„ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ“ - კვირის პალიტრა

„ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ“

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი­ ვარაუდობს, რომ მმართველი­ ელიტა "ახალი ზურგის ძიებაშია" და ამ პროცესების შედეგად თავად ივანიშვილიც "აღარ არის ის, ვინც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს" და "სერიოზულ საფრთხეშია".

- ეს პროცესი, რაც ახლა პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარეობს, კანონზომიერი და ლოგიკურია იმ სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებას აქვს - საქართველოში უნდა დამყარდეს მყარი, რუსული მოდელის ავტოკრატია, რომელსაც რუსეთში, რა თქმა უნდა, არ უწოდებენ ავტოკრატიას, სუვერენულ დემოკრატიას ეძახიან. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტური ოპოზიცია პოლიტიკის ლეგალურ სივრცეში. იმისათვის, რომ ეს მოდელი დაამყარო, პოლიტიკური ველი უნდა გაასუფთაო, გაწმინდო ისეთი პოლიტიკური­ ძალებისგან, რომლებიც ამ თამაშის წესებს არ ეთანხმებიან. და როგორ უნდა გაასუფთაო? უნდა გამოიყენო მართლმსაჯულების მექანიზმები, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ. ვინც არ ემორჩილება, მას უკერავენ იმ ტიპის საქმეებს, რომლებითაც იძულებით გაგყავს ისინი ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და გადაგყავს ე.წ. არასისტემური, არაინსტიტუციური ოპოზიციის რანგში. გახარიაზე საქმეების აღძვრა, მინიმუმ, იმას ემსახურება, რომ ის არასდროს ჩამოვიდეს საქართველოში. ნელ-ნელა პოლიტიკური ძალა, რომელიც პირადად მასთან ასოცირდება, ეფექტურად ვეღარ იფუნქციონირებს - ეს არის ამოცანა. პარალელურად, ვინც მისი პარტიიდან აქ დარჩება, შეეცდებიან გადაიბირონ, შეიძლება ვიღაც დაიჭირონ, ვიღაცასთან მოილაპარაკონ, რომ დათანხმდეს ამ თამაშის წესებს. ასე რომ, ჩვენ ახლა ვართ პროცესში, სადაც ყველაფერი ამ ლოგიკას ემორჩილება.

123-1763302337.jpg

- სააკაშვილის ციხეში მაინცდამაინც ახლა გადაყვანა ამ ლოგიკაში რა როლს თამაშობს?

- სააკაშვილი მუდმივი კატათაგვობანას თამაშის ელემენტია. სააკაშვილის თემის ექსპლუატირებას ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა. რადგან ხელისუფლებას არა აქვს რესურსი, ამტკიცოს, რომ თვითონ კარგია, ამ შემთხვევაში უნდა შექმნას მტრის ხატი, მოახდინოს მისი დემონიზაცია და მუდმივად ეცადოს, რომ ამ თემამ აქტუალურობა არ დაკარგოს. მათ, ვისაც სააკაშვილის დროს რაღაც ტრავმა­ აქვთ მიღებული, არ დაავიწყონ ეს და ამით შეინარჩუნონ ისინი. ამ ხალხს ეუბ­ნებიან, კი ბატონო, მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, არ მოგწონვარ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ჩემზე ცუდი ბიჭებიც არსებობენო. ახლა სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს და ამას ურთავენ პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის, რატომღაც შემოიტანეს დასავლეთის თემაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, ბრიუსელმა უნდა გადაიხადოს მისი საავადმყოფოში ყოფნის ხარჯებიო. ეს ნონსენსია, აბსურდი, და აგიხსნით რატომაც. იმიტომ, რომ თუ სააკაშვილი ავად იყო და ამიტომ მკურნალობდნენ, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა - პატიმარს, რომელიც ავად არის, უნდა უმკურნალო. თუ ავად არ იყო და ჯანმრთელ ადამიანს წამლებით ჭყიპავდნენ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და რა შუაშია ბრიუსელი? თუ პაპუაშვილი ამას იმიტომ ამბობს, რომ სააკაშვილი ავად არ იყო, მაგრამ საავადმყოფოში ჰყავდათ და ამას ვიღაცას აყვედრის, გამოდის, ჯანმრთელ ადამიანს წამლებს ტყუილად ასმევდნენ. გარდა ამისა, ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. ურჩევნიათ, ვილაპარაკოთ იმაზე, სააკაშვილი აქედან სად წაიყვანეს და იქიდან სად გადმოიყვანეს, რასაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არა აქვს; ან იმაზე, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოსვლისას თურმე მაცივარი გამოიტანა და მერე სამი დღე ამ თემაზე ვსაუბრობთ.

ხელისუფლებას აქვს სტრატეგიული გეგმა, მაგრამ, იმავდროულად, იყენებს ყოველდღიური პრობლემების გადაფარვის ტექნოლოგიას. მუდმივად ქმნის საინფორმაციო ქაოსს და ამ ქაოსში გვაცხოვრებს. ამასობაში დრო გადის.

