიტიკაზე მსჯელობა არ შველის.
- ხელოვნებაზე იმოქმედა ამ რთულმა ერთმა წელმა?
- ერთმა არა, ბევრმა წელმა... ეს აღწერილია ჩემს ფილმებში: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდშია გადაღებული, შემდეგ „ნუცას სკოლა“ და ახლა კიდევ - „ტერცო მონდო“...
სამივე ფილმში არის პრობლემები, რომლებიც ქვეყნის მშენებლობასთან, ცივილიზაციის შენებასთან არის დაკავშირებული. ადამიანებზეა, რომლებმაც ეს უნდა აკეთონ. საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ მხოლოდ ძალადობით შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა.
- დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა...
- ციხეში იმიტომ არ ჩნდება ადამიანი, რომ ვიღაცას უნდა ის ციხეში ჩასვას. ისეთ რაღაცას სჩადის, რის საწინააღმდეგოდაც სვამენ ციხეში. აი, რაშია მთელი უბედურება! ერთი ერის ხალხმა ვერა და ვერ მივაღწიეთ, იმაზე ვიფიქროთ, რომ გზა გამოვნახოთ! ჩვენი ქვეყნის მომავლის გზა ცივილიზაციისკენ მიმავალი - გზაა.
მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვეშველება, თუ იქნება განათლება! განათლება ყველა მხრივ, ყველა დარგში. ახლა კი პოლიტიკოსი ხდება ის, ვისაც არანაირი პოლიტიკური ცოდნა არა აქვს და სახელმწიფოს მართვას იწყებს. ჩვენ კი საზოგადოება ისეთ დღეში ვართ, როცა აღარც ვიცით, ხმა ვის მივცეთ.
სამწუხარო სიტუაცია, მაგრამ ეს პირველი არ არის არც საქართველოსთვის და არც მსოფლიოს დიდი ქვეყნებისთვის... საფრანგეთის რევოლუციაში მონაწილეობდა ნაპოლეონი, შემდეგ იქცა იმპერატორად, რომელსაც წიხლი კრეს, კუნძულზე იყო და საბოლოო ჯამში, მოკლეს. სხვა გზა აღარც იყო, რადგან მან დაარღვია ის, საითკენაც მიდიოდა. იგივე ხდებოდა რომში.
ჩემი სამივე ფილმი, რომელიც დაგისახელეთ, მოწმობს იმას, რომ არ ვიყავით მზად, ცალკე გავსულიყავით...
- საბჭოთა კავშირიდან რომ გამოვსულიყავით, ამისთვის არ ვიყავით მზად?
- გამოსვლისთვის ყველა მზად არის, საქართველოს დამოუკიდებლობის გარეშე არსებობა არ შეეძლო. შემდეგ ეტაპებს ვგულისხმობ.
როდესაც მოდიოდა ლიდერი, შესაძლოა, პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ქვეყნის მართვის გამოცდილება არა... მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს ზვიად გამსახურდიას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ მისი მმართველობის დასრულების წინ ისე მოხდა, რომ ტელევიზია ბუნკერში გადაიტანა. წარმოიდგინეთ, ქვეყანა დატოვა ერთადერთი საინფორმაციო საშუალების გარეშე. (მე მაშინ პირველ არხზე სატელევიზიო ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი) ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემდით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ამ დონემდე მივიდა!
შემდეგ იყო ედუარდ შევარდნაძე. ძალიან დიდი წუხილით უნდა ვთქვა შევარდნაძის პერიოდზე, რადგან თავიდან თითქოს სწორად მიჰყავდა ქვეყანა, მაგრამ შემდეგ ერთპიროვნული მმართველობა იყო, რასაც ძალიან დიდი კორუფცია მოყვა და ეს ლოგიკურიც იყო.
შემდეგ თითქოს გამოსწორების გზა გამოჩნდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კორუფცია, კიდევ უფრო მეტი ერთმმართველობა იყო.
- მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს გულისხმობთ?
- რასაკვირველია!
შემდეგ მოვიდა ადამიანი, რომელსაც ჩვენ ყველანი დიდ პატივს ვცემთ, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. თუმცა აი, დადგა მომენტი, როდესაც ისეთი შინაბრძოლა, წინააღმდეგობები დაიწყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანაც ერთმმართველობისკენ მიდის. თურმე ის, რაც მთელ მსოფლიოში ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ჩვენთანაც იგივე ხდება დღეს.
- რატომ არის ეს?
- როდესაც ერში იკლებს ის პოლიტიკური, საღი აზროვნება, რომელიც პირველ რიგში, უპირისპირდება მსოფლიოს დიდი ქვეყნების ინტერესებს შენს ქვეყანაში. რასაც ისინი ახერხებენ ქვეყნის შიდა დაპირისპირების გაღვივებით, ჩვენ კი არ ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ და იმ მოწინააღმდეგეს ვებრძოლოთ, არამედ, ერთმანეთს ვებრძვით, ეს არის ჩვენი უბედურება! ერთი სახელმწიფოს ადამიანებს განსხვავებული აზრისთვის წიხლის ჩაკვრის ნაცვლად საუბარი უნდა შეეძლოთ.
მომხრე ვარ, რომ ყველა პოლიტიკოსმა პარლამენტში მოიყაროს თავი და იქ მიდიოდეს თუნდაც დაპირისპირება და სწორი გააზრების შედეგად, თუნდაც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯის გამონახვა. არა - წიხლის კვრა. რაც იქნება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ სხვამ ისეთი წიხლი გკრას, ქვეყანაზე აღარ დარჩე!
ასეთი სიტუაციაა ახლა მთელ კავკასიაში. ის სამი ქვეყანა, რომელიც ადრიდან ერთად ვართ, სულ ერთად უნდა ვიყოთ! ეს გახლავთ - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი... ეს უკვე 15 მილიონი ადამიანია და ასე მარტივი არ არის მისი სადღაც გაგდება. მით უმეტეს, ყველას ვჭირდებით ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო.
მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვიცი ქვეყნის მართვა, არასოდეს მქონია ინტერესი, არცერთ პოლიტიკურ საზოგადოებაში არ ვყოფილვარ, არც პარლამენტში და არსად... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენ მხოლოდ ურთიერთგაგება გვიშველის. უნდა მოვიშოროთ ასეთი დამოკიდებულება - მე რაც ვიცი, ის ყველაზე მთავარიაო...
აქამდე მოვიყვანეთ ქვეყანა იმ სამი ძირითადით, რაც დიდმა ილიამ გვასწავლა - მამული, ენა, სარწმუნოება...
აი, როგორ შეიძლება დღეს ეს დავკარგოთ იმის გამო, რომ, არიქა, მე მართალი ვარ, შენ მტყუანი, შენ აღარ უნდა იყო და მარტო მე ვიყოო.
(სპეციალურად საიტისთვის)