„ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში“

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს წარდგენილი ბრალის ორივე - ე.წ. ჩორჩანისა და 20 ივნისის აქციის ეპიზოდზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა და იხსენებენ 2024 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ივანიშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან გახარიას "გარეწარი" უწოდა და თქვა, მისი გასამართლებისთვის სასამართლოს დონეზე გვაქვს დოკუმენტები დალაგებულიო. "ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, პოლიტიკური მდგენელი, ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა გიორგი გახარიაზე, რომელიც ჰქონდა დაანონსებული", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ზოგადად რომ შევაფასოთ ვითარება, გეტყვით, რომ რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის მზარდი ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები. რატომღაც ხელისუფლებაში მოსულ პირებს ისტორია ავიწყდებათ და სწორედ იმავე შეცდომებს იმეორებენ, რისი მსხვერპლიც, ადრე თუ გვიან, თვითონვე ხდებიან. პირველი კომუნისტური ტერორი ჯერ კიდევ 1918 წელს ტროცკიმ დაიწყო, რომელსაც შემდგომ თვითონვე ემსხვერპლა. შემდგომ იყო იაგოდას, ეჟოვის, ბერიას სასტიკი რეპრესიები - ბოლოს სამივე დახვრიტეს. გაიხსენეთ, ჰიტლერის ანგარიშსწორებაც, რომელსაც "გრძელი დანების ღამე" ეწოდა და როდესაც ერთ ღამეში მთელი თავისი მიუნხენიდან წამოსული გარემოცვა გაანადგურა. ყველა ავტორიტარული რეჟიმი თითქმის ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოშიც. ისე, დღევანდელ მთავრობას ვეტყოდი, ფრთხილად იყვნენ, მალე მათი დროც არ მოვიდეს.

ცოტა სასაცილო კი არის გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები. გავიხსენოთ ჩვენი ძალიან უახლესი ისტორია, 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ის დარბევა, რაზეც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან, იმავე წლის აგვისტოში კი იყო ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი. ამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც როგორც დღეს გვიმტკიცებენ, გახარიამ ეს "საშინელი დანაშაულები" ჩაიდინა, უკვე 2019 წლის სექტემბერში, ის "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას, სხვათა შორის, როგორც "ქართული ოცნება" იმხანად გვიმტკიცებდა, საუკეთესოდ. სწორედ ის მართავდა მთავრობას პანდემიის დროს და არცთუ ურიგოდ, ამაში "ქართული ოცნების" იმჟამინდელ განცხადებებს დღესაც ვეთანხმები... ანუ რა გამოდის, ამხელა დამნაშავეს ჩააბარეს ქვეყნის მართვა? ბუნებრივად იბადება კითხვა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თუ გახარიამ უნდა აგოს პასუხი 20 ივნისის ან ჩორჩანის ეპიზოდზე, რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმჟამადაც და ახლაც ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა? ივანიშვილი იმავე ინტერვიუში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ანუ 2024 წელს, ამტკიცებდა, გახარია ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ახლაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნებაში ეხმარებოდაო, მაშინ მაინტერესებს, უკვე ამდენი "დანაშაულის" ჩამდენი გახარია რატომ დააწინაურეთ პრემიერ-მინისტრად? მე ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ივანიშვილისგან და ვერც სხვებისგან. როცა გახარიაზე ივანიშვილის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოა, გახარია ივანიშვილის პირადი, კორპორაციული თუ იდეოლოგიური მტერია. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარი ავტორიტარული მიზნებისთვის მზად არის გაწიროს ყველა და ყველაფერი. რა, ივანიშვილის უახლოესი პირი არ იყო ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი? დაახლოებით ასეთი პროცესია, როცა "კატოკს" დაღმართზე უშვებ, მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, ის ყველას გადათელავს, იმასაც, ვინც ქვემოთ მოყვა, და იმასაც, ვინც ჯერ ზემოთ ზის.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში. მე უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ საღამოობით ნახევარ საათს მაინც ვუთმობ ახალი ამბების გაცნობას, ძირითადად, იმისთვის, რომ გავიგო, იმ დღეს ვინ დაიჭირეს... აი, ასეთი არანორმალური ვითარება გვაქვს.

