რა ხდება უკრაინის ფრონტზე?! - კვირის პალიტრა

რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

უკრაინა რუსულ ენერგოობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ცენტრებზე შეტევას აგრძელებს. ახლახან უკრაინელებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. მანამდე ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს დაარტყეს. არც რუსეთია გულხელდაკრეფილი - რამდენიმე დღეა, რაც რაკეტებითა და დრონებით მასირებულად უტევს კიევს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.… რა ხდება ფრონტზე, რა მნიშვნელობა აქვს ომში უპილოტო საფრენი აპარატების როლის ზრდას, როგორ მუშაობს რუსეთზე დასავლური სანქციები და ვის ამზადებს პუტინი რუსეთის არმიის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვის შემცვლელად. გვესაუბრება გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

- რუსეთის ფედერაცია მუდმივ ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმებს აყენებს უკრაინას. იწყება ოპერაცია "ცივი ზამთარი" (ასე დავარქვათ), რა დროსაც რუსები შეეცდებიან დაარტყან უკრაინის არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. ეს გულისხმობს, რომ მათ უნდათ ენერგოსისტემები გამოიყვანონ მწყობრიდან, რაც უპირველესად მოსახლეობას ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და ადეკვატურად მოახერხებს დასავლეთი სათადარიგო ნაწილების გაგზავნას ამ ობიექტების აღდგენისთვის, რათა დასახლებულ პუნქტებში შენარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა. ძირითადი დარტყმები მაინც ფრონტისპირა ქალაქებსა და რაიონებზე მოდის, მაგრამ კიევზეც არის დარტყმები. ეს რუსების ხელწერაა და არც უკრაინელებისთვისაა ახალი. მსგავსი რამ 2022 წლიდან ხდება სხვადასხვა მასშტაბითა და ინტენსივობით, რის გამოც უკრაინის ძალიან ბევრი მოსახლე შეიარაღებულია ინდივიდუალური გენერატორებით. შეიძლება არის დარტყმები, გარკვეული რაიონების გამორთვა, მაგრამ დასავლეთის დახმარებიდან გამომდინარე, უკრაინელები სწრაფად ახერხებენ ამ ობიექტების აღდგენას.

უკრაინელების დარტყმების შედეგად არც რუსეთია დალხინებული, სულ ახლახან ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს დაარტყეს "ფლამინგოთი" ან "ნეპტუნით" (რაც შემდგომში გახდება ცნობილი). ეს არის ყველაზე მსხვილი ამ ტიპის ობიექტი შავ ზღვაზე და მნიშვნელოვანი ზარალია რუსებისთვის. უკრაინელებმა დაბომბეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. ამის გარდა, რამდენჯერმე ჩაბნელდა ბელგოროდი, მოსკოვის მიდამოებშიც არის დარტყმები, როგორც უკრაინელები ამბობენ, მოსკოვის ცათამბჯენსაც კი მოხვდა რუსების გაშვებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა (რუსები ამბობენ, უკრაინული დრონი მოხვდაო, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვსაც კი არ სძინავს წყნარად).

- კუპიანსკისა და პოკროვსკის ხელში ჩასაგდებად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და როგორც ამბობენ, ეს ბრძოლები ომის ბედსაც გადაწყვეტს.

- ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის, არის მონაცემები, რომ რუსებმა კვლავ მოახერხეს წინ წაწევა (როგორც რუსები ამბობენ). საუბარია კუპიანსკის დასავლეთ მონაკვეთზე და აპირებენ სამხრეთ-დასავლეთიდან ალყის შეკვრას, ვინაიდან ჩრდილოეთიდან, დობროპოლიედან მათ ჩაეშალათ შეტევები და ახლა მარცხენა ფლანგიდან აპირებენ ალყის დასრულებას. ჯერჯერობით აქ არ არის მნიშვნელოვანი წინსვლა, ერთადერთი, რუსები გრუშინოს მიმართულებით გადაადგილდებიან. მთავარი ისაა, აქედან პოკროვსკისკენ მიდის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა - უკრაინელების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, რომელიც ცეცხლში იყო მოქცეული, თუმცა მაინც უკრაინელების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