- პარალელურად კორუფციასთან ბრძოლაც არის გამოცხადებული.­ გირაოშეფარდებულმა ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა გირაოს თანხა სახლის დაგირავებით გადაიხადა. ეს ამ პროცესში რას აჩვენებს, ესეც მთავარიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა?

- რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩადო ღარიბაშვილმა გირაოში. უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ რა პროცესთან გვაქვს საქმე ამ ე.წ. კორუფციასთან ბრძოლაში. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ, რომ სისტემა თავად ისეა მოწყობილი, რომ კორუფციის გარეშე ვერ იარსებებს. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს ქონებისა და ბიზნესების გადანაწილებასთან. საქართველოში მძვინვარებს ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფლება აკონტროლებს ბიზნესს და იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ბიზნესმენთან დაკავშირებით - ვის ხელში უნდა იყოს ესა თუ ის სფერო. საუბარი არ არის მხოლოდ ლეგალურ ბიზნესზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი შემოსავალი სალაროში სწორედ რუხი ზონიდან შემოდის, იქნება ეს ქოლცენტრები, ნარკოტიკების ბრუნვა, არალეგალური ტრანზიტი თუ რეექსპორტი, მაგალითად, რუსეთთან მიბმული. ეს არის ფულის ყველაზე დიდი წყარო. ვიღაც ამას ხომ კურირებდა? ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის გარეშე ეს რგოლი მუშაობდეს. დარწმუნებული ვარ, სუს-ს მისამართებით აქვს ქოლცენტრების სია და იცის, სად რა მუშაობს, მაგრამ რატომღაც ხელს არ ახლებენ. აქედან გამომდინარე, ახლა მიდის­ გადანაწილება - ვიღაც პატრონობდა ამას, ახლა მეორე ჯგუფმა გაიმარჯვა და მიდის ამათი ჩაჩოჩება და ახალი მოთამაშეების შემოყვანა.

ბაკურიანის ქეისი (სტეფანიანის საქმე) ავიღოთ, ეს ხომ შერჩევითი სამართლის პირდაპირი მაგალითია. თურმე 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ვიღაც რაღაცას უნებართვოდ აშენებდა. თბილისში მშენებლობების ნახევარი უნებართვოდ და დარღვევებით მიმდინარეობს. რატომ იმას არ ეხებიან? ამის ფაქტებიც დაიდო, ვხედავთ, რომელი კომპანია აწარმოებს უნებართვო მშენებლობებს, მაგრამ მათ რატომღაც არ ეხებიან. ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ბაკურიანში ვიღაცას გაუჩნდა სტეფანიანის ჩანაცვლების ინტერესი. ანუ რით განსხვავდება ავტორიტარული სისტემები დემოკრატიულისგან? დემოკრატიულ სამყაროში ჯერ არის დანაშაული და მერე -–ვერდიქტი, ავტორიტარულ სისტემებში კი ჯერ ვერდიქტი გამოდის და მერე ამ ვერდიქტს "აბამენ" დანაშაულს. ჯერ გამოდის ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ. დარწმუნებული ვარ, სტეფანიანის საქმეშიც ზუსტად ასე მოხდა - ჯერ გამოიტანეს ვერდიქტი, რომ სტეფანიანი უნდა გაწეწონ, დაიჭირონ და მერე დაიწყო საქმეების შეკერვა.

ღარიბაშვილის ქეისიც ავიღოთ. რა, არ იცოდნენ, რას აკეთებდა? ის არა მხოლოდ ხელდასხმული იყო, დარწმუნებული ვარ, იმ ჯამიდან ძალიან ბევრი ჭამდა, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია. ისე კი არ მომხდარა, უი, რაღაც დააშავა და მოდი, მართლმსაჯულება აღსრულდესო. არა, პირიქით, ჯერ გამოუტანეს ვერდიქტი, თქვეს, დროა ღარიბაშვილი გავწეწოთო, და მერე შეუკერეს საქმეები. მე იმას არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ პროცესუალურად ყველაფერი უკუღმაა. თუ ადრემართლმსაჯულებას ღარიბაშვილზე თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, თემიდამ მიიღო ბრძანება, აბა, ახლა გაახილეო, და გაახილა კიდეც. საერთოდ, ჩვენ ძალიან კარგად თვალგახელილი თემიდა გვყავს. ეს არ არის ის თვალახვეული თემიდა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ახასიათებს. ჩვენ დაჭყეტილთვალებიანი თემიდა გვყავს.

- გააქტიურდა კულტურული­ და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის თემაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია პრობლემაა, ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ახლა აღიარა, თან ისე, რომ იკვეთება მათივე არასწორი ქმედებები. შესაძლოა­ ეს იყოს თემა თუნდაც წულუკიანის წინააღმდეგ?

