„საქართველოც გახდება შვეიცარიის მსგავსი“
შვეიცარია, რომელიც ლანდშაფტით ძალიან ჰგავს საქართველოს, ქართველი ემიგრანტების თავშესაფარი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ იყო. საბჭოთა ოკუპაციას გაქცეული დიდგვაროვნების ერთი ნაწილი თავს სწორედ ჟენევასა და ლოზანას აფარებდა. ერთხანს ლოზანაში მშვენიერ რიმა ერისთავს, კოკო შანელის მუზასაც უცხოვრია. აქ ამჯერადაც ნახავთ ქართველებს, რომლებიც საქართველოს შვეიცარიელებს საუკეთესო კუთხით აცნობენ. ახალგაზრდა წყვილს ბადრი ობოლაძეს და თიკა კოსტავას შემთხვევით წავაწყდი, როდესაც ჟენევასა და მის შემოგარენში ძველი ქართველების კვალს ვეძებდი.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელი ცოლ-ქმრის ემიგრანტული ცხოვრება 12 წლის წინ შვეიცარიის ფედერალური თავშესაფრის ცენტრიდან დაწყებულა, ლოზანაში დღეს ისევე ლაღად ცხოვრობენ, როგორც ერთ დროს მშობლიურ ქუთაისში. ბადრი ერთ-ერთი ცნობილი გადამზიდი კომპანიის თანამშრომელია, თიკამ შვეიცარიაში ახალი, სამედიცინო განათლება მიიღო და საავადმყოფოში ექთანად მუშაობს. მათი სამი შვილი სწავლობს და ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად უფრო მოსწონთ, შვეიცარიაში თუ საქართველოში. ფაქტია, ოჯახი ადგილობრივ გარემოსა და საზოგადოებას იოლად შეეთვისა და ეროვნულ თვითმყოფადობასაც ინარჩუნებენ, შინ მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. ობოლაძე-კოსტავას წყვილმა იმერული მარიფათით იმასაც კი მიაღწია, რომ შვეიცარიელი მეგობრები ლამის თიკას გამომცხვარ იმერულ ხაჭაპურს ამჯობინებენ მსოფლიოში ცნობილ გრუიერის ყველს.
ბადრი ობოლაძე: - ემიგრანტი ვარ თუ შვეიცარიელი? არც ერთი. ქართველი ვარ, ქუთაისელი და ასე იქნება მთელი ცხოვრება. როდესაც ემიგრაციაში შენი მდიდარი კულტურით მიდიხარ, არ გემუქრება ათქვეფის, გადასხვაფერების საფრთხე, რადგან ძალიან ძლიერი ხარ იმით, რაც მოგცა პირველ რიგში ოჯახმა და შემდეგ საზოგადოებამ, რომელშიც პიროვნულად ჩამოყალიბდი. როგორ განვითარებულ საზოგადოებაშიც არ უნდა მოხვდეს ის, ვისაც საკუთარი კულტურა და ისტორია, გენეტიკური ბიოგრაფია შლეიფივით მოჰყვება, მარტივად იღებს და ეცნობა სხვის კულტურას და თავისას აახლებს... უმცროს შვილთან ერთად აქ რომ ჩამოვედით, იანვრის წვიმიან დღეს, ხუთ საათზე, როცა უკვე ბნელოდა, ჩვენი მომავალიც ბინდში იყო, ვიცოდით, რომ ცხოვრებას ნულიდან ვიწყებდით. არ ვიცოდით, რა ბედი გველოდა, როდის შევძლებდით ჩვენი ორი უფროსი შვილის ქუთაისიდან ჩამოყვანას. 8 თვეში შვეიცარიამ საქართველოდან ორივე შვილი ჩამოგვაყვანინა და ოჯახის გაერთიანების უფლება მოგვცა. თავშესაფარი, რომელშიც ლოზანაში ჩამოსვლის დღიდან დაგვაბინავეს, წარსულში დარჩა, ჩვენ კი ამ ულამაზეს ქალაქში დავრჩით.
