„გახარიასთვის ბრალის წარდგენა არაფერს ცვლის ჩვენს გეგმებში“ - კვირის პალიტრა

„გახარიასთვის ბრალის წარდგენა არაფერს ცვლის ჩვენს გეგმებში“

28 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო­ აქცია ოპოზიციაში კვლავ ქმნის დაპირისპირების საფუძველს - პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს,­ რომ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.­ გაერთიანების ერთ-ერთი­ ლიდერის, გიორგი­ შარაშიძის თქმით, პოლიტიკური ძალა ახლა სხვა ფორმატით აგრძელებს ბრძოლას და პრიორიტეტად მიიჩნევს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტების­ გამოყენებას. როგორია "გახარია საქართველო­სთვის" სტრატეგია, რას აპირებს უცხოეთში­ მყოფი გიორგი გახარია, რომელზეც სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული,­ იტყვის თუ არა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სიმართლეს, ამ საკითხებზე გიორგი შარაშიძე გვესაუბრება.

hello-12-1763301770.png

- დღეს რაც ხდება, უპირველესად­ 4 ოქტომბრის პროვოკაციის შედეგია. 4 ოქტომბრის მოვლენებმა ოპოზიცია მკვეთრად დაასუსტა, ხელისუფლება კი, პირი­ქით, გააძლიერა. სწორედ ამას მოჰყვა პროტესტის დეგრადაცია. დღეს რაც არ უნდა მოიმოქმედოს "ქართულმა ოცნებამ", საზოგადოებას რეაქცია აღარ აქვს. "ქართული ოცნება" ისედაც ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა, თუმცა 4 ოქტომბრის შემდეგ ინტენსივობამ აშკარად მოიმატა. ამ გარემოებამ მისცა ხელისუფლებას არადემოკრატიული კანონების მიღების შესაძლებლობა და უფლება, რომ იყოს სრულიად შეუვალი.

- თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ამას ხელი თქვენ და "ლელომ" შეუწყვეთ არჩევნებში­ მონაწილეობით...

- გამოდის, არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გამო მივიღეთ 4 ოქტომბრის შედეგი? ძალიანაც კარგად მოვიქეცით, ბოიკოტს რომ არ შევუერთდით. ის, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ერთ დღეში­ დაშვებული შეცდომის შედეგი არ ყოფილა, მთავარი პრობლემა იყო არარეალური დაპირებები. 4 ოქტომბერს წინ უძღოდა პროცესები, რომლებიც თავიდან ბოიკოტის კამპანიად დაიწყო და ბოლოს "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებებში გადაიზარდა. როცა საზოგადოებას ასეთ გზას აჩვენებ, უნდა გესმოდეს, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა შენზეა და ვერავის გადააბრალებ. ამიტომაც არ ვიზიარებ აზრს, თითქოს ბოიკოტისთვის ჩვენი­ მხარდაჭერა­ პროტესტს გააძლიერებდა. დღეს დადასტურდა, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება­ მივიღეთ. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, არჩევნები, როგორც ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიანი მექანიზმი, პრაქტიკულად სათუო შეიქნა. ამან საზოგადოებაში იმედგაცრუება და ნიჰილიზმი გააჩინა, რაც პირდაპირ აისახა პროტესტის დასუსტებაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ პროტესტი აღმავალ­ ფაზაში იყო. ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში მშვიდობიანი, მასობრივი პროცესები მიმდინარეობდა, რეჟიმს რეალურად აჯანჯღარებდა. ჩვენც იქ ვიდექით, რუსთაველზე. მანამდეც ვამბობდით, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო, მაგრამ 4 ოქტომბრის შემდეგ ვითარების ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ჩვენი­ პარლამენტში დაბრუნება იყო.

69862311-2102856370017515-4426381411083091968-n-1763301770.jpg

- მაგრამ ახლა თქვენი ლიდერი მმართველმა გუნდმა მძიმე ბრალდებებით სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია თქვენი პოლიტიკური ფუნქციის სრულად შესრულება პარლამენტში?

- ეს პროკურატურის საქმე კი არა, პირადად ბიძინა ივანიშვილის საქმეა. მას თავად აქვს საჯარო ინტერვიუში ნათქვამი,­ რომ გიორგი გახარიაზე შურისძიებისთვის ემზადებოდა. ზუსტად ასეთი რამ აქვს ნათქვამი: "სასამართლოს დონეზე გვაქვს გახარიას წინააღმდეგ საქმეები დალაგებული". პარტიის ლიდერისთვის ბრალის წარდგენა არაფერს ცვლის ჩვენს გეგმებში. პირიქით, ახლა უფრო მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობასა და ბრძოლას. ეს არც გახარიას პოზიციაზე ახდენს გავლენას და არც ჩვენი გუნდის მუშაობაზე. ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა, ინფორმაცია გვქონდა, შესაბამისად, მომზადებულებიც ვართ. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება იყო სტრატეგიული, გრძელვადიან მიზნებზე გათვლილი ნაბიჯი პოლიტიკური პროცესის გადარჩენისთვის და არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის. საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა დიდი და მნიშვნელოვანი მიზანია. ამიტომ ამ ამოცანას ვერ დავუკავშირებთ ისეთ მძიმე მოვლენასაც კი, როგორიც არის ჩვენი პარტიის ლიდერისთვის სრულიად აბსურდული ბრალის წარდგენა.

