"6 შვილი გვყავს, ყველანი ერთად იშვიათად ვართ, მაგრამ საეკლესიო დღესასწაულებს აუცილებლად მთელი ოჯახი ვესწრებით. ჩემი მეუღლე ყოველთვის, ნებისმიერ საქმეში გვერდში მიდგას"
მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე ეკლესიას დიდი ადგილი ეკავა და დღესაც ასეა. წლებია, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში მუშაობს, სადაც პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმეს ასრულებს. დღესდღეობით საფინანსო-სამეურნეო სამსახურს უძღვება.
ნუგზარ სამხარაძის სამუშაო ოთახში ჩემი ყურადღება წმ. ნიკოლოზის ხატმა მიიქცია, რომელიც მისი დაწერილი აღმოჩნდა. რამდენიმე პროფესია აქვს და შეძლებისდაგვარად, ყველა მათგანს ემსახურება. ის არის ეკონომისტი, თეოლოგი, პედაგოგი, ხატმწერი, ფერმწერი. ამჟამად, დოქტორანტია ბიბლეისტიკის (ძველი აღთქმის მოდული) მიმართულებით.
ნუგზარ სამხარაძე:
- ჩემი ოჯახი ეკლესიურად ცხოვრობდა და ღვთის ნებით, ისე მოხდა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში ჩავაბარე 2000 წელს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დამფუძნებელი, გარკვეული პერიოდი ამ სასწავლებლის რექტორი გახლდათ. რა თქმა უნდა, ხშირად მქონია მასთან ურთიერთობა, როგორც სტუდენტს. არ დამავიწყდება შეხვედრები ლექციების დაწყების წინ. პატრიარქი ყოველდღე მოდიოდა და ჩვენთან საჯაროდ, სხვადასხვა თემატიკას განიხილავდა. უმნიშვნელოვანესი საუბრების დროს მას შეეძლო ნებისმიერ თემაში ჩართვა, ინფორმაციის მიღება და გაცემა, რასაც აღფრთოვანებაში მოვყავდით სტუდენტები. მერე გვაძლევდა დავალებებს, რაზეც შემდეგ შეხვედრაზე უნდა გვესაუბრა. მაგალითად, მახსოვს, ყველა პირველკურსელს სთხოვდა, საკუთარი იდეები „იდეების ყუთში“ მოგვეთავსებინა და ასევე, გვეწარმოებინა დღიურები (მას შემდეგ ვავსებ „პირადი ჩანაწერების დღიურს“). ასევე, გვავალებდა, რომ ბევრი წიგნი წაგვეკითხა და ბევრი გვეშრომა.
პირველ კურსზე ვიყავი, როცა აკადემიაში, სტუდენტების ინიციატივით და დეკანის (ამჟამად ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსი - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში დიმიტრი ბოგვერაძე) მხარდაჭერით მოეწყო ხატწერის ნიმუშების გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ სამხატვრო და სასულიერო აკადემიის სტუდენტები. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან დაწერილი ხატები იყო გაცილებით ნაკლები, მოწვეული ხატმწერების ნამუშევრებთან შედარებით. ამიტომ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მაშინდელი პრორექტორის, გიორგი ზვიადაძის თანადგომით, აკადემიაში გაიხსნა „ხატწერის სახელოსნო“ (დღესაც ფუნქციონირებს, მისი ხელმძღვანელია ხატმწერი მანანა (მაკა) ჩხაიძე). რადგან ხატვა შემეძლო, დამაინტერესა დაზგური ხატწერის ტექნიკამ და მაშინ შევისწავლე ყველაფერი, რაც ამ ქრისტიანული ხელოვნების მიმართულებას სჭირდებოდა. ჩემი დაწერილი ხატებიდან რამდენიმე საზღვარგარეთ არის გაგზავნილი (სასაჩუქრე ეგზემპლარად), ბევრი გადავეცი საჩუქრად ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ერთი დაბრძანებულია წრომის ტაძარში, ეს არის სტეფანე პირველდიაკონის მცირე მასშტაბის ხატი. მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის ხატი შემომრჩა, აკადემიის რექტორს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ვთხოვე, რომ ჩემს კაბინეტში მქონოდა.
ჩემი დაინტერესება თეოლოგიის, ხატწერისა და საერთოდ, ქრისტიანული ხელოვნებისადმი პატრიარქს უკავშირდება, ორივე სფეროს მიმართ სიყვარული სტუდენტობის დროიდან მოდის. სასულიერო აკადემიაში ჩაეყარა საფუძველი იმას, რომ დღეს პედაგოგი ვარ და ვკითხულობ ლექციების კურსს „ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები“ და „ქრისტიანული კულტურა და ტურიზმი“.

