გახარია ემიგრაციაში, სააკაშვილი ციხეში
პროკურატურის „კვირეული“
გიორგი გახარიას პარტიამ "ლელოსთან" ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა. კოლეგა ოპოზიციონერები აბრალებდნენ, რომ ეს იყო ხელისუფლებასთან გარიგება, რათა ყოფილი პრემიერი არ დაეჭირათ. მართლაც, გახარიას პარტია არ მოხვდა ასაკრძალი პარტიების "შავ სიაში", მისი გვარი არც საბოტაჟის და ხელისუფლების დამხობის საქმეში ფიგურირებს (საქმე აღიძრა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურა "გირჩი" ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ), თუმცა... უფრო უარესი წინ ელოდა. ბრალდება, რომელიც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს.
მოდი, გავიხსენოთ, რას ედავება პროკურატურა გახარიას: "2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ სამართალდამცავებზე ძალადობა, სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება".

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ "2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც იმავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია".
მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის ქმედებები კრიტიკის ობიექტი იყო. ადამიანები ნამდვილად დაშავდნენ. ისიც ვიცით, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ყველაფერს თავის თავზე იღებდა და თან ხაზგასმით! ამტკიცებდა, რომ ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში და მისი ნებართვის გარეშე ლამის ერთი პოლიციელიც არ გადაადგილდებოდა... 6 წლის შემდეგ, წულუკიანის კომისიაზე გამოკითხვისას მან თქვა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ და არ იცის, ვინ გასცა. თუ დამატებით რამის თქმა შეუძლია ყოფილ პრემიერს, უნდა თქვას, ან საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, როდის ტყუოდა - 6 წლის წინ თუ წულუკიანის კომისიაზე?!
რაც შეეხება მმართველ გუნდს, კითხვები მათთანაც არის. მაგალითად, გახარია რომ არ წასულიყო "ოცნებიდან" მართლაც მძიმე მომენტში, აღიძრებოდა თუ არა საქმე მის წინააღმდეგ? თუ გახარიას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანების დაშავებაზე, რატომ დააწინაურეს პრემიერად? მთელი მმართველი გუნდი რატომ გადაეფარა მას და რატომ აცხადებდნენ ლამის გმირად? კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და მისი ამოქმედება გარემოებების შეცვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
რაც შეეხება ჩორჩანას ეპიზოდს, ის კვლავ ბუნდოვანებით არის მოცული და, ალბათ, დამატებითი დროა საჭირო, რომ ყველა ეპიზოდი გამოვლინდეს.
გახარიას თანაგუნდელები მათი ლიდერის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ბიძინა ივანიშვილის "პირად ვენდეტას" უკავშირებენ. ისინი გულისხმობენ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან 2024 წლის ოქტომბერში "იმედთან" ინტერვიუსას გააკეთა:
"ისევ დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას, ასე ვთქვათ. აი, გახარიას პარტიის წევრები, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწრის, ამასთან რომ დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა, "ნაციონალური მოძრაობის" მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება, მკაცრი პასუხისგება მასაც და მისი პარტიის წევრებსაც. უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ, უმრავლესობა ჩვენი მანდატით შემოვიდა პარლამენტში და დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს ერთი-ერთზე და ზოგჯერ უარესსაც, რა თქმა უნდა, მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც!"
გიორგი გახარია, სავარაუდოდ, გერმანიიდან, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ასე გამოეხმაურა: "ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის - და პირადად ჩემთვის, ემიგრაციიდან - ეს ნიშნავს ახალ ეტაპს საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც ახლა მოითხოვს ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას. ეს უკანასკნელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც ჩვენი გადაწყვეტილება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ასევე პარლამენტში შესვლის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოში ევროპული იდეის შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლის წაგებას სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის".
გაურკვეველია, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრამ როგორ დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა სწორი იყო?! ისე, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში სრული შემადგენლობით რომ შესულიყო, შეიძლება ამ და სხვა მძიმე თემებზე საერთოდ აღარ გვესაუბრა.
როგორ იჩივლა მიშამ ზელენსკისთან

მიხეილ სააკაშვილის "ვივამედური" ეპოპეა დასრულდა, სადაც 2021 წლის მაისში გადაიყვანეს. ის რუსთავის ციხეში დააბრუნეს. "ნაცმოძრაობამ" და თავად სააკაშვილმა ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლეს - ანუ გამოდის, სააკაშვილი გათავისუფლებამდე "ვივამედის" პალატაში უნდა ყოფილიყო. ციხეში დაბრუნებისთანავე სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან წერილი აფრინა: "ჩემს წინააღმდეგ ახლახან აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეში, სხვებთან ერთად, მე ბრალი მედება უცხო, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სასარგებლოდ დივერსიაში. ამ საქმის მასალებში შედის თქვენი განცხადებები, ასევე, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებები. ანუ უკანონო საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს უკრაინას მტრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოდ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ დიდი ომის დაწყებისთანავე რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა ღიად დაიკავეს რუსეთის მხარე. ამ კონტექსტში სრულიად აშკარაა, რომ ჩემი დევნა და ბედისწერა ომთანაა დაკავშირებული. უკრაინის მოქალაქე და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, სადაც თქვენი - [ვოლოდიმირ ზელენსკის] ხელმძღვანელობით მუშაობის პატივი მქონდა. მსურს გკითხოთ, როგორც 2019 წელს, როდესაც უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა დამიბრუნეთ, რომ როგორც ოდესის რეგიონული სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, როგორც რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, შემიყვანოთ პირთა სიაში, ვინც უკანონოდ დაპატიმრებულია საქართველოს პრორუსული რეჟიმის მიერ, ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით. ვიცი, რომ უკრაინელები თავისიანებს არ ტოვებენ და თქვენი იმედი მაქვს".
საინტერესოა, სად "დაატყვევეს" სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცავებმა?! პოკროვსკში, ბახმუტში თუ კუპიანსკში?! სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში, სადაც შემოვიდა კონკრეტული მიზნით - მოეწყო "რევოლუცია" და ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. ამიტომ მოთხოვნა, რომ ზელენსკიმ ის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს, ანეკდოტურია. ალბათ, მიშა უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, ქართველი პოლიტიკოსია თუ უკრაინელი.
გიორგი კვიტაშვილი