მე არ დავაყენებდი ისე მძაფრად საკითხს, რომ პოკროვსკის აღება იქნება ომის ბედის გადამწყვეტი. რუკას თუ დავხედავთ, პოკროვსკი ერთი პატარა ჯიბეა რუსების განლაგებაში დარჩენილი. ეს არცთუ ისე დიდი ტერიტორიაა, რომელსაც უკრაინელები დაკარგავენ (და აქეთკენ მიდის საქმე), მაგრამ არის ერთი საკითხი: სანამ რუსები აქედან ხარკოვამდე მივლენ (საკმაოდ შორსაა), შეეცდებიან დონბასის ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლებას. თუმცა ეს რომ გააკეთონ, კიდევ არაერთი დასახლებული პუნქტიც უნდა გაიარონ, მერე მიადგნენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის რაიონს, როგორიცაა კრამატორსკი, სლავიანსკის კონგლომერაცია და ა.შ. ექსპერტების გათვლით, რუსებმა ამ ტემპით თუ გააგრძელეს წინსვლა, თუკი უკრაინელებიდან შემაჩერებელი ფაქტორი არ იქნა, რუსებმა რომ გააკონტროლონ დონბასი, ამას 5 წელი დასჭირდება (საუბარია მხოლოდ დონბასზე). რუსები ძალიან ნელა მიიწევენ წინ, ზაფხულის შეტევით დაწყებული, მათ უკრაინის ტერიტორიის 0,4% დაიკავეს, შესაბამისად, გასაგებია მათი სვლის ტემპი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი: პოკროვსკის მიმართულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ტრამპთან მოლაპარაკების წინ, როდესაც პუტინს უნდოდა გამარჯვებულის პოზიციიდან დაემტკიცებინა ტრამპისთვის, რომ რუსული ძალები აქტიურ წინსვლას აგრძელებენ და დაიკავებდნენ პოკროვსკის, ზელენსკი ცდილობდა არ მიეცა ამის საშუალება რუსეთისთვის და პირიქით, ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ რუსები ვერ ახერხებდნენ წინსვლას. ეს იყო პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანი რაიონი. მთლიანად ეს რაიონი დიდი ნაცრისფერი ზონაა, გაურკვეველია, სად გადის შეხების ან მოწინააღმდეგის წინა ხაზი, მისი ზურგი. ყველაფერი ათქვეფილია და ახლა მიმდინარეობს ნანგრევებიდან ნანგრევებზე ბრძოლა...

- გერასიმოვმა განაცხადა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებამდე აიღებდა პოკროვსკის...

- დიახ, და წყაროების ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული გერასიმოვის თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენა, ასახელებენ კიდეც მის შემცვლელს, ესაა ვიქტორ ვიქტორის ძე პოზნიხირი. უკრაინული წარმოშობის გენერალი, რომელიც სუმის ოლქშია დაბადებული. გამოვა, რომ სირსკი რუსული წარმოშობისაა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მართავს, რუსებს კი შტაბში უკრაინული წარმოშობის გენერალი ეყოლებათ. რამდენჯერ იღებენ რუსები ერთსა და იმავე პოზიციას და მერამდენედ აცხადებს რუსული მასმედია, განადგურდა ესა და ეს პოზიციაო. ეს ნიშნავს, რომ გერასიმოვი არ არის კარგი გენერალი. ცუდია, რომ ამას წინათ ზელენსკიმ მთავარსარდლისთვის უცნაური განცხადება გააკეთა - თქვა, რომ პოკროვსკის და მირგრადის რაიონში მეთაურებს ევაკუაციის გადაწყვეტილება ადგილზე შეუძლიათ მიიღონ, რომ ის ვეღარ აიძულებს მებრძოლებს ნანგრევებისთვის დაიღუპონ. ეს არ არის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელის ადეკვატური განცხადება. ეს სამოქალაქო პირის განცხადებაა. ზელენსკიზე დიდი მორალური და ემოციური წნეხია, ის სამხედრო პირი არ არის და ესეც გასაგებია. მსგავსი სირსკის რომ ეთქვა, უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. ახლა კონცენტრაციაა პოკროვსკი-მირგრადის მიმართულებაზე. რუსებმა განაცხადეს, რომ ცოტა წინ წაიწიეს. არ გამოვრიცხოთ, რომ ეს არის კრედიტით გამარჯვება - წინასწარ განცხადება, ]დავიკავეთ ესა თუ ის ქალაქიო, და მერე იბრძოლო, რომ მართლა დაიკავო წარმატების ჩვენებისთვის.

- უკრაინის თავდაცვის ძალები ავითარებენ გამანადგურებელ დრონებს როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში სამოქმედოდ. რუსეთის არმიაში გაჩნდა ჯარების ახალი სახეობა - უპილოტო სისტემების ჯარები (რისი ანალოგიური სახეობაც - უპილოტო სისტემების ძალები 2024 წლიდან არსებობს უკრაინაში). რას იტყვით რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების როლზე.