თიკა კოსტავა: - ხშირად ღიმილით გვახსენდება, პირველ დღეს საკვებით დახმარების რიგში ერთი ცალი ბადრიჯანი და ერთი ბულგარული წიწაკა რომ მოგვცეს. მეორე დღესაც იგივე რაოდენობა მივიღეთ. მესამე დღეს, როგორც იქნა, აჯაფსანდალის მასალა შევაგროვეთ. მივხვდით, რაც უფრო ადრე ჩავდგებოდით რიგში, მით უფრო მეტი სანოვაგე შეგვხვდებოდა. ამიტომაც წვიმიან ამინდებშიც კი ადრიანად საბავშვო ეტლზე სპეციალურ დამცავგადაფარებული ველოდით დახმარებას, რომლის იმედზე დიდხანს ვერ იქნები... მე ემიგრანტების ცენტრში ფრანგულის მასწავლებლად მოვეწყვე, ბადრიმ ფერმაში მუშაობა დაიწყო.
ბადრი: - საქართველოში თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. ოთხჯერ მოვიარე ავღანეთი. არც სამშობლოში ვიყავი ურიგოდ, მაგრამ გარემოებათა გამო მოგვიწია სამშობლოს დატოვებამ. აქ თავიდან ფერმით დავიწყე, შემდეგ ავეჯის მაღაზიაში გადავედი და დღეს სადისტრიბუციო კომპანიაში ვმუშაობ.
- უკვე შვეიცარიის მოქალაქეები ხართ?
- არა, არც ვცდილობთ აღებას. ხელს არაფერში გვიშლის ის, რომ მოქალაქეები არა ვართ. მეტიც, მე სულ ვხუმრობ, ჩარლი ჩაპლინმა იცხოვრა შვეიცარიაში მოქალაქეობის გარეშე და მე ვინ ვარ-მეთქი. უზომოდ მადლიერი ვარ ამ ქვეყნის. მან ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემთვის ისეთივე ძვირფასია, როგორიც საქართველო.
- როგორ ფიქრობთ, საქართველო ოდესმე შეიძლება გახდეს შვეიცარიის დონის ქვეყანა?
- სიყვარულზე დიდი არაფერი მინახავს ამ სამყაროში, რადგან ის გიბიძგებს ზრუნვისკენ. ჩვენ ასეთი სიყვარული გვაკლია როგორც ოჯახებში, ისე ქვეყანაში. როგორც კი ამ დეფიციტს მოვხსნით, შეუძლებელსაც შევძლებთ. ამბობენ, შეძახილმა ხე გაახმოო, შეძახილს სიკეთეც შეუძლია. ვიძახოთ კარგი, ვიფიქროთ კარგზე, ვაკეთოთ კარგი და საქართველოც დიდებულად იქნება. შვეიცარიის წარმატების გასაღები პასუხისმგებლობაა. ის ოჯახიდან იწყება.
- შვეიცარიელებს ოჯახის კულტი აქვთ?
თიკა: - ლოზანაში კვირადღე უწმინდესია. ამ დღეს ყველა იკრიბება, ბებია-ბაბუების მონახულების დღე აქვთ. ასევე აქვთ მეზობლობის დღესასწაული. გინახავთ, ალბათ, ვიდეოჩანაწერები, როგორ აღნიშნავენ ქუთაისელები მარიამობის დღესასწაულს. უზარმაზარი სუფრა პირდაპირ უბანში, ქუჩაზე იშლება. თითქმის ასე ხდება ლოზანაშიც. წარმოიდგინეთ, მუნიციპალიტეტი გიგზავნის წერილს და გეპატიჟება მეზობლების ზეიმზე. თუ გსურს, მიხვალ.
ისევე როგორც ჩვენთან, აქაც შეიძლება შემოგირბინონ და გთხოვონ ერთი ცალი ხახვი, კვერცხი და ა.შ., შეიძლება თავიანთი მომზადებული კერძიც მოგართვან.
ბადრი: - ვინც აქ ნამყოფია, მისთვის იოლად აღსაქმელია როგორია ევროპა.
