"იყო ბევრი დადებითი ემოცია, ცრემლებიც. ბაადურს ძალიან უყვარდა ბათუმი... როცა, ბოლო დროს მის ქუჩებში დადიოდა, ტიროდა: ეს რა უქნეს ამ ქალაქსო?.." - რას იხსენებს ლედი წულაძე ძმისა და ლეგენდარული "ფეოლას" საიუბილეო საღამოზე? - კვირის პალიტრა

"იყო ბევრი დადებითი ემოცია, ცრემლებიც. ბაადურს ძალიან უყვარდა ბათუმი... როცა, ბოლო დროს მის ქუჩებში დადიოდა, ტიროდა: ეს რა უქნეს ამ ქალაქსო?.." - რას იხსენებს ლედი წულაძე ძმისა და ლეგენდარული "ფეოლას" საიუბილეო საღამოზე?

სექტემბრის მიწურულს ბათუმში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - ბაადურ წულაძის დაბადებიდან 90 წლისთავს. ამ თარიღს დაუკავშირეს მისი ფილმის - „ფეოლას“ გამოსვლიდან 55 წლისთავიც.

ბატონი ბაადური ბათუმელი გახლდათ და სწორედ ამ ქალაქში იყო უფრო უპრიანი მისი გახსენება. იმ დღის ემოციებზე და საღამოს მიმდინარეობის შესახებ, გვესაუბრება მსახიობის და, ქალბატონი ლედი წულაძე.

baaduri-1763311440.png

- პროექტის იდეა, ორგანიზება და განხორციელება ეკუთვნის ოლიკო ჟღენტს (კინოდოკუმენტალისტი და ხელოვნებათმცოდნე). მას გვერდით ედგა თავისი და ქეთევანი, მოფერებით ქუშას ვეძახით. ამ დებმა თუკი რამე ჩაიფიქრეს, ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავთ. ჟღენტები და ჩვენ მეზობლები ვართ თბილისში, ბაადურს ოლიკოც და ქეთუშაც ბავშვობიდან იცნობდნენ და ძალიან უყვარდათ. როცა დებმა ბათუმში, სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი დააარსეს, ძალიან გამიხარდა. პატარა ქუჩაზე იდგა ძველი ლამაზი შენობა, სადაც ადრე იყო თურქული აბანო და მისი რეკონსტრუქციის შემდეგ, იქ დაიდო ბინა მუზეუმმა. იქვე ახლოსაა მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე. ოლიკომ მითხრა, რომ მუზეუმში ერთი ოთახი ბაადურს უნდა დავუთმოო, რაზეც დიდი უარი განვაცხადე, მაგრამ დებმა თავისი გაიტანეს და მათ უკვე უამრავი ნივთი გადავეცი.

baaduri-90-1763311569.png

- იმ დღეზე მიამბეთ.

- საღამო ჩატარდა ღია ცის ქვეშ, იმ ქუჩაზე, სადაც კინომუზეუმი მდებარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაადურის არქივიდან არაერთი ფოტო და აფიშა, „ფეოლას“ გადაღების პროცესის ამსახველი უნიკალური ფოტოები. ღონისძიება მიჰყავდა ოლიკოს, დასაწყისში რამდენიმე საინტერესო ისტორია მოყვა ბაადურზე. მერე აჩვენეს მისი შემოქმედებისა და „ფეოლას“ გადაღებების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი. ოლიკომ იცოდა, რომ მე სცენაზე არ ავიდოდი, ამიტომ, დამიყოლია და წინასწარ ჩაწერა ჩემთან ინტერვიუ, სადაც ვიხსენებ ბაადურის ბავშვობას, რა უყვარდა, რა აინტერესებდა, ჩვენს ურთიერთობაზე...

