"26-წლიანი ლოდინის შემდეგ შეგვეძინა პატარა ანა", "ძილად ყოფნის დროს, მიდგომილი ღვთისმშობელი გამომეცხადა და პირჯვარი გარდამსახა" - დირბის ღვთისმშობლის სასწაულები, შვილიერების მოსურნეთათვის
დირბის ღვთისმშობელი - ასე იცნობენ შვილიერების მადლით გამორჩეულ ხატს, რომელიც წლებია უშვილო წყვილების შემწედ და ნუგეშად იქცა. ხატი დედობრივი სიხარულის მომნიჭებელია - მისი შემწეობით იბადება ახალი სიცოცხლე მაშინაც კი, როდესაც ეს სამედიცინო კანონებით შეუძლებელია.
მონასტრის იღუმენია ნატალია ამბობს: როდესაც ღვთის ნებას ადამიანის ცოცხალი რწმენა და სასოება უერთდება, ნამდვილად „იძლევიან ძალნი ბუნებისანი“... სიცოცხლე ჩნდება იქ, სადაც თითქოს არ უნდა იყოს...
დირბის ღვთისმშობლის ხატი უნიკალურია - მასზე მიდგომილი, ორსული ღვთისმშობელია გამოსახული, რაც მართლმადიდებლურ ხატწერაში იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევაა.
- დედაო, დავიწყოთ ისტორიული ფაქტებით...
იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი):
- მონასტერი შიდა ქართლში, ფრონის ხეობაში, სოფელ დირბში მდებარეობს და მიეკუთვნება რუის-ურბნისის ეპარქიას. ტაძარი მე-10 საუკუნეში აფხაზთა მეფის - ლეონ მესამის ზეობისას აშენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „დვანის წყლის დასავლით კიდესა არს დირბის მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ, მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალემს“ - ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით) იყო. მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე გაგრძელდა.

- ცნობილია, რომ მონასტერი ფაქტობრივად, მიწაში იყო ჩაფლული. როგორ მოხდა მისი აღდგენა?
- მონასტერი ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელ ათწლეულში აღდგა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით. ის ეპარქიის მრავალი სხვა ტაძრის მსგავსად „მიწიდან ამოიზიდა“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
მონასტრის ახალი ისტორია 2000 წლიდან იწყება: 2000 წლის 31 აგვისტოს მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა განახლებული ტრაპეზი, ხოლო 2002 წლის 1 მაისს მეუფე იობის მიერ დირბში დედათა მონასტერი დაარსდა. 2003 წელს, ტაძარს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. ნალესი ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები.
დირბის ტაძრის მოხატულობა იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ ბიზანტიურ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება, რომელიც XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში - მათ შორის, საქართველოშიც.

მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა. ფრესკები საოცარი ოსტატობითა და სიფაქიზითაა შესრულებული. ჟამთა სიმრავლის, ნალესის საფარისა და ადამიანის ხელით მიყენებული დაზიანებების მიუხედავად, ღვთისმშობლის შობის, ტაძრად მიყვანების და სხვა კომპოზიციებს დღემდე შერჩენილი აქვს ფერთა საოცარი ჰარმონია და სიხასხასე.
რესტავრაციის დროს, როდესაც კედლებიდან ნალესი ფენა მოიხსნა, პირველად სწორედ მიდგომილი ღვთისმშობლის თითქმის უვნებელი გამოსახულება გამოჩნდა. ეს უნიკალური ფრესკა, სახელწოდებით „იოსების ყვედრება“, განაპირობებს იმას, რომ მას განსაკუთრებულად ევედრებიან შვილიერების მოსურნე და ორსული ადამიანები...
მონუმენტურ ფრესკულ მხატვრობაში ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება თითქმის არ გვხვდება. საქართველოში კი ის ნამდვილად ერთადერთია და სწორედ ამით არის უნიკალური.
- ხატის ისტორიაზე და მის სასწაულებზეც გვიამბეთ... ხატის რამდენი ასლია დაბრძანებული მონასტერში?