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია უკიდურესად უსუსურია, არც ორგანიზაციული და არც იდეური სიახლეები მის ფლანგზე არ ჩანს. შესაბამისად, ამდენს ამიტომაც ბედავს "ქართული ოცნება".

rikoti-7-1763299699.jpg

- ბოლო კვირების განმავლობაში ლამის ყოველდღიურად ვიგებთ არაერთი კორუფციული სქემის თაობაზე, რომლის საშუალებითაც ხელისუფლების ყოფილ ჩინოსნებს ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე მილიონობით ლარის მოპარვა ჰბრალდებათ. მათ შორის არიან ქვეყნის ყოფილი პირველი პირებიც. ამ სქემებზე მედია წლების განმავლობაში ლაპარაკობდა, თუმცა "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს ჭორებს უწოდებდა და საკუთარ უმწიკვლობაზე ლაპარაკობდა. რატომ დასჭირდათ დღეს ამ ყველაფრის გამომზეურება? ექსპერტთა ნაწილის თქმით, ამას საკუთარი პოლიტიკური პრობლემების გადასაფარად იყენებენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ფული შემოაკლდა და ამიტომაც გადაწყვიტეს მოპარული ფულის ამოღება.

- რომ გადავხედოთ ისტორიას, ყოველი ახალი ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას კორუფციასთან ბრძოლით იწყებდა და ბოლოს თვითონ ხდებოდა კორუმპირებული. ვფიქრობ, ახლა "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს კორუფციასთან ბრძოლით, თუმცა ამას შეიძლება უკუეფექტიც მოჰყვეს, რადგან კორუფციას სისტემურად არავინ ებრძვის, ეს არის რიგი ჩინოსნების დასასჯელად და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ფასადური ბრძოლა. კორუფციის სრულად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, მისი რეციდივები ყველა წამყვან ქვეყანაშია, თუმცა ჩვენთან და ჩვენისთანა ქვეყნებში პრობლემა მის სისტემურობასა და მასშტაბშია. ვუშვებ ნამდვილად, რომ მოპარული ფულის დაბრუნების სურვილს შესაძლოა დაემთხვა ვიღაცის გულწრფელი სურვილიც, რომ ებრძოლოს კორუფციას, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მალე ამ მებრძოლებს თვითონ წაუცდებათ იოლად ფულის შოვნაზე ხელი.

აქვე ვიტყვი, რომ სანამ საქართველოში ტენდერების ჩატარების შესახებ კანონმდებლობა არ შესწორდება, მანამდე კორუფციის მასშტაბის შემცირება გამორიცხულია, რადგან ეს არის უზარმაზარი კორუფციული სქემების შექმნის მანქანა. ტენდერები მე თვითონ ჩამიტარებია, თუნდაც ბაქო-ჯეიჰანის პროექტისთვის და უცხოური კომპანიები შემომიყვანია საქართველოში. შეფასება უნდა ხდებოდეს კომპლექსურად, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ღირებულებაზე და თან ამას უნდა აფასებდნენ არა ვიღაც ჩინოსნები, რომლებსაც პროექტების არაფერი გაეგებათ, არამედ უმწიკვლო პროფესიონალები. ღმერთს მადლობა, ასეთები ჯერ კიდევ შემოგვრჩნენ საქართველოში.

ჩემი დაკვირვებით, სახელისუფლებო გუნდში დიდი დაპირისპირებაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა "ბუშტები" სკდება, რის შედეგადაც რაღაცები შეიძლება ვივარაუდოთ.

მარჩიელობას ვერ ვიტან, მაგრამ ერთი ცხადია, ამ ეტაპზე ძალაუფლების მქონე ზოგიერთ პირს კახა კალაძის წაქცევა სურს. მერწმუნეთ, ხელისუფლებაში მყოფი პირის ციხეში გასაშვებად საფუძვლის მოძებნა არ გაჭირდება, თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოთ.

წესით, მალე უნდა ვნახოთ ამ ბრძოლების შედგები. აქვე ვიტყვი ერთსაც - როგორც წესი, კორუფცია ზემოთ ტივტივს იწყებს მაშინ, როდესაც ძალაუფლება ლპობას იწყებს. სურთ რაც შეიძლება ბევრი ფული "მოტეხონ" და გაიქცნენ, რადგან მოქმედ გუნდთან ერთად მომავალს ვერ ხედავენ ხოლმე. ასე ხდებოდა კომუნისტების, შევარდნაძის თუ სააკაშვილის დროს. მე დღესაც ამგვარ ნიშნებს ვხედავ, თანაც, როგორც წესი, ყველაზე კორუმპირებული ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც კორუფციას ყველაზე მეტად ებრძვის.