31-1763311474.jpg

რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი დაეთმო საუბარს ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე. ბათუმის ბავშვთა უბნის ფეხბურთში გამოავლინეს საუკეთესო გუნდი - „ძველი ბათუმი“ და მათ გადასცეს თასი - „ფეოლა 55“. აჭარის ფეხბურთის ფედერაციისგან ჯილდოები გადაეცათ ბათუმის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს, ასევე, დაჯილდოვდნენ ნორჩი ფეხბურთელები და ჟორა ხვედელიძის როლის შემსრულებელი - გიგლა ცინცაძე. გიგლამ გაიხსენა ამ ფილზე მუშაობის პერიოდი, გადაღების პროცესი და ისიც, რომ კარგად იცნობდა დედაჩემს და მამაჩემს. აჩვენეს კადრები ფილმიდან. საერთოდ, საღამოს მიმდინარეობისას ეკრანზე მუდმივად გადიოდა ბაადურის კადრები და ნაწყვეტები ფილმებიდან მისი მონაწილეობით. ოლიკოს მოფიქრებულია საიუბილეო აფიშის სახეც.

ღონისძიების შემდეგ, ჩემთან მოკრძალებით მოვიდა ერთი ახალგაზრდა კაცი და მითხრა: ქალბატონო ლედი, თუ შეიძლება, რომ ფილმის საიუბილეო მაისური თქვენც გაჩუქოთო. მე ვუპასუხე, რომ შეიძლება კი არა, აუცილებელია-მეთქი.

41-1763311493.jpg

- „ფეოლაზე“ მუშაობის შესახებ არაერთხელ უსაუბრია ბატონ ბაადურს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გავახსენოთ მკითხველს რამდენიმე ეპიზოდი.

-კი, ამაზე ოლიკომაც ისაუბრა იმ დღეს. ფილმის სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა და ბაადურს ეუბნებოდა, კარგი იდეა მაქვსო და უყვებოდა პატარა ეპიზოდებს. ჩემმა ძმამ უთხრა: ნუ მიყვები, დაჯექი და დაწერეო.

რეზომ უპასუხა: არა, მე მოგიყვები და შენ დაწერეო.

- მე რომ მინდოდეს წერა, სცენარს თავად დავწერდიო...

ასე გრძელდებოდა კარგახანს. რეზო ამბობდა - მოქმედება ქუთაისში ხდებაო, მაგრამ ბაადურმა თავიდანვე დაუზუსტა: მაგაზე არც იფიქრო, ფილმი ბათუმში უნდა გადავიღოო.

რეზო ფიქრობდა, რომ მთავარი როლი ბაადურს უნდა შეესრულებინა. ეს არ დაეთანხმა და ამბობდა: მე ვარსკვლავი მჭირდებაო... მოფიქრებულიც ჰქონდა, ვინ უნდოდა. იპოლიტე ხვიჩიას პირადად არ იცნობდა, ამიტომ ნერვიულობდა, მაგრამ ის მაშინვე დასთანხმდა, რადგან სცენარი მოეწონა. ბაადური იპოლიტეს ემადლიერებოდა და მეუბნებოდა: ჩემი მარჯვენა ხელი იყო, გადაღებების შუალედებში ბავშვებს ის უვლიდა, რაღაცებს უყვებოდა, ეთამაშებოდა და ძალიან მეხმარებოდაო. იპოლიტეს თვლიდა მსოფლიო დონის არტისტად.

51-1763311515.jpg

- თქვენი ძმის მეგობრებიდან თუ კოლეგებიდან, ალბათ, ცოტანი დარჩნენ...

- თითქმის აღარავინ. იმ დღეს ჩვენი ასაკის (2 წლით უმცროსი ვარ ბაადურზე) და წრის ადამიანებიდან, ვისაც ვიცნობდი, მხოლოდ 4 ბათუმელი მოვიდა.

6-1763311536.jpg

- რომელი ეპიზოდი იყო იმ საღამოდან თქვენთვის გამორჩეული?

- იყო ბევრი დადებითი ემოცია, იყო რასაკვირველია, ცრემლებიც. ბაადურს ძალიან უყვარდა ბათუმი... როცა, ბოლო დროს მის ქუჩებში დადიოდა, ტიროდა: ეს რა უქნეს ამ ქალაქსო?..

საღამოს კულმინაციური მომენტი იყო სწორედ ის ეპიზოდი, როცა ოლიკოს მიერ გადაღებულ ვიდეოში ბაადური გულდაწყვეტით საუბრობს ბათუმზე და განიცდის მის ახალ იერსახეს. ბაადურის ყოველ სიტყვაზე ტაში ისმოდა იმიტომ, რომ ბათუმელები მის ნათქვამს ეთანხმებოდნენ.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)