პირველი „ჰერკულესი“ სომხეთში ჩამოაგდეს, მეორე - აზერბაიჯანში, მესამე კი საქართველოში დაეცა
საქართველოში ჩვენი შიდა პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს, მაგრამ ჩვენს მიწაზე ჰაერიდან მოვლენილმა ტრაგედიამ მაინც დიდი გულისტკივილი გამოიწვია - კახეთში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც მყოფი ოცივე თურქი სამხედრო დაიღუპა. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების C-130E Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, სარეგისტრაციო ნომრით 68-01609, ქართულ ცაში განცდილი კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ ოფიციალურად არ არის დადგენილი, თუმცა მისი ფრაგმენტები, დაღუპულების ცხედრები და "შავი ყუთი" უკვე გადატანილია თურქეთში და ამის დადგენა, წესით, არ უნდა გაჭირდეს.
ირკვევა საოცარი ფაქტი - კახეთში ჩამოვარდნილი თურქული "ჰერკულესი" თურმე პირველი არ ყოფილა, მანამდე ასეთივე "ჰერკულესები" სამხრეთ კავკასიის ციდან ორჯერ უკვე ჩამოვარდნილა, ჯერ სომხეთში, შემდეგ კი აზერბაიჯანში და ორივეჯერ ისინი... ჩამოუგდიათ. "ჰერკულესმა" პირველი კატასტროფა თურმე სწორედ... სამხრეთ კავკასიის ცაში განიცადა! თუმცა ამაში მას საბჭოთა გამანადგურებელი თვითმფრინავები "დახმარებიან", რის შემდეგაც "ჰერკულესი" სომხურ სოფელთან ჩამოვარდა.
1958 წლის 2 სექტემბერს თურქეთის ინჯირლიყის აეროდრომიდან აფრენილმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა პირველი მოდიფიკაციის C-130A Hercules-მა სადაზვერვო ფრენა განახორციელა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრის (საქართველოსა და სომხეთის) გასწვრივ და ბრძანების თანახმად, საზღვარს 160 კმ-ზე ახლოს არ უნდა "მიჰკარებოდა", მაგრამ "ჰერკულესის" ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა, შეფრინდა საბჭოთა სივრცეში და ოთხმა საბჭოთა МиГ-17-ის ტიპის გამანადგურებელმა ის ქვემეხების ცეცხლით ჩამოაგდო.
ამერიკული "ჰერკულესი" სომხური სოფლის, ნერკინ სასნაშენის მიდამოებში ჩამოვარდა (რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30-ოდე კმ-შია) და დაიღუპა ეკიპაჟის ექვსი წევრი, ასევე, "ჰერკულესის" ბორტზე მყოფი კიდევ 11 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც სადაზვერვო აპარატურაზე მუშაობდნენ.
მეორედ ისევ "ჰერკულესი", ოღონდ ირანის კუთვნილი, უკვე თავად სომხებმა ჩამოაგდეს - 1994 წლის 17 მარტს ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტთან (რომელსაც მაშინ სომხური ძალები აკონტროლებდნენ), სომეხმა მეზენიტეებმა საზენიტო რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს (აზერბაიჯანული ეგონათ) ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც მოსკოვიდან თეირანში ირანელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა, რის შედეგადაც დაიღუპნენ "ჰერკულესის" ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი და 19 მგზავრი, მათ შორის 9 ბავშვი.
რა შეემთხვა 2025 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საზღვრის აქეთ, ხუთიოდე კმ-ში დაცემულ თურქულ "ჰერკულესს"
თურქულ მხარეს ძალიან აშფოთებს, რომ არ დადასტურდეს მათი "ჰერკულესის" ჩამოგდებაში წინასწარგამიზული მტრული განზრახვა, ანუ ვინმემ ხომ არ ჩადო ასაფეთქებელი მოწყობილობა მის ბორტზე, ან კიდევ საზენიტო რაკეტით ხომ არ ჩამოაგდეს.
პირველი - მიწაზე დაცემული "ჰერკულესის" ფრაგმენტების ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, ბორტზე აფეთქების ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან თვითმფრინავის სადესანტო კარი თითქმის დაუზიანებელი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 7,4 კმ სიმაღლიდან ჩამოვარდა - მას არ ეტყობა არც აფეთქების ტალღის და არც ნამსხვრევების ზემოქმედების კვალი. მაგრამ, იმის დასაზუსტებლად, რომ ბორტზე აფეთქება არ მომხდარა, მაინც საჭიროა ქიმიური ანალიზის აღება, ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალის სრულად გამოსარიცხად.