- რესტავრაციის დროს მიდგომილი ღვთისმშობლის თითქმის უვნებელი გამოსახულების გამოჩენა იყო ნიშანი, რომ ვერც საფარი, ვერც დრო და ვერც ბოროტი ძალა ვერ წაშლიდა ღვთის სიყვარულს და სასოებას ადამიანთა გულებიდან.

ურთულეს პერიოდში, მონასტერი მაქსიმალურად ცდილობდა ხატის გავრცელებას. შეიქმნა დირბის ღვთისმშობლის ტროპარი. ხატმა ნელ-ნელა გაითქვა სახელი და მომლოცველებიც გამოჩნდნენ. თავდაპირველად, უგზოობის გამო მონასტრამდე მოსვლა ძალიან ჭირდა (ავტობანიდან გზა მოგვიანებით გაკეთდა). თბილისში მცხოვრები ახლობლების თანადგომით, დირბის ღვთისმშობლის ხატის ოჯახებში მიბრძანებაც დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ განსაკუთრებით გაბრწყინდა დირბის ღვთისმშობლის ხატის სახელი.
უამრავი მადლიერი ადამიანი გვიკავშირდებოდა და გვიზიარებდა თავიანთ ისტორიას დირბის ღვთისმშობლის სასწაულებრივი შეწევნის შესახებ. დღესდღეობით, ხატი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია ცნობილი.
მონასტერს ხშირად სტუმრობენ მორწმუნენი საზღვარგარეთიდან - მაგალითად, სერბეთიდან, რუსეთიდან და იტალიის ქალაქ ვერონის მართლმადიდებლური სამრევლოდან. მონასტრის სტუმრები არიან რეგიონში (საოკუპაციო სასაზღვრო ზონაში) მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებიც. მათი ნაწილი მართლმადიდებელია და სიხარულით აცნობს მონასტერსა და ფრესკებს ახალ კოლეგებს.
დირბის ღვთისმშობლის ფრესკის მიხედვით ასლებიც დაიწერა. რამდენიმე დირბის მონასტერშია დაბრძანებული. ქართველმა და უცხოელმა ხატმწერებმაც შექმნეს რამდენიმე ასლი, თუმცა ორიგინალი ფრესკა დირბის ღვთისმშობლის ტაძარშია და მომლოცველებიც მის თაყვანსაცემად მობრძანდებიან.
დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული 13 აგვისტოსაა და მონასტერშიც მომლოცველების განსაკუთრებული სიმრავლეა. მშობლებს მოჰყავთ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრებითა და მისი შემწეობით შეძენილი პატარები და სადღესასწაულო წირვასთან ერთად, ეს დღე ყოველთვის საზეიმო ხასიათს ატარებს.

- დირბის ღვთისმშობლის ხატის ოჯახში მიბრძანების ტრადიცია კვლავ გრძელდება?
- დიახ, ხატის ოჯახში მიბრძანების პრაქტიკა საქართველოში დიდი ხანია არსებობს და დღესაც გრძელდება. ზოგადად, მორწმუნეებს შეუძლიათ, როგორც ძვირფას სტუმარს, ისე უმასპინძლონ ამა თუ იმ ტაძარსა თუ მონასტერში დაბრძანებულ მათთვის საყვარელი წმინდანის ხატს. ამ პერიოდში, ადამიანებს შეუძლიათ ილოცონ მის წინაშე ოჯახის წევრებთან ერთად, მოიწვიონ ახლობლები და მეგობრები და მათთან ერთადაც ილოცონ. როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს რომელიმე სიწმინდის მიმართ განსაკუთრებული სასოება, ან განსაკუთრებული სათხოვარი და სავედრებელი აქვთ.
დირბის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ჩვენი მონასტრიდან ოჯახებში დაბრძანდება, ორიგინალი ფრესკის ასლს წარმოადგენს. სიწმინდე, ძირითადად, ჩვენს ტაძარშია დაბრძანებული, თუმცა პერიოდულად, სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთი კვირით წააბრძანონ ოჯახში.
