„მთავარი პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებზე კი არა, საზოგადოებაზეა“ - კვირის პალიტრა

„მთავარი პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებზე კი არა, საზოგადოებაზეა“

"ავტოკრატიული მმართველობის სრულად დამკვიდრების მცდელობამ ძალიან კარგად აჩვენა ის ჩიხი, სადაც ივანიშვილის რეჟიმი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჰქონდათ ცრუ იმედი, რომ არჩევნების ჩატარებისა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეძლებდნენ ქვეყნის გარე იზოლაციის მოხსნას, შიდა პროტესტის შეწყვეტას და ვითარების თითქოს "დაწყნარებულ", ნორმალურ ფაზაში გადაყვანას", - განაცხადა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. როგორ აპირებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას პარტია "ლელო" და რისთვის არიან მზად ლიდერები, სალომე სამადაშვილთან საუბრისას შევიტყობთ.

- "ქართული ოცნება", ერთი მხრივ, ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას და მის ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით შიშის დათესვას, მეორე მხრივ, შიდა დაპირისპირებასა და ძალადობრივ უწყებებს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რეჟიმს აღარ გააჩნია ხალხის ნდობა და არც ქვეყნის გარეთ დარჩა საყრდენი. როცა ხელისუფლებას ნდობა ეწურება, მას მხოლოდ ერთი გზა რჩება - ძალის გამოყენება. დღეს ივანიშვილის მთავარი იარაღი სწორედ ძალაა, რადგან მას აღარ აქვს არც შიდა, არც გარე მხარდაჭერა. ის პრაქტიკულად დარჩა იმის გარეშე, რასაც ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს - ნდობისა და ლეგიტიმურობის გარეშე. ამიტომ თავადაც აღარ გრძნობს თავს დაცულად.

- ოპოზიციის ლიდერებზე საქმეების აღძვრა მთლიან პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს. ეს რა ტიპის გამოწვევაა თქვენი გუნდისთვის?

- ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების დევნა, ბევრად საშიშ პროცესთან გვაქვს საქმე. ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტია უფრო დიდი სურათისა, რომელიც დღეს ქვეყანაში იკვეთება. ერთი მხრივ, ამზადებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, მეორე მხრივ, ამავე პარტიების ლიდერებს პოლიტიკურად დევნიან. ამ ყველაფრით ისინი ცდილობენ პოლიტიკური ოპოზიციის დასუსტებას და საბოლოოდ განადგურებას, ეს კი მხოლოდ ცალკეული პარტიებისა და ლიდერების პრობლემა არ არის, ეს ქვეყნისთვის გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, მცდარია მოსაზრება, თითქოს მიმდინარე პროცესები არ იმოქმედებს და ოპოზიციის გაჩუმების შემდეგ ახალი ძალები თავისით გამოიჩეკებიან. ავტოკრატიულ სისტემაში,­ სადაც არსებულ პოლიტიკურ ძალებს ან კრძალავენ, ან დევნიან, არც ახალი ალტერნატივები გაჩნდება თავისით. "უდაბნოში, სადაც ნიადაგი დაწვეს, არაფერი ამოდის", - ესეც ზუსტად ასეთივე მოცემულობაა. ამიტომ უნდა გვესმოდეს, როდესაც რეჟიმი ცდილობს სრულიად ჩაკეტილ, ბრუტალურ და არადემოკრატიულ მმართველობად გადაიქცეს, საფრთხე ყველას გვემუქრება, მთლიან საზოგადოებას.

- დიახ, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა, ალბათ, მაინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზეა. როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება?

- არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს მთავარი პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკოსებსა და პარტიებზეა. ასე არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში,­ სადაც მოქალაქეების დაახლოებით 80%, ყველა კვლევის მიხედვით, ამბობს, რომ მისთვის ქვეყნის მომავალი სწორედ ევროპაა, რომ საქართველო უნდა გახდეს­ ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი საზოგადოების გამოკვეთილი არჩევანი. დღეს ყველასთვის ცხადი უნდა იყოს: ივანიშვილი შეგნებულად უკეტავს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზას. ფაქტობრივად, ეს გზა ხელოვნურად გააუქმეს. თუ ამას საზოგადოება არ დაუპირისპირდა, მხოლოდ პარტიები ვერაფერს გახდებიან. თუ მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი ევროგზას ირჩევს, გაუგებარია, როგორ უნდა შეეგუოს ევროპული მომავლის წართმევას. ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებზე კი არა, საზოგადოებაზეა, მოქალაქეზე, რომელსაც სურს მისი ქვეყანა ევროპული ოჯახისკენ წავიდეს. ეს ბრძოლა მოითხოვს აქტიურობას, საჯარო პოზიციის დაფიქსირებას, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობას. თუ ამ ძალას საზოგადოება ვერ მოიკრებს და არ შეეწინააღმდეგება ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ჩვენს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, მაშინ არავის ექნება იმის რესურსი, რომ საქართველოს მომავალი დაიცვას ივანიშვილისა და რუსეთის გავლენისგან.

- თვითმმართველობის არჩევნებამდე "ლელოს" ლიდერები აქტიურად ჩანდნენ საპროტესტო აქციებზე. დღეს თითქოს აღარ ჩანხართ, აღარ აპირებთ პროტესტში მონაწილეობას?

- რეალობა, სამწუხაროდ, ასეთია, 4 ოქტომბრის მოვლენები თავიდანვე არასწორად წავიდა. ბოიკოტის მომხრე პარტიებმა საზოგადოება დაარწმუნეს, თითქოს ეს იყო სწორი გზა, ამან კი საზოგადოება გახლიჩა და პროტესტის მიმართ განწყობა ძლიერ დააზიანა. ეს არ უნდა მომხდარიყო. ოპოზიცია ერთიანად რომ გასულიყო ადგილობრივ არჩევნებზე, დღეს ბევრად ძლიერი პოზიცია გვექნებოდა. ივანიშვილს თბილისში გამარჯვება ძალიან გაუჭირდებოდა და 4 ოქტომბერს სულ სხვა ენერგია, სხვა მუხტი ექნებოდა. ეს იყო მძიმე პოლიტიკური შეცდომა იმ პარტიებისა და პოლიტიკოსების, რომლებიც ბოიკოტს უჭერდნენ მხარს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. მისმა მოწოდებამ, არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილეობა, კრიტიკული ზიანი მიაყენა საერთო საქმეს. ამასთან, უამრავი კითხვა ისევ უპასუხოდაა: ვინ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერზე, როგორ მოხდა ეს პროვოკაცია? დღემდე რატომ არავინ განუმარტა საზოგადოებას, რა მოხდა?

- 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები ახლა ციხეში არიან და ოჯახის წევრებთანაც კი არა აქვთ ურთიერთობა.

- ყველა ნამდვილად არ არის ციხეში. მაინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც ხალხს არწმუნებდნენ, რომ "ოთხ საათზე რუსთაველზე უნდა მივსულიყავით და რვა საათზე ეს რეჟიმი დასრულდებოდა". ვინმეს შეუძლია თქვას, სად არიან ახლა ისინი და რას პასუხობენ საზოგადოებას? ეს კითხვები ჰაერში კიდია, არავინ განმარტავს, რა მოხდა და რატომ, ვინ იყო პასუხისმგებელი. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მთავარ საკითხებზე ერთიანობა უნდა შეგვენარჩუნებინა, დღევანდელი შედეგი კი ცხადად აჩვენებს: იმ ერთიანობის ნაცვლად მივიღეთ დაყოფა, სერიოზული შეცდომები და ადამიანებისთვის მიცემული ცარიელი, ტყუილი მოლოდინი.

- დღეს ისევ არის საუბარი ოპოზიციის ერთობლივი სტრატეგიის შექმნაზე, მათ შორის ტექნიკურ მთავრობაზეც.

- ჩვენ ტექნიკური მთავრობის იდეას არ ვიზიარებთ. ადგილობრივი არჩევნების წინ ჩვენი წინადადება იყო ერთიანი ფრონტით გასვლა. ეს იყო ის დრო, როცა პარტიული ინტერესები უკანა პლანზე უნდა გადაგვეწია და შეგვექმნა ერთიანი საზოგადოებრივი ძალა, რომელიც ივანიშვილს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყამდა - დიდ ქალაქებში. სამწუხაროდ, ამ იდეას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს კი უკვე გაუგებარია, რას გულისხმობენ, როდესაც ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საუბრობენ. თუ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქებისთვის ერთობლივ ბრძოლაზე ვერ შევთანხმდით, დღეს რაზე უნდა აიგოს ერთიანობა? და კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რა გარანტიაა, რომ თუნდაც შეიქმნას ერთიანობა, ივანიშვილი მას ხვალვე არ დაშლის, როცა ქვეყნის თითქმის ყველა ბერკეტი მის ხელშია? ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის და მომავალშიც გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ხალხის მოტყუებას და ცრუ მოლოდინის შექმნას. დღეს, როცა ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, ის გაუთვლელი ნაბიჯები, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ, აღარ არის დასაშვები.

- ე.ი. 28 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციას არც "ლელო" შეუერთდება?

- ჩვენ ამ თემაზე პარტიული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენი პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივეა: აქციები ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია და არჩევნებში მონაწილეობა და ქუჩის პროტესტი ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით, ორივე ერთად ქმნის ზეწოლის ძალას. ამას 4 ოქტომბერსაც ვამბობდით. ამიტომაც, როგორც სხვა აქციებზე, 28 ნოემბერსაც იმედით ვუყურებ. მართლა მინდა 28 ნოემბერს ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რადგან ამ ბრძოლას მარტო პარტიები და ლიდერები ვერ მოიგებენ. საჭიროა საზოგადოების მძლავრი გაერთიანება, სხვაგვარად შედეგს ვერ მივაღწევთ. პროტესტი უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, მშვიდობიანი და თანმიმდევრული. თუ ეს ვერ მოხერხდა, რეალური ზეგავლენა ვერ იქნება.

- გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას ისევ აპირებთ?

- ჩვენი გზები იმ დღიდან გაიყო, როცა ზოგმა გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა, ჩვენ კი მანდატებზე უარი ვთქვით. ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომელმაც ძალიან ნათლად აჩვენა, ვინ სად იდგა იმ კრიტიკულ დროს და ვინ რა პასუხისმგებლობას იღებდა. დღეს კი ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ გაურკვეველია, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლება იწყებს მოქმედი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარს და ამასთან, პირდაპირ აცხადებს, რომ თუ ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდება და გაძლიერების შანსი ექნება, მასაც აკრძალავს. ეს ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ თქვა. ამ პირობებში საუბარი ფართო პოლიტიკური კავშირების შექმნაზე უბრალოდ რეალობასაა მოწყვეტილი. ჩვენ კი პარტნიორობას მხოლოდ მათთან ვხედავთ, ვისაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, არ ატყუებს ხალხს და მზად არის საერთო ბრძოლაში თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთოს. ვერ ვიმუშავებთ მათთან, ვინც დაუფიქრებელ დაპირებებს გასცემს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი კონიუნქტურული შეთანხმება.

- საინტერესოა თქვენი პოზიცია გახარიას სამართლებრივ დევნაზე 20 ივნისის­ საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციურ ელექტორატს ისევ აქვს კითხვა: ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიებით აქციის დარბევაზე?­ თუ ხელისუფლება არ ხსნის გრიფს, თქვენი აზრით, უნდა თქვას თუ არა გახარიამ თავად ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა?

- ფაქტი ერთია - გახარია იმ დღიდან მალევე დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად. თუ მან დანაშაული ჩაიდინა, რატომ დააწინაურეს? ეს ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას სიმართლის დადგენა არ აინტერესებს. ამ თემას მხოლოდ პოლიტიკური დევნის გასამართლებლად იყენებს. თუმცა, ვფიქრობ, ვინც ამ რეჟიმის შიდა პროცესებზე სხვებზე მეტი იცის, უნდა თქვას. საზოგადოებას სრული სურათი სჭირდება, განსაკუთრებით მათგან, ვინც ოდესმე ამ სისტემის ნაწილი იყო და ბევრ რამეს უშუალოდ ხედავდა. და ბოლოს, ერთი რამ ყველას უნდა გვესმოდეს - ხალხის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკოსების იმედზე, ბრძოლას ვერ მოვიგებთ. მე მაქვს იმედი, რომ საზოგადოება იპოვის ძალას და ქვეყნის დასაცავად ყველა ერთად დავდგებით.

ხათუნა ბახტურიძე