მეორე - ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ თურქულმა "ჰერკულესმა" ჯერ მარცხენა ვირაჟი შეასრულა მინგეჩაურის წყალსაცავის თავზე და მერე სიმაღლის აკრეფა დაიწყო, ფრენის 27-ე წუთზე, უკვე აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადალახვისას, "ჰერკულესის" სატვირთო ნაკვეთურში განთავსებული F-16-ების მძიმე საინჟინრო მოწყობილობა ან კონტეინერი მოწყდა სამაგრებიდან და იმის გამო, რომ თვითმფრინავი ისევ სიმაღლის აღების პროცესში იყო (გადიოდა 7 400 მ-ზე ზღვის დონიდან) და ცხვირი "აწეული" ჰქონდა", ეს ტვირთი უკან გადაადგილდა და გაგლიჯა სატვირთო რამპა, ან კიდევ მძიმე ტვირთის გადაადგილებამ დაარღვია "ჰერკულესის" ბალანსირება, თვითმფრინავი "ყალყზე" შედგა და გადავიდა შტოპორში, რაზეც ამ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კონსტრუქციის გამძლეობა არ არის გათვლილი, რის გამოც "ჰერკულესი" დიდ ფრაგმენტებად დაიშალა ჯერ კიდევ ჰაერში.
მესამე - 2017 წლის 10 ივლისს აშშ-ის მისისიპის შტატში საზღვაო ქვეითთა კორპუსის კუთვნილი "საჰაერო ტანკერი" KC-130T Hercules-ი ჩამოვარდა და მის ბორტზე მყოფი 16-ივე პირი დაიღუპა. ამ კატასტროფის გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჰაერშივე დაშლილა, რადგან ოთხი ტურბოხრახნიანი ძრავიდან ერთ-ერთს მოსძვრა კოროზირებული და დიდი სისწრაფით მბრუნავი ხრახნი, რომელმაც კარაქივით გაჭრა "ჰერკულესის" ფიუზელაჟი და საბოლოოდ მისი ჰაერშივე ნაწილებად დაშლა გამოიწვია. იმის გამო, რომ თურქული "ჰერკულესიც" ფრაგმენტებად დაეცა, არის ვერსია, რომ მისისიპის კატასტროფა კახეთის თავზეც ხომ არ განმეორდა "ჰერკულესზე" ძრავის ხრახნის მოწყვეტის სახით.
მეოთხე - ამ ავიაკატასტროფის კიდევ ერთი ვერსია უფრო ბანალურია - თურქული "ჰერკულესი" უბრალოდ... "სიბერემ" იმსხვერპლა, რადგან ის 1968 წლიდან დაფრინავდა!
57 წლის თვითმფრინავი, რომელიც თავიდან ჯერ საუდის არაბეთს ეკუთვნოდა და თურქეთის საჰაერო ძალებში 2010 წლიდან "ჩაირიცხა", განეკუთვნებოდა 222-ე სამხედრო-სატრანსპორტო ესკადრილიას, ბაზირებდა ქაისერის სამხედრო აეროდრომზე და რაც მთავარია, ძალიან ინტენსიურად იყენებდნენ.
ამასთან, როგორც ირკვევა, ამ კონკრეტულ "ჰერკულესს" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ჰქონია გავლილი კაპიტალური ტექნიკური რემონტი, რაც აჩენს დიდ ეჭვს, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟის ლითონის დეტალებმა შესაძლოა ფარული კოროზია განიცადა ან ლითონი "დაძველდა" და "ჰერკულესის" კონსტრუქციამ ვეღარ გაუძლო დატვირთულ მდგომარეობაში (ბორტზე 20 კაცი და გარკვეული მასის ტვირთი) სიმაღლის აღებისას წარმოქმნილ გადატვირთვას.
ის ფაქტორი, რომ "ჰერკულესის" ეკიპაჟმა რადიოეთერში ვერ მოასწრო განგაშის სიგნალის გადაცემა, მიუთითებს, რომ კატასტროფა ძალიან სწრაფად განვითარდა და პილოტებს არავითარი შანსი არ რჩებოდათ თვითმფრინავის გადასარჩენად.