- ევროპაში წლობით მუშაობს ხალხი, ევროპით უდგათ სული, მაგრამ მაინც ლანძღავენ.
- ადგილობრივებთან სწრაფად ინტეგრაციაში დაგვეხმარა ინგლისური ენის ცოდნა და სურვილი, მეტი გაგვეგო იმ ხალხის შესახებ, ვინც კარი გაგვიღო და თავშესაფარი მოგვცა. ამიტომაც 4 წელიწადში აქაურები“გავხდით. ევროპაში ჩამოსულ ემიგრანტ ქალთა დიდი ნაწილი კი, უფრო ძველი თაობა, ვერ ლაპარაკობს რომელიმე ევროპულ ან ინგლისურ ენაზე. ფაქტობრივად, მთელ კვირას ატარებენ საქმეში და თავიანთ პაწია ოთახში, სადაც მძიმე ფიქრებთან ერთად ცხოვრობენ, წუხან, რომ ამდენს შრომობენ და მაინც ვერ ხედავენ სიკეთეს, ვერ უბრუნდებიან ოჯახს და ა.შ. ასეთი ქალები თუ გარეთ გადიან, ისევ თავისნაირებთან, ვინც მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. შესაბამისად, ვერ ახერხებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან გაერთიანებას, ვერც ეცნობიან მათ. მასპინძელი ერის შესახებ შთაბეჭდილება ექმნებათ იმის მიხედვით, ვისთანაც მუშაობენ და, დიდი ალბათობით, კვირაში ორ დღეს მაინც საყვედურებს ისმენენ. ასეთი ადამიანი ითრგუნება და ვერ მოსთხოვ ლოგიკურ შეფასებებს. მას ყველაფერი აკლია, ენატრება ოჯახი, რომელთანაც ვერ მიდის და სულ უფრო და უფრო მუქი ხდება მომავალი, რადგან მის შრომას ხშირად ოჯახშიც არ აფასებენ. სამწუხაროდ, უმრავლესობა ამ დღეშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ ქალებს ვერ გაამტყუნებ. მეტიც, მგონია, მათი ცხოვრება მსხვერპლშეწირვაა.
- ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა რამდენად იოლია?
- თუ ქართველებს გამოვრიცხავთ, არ მეგულება შვეიცარიელებზე კარგი ხალხი, ჩვენს ძირითად სამეგობროში ადგილობრივები არიან. გუშინ მომწერა ერთმა, ახალ ბინაში გადავდივარ და გელოდებიო. ისე, როგორც ჩემი ქუთაისელი მეგობარი მომწერდა, არ მკითხავდა, მეცლება თუ არა, შევძლებ თუ არა, რადგან ქუთაისშიც და ლოზანაშიც, "უნდა მოხვიდე" ნიშნავს, რომ მასპინძლისთვის უმნიშვნელოვანესი ხარ.
თიკა: - ჭირშიც და ლხინშიც საოცარი თანადგომა იციან. სანამ მატერიალურად მოვძლიერდებოდით, ჩვენი შვილები დასასვენებლად რომ ვერ მიდიოდნენ, ჩვენს აქაურ მეგობრებს თავიანთი ხარჯით მიჰყავდათ საკუთარ შვილებთან ერთად. მოგვიანებით შევძელით ამითაც გავთანაბრებოდით მათ - ზოგს ჯანმრთელობის, ზოგსაც სამსახურის დაკარგვის გამო გაუჭირდა, სახელმწიფოს დახმარება კი არ კმაროდა და ჩვენც გავუმართეთ ხელი. გაჩნდა ისეთივე ჯაჭვი ჩვენ შორის, როგორიც ქართველ მეგობრებთან გვაკავშირებს. ჩვენს რელიგიურ დღესასწაულებს პატივს სცემენ, მოდიან, გვილოცავენ. ძალიან თბილები და გულუხვები არიან.
- ქუთაისელობა დაგეხმარათ ლოზანაში? (ეს კითხვა იუმორით ნაკარნახევია წარმოშობით ქუთაისელი ჟურნალისტისგან).
ბადრი: - ქუთაისელმა იცის, სად რა უნდა თქვას და რა გააკეთოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ქუთაისელი რომ ხარ, უკვე დიდი გაკვეთილი გაქვს გავლილი. ვიღაც იტყვის, რას ბაქიაობსო. არა, ეს არის ქალაქი, სადაც ტრადიციაა სხვისი აზრის პატივისცემა და თანაც ისე, რომ საკუთარიც არ დააზიანო. მწვადის და შამფურის ვარიანტი არ არის, სულ სხვა რამეა და რომ იგრძნო, ერთი წელი მაინც უნდა იცხოვრო ჩვენს ქუთაისში.
- საქართველოში უკვე ჩამოდიხართ? ბავშვები როგორ შედარებებს აკეთებენ?
- კი, უკვე რამდენჯერმე ვიყავით. სავიზო რეჟიმის გამარტივებამ მოგვცა ეს სიკეთე. ჩვენს ვაჟს უთქვამს თიკასთვის, მამას მეგობრები ძალიან მომწონსო. საქმე ის არის, რომ სტუმრად მისვლის დროს, ჩვენს შვილებს ტრადიციულად ეუბნებიან, ბიძია, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლშიო, და ჩვენი შვილებიც შვეიცარიელი ბავშვებივით პირდაპირ იგებენ ამ კეთილ ჟესტს, ყველა სახლი ჩვენი ჰგონიათ. ძალიან მოსწონთ ქუთაისური, ქართული ურთიერთობები, მაგრამ ცხოვრების წესის მხრივ შვეიცარიულს ანიჭებენ უპირატესობას და ქუთაისში ყოფნის დროს ბევრ რამეს აპროტესტებენ. მაგალითად, როგორ შეიძლება ერთმანეთში იყოს არეული ავტოგასამართი სახელოსნო, ვულკანიზაცია, აფთიაქი, საშაურმე, რატომ ყველაფერს თავისი ადგილი არა აქვსო? რატომ დადიან ძროხები საავტომობილო ტრასებზე და რატომ არის ამდენი მიუსაფარი ძაღლი ქუჩაშიო. ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც საქართველოში მცხოვრები დიდიც და პატარაც შეამჩნევენ, რომ თვითონ ქმნიან პრობლემას და თვითონვე უნდა შეცვალონ ყველაფერი. ეს უნდა მოხდეს კანონის დახმარებით, კანონი ჯდება ცნობიერებაში და ქმნის კულტურას. ჩვენ შესანიშნავი მაგალითები გვაქვს ამ მხრივ. მანქანის ღვედს ვინ გადაიკრავსო! გადავიკარით? დახურულ სივრცეში, რესტორანში, კაფეში გაბოლებაზე უარს ვინ იტყვისო! არ ვთქვით? სადაც კანონი კანონობს, ჯანსაღი ქცევები ყალიბდება. კანონის აღსრულების გარეშე ნებისმიერი ერის წარმომადგენელი და მათ შორის შვეიცარიელიც ეცდება იოლი გზის პოვნას.
თიკა: - ამასთან, აუცილებელია კანონი თანაბრად მოქმედებდეს ყველასთვის და არა შერჩევით.
- და ბოლოს, სვანეთში არ ყოფილხართ ნამყოფი, დაუჯერებელია.
ბადრი: - მხოლოდ სვანეთში კი არა, ქუთაისელობას ჩამომართმევენ ისეთ რამეს გავამხელ (ეცინება). ქუთაისელი კაცი სათაფლიაში არა ვარ ნამყოფი. საქართველოდან იმ ასაკში წამოვედი, რესტორნული გართობები რომ მერჩივნა ბუნებას. მეტიც, ბუნების ფასიც აქ გავიგე და აქაური გადასახედიდან სხვანიარად ვუყურებ იმ სიმდიდრეს, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელსაც მოვლა უნდა და დამიჯერეთ, საქართველოც გახდება შვეიცარიის მსგავსი.