- შეძლებთ დამტკიცებას, რომ თქვენი პარტიის ლიდერისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია?

- ძალიან კარგად ვიცით, რომ არც სასამართლოა დამოუკიდებელი და არც პროკურატურა. თუმცა ეს არ გვათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ სიმართლე დავამტკიცოთ. ჩვენი­ ბრძოლა იქნება მკაცრი, პრინციპული და მწვავე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საქმე მხოლოდ გიორგი გახარიას პირად­ ან პოლიტიკურ ინტერესებს არ უკავშირდება.

ჩორჩანას ეპიზოდი პირდაპირ ეხება ეროვნულ ინტერესებს. ამ საქმეში პროკურატურამ უნდა წააგოს, სხვა შემთხვევაში, ოკუპანტს მიეცემა დამატებითი საფუძველი, გააძლიეროს პრეტენზიები ამ ტერიტორიებზე. ის პირები, რომლებმაც გიორგი გახარიას საქმე შეთხზეს, იმდენად არიან პირადი შურისძიებით შეპყრობილი, რომ მზად არიან საქართველოს ეროვნული ინტერესებიც კი დააზიანონ. თუმცა საკითხავია, ეს ყველაფერი მხოლოდ პირადი მოტივით არის გაკეთებული თუ სხვა, მიზანმიმართული ინტერესებიც დგას.

ფაქტია, "ქართული ოცნება" ქვეყნის სუვერენიტეტს აზიანებს. წარმოუდგენელი რამ ხდება - სახელმწიფო უწყება აღძრავს საქმეს, რომელიც ეჭვს ბადებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე.

30d9efe1-980a-4814-ba6d-6ea724eab701-w1597-n-r1-s-s-1763301770.jpg

- შეგიძლიათ განმარტოთ, რა კავშირშია­ გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?

- "ქართული ოცნების" ლიდერები­ ამბობენ, თითქოს გახარიას გადაწყვეტილების გამო დავკარგეთ ტერიტორიები. სინამდვილეში, საზღვარი ზუსტად იქ არის, სადაც იყო. ვინც ამბობს,­ რომ რამე დავკა­რგეთ, ოკუპანტის საქმეს აკეთებს.

ფაქტობრივად, მსგავსი შინაარსის საქმე­ ჩვენს წინააღმდეგ უკვე აღძრული აქვს ცხინვალის დე ფაქტო მარიონეტულ პროკურა­ტურას. "ოცნება"­ ოკუპ­ანტს დამატებით საფუძველს აძლევს, რომ პრეტენზიებს იურიდიული არგუმენტები მიებას და ამით მომავალში­ კიდევ უფრო გაამყაროს მოთხოვნები. ჩორჩანა იმ 28 ტერიტორიიდან ერთ-ერთია, რომელზეც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი პრეტენზიას აცხადებს. ბიბილოვიც სწორედ ამ თემაზე აგებდა საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ამ ტერიტორიებს დააბრუნებდა. შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნება" ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმთან უნისონში მოქმედებს, ეს კი არის შეტევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე.

- ჩორჩანას საკითხი ერთადერთი არაა, რომელსაც გახარიას ბრალად უყენებენ. ამავე რიგში დგას 20 ივნისის საკითხიც... ხომ არ არის დრო, ამ მოვლენებზე ამომწურავი­ განმარტება გაკეთდეს?

- მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. რაც მთავარია, უკვე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. ასეთი ბრძანება არც საქმეშია და არც რეალურად ყოფილა. ამას ამბობს სახალხო დამცველიც, ამასვე ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებული მხარის ადვოკატიც. საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვანია: გიორგი გახარია სამჯერ ფიქსირდება რაციით მიმართვაში, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელს პირდაპირ უკრძალავს რეზინის ტყვიების გამოყენებას.

- ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ სიმართლის თქმის დრო დადგეს?

- დაველოდოთ, წინ ძალიან საინტერესო სასამართლო პროცესი გველის.

- გახარიას პოლიტიკურ თავშესაფარზე ინფორმაცია არ არსებობს, როგორც ვიცით,­ არც მოთხოვნა გაუკეთებია. არის თუ არა საფრთხე, რომ ხელისუფლებამ მისი ჩამოყვანა იმავე მეთოდით სცადოს, როგორც გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოიყვანა? თავად გახარია რამდენად მზად არის ასეთი სცენარისთვის?

- გიორგი გახარია ყოველთვის ემორჩილება კანონს, სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ პირადად მე ასეთ სცენარს გამოვრიცხავ ერთი მიზეზის გამო - ეს არის პოლიტიკური საქმე. დღეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს ძალიან კარგად ესმით, რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებულ საქმეს სამართალსა და სამართლიან მართლმსაჯულებასთან კავშირი არა აქვს. ეს არის ოპოზიციონერის პირდაპირი პოლიტიკური დევნა. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ რომელიმე თანამედროვე დემოკრატიული ქვეყანა დათანხმდება პოლიტიკური დევნილის გადმოცემას ავტოკრატიული რეჟიმისთვის.

- სხვათა შორის, გერმანიაში რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ, ამის შალვა­ პაპუაშვილსაც ეიმედება. მან განაცხადა, რომ გახარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დაშლის მართვაზე.

- დიახ, მაგრამ გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არა სამართლებრივი.

ხათუნა ბახტურიძე