- მუშაობა რა სტატუსით დაიწყეთ?
- ქაშვეთის ეკლესიაში დავიწყე მუშაობა ტაძრის „ეკონომოსად“ (2006 წელს), რომელსაც ევალება წინამძღვართან ერთად ფინანსურ-იურიდიული და სამეურნეო საკითხების მოგვარება. ზოგადად, ეკლესიაში თანამდებობაზე დანიშვნა ხდება საეკლესიო წესის შესაბამისად. მე ამ საქმეს შევუდექი პატრიარქის „ხელდადებით“, რაც ჩემთვის იყო მოტივაციის მომცემი. მაშინ ქაშვეთის ტაძრის წინამძღვარი ბრძანდებოდა დეკანოზი გიორგი ზვიადაძე. მასთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, შევძელით საეკლესიო კანონიკასთან მიმართებით ცვლილებების განხორციელება. თანამდებობრივი პოზიციის გამო მიწევდა ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანთან.
ერთხელ გერმანიიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის გავიცანი ბუხაგენის გერმანული მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე. მასთან კომუნიკაცია შედგა, გერმანულ ენას გარკვეულ დონეზე ვფლობ და გადავწყვიტეთ, რომ ერთთვიანი სასწავლო-სამუშაო პრაქტიკა გამევლო ბუხაგენის მონასტერში. შევთანხმდით, რომ უნდა მეცხოვრა მონასტრის ტიპიკონის წესებით, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გამომიყვეს კელია, ვდგებოდით დილის ოთხ საათზე და ლოცვების მერე იწყებოდა ხელსაქმე, შემდეგ - სწავლა. ასევე ვმუშაობდი თემაზე: „დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების ურთიერთობა და ეკლესია-მონასტრების სამეურნეო საქმიანობა“.
სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ იქაურ გერმანელებსაც და არაგერმანელებსაც (მონასტერში მოდიოდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები) დიდი სიყვარული ჰქონდათ ჩვენი პატრიარქისადმი და ყველა სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებდა. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდათ მისი მოღვაწეობისა და საქართველოში არსებული სიწმინდეების შესახებ. გერმანელები ბუხაგენიდან კიდევ ჩამოვიდნენ ჩვენთან და დღემდე მაქვს მათთან მეგობრული ურთიერთობა.

- გერმანიაში რამე სიძნელე თუ შეგხვდათ ან გაგიჭირდათ?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო სრული მინდობა უფლისადმი. მე საქართველოშიც მიცხოვრია მონასტრებში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის ემოციები დღემდე მახსოვს. ხოლო იქ მიღებულ გამოცდილებას ვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში (სალექციო კურსის დროს). ყოველთვის მადლობელი ვიქნები უფლისა, რომ მომცა საშუალება გამეცნო გერმანიის მართლმადიდებლური მონასტრის „საძმო“ და ისეთი ღრმად მორწმუნე პიროვნება, როგორიც არის სამების მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე.

- ვიცი, რომ 6 შვილი გყავთ, მიამბეთ მათზე.
- 2 გოგო და 4 ბიჭი მყავს - მათე, ლუკა, შიო, მართა, თემური და თამარი ტყუპები არიან. 4 წლის ტყუპს ბებია-ბაბუის (ჩემი მშობლების) სახელები ჰქვიათ.

უფროსმა ვაჟმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა (ბიზნეს ადმინისტრირება) და მუშაობს თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად, ლუკამ სწავლა გააგრძელა სამაგისტრო პროგრამაზე არქიტექტურის მიმართულებით. შიომ წელს ჩააბარა ორგან: სასულიერო სემინარია-აკადემიაში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე და მედია-ხელოვნებას სწავლობს სხვა უმაღლეს სასწავლებელში. უფროსი გოგონა - მართა სკოლის მოსწავლეა და სიამაყით აჩვენებს ყველას თავის ნახატებს. მას ხატვისადმი სიყვარული გენეტიკურად დაჰყვა.

- ეკლესიაში წირვა-ლოცვას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებით?
- ყველანი ერთად იშვიათად ვართ, ტყუპთან ერთად უფრო ხშირად ვახერხებ ხოლმე. მაგრამ საეკლესიო დღესასწაულებს აუცილებლად მთელი ოჯახი ვესწრებით. ჩემი მეუღლე - ინგა ღანიშაშვილი, ყოველთვის და ნებისმიერ საქმეში გვერდში მიდგას. ცდილობს, მისთვის საყვარელი და ურთულესი სამედიცინო საქმე (სტომატოლოგია) შეუთავსოს ოჯახურ საქმიანობას, რისთვისაც მისი უაღრესად მადლიერი ვარ.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)