რამდენად საიმედოა "ჰერკულესებით" ფრენა
ცნობილ ამერიკულ საავიაციო ფირმა Lockheed-ში შექმნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, C-130 Hercules-ის პირველი გაფრენა ჯერ კიდევ 1954 წლის 23 აგვისტოს შესრულდა, ანუ 71 წლის წინ, და დღესაც მსოფლიოში ყოველდღიურად დაფრინავს ასობით "ჰერკულესი", რაც მას ერთ-ერთ ყველაზე "უხუცეს" მოქმედ სამხედრო თვითმფრინავად აქცევს (მასზე უფრო "უხუცესები" არიან დღემდე შეიარაღებაში არსებული ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 Stratofortress-ი და საბჭოთა/რუსული, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС, რომელთა პროტოტიპების პირველი აფრენები ორი წლით ადრე, 1952 წელს შედგა).
71 წლის განმავლობაში დამზადებულია 2 600-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის "ჰერკულესი" და რაც ყველაზე საოცარია, მისი თანამედროვე მოდიფიკაციის C-130J Super Hercules-ის სერიული წარმოება დღესაც კი მიმდინარეობს.
ეს ფაქტი და ისიც, რომ ამერიკული "ჰერკულესები" შესყიდული აქვთ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს, ასევე, სამოქალაქო ავიაკომპანიებს, ნამდვილად მიუთითებს მის სანდოობასა და პოპულარობაზე.
ამასთან, "ჰერკულესმა" მსოფლიო ავიაციის ისტორიაში უნივერსალური თვითმფრინავის სახელი დაიმკვიდრა, რომელიც ტვირთების გადატანის, მგზავრების გადაყვანის გარდა, "საჰაერო მეხანძრის" ფუნქციასაც ასრულებს და ასევე, მონაწილეობდა განვლილ შვიდ ათეულ წელში მომხდარ ყველა ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში, მათ შორის საბრძოლო დამრტყმელი თვითმფრინავის სახით, როდესაც მისი შეიარაღებული მოდიფიკაცია АС-130E Pave Aegis-ი ბორტზე დამონტაჟებული 105 მმ კალიბრის ერთი ქვემეხით, ორ-ორი 40 და 20 მმ-ის კალიბრის ავტომატური ქვემეხითა და "მინიგანის" ორი სწრაფ- მსროლელი ტყვიამფრქვევით ჰაერიდან ქარიშხლის მსგავს ცეცხლს უხსნიდა მოწინააღმდეგეს ვიეტნამში.
გარდა ამისა, სწორედ "ჰერკულესია" ის ერთადერთი ოთხძრავიანი თვითმფრინავი, რომელიც არაერთხელ აფრენ-დაფრენილა ავიამზიდის გემბანზე.
ინდოელმა მფრინავებმა კი შეძლეს "ჰერკულესის" აფრენა-დაფრენა ყველაზე მაღალ, ზღვის დონიდან 4 960 მ-ზე მდებარე საველე აეროდრომზე, ჰიმალაის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
და მიუხედავად "ჰერკულესის" შესაძლებლობების ასეთი შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, ის, როგორც სხვა საფრენი აპარატები, დროდადრო განიცდიდა ავარიებსა და კატასტროფებსაც.
2021 წლის მონაცემების თანახმად, 327-მა სამხედრო და 48 სამოქალაქო დანიშნულების "ჰერკულესმა" განიცადა კატასტროფა, რასაც 3 466 სამხედრო და 264 სამოქალაქო პირი შეეწირა.
კატასტროფების ეს რიცხვი მართლაც შემაძრწუნებელია, თუმცა პროცენტული შეფარდებით - რამდენი "ჰერკულესი" იქნა სულ გამოშვებული და რამდენი წელი რა ინტენსივობით დაფრინავენ - "ჰერკულესი" ბევრად საიმედო თვითმფრინავად ითვლება, ვიდრე ბევრი მისი თანამოძმე.