- რატომ ითვლება მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი განსაკუთრებით უშვილოთა შემწედ?
- დედა ღვთისმშობელი არის ყველა ჩვენგანის დედა, მეოხი და შემწე. მას შეგვიძლია ნებისმიერი სათხოვრით მივმართოთ, შევავედროთ ჩვენი ახლობლები, საკუთარი თავი, ჩვენი ქვეყანა და დახმარება ვთხოვოთ სხვადასხვა განსაცდელის დროს. რადგან ფრესკაზე გამოსახულია მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი, ეს უნიკალური გამოსახულება განაპირობებს, რომ მას განსაკუთრებით ევედრებიან ორსულები და შვილიერების მოსურნე ადამიანები.
ხშირად მოჰყავთ ბავშვები აუტიზმის სპექტრით.

- რა მსახურებები სრულდება დირბის მონასტერში, ხატთან და რა პერიოდულობით?
- მონასტერს აქვს თავისი სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ, საათობრივ მსახურებებს: 12 საათზე აღევლინება ღვთისმშობლის დაუჯდომელი და ღვთისმშობლის მიძინების პარაკლისი. 3 საათზე - დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი, 6 საათზე - წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს დაუჯდომელი, 8 საათზე - მწუხრი და სერობა. დილის 4 საათზე კი - შუაღამიანი, ცისკარი და ჟამნები. შაბათ-კვირას სრულდება წირვა-ლოცვაც. მომლოცველებს, რომლებიც დირბის ღვთისმშობელს განსაკუთრებული შეწევნის სათხოვნელად სტუმრობენ, ვურჩევთ დირბის ღვთისმშობლის პარაკლისს, რომელიც 3 საათზე აღევლინება.
მსახურებისას დამსწრეები სახელობით მოიხსენიებიან. ამით მონასტერი და მორწმუნე ერი ერთობლივად ევედრება უფალს და დედა ღვთისას მოწყალებასა და სანუკვარი სურვილის ასრულებას. დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი შედგენილია დირბის დედათა მონასტერში. შვილიერების მოსურნეებსა და ორსულებს შინაც სწორედ ამ ლოცვების წაკითხვას ვურჩევთ.
- ბევრი წყვილი, რომლებიც ღვთისმშობლის შეწევნით უკვე გახდნენ მშობლები, მონასტერში მადლიერების გამოსახატად ბრუნდებიან. რა სახით ინახავთ დირბის ღვთისმშობლის შეწევნით ამქვეყნად მოვლენილი პატარების ისტორიებს?
- დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება მონასტერში მადლიერებით. ღვთის მოწყალებას და ადამიანის გულწრფელ რწმენას მართლაც შეუძლია სასწაულების მოხდენა. ადამიანები სასწაულს ვუწოდებთ იმას, რაც ჩვენი გონებისთვის და ლოგიკისთვის მიუწვდომელია, თუმცა ღვთის მადლით ხდება და ჩვენს ცხოვრებას ცვლის.
როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „რაც შეუძლებელ არს კაცთათვის, შესაძლებელ არს ღვთისაგან“.
მრავალი ადამიანი მობრძანდება დედა ღვთისმშობელთან: მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ, მძიმე სამედიცინო დიაგნოზებით და გულწრფელი ლოცვით ყველაზე სანუკვარი ოცნება უსრულდებათ; მძიმე ორსულობისას - როდესაც მუცლად მყოფ ბავშვს აქვს პრობლემები და ბავშვები სრულიად ჯანმრთელები იბადებიან. ეს ადამიანებში გულწრფელ მადლიერებას იწვევს. უკან მადლიერებით ბრუნდებიან და გვიზიარებენ თავიანთ ამბავს, როგორც დედა ღვთისმშობლის ცოცხალი შეწევნის ნიშანს. ბუნებრივია, ჩვენც, მონასტრის წევრებიც, მადლიერებით ვივსებით.
