ბიზნესმენთა ორი სია - ხელისუფლების მიერ დასჯილები და "შეწირულები" - კვირის პალიტრა

ბიზნესმენთა ორი სია - ხელისუფლების მიერ დასჯილები და "შეწირულები"

დღეს საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 147 ბიზნესმენი იხდის სასჯელს და მათი სიაც კი გამოქვეყნდა. უმეტესობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკით, სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება გადასახადის დიდი ოდენობით შემცირება, მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა. კანონში არ არის დიფერენცირებული - ბოროტი განზრახვით არის ჩადენილი ქმედება, შეცდომით, უცოდინარობით თუ რამე სხვა მიზეზით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კი შეიძლება დადგეს საბუღალტრო დოკუმენტაციაში 50 ათასი ლარის ცდომილების შემთხვევაში, რაც ექსპერტების შეფასებით საკმაოდ დაბალი ზღვარია და მისი გადალახვა სავსებით შესაძლებელია შეცდომის, კანონის სხვაგვარად ინტერპრეტირების ან სულაც საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამოუკიდებლად განსაზღვრის შედეგად.

ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესი სულ უფრო ხშირად საუბრობდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე, რომ ბუნდოვანი მუხლები საგადასახადო კოდექსში იძლევა შესაძლებლობას, მეწარმეს მაღალი ჯარიმა-საურავები დააკისრო და ციხეშიც კი გამოამწყვდიო...

დავით ნარმანია, კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლი, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდებას შეეხება, მნიშვნელოვნად არის გადასახედი და გადასასინჯი. იქ არსებული 50 ათას ლარიანი ზღვარი, რომლის ზემოთ პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიეცეს, თავის დროზე შესაძლოა რამეს ნიშნავდა, როცა ეს საკმაოდ მაღალი თანხა იყო, მაგრამ დღეს ეს ძალიან მცირე თანხაა ბიზნესისთვის, მით უფრო, დღევანდელი ბუნდოვანი ადმინისტრირების დებულებებიდან გამომდინარე. მეორეს მხრივ, ხელისუფლება კი არ თანამშრომლობს ბიზნესთან, არამედ სადაც წაასწრებს ბიზნესს, იქვე იჭერს და პასუხისგებაში აძლევს. როცა კომპანიის დამფუძნებელს, მენეჯერს, ადამიანს, რომელზეც დამოკიდებულია კომპანიის შემდგომი საქმიანობა, აპატიმრებ, ეს კომპანია ყველა შემთხვევაში ზარალისა და გაკოტრებისთვის არის განწირული. პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენებთან ერთად, ასევე ნიშანდობლივია იმ ბიზნესმენთა სია, ვინც ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები არიან. როგორც მახსოვს, 300-ზე მეტი ფიზიკური პირია, ვინც 1000 ლარიდან დაწყებული, 60 ათას ლარამდე, ანუ მაქსიმალურად დასაშვებ ზღვრამდე თანხა შესწირეს მმართველ პოლიტიკურ პარტიას. იმ სიაში ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არიაბ კომპანიების ხელმძღვანელები, დამფუძნებლები და წარმომადგენლები. განა საინეტერესო არ არის, რატომ მოუნდა ყველას ასე ერთდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში, შეწირულობა გაეკეთებინა მმართველი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. ხომ არ არიან ისინი იძულებული, წინასაარჩევნო პერიოდში, სოლიდური შეწირულობები გააკეთონ? ან შესაძლოა დავალებულიც იყვნენ ხელისუფლებისგან. სხვა შემთხვევაში ბიზნესს, რომელიც სიმწრით შოულობს ფულს, ყოველთვის ენანება ფულის ხარჯვა ისეთ რაღაცაში, რამაც შესაძლოა უკუგება არ მოუტანოს. ამიტომ ყველა ეს საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა წლების განმავლობაში, ახლაც ჩნდება კითხვები და ამ კითხვების პასუხი ძალიან მარტივია. რომ არა რამე სახის იძულების მექანიზმები, ყველას ერთდროულად არ გაუჩნდებოდა სურვილი, შეწირულობები გაეკეთებინა.

- ხომ არ ნიშნავს ეს ორი სია, რომ დღევანდელ პირობებში ბიზნესის კეთება საქართველოში ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხელისუფლებასთან სიახლოვის გარეშე, მათ კი, ვინც მთავრობასთან საერთო ენა ვერ გამოანახა, გისოსებს მიღმა ამოაყოფინეს თავი, ან შეაჩერა და შეწყვიტა ბიზნესაქტივობა...

- ბიზნესი, ნაცვლად იმისა, რომ ფულს აკეთებდეს, სამეწარმეო საქმიანობას მისდევდეს, ადამიანებს ასაქმებდეს, დამატებითი თავსატკივარით არის დაკავებული დღეს, რაც ისევ ბიზნესის განვითარებაზე აისახება. ამიტომ ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროგრამებში გაჩნდა მოწოდება - გავათავისუფლოთ ბიზნესი წნეხისგან. ბუნებრივია, მათ აქვთ შესაბამისი არგუმენტაცია. რომ არ ვილაპარაკოთ ე.წ. შეთქმულებების თეორიებზე, ეკონომისტი ვარ და ყოველთვის ფაქტებიდან, ციფრებიდან გამომდინარე მიყვარს დასკვნების გაკეთება. კანონდებლობაში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი დებულებები, დავების გაუმართავი სისტემა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის და სხვა - ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის ჩაგვრის საფუძველი და ამ გზით, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების საფუძველი. ამიტომ არის, რომ ადმინსტრაციული ჯარიმებითა და სხვადასხვა სახის იძულებითი ღონისძიებებით მობილიზებული თანხების წილი ჩვენს ბიუჯეტში ბოლო დროს მნიშვნელოვნად იზრდება. შემდეგ უკვე ამ ყველაფრით ფინანსდება სხვადასხვა ხარჯები, რაც მიუღებელია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. უნდა არსებობდეს თანაბარი კონკურენტული გარემო ქვეყანაში. ნებისმიერ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ფულის კეთების სამართლებრივი ჩარჩო და გარანტი და თუ ბიზნესს ამაში ხელი ეშლება, მას უნდა ჰქონდეს სასამართლოში დავისა და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი..

- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე ლექტორი გამოუშვეს და მათ შორის თქვენც. როგორც ვიცი, ამ ამბავმა გერმანიაში მოგისწროთ...

- მე, ნოდარ ხადური და კიდევ რამდენიმე ლექტორი მოვყევით იმ გადაწყვეტილების ქვეშ, რომლის მიხედვითაც ჩვენ 2012 წლის 25 სექტემბერს გვიწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება. კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე ჩვენ აღმოვჩნდით უნივერსიტეტს ფარგლებს გარეთ. მე გამოვრიცხავ იმას, რომ რამე სახის პოლიტიკური მოსაზრების გამო მოხდა ჩემს კანდიდატურაზე უარის თქმა, თუმცა ვუკავშირებ ნამდვილად იმას, რომ ნოდარ ხადური ჩემი მეგობარია და კიდევ იმას, რომ ყოველთვის თამამად და ღიად ვსაუბრობ არსებულ პრობლემებზე. თუმცა ყოველთვის აღვნიშნავ იმასაც, თუ რამე პროგრესი ჰქონია ამ ხელისუფლებას. როგორც ჩანს, განსაზღვრული დავალებები მიიღო კომისიამ, რომელმაც გადაამოწმა ჩვენი საბუთები და ასე გადაწყვიტა. ამ ყველაფერს მოჰყვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, სტუდენტების მხრიდან შესაბამისი განცხადებები, რომ კვალიფიციური კადრები უნივერსიტეტს არ დატოვებენ და ა.შ. შედეგად, მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან, ჩვენ შრომითი ხელშეკრულებები გაგვიგრძელდა, ვიდრე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის არ იქნება დამატებითი ადგილების შედეგები გამოცხადებული, რისთვისაც ხელმეორედ გვაქვს დოკუმენტაცია შეტანილი და კიდევ ერთხელ ვცდით ბედს. ვიმედოვნებთ, შესაბამისი კომისია მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და ჩვენ უნივერსიტეტში დავბრუნდებით.

(სპეციალურად საიტისთვის)