- დღეს ფრონტზე ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებენ დრონები, ეს არის ის საშუალება, რომლებმაც, ფაქტობრივად, ტრანსპარანტული გახადა ბრძოლის ველი. უკრაინელებს ნაკლები გადაადგილება სჭირდებათ. რუსებმა საერთოდ გააჩერეს ჯავშანტექნიკის გამოყენება, ვინაიდან ისინი გამოჩენისთანავე ნადგურდებოდა. რუსები დრონებზე გადავიდნენ, რაკი დაინახეს მისი მნიშვნელობა. ჩემი აზრით, დრონების ეფექტიანობა ბრძოლის ველზე გამომდინარეობს მხარეების გარკვეულწილად თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტში. ამან გამოიწვია ის, რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა - ვერც უკრაინელებმა და ვერც რუსებმა ვერ შეძლეს ჰაერში ბატონობის მოპოვება. რომელიმეს უპირატესობა რომ ჰქონდეს, ამდენი დრონის ფრენაც არ იქნებოდა. აქვე საინტერესოა, რომ უკრაინელებმა დაიწყეს ე.წ. დრონსაწინააღმდეგო კედელზე მუშაობა, რისი ძირითადი კომპონენტია დრონგამანადგურებლები, რომლებიც უშუალოდ ახერხებენ კინეტიკური დარტყმით განადგურებას (განსაკუთრდებით "შაჰიდებზეა" აქცენტი გაკეთებული), ფეთქებადი ან ელექტრომაგნიტური საშუალებით განადგურებას და ა.შ. საინტერესოა, რომ დრონები ეწყობა უკრაინული ინჟინერიით (ნახაზებით და უკრაინელი ინჟინრების გამოყენებით) დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთიდან აწყობილი დრონები ბრუნდება უკრაინაში. ფაქტობრივად, ეს არის მათი გამოცდა საბრძოლო ვითარებაში და უკვე შესწორებებით და დამატებითი მოთხოვნებით ბრუნდება უკან, სადაც მათ ხვეწენ. ანუ ეს ციკლი - იარაღის წარმოება-შემოწმება-დაბრუნება მრავალჯერადად მოკლდება, არ სჭირდება საველე გამოცდები, კომისიები და სხვა. ეს საშუალებები ღირს დაახლოებით იმდენივე, ან ცოტა უფრო იაფი, ვიდრე "შაჰიდები", რაც უკრაინას აძლევს საშუალებას დაზოგოს ამერიკული თუ გერმანული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებიც მრავალი ათასი, ხან მილიონიც კი ღირს. ასე რომ, დრონები ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და ისიც კია განსაზღვრული, რომ წინა ხაზიდან 5კმ-ზე არის სასიკვდილო ზონა (საკუთარ სიღრმეში 5-დან 10 კმ-მდე არის დიდი საფრთხის მატარებელი ზონა), 15-დან 20 კმ-მდე არის სავარაუდო ზემოქმედების ზონა, ხოლო 20კმ-ის იქით არის სიფრთხილის ზონა. ხერსონში მთელი ქუჩები დრონსაწინააღმდეგო ბადეებითაა გადახურული, სადაც მოსალოდნელია დრონების დარტყმები და ა.შ. ეს ტიპური ამბავია - როდესაც ვითარდება რაღაცა ტიპის იარაღი, გარკვეული პერიოდის მერე მისი საწინააღმდეგო საშუალებების განვითარებაც იწყება. ადრე ვისაუბრეთ ჯავშანტექნიკაზე, სხვადასხვა ტიპის დრონსაწინააღმდეგო კუსტარულ ნაკეთობაზე, მაგალითად, "მაყალი", ე.წ. "ბანჯგვლიანი" ტანკები ისევ გამოჩნდა - ტანკზე დადუღებულია სხვადასხვა ზომის და სისქის არმატურის, რკინის ნაჭრები და ის ზღარბივითაა. ესეც დრონსაწინააღმდეგოდ. ის რამდენიმე დრონსაც იგერიებს, მაგრამ ამ ტექნიკის წინააღმდეგ იმდენი დრონია, რომ ჯამში მაინც ხერხდება მისი განადგურება. ასე რომ, დღეს ისევ იმ მოტოციკლეტების და ინდივიდუალური 2-3-კაციანი ჯგუფების გადაადგილებაზეა დამოკიდებული რუსების შეტევები.