მეუფე იობმა ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, მადლიერებით მოსულ მომლოცველებს საკუთარი ხელით დაეწერათ ჩანაწერები - მოეთხროთ, როგორ შეეწიათ მათ დირბის ღვთისმშობელი. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით დაიწყო მონასტერში ჩანაწერების რვეულის წარმოება.
ასეთმა ჩანაწერებმა უკვე რამდენიმე რვეული შეავსო. ეს ჩანაწერები სასწაულების ცოცხალი წიგნია. ადამიანები გვწერენ ინტერნეტის საშუალებითაც. ვცდილობთ, ყველა ამბავი ერთად შევკრიბოთ და შევინახოთ - როგორც უფლისა და დედა ღვთისმშობლის ცოცხალი შეწევნის ნიშანი. დიდი სურვილი გვაქვს, ყველა ჩანაწერს ერთად მოვუყაროთ თავი და წიგნად გამოვცეთ. მუშაობა დაწყებულია. უფლის და დედა ღვთისმშობლის შემწეობით წიგნის დამუშავება დასრულდება და გამოიცემა.

დირბის ღვთისმშობლის სასწაულები
„დღეს 2024 წლის 14 იანვარია, ძველით ახალი წელი, მე კი ე.ს. ვარ. ქორწინების სამი წლის განმავლობაში არ გვყავდა შვილი. 2023 წლის თებერვლის თვეში მოვილოცეთ დირბის ღვთისმშობლის ტაძარი. ვთხოვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მარიამს, რომ ჩემთვის მოენიჭებინა დედობის მადლი და სიხარული, თუ ეს მისი ნება იქნებოდა... 2023 წლის ივლისის თვეში დავრჩი ორსულად. ვერაფერი დამავიწყებს იმ დღეს და ვერც ვერანაირი სიხარული შეცვლის, როცა ჩემი ორსულობის ამბავი გავიგე.
სექტემბრის თვეში ვგეგმავდით სამედიცინო ჩარევით ორსულობას, თუმცა ეს აღარ გახდა საჭირო, დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით. მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის. ვიცი, რომ ბევრი რამ არის შემდგომში სასწავლი. სულ უფრო მეტად ვსწავლობ სიყვარულს ამ პაწია ქალბატონის დახმარებით, რომელიც ჩემს სხეულში ფეთქავს. მისი სახელი - მარიამ ხაიკაშვილია. მადლობა დედებს თბილი დახვედრისა და ლოცვისთვის. დიდი სიყვარულით ე. და რ.“
„ორსულობის ჟამს, ძალიან ცუდად ვიყავი. 7 თვის რომ გავხდი, ექიმებმა გადაწყვიტეს, ხელოვნურად მემშობიარა.
იმ ღამით, ძილად ყოფნის დროს, მიდგომილი ღვთისმშობელი გამომეცხადა და პირჯვარი გადამსახა. მას შემდეგ ორსულობამ წარმატებით ჩაიარა და არანაირი პრობლემა არ მქონია.