- ყველაფერი შეიძლება. კიდევ გეუბნებით, ჯერ ჩნდება პიროვნების­ მიმართ ინტერესი და მერე იწყება მის ირგვლივ "მიწის დაწვა". დაჭერაც არ არის ამოცანა­ - ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება. რატომ არის ღარიბაშვილი გარეთ? მას კიდევ აძლევენ შანსს, შეაგროვოს, იმუშაოს და მიიტანოს სალაროში. ციხიდან ხომ ვერ შეაგროვებს იმ თანხას? ამასთან, დასაჭერ სამიზნეს ჯერ პირადად ხელს არ ახლებენ, რათა ვალდებულებების შესრულების შანსი მისცენ, მაგრამ მის ირგვლივ ვიღაცებს იჭერენ, რომ უფრო კარგად იმუშაოს და შეაგროვოს. რა ხდება ლილუაშვილის ირგვლივ, ხომ ვხედავთ? მგონი, მძღოლიც კი დაუჭირეს. იგივე ხდება გზების დეპარტამენტის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირგვლივ. ამ ხალხს სთხოვენ, ფული მოიტანეთო.

- ანუ მთავარი მაინც ფულია?

- ეს არის ქონების გადანაწილება, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური განზომილებაც. როდესაც დიდი ქონების გადანაწილება ხდება, ბევრს უჩნდება ინტერესი. ვფიქრობ, აქ უკვე ტრანსნაციონალური კრიმინალიც მონაწილეობს და ეს პროცესი განსაკუთრებით ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ გააქ­ტიურდა. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ვფიქრობ, კობახიძე და მისი გუნდი (იმ მოლოდინით, რომ ბიძინა ამ ბინძურ პროცესს მათ აჰკიდებს და ჩარეცხავს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია) ცდილობენ ეს პროცესი ბიძინას "სტერილიზაციისთვის" გამოიყენონ - დატოვონ ის ალტერნატივის გარეშე, რათა ერთადერთ მემკვიდრეებად თვითონ დარჩნენ და ამით შეინარჩუნონ ძალაუფლება. იციან, რომ სანამ ბიძინას კიდევ ვიღაც ჰყავს, ისინი საფრთხეში იქნებიან. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხალხი ბიძინასგან ალტერნატიულ ძლიერ ზურგს უკვე ეძებს, რომ საძალაუფლებო იმუნიტეტი გაიძლიერონ.

- სად ეძებენ? ფაქტია, დასავლეთს ყველაზე მეტად ეს გუნდი ლანძღავს...

- ერთადერთი კრემლია, რომელსაც შეუძლია ბიძინას ალტერნატივა შექმნას. კრემლის თამაშისთვისაც ეს კომფორტულია, რადგან ბიძინა მაინც ძვირი უჯდება.­ უფრო იაფი მსახურები აწყობს. ამით ისინი, ერთი მხრივ, ბიძინას აკონტროლებენ, ეუბნებიან, თუ კარგად არ მოიქცევი, აგერ ამათ ჩაგანაცვლებო. მეორე მხრივ, საჭირო მომენტში შეიძლება რეალური მექანიზმებიც ჩართონ. ასე რომ, დღეს ბიძინაც სერიოზულ საფრთხეშია. ნუ ვიფიქრებთ, რომ მას დალხენილი ცხოვრება აქვს. ის აღარ არის ადამიანი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს და სიტუაციას აკონტროლებს. მას დიდწილად კონტრ­ოლი უკვე დაკარგული აქვს. ამიტომ, როდესაც ყველაფერს ბიძინას ვაბრალებთ, არასწორია. ვფიქრობ, კრემლი უკვე იმდენად არის შემოსული, რომ ბიძინა ამ სისტემის მხოლოდ ერთი აღმასრულებელი ელემენტია და არა გადამწყვეტი ინსტანცია.

- ანუ საქმე უფრო რთულად ყოფილა... ოპოზიციამ, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთონ?

- მე ოქროს გასაღები არა მაქვს. ოპოზიციას ბევრი შანსი ჰქონდა და ვერასდროს გამოიყენეს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კლასის ძირეულად გადახალისება, გაახალგაზრდავება, გასუფთავება, სისხლის გადასხმა. ფაქტია, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერების დეფიციტია, ისეთი ლიდერების, რომელთაც ხალხში ნდობა და ავტორიტეტი აქვთ. შესაბამისად, როდესაც არსებობს დეფიციტური მოთხოვნა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდება შესაბამისი მიწოდება ბაზარზე. მე ასეთ მიწოდებას უფრო ახალ თაობაში ვხედავ. მიკვირს, რატომ ერიდებიან ისინი პოლიტიკას. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ოპოზიცია არ ვარგა, მაგრამ თქვენ, ასეთი აქტიურები, შემართულები, პატრიოტები რომ ხართ, რატომ არა გაქვთ ამბიცია, თავად აიღოთ სადავეები ხელში? გამოდით წინა პლანზე და თავად გახდით ლიდერები!

რუსა მაჩაიძე