საუბედუროდ, ჩვენ ისევ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ერთი ჩემი მეგობარი ცოლზე იყო გაბრაზებული და ასეთ რამ თქვა, ყველა ცოლი ერთნაირია, მხოლოდ სხვადასხვა სახელი ჰქვიათო. ამ ჩვენი ხელისუფლებების საქმეც ასეა, აქტორები ერთნაირები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქვიათ.

- ბოლო დროს გახმაურებულ კორუფციულ სქემებს თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდი ფული ინფრასტრუქტურულ პროექტებშია მოპარული, რაც დიდი პრობლემაა, რადგან ინფრასტრუქტურა ეს არის გვირაბები, ხიდები, შენობები და ა.შ., რომელთა მშენებლობისას მოპარული ფული პირდაპირ ნიშნავს უხარისხო მშენებლობას, რაც დაკავშირებულია ხალხის უსაფრთხოებასთან. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია სამტრედიაში ახალაშენებული ხიდის ჩანგრევაზე, თუმცა პროკურატურამ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა ეს ამბავი. გასულ კვირას სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე 5 პირის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დააკავეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილიც.

- ძალიან გადავრჩით, რომ ის ხიდი ექსპლუატაციაში შესვლამდე ჩაინგრა, სხვა შემთხვევაში, ალბათ, დიდ მსხვერპლს ვერ ავცდებოდით. სამართალდამცავებს კი ორ წელზე მეტი დასჭირდათ ამ საქმის გამოსაძიებლად, მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე იდო. ძალიან ბევრი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვების გაცემაშიც. კარგად მახსოვს, როდესაც რიკოთის უღელტეხილის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყებოდა, უნდოდათ გეოლოგიური სამუშაოები ჩვენი კომპანიისთვის შეეკვეთათ, მაგრამ როდესაც ვუთხარით, რამდენი გასაბურღი სამუშაო იყო ჩასატარებელი, რომ ნორმალური დასკვნა დაგვეწერა, არ მოეწონათ, წავიდნენ და გეოფიზიკური სამუშაოები ჩაატარეს. ამაში თავიდანვე იყო ჩადებული კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ იმ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც მშენებლობაში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდნენ. ეს მრავალსაფეხურიანი სქემაა. მათ შორის ბევრი კითხვაა აზიის განვითარების ბანკთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე პროექტში მონაწილეობაზე პირადად მე უარი ვთქვი, მათ შორის თერმულ წყლებზე თბოსადგურის დაპროექტებაზე, იმიტომ, რომ მასშიც რაღაც არასასიამოვნო ტენდენციები შევნიშნე.

ახლა სამტრედიის ხიდზე, მისი რეკონსტრუქციის შემდეგ, ერთი 3-4 თვე არ გადავალ, გავფრთხილდები, კიდევ არ ჩაინგრეს.

რიკოთს დავუბრუნდეთ. როგორც კვირისპალიტრა.გე-სთან უკვე თქვი, მე ვნახე გარკვეული დარღვევები და განგაში ავტეხე. შემდეგ ისევ ჩავედი ადგილზე და თითქოს გამოსწორებული დამხვდა, თუმცა მოგვიანებით, ახალი უბნები რომ შევიდა ექსპლუატაციაში, აღარ მინახავს. ვფიქრობ, გადაცდომები იქაც იქნება. ეს ისეთი პროექტია, სადაც ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება მთელ მონაკვეთს საფრთხე შეუქმნას. როცა ზედამხედველობა ფორმალურია და პასუხისმგებლობა არავის ეკისრება, იქ ტექნიკური ხარვეზი ყოველთვის გარდაუვალია.

- დასასრულ მინდა ვისაუბროთ იმ ერთწლიან უწყვეტ პროტესტზე, რაც მოჰყვა 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის 4 წლით შეჩერების თაობაზე. პროტესტანტი საზოგადოება 28 ნოემბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადება. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ერთწლიანი პროცესი და როგორ განვითარდება მოვლენები?