ჩემი პატარა დაიბადა ჯანმრთელი, რომელიც ახლა 2 წლისაა, რაც დირბის ღვთისმშობლის დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ მივდიოდი სხვა მონასტერში და ღვთისმშობლის ნებით შემთხვევით მოვხვდი დირბის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში, სადაც მე ტაძარში შესვლისთანავე ამოვიცანი მიდგომილი ღვთისმშობლის ფრესკა, რომელმაც ჩემი პატარა იხსნა დაღუპვისგან და რომელიც აქამდე არ მყავდა ნანახი. მადლობა დირბის ღვთისმშობელს ამ დიდი წყალობისთვის! ქეთევან ა.“
„დადგა დღე, როდესაც მადლობის სათქმელად ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე მონასტერში, რათა მადლობა ვუთხრათ დედა ღვთისმშობელს ჩვენი ოცნების ასრულებისთვის - ჩვენ ნანატრ შვილს ველოდებით - დირბის დედა ღვთისმშობლის უდიდეს საჩუქარს! მეოთხედ მოვილოცეთ დირბის დედათა მონასტერი და დადგა ის ბედნიერი დღე, როდესაც მადლობის სათქმელად ჩამოვედით. ჩვენი ქორწინებიდან 5 წელი შესრულდა ამ წლის ოქტომბერში და დღეს, ჩვენი ჯვრისწერიდან ზუსტად 5 წლის თავზე, მადლობას ვუხდით დედა ღვთისმშობელს ამ უდიდესი წყალობისთვის! ყოველთვის მწამდა, რომ შვილი აუცილებლად მეყოლებოდა და ეს სურვილი მისრულდება დედაღვთისმშობლის წყალობით. შემდეგი ჩამოსვლისას მოსანათლად ჩამოვალთ და ჩვენს პატარას დირბის დედათა მონასტერში მოვნათლავთ. უფალს ვევედრები, ჯანმრთელი მიმყოფოს ჩემი შვილი და ღირსი გახადოს თავისი ფეხით მრავალჯერ მოილოცოს ეს წმინდა ადგილი!“

"მადლობს ვწირავ უფალს, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მოვილოცოთ ეს ძვირფასი ტაძარი. მადლობა შევწიროთ დირბის მიდგომილ ღვთისმშობელს, რომ 11 წლის შემდეგ გვაჩუქა ჩვენი ლუკა - მოვედით მის მოსანათლად, როგორც ჩავუთქვით, როცა პირველად მოვილოცეთ ეს ძვირფასი ტაძარი. დიდი მადლობა უფალს და ღვთისმშობელს ამ უდიდესი წყალობისათვის!
ზვიად კ., ელენე ს. და ლუკა კ."
"ნინო, 46 წლის. ორჯერ მოვილოცე დირბის ღვთისმშობელი, რწმენით, რომ დედობის ღირსი გავმხდარიყავი. მაშინვე აღვუთქვი ღვთისმშობელს, რომ ორსული მოვილოცავდი. დღეს სამადლობელად მოვედი 5 თვის ორსული. შევთხოვე ღვთისმშობელს შეწევნა. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის".
„15 წელი ველოდებოდი შვილს. გავიგე დირბის დედათა მონასტრის შესახებ და მოვილოცე. იმავე თვეში გავიგე, რომ შვილს ველოდებოდი. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის. დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვილოცეთ.“
„ერთი წლის წინ მოვილოცეთ დირბის დედათა მონასტერი. ღვთისმშობელმა შეისმინა ჩვენი ვედრება და ერთი წლის შემდეგ, 13 აგვისტოს, სამნი მოვედით სამადლობელად - დედა ღვთისმშობელმა გვაჩუქა რვა წლის ნანატრი გაბრიელი. მადლობა უფალს და დედა ღვთისმშობელს ამ დიდი წყალობისათვის".
„მადლობა დირბის ღვთისმშობელს. 26 წლის ლოდინის შემდეგ გაახარა ჩვენი ოჯახი და გვაჩუქა პატარა ანა. ცხრა თვის განმავლობაში იმედით და მშვიდობით ვიყავით დირბის ღვთისმშობლისადმი ლოცვის შეწევნით. ამ ხნის განმავლობაში ვატარებდი სარტყელს. ნინო (ხათუნა)".
- მონასტერში, უშვილოთათვის სპეციალური სარტყელიც იქსოვება. გვიამბეთ ამ ტრადიციაზე...
- სარტყელი ლოცვის თანხლებით იქსოვება, მონასტრის წევრები ლოცულობენ დირბის ღვთისმშობლისადმი.
დასრულების შემდეგ მას ასხურებენ ნაკურთხ წყალს და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დირბის ღვთისმშობლის ხატთან თავსდება. ვინც სარტყლის ტარების სურვილს გამოთქვამს, ვურჩევთ, აუცილებლად იკითხონ დირბის ღვთისმშობლის ტროპარი და პარაკლისი ან დაუჯდომელი, რადგან ლოცვა უმთავრესია. ვინც ატარებს სარტყელს და თავადაც ლოცულობს დირბის ღვთისმშობლისადმი, მონასტერიც ორმოცი დღის განმავლობაში მოიხსენიებს.
(სპეციალურად საიტისთვის)