კორუფციასთან ბრძოლა თუ პოლიტიკური „თვითწმენდა“?
ოპოზიციური ლიდერებისთვის ახალი ბრალდებების წაყენებამ ლამის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხიც გადაფარა და კორუფციული სკანდალებიც, სადაც ყოფილი პრემიერით დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული, ვინ რამდენი მოიპარა, კაცმა არ იცის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და რას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
- საერთოდ, როდესაც კორუფციას აქვს ადგილი, ეს ძალიან ცუდია. იდეალური, სტერილური ვითარება, როცა კორუფცია 100%-ითაა გამორიცხული, პრინციპულად შეუძლებელია. ამიტომაც ებრძვიან კორუფციას ქვეყანაშიც და საერთაშორისო დონეზეც, რათა კორუფცია მინიმალურ დონეზე დავიდეს. საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა რომ გაააქტიურა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ადრე ჭორების დონეზე იყო საუბარი, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ერთია, როდესაც ამაზე ზოგადად საუბრობენ და მეორე, როდესაც კონკრეტული ფაქტები დაიდება და შესაბამისი პირები მიეცემიან პასუხისგებაში. რატომ არ მოხდა ეს აქამდე? ამაზე ჩემი პასუხი ასეთია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რა თქმა უნდა, ეს თავის დროზე რომ გაკეთებულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, ახლა მაინც დაიწყო ამ მიმართულებით ქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული მკაცრი ნაბიჯებისადმი დადებითია. თვითონ ისინიც, ვინც დღეს მთავრობაში არიან, ხედავენ, რა შეიძლება მოჰყვეს მომავალში მათ შესაძლო დარღვევებს, ამიტომ ეს მათთვისაც პოზიტიური სიგნალია, რომ თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი პრობლემისგან, რომელიც შეიძლება კორუფციასთან იყოს დაკავშირებული.
- ახლა კორუფციაში ბრალდებულ უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ კორუფციაზე, სიუჟეტები კეთდებოდა, იწერებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. დანარჩენები, ვინც დღეს თითქოს ამ კორუფციას ებრძვიან, გამალებით იცავდნენ მათ და ისევ ჟურნალისტებს ლანძღავდნენ და სიცრუეში ადანაშაულებდნენ. თუ მართლა აწუხებდათ ეს პრობლემა, ხომ შეიძლებოდა გამოძიება მაინც დაწყებულიყო? ძალიან ბევრი კითხვაა, რაც ართულებს იმის დაჯერებას, რომ ახლა ამ ხელისუფლების მიზანი მართლა კორუფციასთან ბრძოლაა და ამას არ იყენებს ინსტრუმენტად.
- რა თქმა უნდა, შეიძლება საკითხი ასეც დავაყენოთ, მაგრამ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ - ერთი არის ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, და მეორეა არაკანონიერი შემოსავლების მიღება, როდესაც თანამდებობის პირს ბიზნესსაქმიანობა ეკრძალება, მაგრამ ის მაინც განაგრძობს. ეს ის არის, რაც ახლა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შეეხება. ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა კი, რა თქმა უნდა, სხვა თემაა და ბევრად მძიმეა. მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი - რამდენიმე წლის წინ ითქვა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში 703 მილიონი ლარი გაქრაო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს სადღაც 2018 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც კი თქვა. ცხადია, ამ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამქრალი თანხების უკან გარკვეული თანამდებობის პირები მოიაზრებიან. ამის შესახებ შემდეგ არაფერი მსმენია და არც დღეს ვიცით, ჩატარდა თუ არა გამოძიება, სად გაქრა ის 703 მილიონი, ვინ იყო დამნაშავე, დაბრუნდა ეს თანხა თუ არა. ბიუჯეტიდან რომ თანხა "ქრება", ეს კორუფციის ყველაზე მძიმე ფორმაა.
- რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? სანამ სჭირდებოდათ, თვალს ხუჭავდნენ და დასჭირდათ და დაიწყეს? სხვა შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს ამ ყველაფრიდან და მაშინ სად არის აქ კორუფციასთან ბრძოლა, ეს ხომ უბრალოდ საბაბი გამოდის?
- არ ვიცი, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქისა და საზოგადოებრივად მეტ-ნაკლებად აქტიური წევრის პოზიციაა, რომ კიდევ კარგი, ეს საკითხი ახლა მაინც დადგა დღის წესრიგში.
"ქართული ოცნების" დღევანდელმა გუნდმა დაიწყო კორუმპირებულთა მხილება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. ეს გარკვეულწილად, პოლიტიკური თვალსაზრისით, "ქართულ ოცნებას", როგორც სახელისუფლებო პარტიას, აზიანებს, რადგან გამოდის, ეს პრობლემა დაკავშირებულია პარტიულ სახეებთან. მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ მათ თვითწმენდის პროცესი დაიწყეს, ეს უკვე იმედს იძლევა, რომ ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ისინი მსგავს შეცდომას, გადაცდომასა თუ დანაშაულს აღარ ჩაიდენენ.
- ეს ყველაფერი არ გაძლევთ იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია და კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს?
- მოდი, ასე შევხედოთ - პოლიტიკაში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს კარგ საქმედ და შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ თამაშად - ანუ ვინ რას როგორ აღიქვამს. თუ ადამიანი ოპოზიციურად არის განწყობილი, ის ყოველთვის კრიტიკული თვალით უყურებს. თუ პირიქით, ხელისუფლებას უჭერს მხარს, მისთვის ეს პოზიტიური მოვლენაა. ამიტომ ახლა შეფასებებს, ადამიანის გემოვნებაზე კამათს ვერ დავიწყებ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადასახედიდან, კიდევ კარგი, ეს საკითხი ახლა მაინც დადგა დღის წესრიგში. დღევანდელი ხელისუფლება არის მოცემულობა და ხელისუფლების მოქმედმა წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ რამე მსგავს შეცდომას, გადაცდომასა და დანაშაულს ჩაიდენენ, მათ აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი, თუნდაც მათივე გუნდიდან, და არ დაელოდებიან ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიების მოსვლას. ყოველ შემთხვევაში, მე გითხარით ჩემი უკმაყოფილების განცდა და არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ადამიანის, ხსენებულ 703 მილიონთან დაკავშირებით - თუ მართლა "გაქრა", რატომ არ მიეცა მსვლელობა და რატომ არის ეს საკითხი მიჩუმათებული?
- კრიტიკულად შეხედვაზე არ არის ლაპარაკი. ნდობის საკითხია. რატომ უნდა ვენდო დღევანდელს, როცა ვიცი, რომ ამავე ხალხმა არ გააკეთა მაშინ, როცა გასაკეთებელი იყო და ახლა აკეთებს. აი, ამ ნდობის ფაქტორზე ვლაპარაკობ.
- როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები არიან მთავრობაში, პოლიტიკური თამაშის წესები მოითხოვს, რომ უმრავლესობამ მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას დაუჭიროს მხარი. თუ არ უჭერ მხარს, უმრავლესობა უნდა დატოვო. ასეთია პოლიტიკური თამაშის წესები ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ, მოდი, გავიხსენოთ, როგორც კი ბატონი ირაკლი კობახიძე ხდება პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად რას აკეთებს? მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი, ანუ მან, როგორც კი გახდა პრემიერ-მინისტრი და მთავრობას ჩაუდგა სათავეში, უშუალოდ აიღო პასუხისმგებლობა მთავრობის გამჭვირვალობაზე. ეს მას ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ! აქედან გამომდინარე, ის, რომ შემდეგ კორუფციის წინააღმდეგ ასეთი აქტიური მოქმედება დაიწყო, სულაც არ არის მოულოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ბატონმა ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სამთავრობო გადაწყვეტილებები და ამ კონტექსტში მისი ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და მხარდაჭერას საჭიროებს.
- თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილიც წარმატებულად ითვლებოდა, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ უბრალოდ იტყუებოდა...
- ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას თუ შევხედავთ, თუ კორუფციის ფაქტს დროებით მაინც გვერდზე გადავდებთ, ბევრი პოზიტიური რამ ჩანს მის ნამოღვაწარში. პირველი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირიდან სწორედ მისი პრემიერმინისტრობის დროს მიიღო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სრულიად ახალი მოდელი გამოაცხადა, სადაც სახელმწიფოს 51%-იანი პაკეტი მიეცა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ღარიბაშვილის მცდელობა მედიკამენტების ფასების შემცირებასა და სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი კი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის მისი მტკიცე პოზიცია, რომ საქართველო არ დამდგარიყო რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციის გზაზე და რუსეთთან ომის განახლებისთვის არ შეეწყო ხელი. ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს იმ გადაცდომასა და იმ არასწორ ქმედებას, რაც უკანონო საქმიანობასა და კორუფციასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის, მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ცუდი, რომ კარგი არაფერი გაუკეთებია. თუმცა ეს უკანასკნელი ვერ გადაფარავს იმ გადაცდომას, რომ პრაქტიკულად ცდილობდა დაემალა არაკანონიერი შემოსავალი, რაც თვითონაც აღიარა.
- თავისთავად ის, რომ მან რაღაც დამალა, რაც ზუსტად იცოდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, და ამაში, სულ ცოტა, მისმა დანიშნულმა კუპრაშვილმა შეუწყო ხელი, რომელმაც დეკლარაციის შემოწმების ნაცვლად ხელი დააფარა, არანაირი გადაცდომა არა აქვსო, ეს ხომ აჩენს ეჭვს, რომ კიდევ სხვა პრობლემებია, რომლებსაც როდის გამოიყენებს თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლება, არავინ იცის.
- ეჭვები ყველაფერზე შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კორუფციული სკანდალით ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა პრაქტიკულად დასრულებულია.
- ეს ცუდია თუ კარგი, თქვენი აზრით?
- ჩემი აზრით, იმ პოლიტიკოსისთვის, რომელმაც ქვეყნისთვის მართლაც არაერთი კარგი საქმე გააკეთა, ცუდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ არის, რადგან ასეთი შეცდომა რომ არ დაეშვა, იმ საქმიანობისთვის, რაც მე შევუქე, მართლაც მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იქნებოდა ბოლომდე.
- ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ დავუბრუნდეთ, ეს მარტო კორუფციის პრობლემა ხომ არ არის? რა თქმა უნდა, თავისთავად დიდი პრობლემაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ფულის მოპარვამ უსაფრთხოების თვალსაზრისით რა პრობლემები შეიძლება შექმნას?
- ამ ტიპის ქმედება ჯერ კიდევ კომუნისტების დროსაც იყო. მაგალითად, გზაზე ასფალტს რომ აგებდნენ, შეიძლება ფენა ყოფილიყო არა იმ სისქის, როგორიც სტანდარტით იყო დაწესებული, ან დაგებული ასფალტის გვერდითი ზოლი შეიძლება 5 სანტიმეტრით შეემცირებინათ. 5 სანტიმეტრი თითქოს ცოტაა, მაგრამ ათეულობით და ასეულობით კილომეტრზე რომ გადაამრავლებთ, ძალიან დიდი თანხებია. ეს არ არის ახალი პრობლემა, ეს კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული პერიოდულად იჩენდა თავს, და არა მარტო საქართველოში.
- ხომ იცოდნენ, რომ ინფრასტრუქტურისთვის ეს სახიფათო იყო? კორუფციაში გარეულ ხალხს რომ თავი დავანებოთ და ზოგადად ვისაუბროთ, რატომ ვერ მოხერხდა, რომ უსაფრთხოებისთვის მაინც მეტი ყურადღება მიექციათ?
- აი, მაგაში სრულიად სოლიდარული ვარ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - 703 მილიონი ინფრასტრუქტურაში რომ გაქრა, რატომ არ მოხდა ამის გამოძიება? ეს, სხვათა შორის, მოხდა მანამ, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაბრუნდებოდა პრემიერ-მინისტრად.
- გასაგებია, რომ ახლა ვიღაცებს დაიჭერენ, ვიღაცებს პასუხს მოსთხოვენ ან არ მოსთხოვენ, ეს ერთი თემაა. მეორე თემაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რის გამოსწორება შეიძლება, რა შეიძლება გაკეთდეს? თავიდან უნდა გადამოწმდეს? დაანგრიონ და თავიდან ააშენონ, თუ რა?
- სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს, და ეს უაზრო ბოიკოტი, რითაც პრაქტიკულად საკუთარ თავსაც აზიანებს და თავის ამომრჩეველსაც, ეგ არის ყველაზე ცუდი. ხალხმა მანდატი რომ მოგცა, გამოიყენე. გამოდი, ეკამათე უმრავლესობას, მიიღე საკანონმდებლო საქმიანობასა და საპარლამენტო ზედამხედველობაში მონაწილეობა.
ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამიტომაც გვჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც გააცნობიერებს, რომ მისი საქმე სწორედ სახელისუფლებო გადაწყვეტილებების ოპოზიციური კრიტიკაა და ეს აფხიზლებს მთავრობას, და არა მარტო ქუჩიდან შეძახილი.
- ოპოზიცია და პოლიტიკური პროცესები ახსენეთ. თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რა პერსპექტივას გვიჩენს, რა შეიძლება მოხდეს? ფაქტია, ჯერჯერობით კარგს ვერაფერს ვხედავთ და პერსპექტივაში თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- მე არ ვიტყოდი, რომ კარგს ვერაფერს ვხედავთ. დავიწყებ იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის გასამართლება დროულად იყო საჭირო. ეს უნდა გაკეთებულიყო, ყველაზე გვიან, 2014 წელს მაინც, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ. თუნდაც პოლიტიკური განცხადების მიღებით რომ დაფიქსირებულიყო ყველა ის დანაშაული, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს პოლიტიკური განცხადება პარლამენტს უნდა მიეღო და ყველა ქვეყნისთვის დაეგზავნა, როგორც ოფიციალური პოზიცია. მოგვიანებით "პატრიოტთა ალიანსმა" მოინდომა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის პოლიტიკური შეფასება. სამწუხაროდ, ისიც დაიბლოკა. ახლა რაც ხდება, მას შემდეგ, რაც ამდენი დრო გავიდა, 12-13 წელია, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, ისევ ვიტყვი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ახლა ეს უცხოელებისთვის უკვე სხვანაირად აღიქმება. კერძოდ, გამოდის, როგორც ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დევნა, ხოლო მაშინ იქნებოდა დანაშაულებრივი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება. წარმოიდგინეთ ასეთი რამ - ნიურნბერგის პროცესი რომ არ გამართულიყო, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია რომ არ აკრძალულიყო, ჰიტლერსა და მის თანამებრძოლებს თავი რომ არ მოეკლათ, გერმანიაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ხომ ისევ ისინი იქნებოდნენ და არჩევნებით ხომ ისევ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში? და ნუ დაგვავიწყდება, რომ "ნაცმოძრაობა" ოპოზიციაში გადასვლის დღიდან სულ იმუქრება, რომ როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდება, აგრესიული რევანში დაიწყება. ჰოდა, რევანში უნდა კიდევ საქართველოს? ამიტომ ქვეყანა ამისგან უნდა განიმუხტოს.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან ძნელია დასავლეთს, ჩვენს პარტნიორებს, დავაჯეროთ, რომ საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ კი არ არის ბრძოლა, არამედ ეს არის ბრძოლა დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ. და სანამ "ნაცებია" მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, მანამდე სხვა ძლიერი ოპოზიციური ძალა ვერ გაჩნდება. იმიტომ, რომ იმავე გერმანიაში ნაცისტურ პარტიას საკმაოდ ძლიერი ფესვები ჰქონდა და ის რომ თავის დროზე არ აღმოფხვრილიყო, კარგი არაფერი მოხდებოდა. წარმოიდგინეთ, ახლა უკვე ჩნდება გერმანიაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, რომლებიც ზუსტად იმას კი არ იმეორებენ, რაც გერმანიის მუშათა სოციალისტურ პარტიას ჰქონდა, არამედ სხვანაირად "შეფუთულ" მეტ-ნაკლებად მსგავს იდეებს აჟღერებენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ნაცისტური შეხედულებები მასებში ყოველთვის პოპულარულია.
- მაგრამ ეს მხოლოდ "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ არ არის. ფაქტობრივად, მთელ ოპოზიციას კრძალავენ და პიროვნულად დევნიან პოლიტიკურ ლიდერებს. თუნდაც პარტია "ლელო" საერთოდ რა შუაშია იმ ცამეტ წელიწადთან?
- ყველამ ვიცით, რომ "ლელოს" ზოგიერთი ლიდერი ასოცირებული იყო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასთან და ბიზნესის გადაფორმებაში აქტიურად მონაწილეობდა. სამწუხაროდ, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურად მონათლულ სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაშიც (გარდა 4 ოქტომბრისა).
- ვისზე ამბობთ და ეს სარჩელში რომ არ არის?
- "ლელოს" იმ ლიდერებზე, რომლებმაც მაშინ ხელი შეუწყვეს სამთავრობო წნეხში მოყოლილი ბიზნესების თავის საკუთრებაში გადაფორმებას. ვნახოთ, როგორ წარიმართება სიტუაცია.
- ეს სიტუაცია, რომელიც დღეს პოლიტიკური თვალსაზრისით გვაქვს, რა საფრთხეებს ქმნის ეკონომიკისთვის, რას ველოდებით? ზამთარი მოდის და წინ რა გველის?
- ეკონომიკასთან დაკავშირებით მე განსაკუთრებულ საფრთხეებს არ ვხედავ, თუ რამე პრინციპულად არ შეიცვალა. შეხედეთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ყველა შეფასება პოზიტიურია. პირიქით, ეკონომიკური ზრდის ტემპის მათი საპროგნოზო მაჩვენებლები უფრო გაზრდილია. მაშასადამე, შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ წმინდა ეკონომიკური პრობლემები საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია, ისეთი, რომელიც უშუალოდ ეკონომიკასთან იქნებოდა დაკავშირებული. ახლა გააჩნია, რა მოხდება მსოფლიოში, რა ტენდენციები გაჩნდება რეგიონულ კონტექსტში, რა შეიძლება მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი, რაზეც ამ ეტაპზე საუბარი შეუძლებელია.
- უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეს როგორ აფასებთ?
- რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერება-არშეჩერებას, ამაზე დიდი ხანია მესმის საუბარი. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერდეს, ერთია პოლიტიკური მხარე, რომ შენ, ბრიუსელის პოზიციიდან ვამბობ, პოლიტიკურად მიგაჩნია, რომ არ გინდა საქართველოსთან გქონდეს ეს რეჟიმი და მეორე - თუ საქართველოს ექნება შეცდომები დაშვებული ამ უვიზო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურებს აქვს თავისი სამართლებრივი მექანიზმები, როდესაც შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლები ხშირად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. აი, მაშინ ხდება შეჩერება, მაგრამ ბრიუსელმა თუ ამ გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური მექანიზმები მიიღო, ეს სულ სხვა მოცემულობა იქნება. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ იქნება კარგი, ქვეყანაში ამას გარკვეული საპროტესტო ქმედებაც მოჰყვება, მაგრამ გავიაზროთ ისიც, საქართველოს მოქალაქეების რა ნაწილი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით? რამდენ ადამიანს აქვს ამის საშუალება? მე მარტო თბილისს არ ვგულისხმობ - იგულისხმება მთელი საქართველო. ფაქტია, ადამიანებს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდებათ თავიანთი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ თანხა ჰქონდეთ უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის. სამწუხაროდ, დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი თუ არა, ადამიანებისთვის ეს დიდად არაფერს წყვეტს. თუმცა ხაზი უნდა გაესვას შემდეგ გარემოებასაც: შეიძლება ადამიანი დღეს ამ უვიზო რეჟიმს არ იყენებდეს ორი მიზეზის გამო - ერთი, რომ შესაძლებლობა არა აქვს, და მეორე, რომ არ სჭირდება, მაგრამ უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს აქვს განცდა, რომ თუ დასჭირდა ან შემოსავალი გაუჩნდა, ამის გამოყენების შესაძლებლობა ექნება. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია.
- თუ მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება ეკონომიკური შესაძლებლობების გამო, მაშინ რის საფუძველზე ამაყობს ხელისუფლება ეკონომიკის წარმატებით? რაში გამოიხატება ეკონომიკის ეს სიძლიერე?
- ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ჯერ არ ნიშნავს, რომ საქართველო უკვე არის ეკონომიკურად განვითარებული. ჩვენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გვაქვს სტაბილურად მაღალი ზრდის ტემპი. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარების დონით უკვე მაღალგანვითარებული ქვეყანა ვართ? ასე ნამდვილად არ არის. მთავრობას აქვს განსაზღვრული მიზნები, რომელთა მიღწევა 2030 წლისთვის არის დაგეგმილი და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას პოზიტიურად უყურებს.
- საერთო ჯამში, რა მოლოდინები გაქვთ ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, თუნდაც გაზაფხულამდე?
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის გარკვეული სირთულეების შექმნა დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს. ყველა მაკროეკონომიკური ინსტრუმენტი მთლიანობაში კარგად კონტროლდება როგორც მთავრობის, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მიერ. ამიტომ რამე პრობლემას ვერ ვხედავ. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება საერთაშორისო დონეზე ურთიერთობები. ჩვენ ვხედავთ, ის იმედი, რომ ტრამპი მალე შეძლებდა რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებას, ვერ გამართლდა. იმავდროულად, ვხედავთ, რომ ამერიკა რუსეთთან ხიდებს ბოლომდე არ წვავს; ვაშინგტონი ისევ ცდილობს მოსკოვთან ხაზზე იყოს, ესეც ხომ ფაქტია. მოსკოვიც არ წყვეტს ამ ურთიერთობებს. როგორ განვითარდება, რა ფორმებს მიიღებს და, აქედან გამომდინარე, რა გლობალური კონტექსტი შეიქმნება, ვერ გეტყვით.
ამას გარდა, არის ცალკე რეგიონული კონტექსტი. ყველას გვინდა, რომ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს მშვიდობა. არ იყოს დაძაბულობა, განსაკუთრებით ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ პერიოდულად, თუნდაც სიტყვიერი განცხადებების დონეზე, ვითარება ბოლომდე განმუხტული არ არის. ამიტომ ეს რა განვითარებას პოვებს, ნამდვილად რთულია დღეს ამაზე პროგნოზის გაკეთება. იმედი ვიქონიოთ, რომ ვითარება მეტ-ნაკლებად დალაგდება. ასე რომ, სულ ცოტა, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში და შეიძლება ითქვას, მომდევნო წელსაც, მე ქვეყნის ეკონომიკაში რამე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა სიტუაცია იმდენად დინამიკური და ცვალებადია, ვნახოთ, რა მოხდება.
რუსა მაჩაიძე