საკუთარი გამოცდილებიდან - ამ სტატიის ავტორს "ჰერკულესის" ბორტზე ფრენისას უსიამოვნო წუთები აქვს გადატანილი, როდესაც 2008 წლის მაისში ერაყის ალ-კუტიდან გამოფრენისას ამერიკული "ჰერკულესის" ოთხი ძრავიდან ერთი ავარიულად გაჩერდა ("შთამბეჭდავია", როდესაც ილუმინატორიდან უყურებ ტურბოხრახნიანი ძრავის ხრახნებს, რომლებიც არ ბრუნავენ) და იძულებული დაშვება მოგვიხდა ისევ ერაყის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე, მიუხედავად იმისა, რომ "ჰერკულესს" ორი გაჩერებული ძრავითაც შეეძლო ფრენის გაგრძელება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
ქართულ ცაში პირველი ავიაკატასტროფიდან 100 წელი შესრულდა - ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში
სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე წერა ძალიან რთულია, რადგან ყოველი ავიაკატასტროფის უკან დაღუპულთა ოჯახების დიდი ტრაგედია დგას და ამით დიდ ტკივილს ვახსენებთ მათ. ამჯერად იმ ავიაკატასტროფებზე მოგითხრობთ, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სამგზავრო თვითმფრინავებს შეემთხვათ ქართულ ცაში ან ჩვენი აეროდრომებიდან აფრინდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ავიაკატასტროფები ცალკე თემაა. ამ სტატიაში არ შევეხებით იმ ოთხი სამგზავრო თვითმფრინავისა და მათი მგზავრების ტრაგიკულ ბედს, რომლებიც 1993 წლის 20-23 სექტემბერს აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების შეიარაღებულმა რაზმებმა სოხუმთან ჩამოაგდეს და ბაბუშერის აეროპორტში ააფეთქეს, რადგან მას საერთაშორისო ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
თავიდანვე ვიტყვით - საავიაციო შემთხვევა ფასდება როგორც საავიაციო კატასტროფა, თუკი მას მოჰყვა საფრენი აპარატის ბორტზე ან ჩამოვარდნის ადგილას ადამიანების მსხვერპლი 24 სთ-ის განმავლობაში, უმსხვერპლოდ დამთავრებული საავიაციო შემთხვევა კი ავარიად მიიჩნევა.
ქართულ ცაში, მას შემდეგ, რაც ავიაციამ მეოცე საუკუნის დამდეგს საქართველოშიც შემოაბიჯა, ავიაკატასტროფების სიაც გაიხსნა - ზუსტად საუკუნის წინ, 1925 წლის 22 მარტს, ტიფლისში, დიდუბის იპოდრომიდან გერმანული წარმოების ჟუნკერს F13-ის ტიპის პატარა სამგზავრო თვითმფრინავმა გეზი სოხუმისკენ აიღო, მაგრამ მალევე ცეცხლის ალში გაეხვია. ორი მგზავრი ჰაერშივე გადმოხტა, მაგრამ ამან არ უშველა. ეკიპაჟის ორი წევრი და სამივე მგზავრი დაიღუპნენ. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მგზავრები ცნობილი ჩეკისტები იყვნენ, ისინი, ვინც ხელმძღვანელობდნენ წითელი არმიის შემოჭრასა და საქართველოს გასაბჭოებას. ლევ ტროცკიმ იოსებ სტალინი დაადანაშაულა ამ ავიაკატასტროფის მოწყობაში, თუმცა სპეციალისტებმა უფრო სანდოდ მიიჩნიეს ვერსია, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩეკისტმა ჩიბუხის გაბოლების დროს ჩაუმქრალი ასანთი თვითმფრინავის სალონის იატაკზე დააგდო, რამაც აალება გამოიწვია.
1953 წელს ზუგდიდთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ მთელი საქართველო (და არა მარტო) შეძრა - დაიღუპა ცნობილი კინომსახიობი ნატო ვაჩნაძე...
Ил-12П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი 14 ივნისს მოსკოვიდან დონის როსტოვის გავლით თბილისისკენ გამოფრინდა. სოხუმის თავზე გადაფრენისას დისპეტჩერმა რატომღაც არ აცნობა ეკიპაჟს, რომ სამეგრელოში ჭექა-ქუხილი იყო. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები ზუგდიდიდან 15 კმ-ში აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი 18-ივე მგზავრი დაიღუპა. ეს იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მსხვილმასშტაბიან ავიაკატასტროფად იქნა მიჩნეული.
1963 წლის 24 აგვისტოს ქუთაისიდან სოხუმისკენ გაფრენილი Ил-14П ტიპის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი გეგეჭკორთან (ახლანდელი მარტვილი) მთას შეეჯახა. დაიღუპნენ ეკიპაჟის 5 წევრი და 27 მგზავრი. ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ეკიპაჟის ნავიგაციური შეცდომა გახლდათ.
1973 წელს საქართველოდან მოსკოვში გაფრენილმა ორმა ერთი და იმავე ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა ერთსა და იმავე აეროპორტში განიცადა ავიაკატასტროფა, ორი თვის ინტერვალით.
13 ოქტომბერს ქუთაისიდან გაფრენილმა Ту-104Б ტიპის პირველმა საბჭოთა რეაქტიულმა სამგზავრო ლაინერმა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 122 კაცი ემსხვერპლა (ეს Ту-104-ის კატასტროფების ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია). გამოძიების დასკვნით, ავდარს დაემატა ლაინერის კაბინაში რამდენიმე ხელსაწყოს გათიშვაც, რაც ეტყობა, გამოიწვია ელექტროჩამრთველის უნებლიეთ გამორთვამ. ჩანს, ის ერთ-ერთმა იმ მგზავრმა გამორთო, რომელიც ეკიპაჟს კაბინაში უბილეთოდ გადაჰყავდა. 122 დაღუპულში რვა უბილეთო მგზავრი ამოიცნეს.
7 დეკემბერს ისევ ქუთაისის კოპიტნარის აეროდრომიდან გაფრენილი Ту-104Б ისევ დომოდედოვოს აეროპორტთან ჩამოვარდა. ავდრისა და დისპეტჩერის არასწორი მითითების გამო ეკიპაჟმა დაჯდომისას შეცდომა დაუშვა და თითქმის 60-ტონიანი ლაინერი ასაფრენ ზოლამდე დაენარცხა მიწას, შუაზე გადატყდა და ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის 7 წევრისა და 68 მგზავრიდან 59 გადარჩა.
1982 წლის 14 აგვისტოს სოხუმში, ბაბუშერის აეროპორტში, ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი, Ту-134А და L-410M შეეჯახა, რასაც 11 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. Ту-134А სოხუმიდან მოსკოვში მიფრინავდა და მის ბორტზე 76 მგზავრი იყო, უფრო მომცრო L-410M-ს კი ქუთაისში 9 მგზავრი მიჰყავდა. ასაფრენ ბილიკზე 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გაქანებულმა Ту-134А-მ ფრთის მარჯვენა კონსოლით შუაზე გაჭრა L-410M-ის ფიუზელაჟი და 9-ვე მგზავრი და ორივე მფრინავი დაიღუპნენ. Ту-134А-ს მგზავრებს არაფერი დაშავებიათ.
საოცარი დამთხვევაა, რომ ამ ტრაგედიიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ ახალი ტრაგედია - აფხაზეთის ომი დაიწყო... 1985 წლის 11 ოქტომბერს სენაკთან (კოპიტნარის აეროდრომიდან დასავლეთით, 47 კმ-ში) მთას შეეჯახა Як-40, რომელიც ქუთაისი-ფოთის რეისს ასრულებდა. დაიღუპა 10 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. გაირკვა, რომ დისპეტჩერმაც და ეკიპაჟმაც შეცდომა დაუშვეს, რასაც დაემატა რთული მეტეოროლოგიური ვითარება და საშინელმა შედეგმაც არ დააყოვნა.
1992 წლის 20 ივლისს თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გარბენისას Ту-154Б ტიპის თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა, დასახლებულ ადგილას შეიჭრა და აფეთქდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და 16 მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ხმელეთზე მყოფი 4 მოქალაქეც. როგორც გაირკვა, თვითმფრინავი 20 ტონა ჩაით იყო დატვირთული, რომელიც ქ. მინვოდში მიჰქონდათ, მაგრამ თვითმფრინავში ჩატვირთვის დროს არ დაიცვეს ტვირთის გადანაწილების წესები, რის გამოც დაირღვა თვითმფრინავის ბალანსირება და აფრენა შეუძლებელი გახდა.
1993 წლის 17 ივნისს თბილისიდან 33 კმ-ში, დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტთან, მთას შეეჯახა ტაჯიკეთის სამგზავრო Ан-26Б, რასაც 33 კაცის დაღუპვა მოჰყვა. თვითმფრინავი ბათუმიდან ბაქოში მიფრინავდა და კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
1993 წლის 30 სექტემბერს სოფელ საკენიდან სოფელ ჭუბერამდე კოდორის ხეობაზე გადაფრენით, ქართულ სამოქალაქო Ми-8МТ-ს დევნილები მორიგი რეისით გამოჰყავდა, როდესაც შვეულმფრენი მთას შეეჯახა და მის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ ამ შვეულმფრენით ვიმგზავრე.
2000 წლის 27 ოქტომბერი პრეზიდენტმა შევარდნაძემ გლოვის დღედ გამოაცხადა იმის გამო, რომ ორი დღით ადრე ბათუმთან, მტირალას მთას შეეჯახა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Ил-18Д ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან მოფრინავდა. დაიღუპა ეკიპაჟის 11 წევრი და 73 მგზავრი. უამინდობის გარდა, კატასტროფის მიზეზი დისპეტჩერისა და ეკიპაჟის შეუთანხმებელი მოქმედებაც იყო, ასევე ეკიპაჟის მეთაურის არასწორი გადაწყვეტილება, როდესაც ბათუმის აეროპორტში დაშვება მთების მხრიდან გადაწყვიტა.
2002 წლის 16 სექტემბერს კუმისის ტბაში ჩავარდა მესაზღვრეების Ми-2 ტიპის შვეულმფრენი. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
2003 წლის 13 აგვისტოს წალკასთან ავარია განიცადა ქართულმა "იროკეზმა", რომელსაც, სავარაუდოდ, ამერიკელი პილოტი მართავდა.
2004 წლის 5 მაისს ხულოს რაიონში საბრძოლო Ми-24 დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდა. დაშავდნენ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები.
2007 წლის 12 თებერვალს ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე დაშვებისას ავარია განიცადა Ми-8 ტიპის შვეულმფრენმა. დაშავდა ათზე მეტი კაცი.
2007 წლის 11 მარტს, ღამით გაფრენისას, დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბასთან, კატასტროფა განიცადა საბრძოლო Ми-24-მა. ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.
2015 წლის 24 თებერვალს ყაზბეგის რაიონში სამთო მოთხილამურე ტურისტების სათხილამურო ტრასაზე გადასხმისას ქარის მოულოდნელი დაბერვის გამო მართვა დაკარგა და მთის ფერდობზე დაეცა კერძო კომპანიის Bო-105 ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც ქართული ავიაციის ერთ-ერთი გამოცდილი მფრინავი, შამილ ქორთოშიძე მართავდა. ტურისტებს არაფერი დაშავებიათ, პილოტმა სხეულის დაზიანება მიიღო.
2017 წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას მესაზღვრეების Ми-8МТВ ტიპის შვეულმფრენი დაბალი სიმაღლიდან მდინარეში ჩავარდა სახანძრო კალათის წყლით შევსებისას. ეკიპაჟი გადარჩა.
2018 წლის 12 ივლისს თელავის რაიონის სოფელ ართანასთან დაშვებისას ავარია განიცადა "სუპერპუმას" ტიპის მესაზღვრეების შვეულმფრენმა. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
2019 წლის 6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" უახლესმა კერძო შვეულმფრენმა Bელლ 505-მა ავიაკატასტროფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი.
2022 წლის 29 ივლისს ქართულ ცაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა, რაც გაამძაფრა ამ ტრაგედიის ამსახველმა მძიმე ვიდეოკადრებმაც - სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შვეულმფრენი Ми-8MთV-1 გუდაურთან დაშავებულების ევაკუაციის რთული ოპერაციის დროს კუდის ხრახნით წამოედო კლდეს და ხეობაში ჩავარდა, დაიღუპა მასში მყოფი რვა კაცი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი.
რამდენად ზრდის საავიაციო შემთხვევების ალბათობას ქართულ ცაში მნიშვნელოვნად მომატებული ფრენები
"საქაერონავიგაციის" ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცეში 28 457 ჯამური ფრენა ჩატარდა (მათ შორის 7045 ქართული აეროპორტებიდან აფრენა-დაფრენა და 21 412 ტრანზიტული ფრენა), რაც მიუთითებს, რომ მთელი წლის განმავლობაში ქართულ ცას 300 ათასზე მეტი საფრენი აპარატი კვეთს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნის ცისთვის ძალზე დიდი ციფრია და ერთი მხრივ მისასალმებელია (თუნდაც ფინანსურად), როდესაც უცხო ქვეყნების ავიაკომპანიები ირჩევენ შენს საჰაერო სივრცეს უსაფრთხო ფრენებისთვის, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და მნიშვნელოვნად გაზრდილი ფრენების (განსაკუთრებით კი სატრანზიტო ფრენების, რადგან რუსეთმა ამერიკულ და ევროპულ ავიაკომპანიებს ჩაუკეტა თავისი საჰაერო სივრცე, ისევე როგორც ევროპამ აუკრძალა რუსულ სამგზავრო თვითმფრინავებს მათზე გადაფრენა და ახლა ორივე მხარე... ქართული ცის გავლით დაფრინავს) გამო იზრდება ქართულ ცაში საავიაციო შემთხვევების მატების ალბათობაც, რაც კიდეც ცხადყო თურქული "ჰერკულესის" ავიაკატასტროფამ.