- რაც ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, სრულიად უნიკალური მოვლენაა, რასაც მსოფლიოში პრეცედენტი არა აქვს. მე არ მინახავს არც ერთი სახელმწიფო, სადაც საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტხანს გაგრძელებულიყოს. ყველაზე უფრო ოპოზიციური და პროტესტანტული ქვეყანა საფრანგეთია, სადაც მაქსიმალური, რაც მახსოვს, აქციების ხანგრძლივობის დრო, თვე-ნახევარია. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ უარყოფითით. საქმე ისაა, რომ მთავრობა და საზოგადოებაც ეჩვევიან, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქამდე იკეტებოდა მთავარი გამზირი, ახლა პროტესტანტები მსვლელობებს მართავენ, პოლიციელები კი კუდში დასდევენ. უარყოფითია ისიც, რომ ჩვენ უკვე კარგა ხანია პატურ პოზიციაში ვართ, როდესაც არც ერთ მხარეს არ ძალუძს წარმატების მიღწევა, რადგან თუნდაც პროტესტი თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს საზოგადოების ბრალი არ არის. ეს ოპოზიციის ბრალია, რომელმაც ვერაფრით მოახერხა საზოგადოებაში არსებული ძალიან უარყოფითი განწყობების კონსოლიდაცია და პროტესტის წინამძღოლობა. ისინი ამ აქციების რიგით მონაწილეებად დარჩნენ. მათგან არც იდეები გვინახავს ამ ხნის განმავლობაში, არც ინიციატივა. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი მათ უმოქმედობას, მათი ნაწილი ციხეში გამოკეტა. მაგალითად, 4 ოქტომბერი კარგად მომზადებული სახელისუფლებო პროექტი იყო, რათა ეს ადამიანები დაეკავებინათ.

თუ უახლეს ისტორიას დავაკვირდებით, ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როდესაც ერთი პირის გარშემო ხდებოდა გაერთიანება და ეს ადამიანი ახალი სახე იყო ხოლმე. საზოგადოების დიდ ნაწილს "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ მის ალტერნატივას ვერ ხედავს, არ იცის, ვინ შეიძლება შეცვალოს. ხალხის ნაწილი ფიქრობს, ვინც ოპოზიციაშია, ერთმანეთს ჭამენ და ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მერე რას იზამენო? სამწუხაროდ, ვერავინ შემოგვთავაზა ალტერნატიული პროექტი. ვიდრე ახალი ადამიანი არ გაჩნდება, რომელიც მიზიდულობის ცენტრს შექმნის და ახალ პროექტს შემოგვთავაზებს, საუბედუროდ, ეს ძირმომპალი ადმინისტრაცია დარჩება ხელისუფლებაში.

დავუბრუნდეთ ამ ერთწლიანი პროტესტის პოზიტიურ მხარეებს. უპირველესად ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ ქართველი დიქტატურას არ შეეგუება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რაც არ უნდა შემზღუდავი და რეპრესიული კანონები მიიღოს, პროტესტი არსად გაქრება, სულ იარსებებს, ვიდრე "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ წყნარად ვეღარასდროს იქნებიან. ქართველი კაცის ნება, მისი შეუპოვრობა, ვფიქრობ, მსოფლიოსთვის მაგალითია და თანაც ჩვენი ევროპული არჩევანის დემონსტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს პროტესტი უკიდურესად კულტურულია, რამდენიმე მცირე ინციდენტის გარდა. არც ერთი ვიტრინა არ ჩატეხილა, არც არაფერი დამწვარა, არც არავინ გაუძარცვავთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იმგვარი სისულელით, რასაც ესენი "დიფ სთეითს" ეძახიან და კაცმა არ იცის, ეს რა ჯანდაბაა, საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ "აბოლებენ".

დასასრულ გეტყვით ერთსაც - ცარიელი ადგილი არასდროს რჩება ამოუვსები. ეს არის თერმოდინამიკის კანონი, რომელიც საზოგადოებაზეც ვრცელდება. ნელ-ნელა აუცილებლად გამოჩნდება ალტერნატივა, ოპოზიციას კი ვურჩევდი უკვე დაიწყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება.