როგორ იქცა უბრალო სუფრა საერთაშორისო ურთიერთობების, სიმბოლიკისა და ძალაუფლების ინსტრუმენტად
დიპლომატიური ვახშმის ისტორია ასახავს იმ გზას, როგორ იქცა უბრალო სუფრა საერთაშორისო ურთიერთობების, სიმბოლიკისა და ძალაუფლების ინსტრუმენტად. დიპლომატიური ვახშმის ფესვები ძველ ცივილიზაციებში შეგვიძლია ვეძებოთ. ჯერ კიდევ მესოპოტამიაში, ძველ ეგვიპტესა და რომში სტუმართმოყვარეობა და სუფრა მმართველთა შორის ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენდა. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის კარზე ვახშამი იქცა ძალაუფლების დემონსტრაციის საშუალებად - მეფის მაგიდასთან დაჯდომა მაღალი სტატუსის სიმბოლო იყო. თანდათან დიპლომატიური ვახშამი იქცა "კულინარიულ დიპლომატიად", სადაც კერძები, ღვინო და ეტიკეტი პოლიტიკურ გზავნილებს ატარებდნენ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს 1814-1815 წლებში გამართული ვენის კონგრესი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა ევროპის ისტორიაში, რომელმაც ნაპოლეონის ომების შემდეგ საფუძველი ჩაუყარა ახალ პოლიტიკურ წესრიგს. კონგრესის მიზანი იყო ევროპაში მშვიდობის აღდგენა, საზღვრების გადანაწილება და ძალთა ბალანსის შენარჩუნება. ვენის კონგრესი ცნობილია არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგებით, არამედ მდიდარი დიპლომატიური ვახშმებითა და წვეულებებით. დიპლომატიური სუფრა იქცა პოლიტიკური მოლაპარაკებების ფარულ სცენად, სადაც გადაწყვეტილებები არაოფიციალურ გარემოში მიიღებოდა.
ეტიკეტი და პროტოკოლი
დიპლომატიური ვახშმის პროტოკოლი მკაცრად რეგულირდება. განსაზღვრულია მაგიდის განლაგება და ფორმა, სტუმრების ტიტულების მიხედვით წარდგენა, ჩაცმულობის სტილი და საუბრის თემებიც კი. მაგიდის განლაგება და ადგილების ტიტულების მიხედვით განაწილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროტოკოლურ ელემენტს წარმოადგენს. განასხვავებენ ფრანგულ და ბრიტანულ სტილებს. თითოეული მათგანი ატარებს კულტურულ და პოლიტიკურ სიმბოლიკას.
ფრანგული სტილის მიხედვით, მასპინძელი (პრეზიდენტი ან ელჩი) იკავებს ცენტრალურ ადგილს. სტუმრები განლაგებული არიან სტატუსის მიხედვით, მარჯვნივ და მარცხნივ. მარჯვენა მხარე ითვლება უფრო საპატიო ადგილად. წყვილები (მეუღლეები, პარტნიორები) არ უნდა ისხდნენ ერთად, რათა ხელი შეეწყოს დიპლომატიურ დიალოგს. ფრანგულ ვარიანტში ხშირად გამოიყენება გრძელი ოვალური ან სწორი მაგიდა.
ბრიტანული სტილის შემთხვევაში მასპინძელი და საპატიო სტუმარი ადგილებს იკავებენ მაგიდის თავში. სტუმრები განლაგებული არიან ალტერნატიული პრინციპით - მონაცვლეობით სტატუსისა და სქესის მიხედვით, რათა შეიქმნას ბალანსი, კომუნიკაცია და სოციალური დინამიკა.
დიდ მიღებებზე გამოიყენება რამდენიმე მაგიდა, სადაც სტუმრები დაყოფილი არიან ჯგუფებად. პროტოკოლი თითოეულ მაგიდაზე ცალკე მოქმედებს.
მაგიდების ფორმა და განლაგება ყოველთვის ემსახურება გარკეულ მიზანს, იქნება ეს ძალაუფლების დემონსტრაცია, თანასწორობის ხაზგასმა, დიალოგის წახალისება თუ კულტურული სიმბოლიკა.
დიპლომატიური ვახშამი არ არის მხოლოდ ფორმალური კვება - ეს არის სცენა, სადაც ყალიბდება ურთიერთობები, სიმბოლოები თამაშობენ როლს და თითოეული დეტალი, დაწყებული ღვინის არჩევიდან, დამთავრებული მაგიდის განლაგებით, ატარებს კონკრეტულ გზავნილს.
ეროვნული დღესასწაულის ან მთავრობის წარმომადგენლის ან დელეგაციის პატივსაცემად გამართული მიღებებისთვის შეკვეთილია სპეციალური ბლანკები, რომელთა ზედა ნაწილში მითითებულია აღსანიშნავი დღე. მოწვევის მიღების შემდეგ, საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე ან სხვა მიღებაზე დასწრება სავალდებულოა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება გაუთვალისწინებელი ან გადაუდებელი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის დასწრებას, შეიძლება უარი თქვათ მიღებაზე.
საუზმის, სადილის, ვახშმის ან სხვა მიღებებზე, რომლებზეც ღშVP-ია მითითებული, სტუმრები დროულად უნდა გამოცხადდნენ მოსაწვევში მითითებულ დროს. დაგვიანება ეტიკეტის დარღვევად ითვლება და შეიძლება ნეგატიურად, სულაც შეურაცხმყოფლად აღიქმებოდეს. დასაჯდომი ადგილების გარეშე ჩატარებული მიღებების შემთხვევაში, სადაც მოწვევაში მითითებულია დაწყების და დასრულების დრო, სტუმრებს შეუძლიათ მისვლა და წასვლა მოსაწვევში მითითებულ ნებისმიერ დროს. მიღების დასაწყისში მისვლა სავალდებულო არ არის, ისევე როგორც ბოლომდე დარჩენა. თუმცა, ასეთი მიღების დასაწყისში მისვლა და ბოლოს გასვლა მასპინძლისა და იმ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებით მეგობრული დამოკიდებულების გამოხატულებად ითვლება. მოსაწვევში მითითებული დასრულების დროის შემდეგ მიღებაზე დარჩენა მიუღებელია და პროტოკოლის დარღვევას წარმოადგენს.
ოფიციალური ვახშამი და მისი პერიპეტიები
მიღება ორი ნაწილისგან შედგება. პირველი არის სტუმრების შეხვედრა, მისალმება, პირადი და საჯარო საუბრები, აპერიტივების მირთმევა. მეორე ნაწილი კი სრული სერვისის ბანკეტს წარმოადგენს, მიღებისა და ბანკეტებისთვის აუცილებელია ორი მიმდებარე ოთახი - ერთი სტუმრების მიღებისა და შეკრებისთვის, ხოლო მეორე - ბანკეტისთვის. მიღების პირველი ნაწილი ხშირად ფოიეში ან ბაღში ტარდება.
სტუმრებს ბანკეტის ოთახში მიწვევამდე, მისაღებ დარბაზში აპერიტივებს სთავაზობენ. უალკოჰოლო სასმელებს შორისაა წვენები, მინერალური წყლები, გაზიანი წყალი ან გაცივებული ყინულიანი წყალი. შაქრიანი სასმელები აქ არ გამოიყენება, რადგან ისინი მადას აქვეითებს. ალკოჰოლური სასმელებიდან საუკეთესო აპერიტივად ვერმუტი ითვლება. სტუმრებს ასევე სთავაზობენ შამპანურს (უმეტესად - ბრუტს.), ნატურალურ ღვინოებს, ასევე ბრენდისა და არაყს.
აპერიტივის სამი სახეობა არსებობს: ერთჯერადი, კომბინირებული და შერეული. ერთჯერადი აპერიტივი შეიცავს მხოლოდ ერთ სასმელს, მაგალითად, ვერმუტს ან შამპანურს. კომბინირებული აპერიტივი კი ორ ან მეტ სასმელს გულისხმობს.
ოფიციალური მიღების მეორე ნაწილი ანუ სრული სერვისის ბანკეტი წარმოადგენს დიპლომატიური ღონისძიების ყველაზე ფორმალურ და პროტოკოლურად გაწერილ ეტაპს. ეს არის ვახშამი, სადაც თითოეული დეტალი, მაგიდის განლაგებიდან დაწყებული, კერძების თანმიმდევრობით დასრულებული, ემსახურება მასპინძელი ქვეყნის კულტურის, სტუმართმოყვარეობისა და დიპლომატიური ტაქტის გამოხატვას.
სტუმრები, რომლებიც უკვე მიიღეს მისაღებ დარბაზში და დააგემოვნეს აპერიტივები, გადაინაცვლებენ ბანკეტის დარბაზში. ისინი თავის ადგილებს პოულობენ წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით, რომელიც განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას. ხშირად ეს არის დაფა ან სტენდზე გამოფენილი სია, სადაც მითითებულია თითოეული სტუმრის სახელი, მაგიდის ნომერი და კონკრეტული ადგილი. თუ ბანკეტი ერთდროულად რამდენიმე დარბაზში იმართება, სია მოიცავს ასევე დარბაზის დასახელებას ან ნომერს, ხოლო ზოგჯერ თან ახლავს დარბაზების რუკაც, რაც სტუმრებს გადაადგილებას უადვილებს.
დიპლომატიური ვახშმის სუფრის გაშლისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროტოკოლურ წესებს, სიმეტრიულ განლაგებას და სტუმრების სტატუსის მიხედვით პოზიციონირებას. მაგიდაზე ჭურჭელი და შესაბამისი ატრიბუტიკა განთავსებულია მკაცრად განსაზღვრული პრინციპით. რაც შეეხება დეკორს - ყვავილებით, სანთლებით ან ეროვნული სიმბოლიკით შექმნილი კომპოზიცია უნდა იყოს ელეგანტური და დახვეწილი, თუმცა არა გადატვირთული.
ოფიციალური ვახშმის დაწყებისთანავე, პირველი კერძი, რომელიც მაგიდაზე შემოაქვთ, არის წვნიანი ან მსუბუქი სალათი. იგი წარმოადგენს სტარტერს, აპეტაიზერს. შემდეგ მოჰყვება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძი, რომელიც ხშირად წარმოაჩენს ქვეყნის კულინარიულ იდენტობას. მაგალითად, საფრანგეთში ეს შეიძლება იყოს თევზის წვნიანი, ბუიაბესი, ხოლო საქართველოში შესაძლოა ეს იყოს კალმახი ბროწეულის სოუსში.
მთავარი კერძი (ფრ. პლატ პრინციპალ) არის ვახშმის ცენტრალური ნაწილი. აქ მასპინძელი ქვეყანა ხშირად ირჩევს იმ კერძს, რომელიც მისთვის კულტურულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, იტალიაში ეს შეიძლება იყოს ხბოს ხორცი ღვინის სოუსში, იაპონიაში კი, ვაგიუს სტეიკი. მისაყოლებლად - ბოსტნეული, კარტოფილი, ბრინჯი და ა.შ. შერჩეულია არა მხოლოდ გემოვნების, არამედ ვიზუალური ბალანსის მიხედვით.
მთავარი კერძის შემდეგ მოდის ყველის დრო. ეს განყოფილება განსაკუთრებით ევროპული მიღებებისთვის არის დამახასიათებელი. სტუმრებს სთავაზობენ ადგილობრივი ყველის სახეობებს, რომლებიც ხშირად რეგიონული სიამაყის საგანია. ყველს თან ახლავს შესაბამისი მსუბუქი ღვინო. დესერტი ვახშმის ფინალური ნაწილია. იგი უნდა იყოს ელეგანტური, მაგრამ არა გადაჭარბებულად ტკბილი. კლასიკური არჩევანია კრემი, მუსი, ხილის კომპოზიცია ან ტორტი. ზოგჯერ მას თან ახლავს დიჟესტივი - მცირე რაოდენობით კონიაკი ან ლიქიორი.
მენიუს შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიეტურ შეზღუდვებს, რელიგიური, ეთნიკური, ვეგეტარიანული მოთხოვნები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. წინასწარ განიხილება კონკრეტულ კერძებთან ღვინის შეხამება, საყოველთაოდ მიღებული წესების მიხედვით. მაგალითად, თეთრი ღვინო კარგად მიდის თევზსა და ქათმის ხორცთან, წითელი - ხორცთან, მაგარი წითელი ღვინოები - ნანადირევსა და შემწვარ ხორცთან და ა.შ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, მუსლიმურ კულტურებში, ალკოჰოლი საერთოდ არ გამოიყენება, რაც მენიუს სტრუქტურას ცვლის.
ბანკეტის დროს ხშირად ტარდება სადღეგრძელოები და ოფიციალური სიტყვები. მასპინძელი მიმართავს სტუმრებს, გამოხატავს მადლიერებას, ხაზს უსვამს ორმხრივ ურთიერთობებს. საპატიო სტუმარი, თუ ეს პროტოკოლით გათვალისწინებულია, ასევე წარმოთქვამს სიტყვას. ზოგჯერ, განსაკუთრებით კულტურულ ღონისძიებებზე, ბანკეტს თან ახლავს მუსიკალური ნომრები, მცირე წარმოდგენები ან ეროვნული ელემენტები.
ბანკეტის დასრულების შემდეგ, სტუმრები ტოვებენ დარბაზს ორგანიზებულად. ზოგჯერ მათ სთავაზობენ ფარეწელლ დრინკ-ს (დიპლომატიური ან ოფიციალური მიღების ბოლოს შემოთავაზებული სასმელი, რომელიც სიმბოლურად ასრულებს ღონისძიებას.) ან მცირე საჩუქარს - მაგალითად, ადგილობრივი პროდუქტის სიმბოლურ ნიმუშს.
მირთმევის სპეციფიკა
კერძების მირთმევის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს. პირველი გულისხმობს კერძის სამზარეულოში განთავსებას და სტუმრისთვის მზა სახით მირთმევას. მაგალითად, რესტორნები ასე აკეთებენ ამას. მეორე მეთოდი ფრანგული მეთოდია (ითვლება ყველაზე ფორმალურად). აქ მიმტანის დახმარება აუცილებელია. მიმტანი სტუმარს მარჯვნიდან უახლოვდება და მარჯვენა ხელში სასერვირო კოვზით, მარცხენა კი თეფშით უჭირავს, საჭმლის ნაწილს სტუმრის თეფშზე ათავსებს. მიმტანი ასევე იმავე მხრიდან სთავაზობს ღვინის ბოთლს. ჩამოსხმისას მიმტანმა ბოთლი ისე უნდა დაიჭიროს, რომ სტუმარმა ეტიკეტი დაინახოს. თუ სტუმარს კერძის მირთმევას სთხოვენ, მიმტანს კერძი მარცხნიდან მოაქვს. და ბოლოს, არსებობს მესამე მეთოდი - ოჯახური მომსახურება. ამ შემთხვევაში, მასპინძელი გარნირს მიირთმევს, ხოლო მასპინძელი ჭრის და მიირთმევს ხორცს. მიღების ეს ტიპი ნაკლებად ფორმალურია.
კარგად მომზადებულ და ზედმიწევნით დაგეგმილ მიღებას შეიძლება ცუდი მომსახურება აფუჭებდეს. მიღებების მართვა გამოცდილ მეტრდოტელებსა და მიმტანებს ევალებათ. მათ უნდა იცოდნენ, თუ როდის და როგორ მიირთვან და როდის წაიღონ საკვები, ვისთან დაიწყონ და დაასრულონ კერძების მირთმევა და როგორ მოიქცნენ სადღეგრძელოების დროს. მოკლედ, მათ უნდა უზრუნველყონ უნაკლო მიღება დასაწყისიდან დასასრულამდე.
ქეთი ადეიშვილი