გზა ჯოჯოხეთისკენ: წაიკითხე და შესაძლოა უბედურებას ასცდე!
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებულმა მოვლენებმა, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ძალიან ბევრი საჭირბოროტო თემა უკანა პლანზე გადასწია, მათ შორის, ისეთი საკითხები, რომელთა მოუგვარებლობა პირდაპირ ემუქრება ათეულათასობით ჩვენი თანამოქალაქის არსებობას. მათ შორის არის 21-ე საუკუნის შავი ჭირი - ლუდომანია, რომელიც მეცნიერების აღიარებით, ნარკომანიაზე უარესია.
ვსაუბრობთ ონლაინკაზინოებზე, სადაც დარეგისტრირება უმარტივესია და სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით ეს მოზარდებსაც შეუძლიათ. ონლაინკაზინო გაღატაკებისა და ცხოვრების დანგრევის ყველაზე სწრაფი გზაა. თავად განსაჯეთ, რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე - სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ უკვე 76 მილიარდ ლარს მიუკაკუნა.
აქვე სიამაყით კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ სანამ კანონით მედიაში აიკრძალებოდა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, მანამდე, კარგა ხნით ადრე, "პალიტრამედიამ" საკუთარი გადაწყვეტილებით თავის მედიაპლატფორმებზე აკრძალა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამა. ასევე, ჩვენმა ჰოლდინგმა წამოიწყო კამპანია „"არ ითამაშო, იცხოვრე", რომლის ფარგლებშიც ვწერდით და ვაჩვენებდით იმ ჯოჯოხეთს, რომელიც თამაშდამოკიდებულებს ემუქრებათ, სპეციალისტები აძლევდნენ რჩევებს ამ მავნე სენისგან ადამიანების გამოგლეჯის მიზნით და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეულათასობით ლარის შემოსავალი დაგვაკლდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, თუნდაც ერთი ადამიანის დახმარება თუ შევძელით, თუნდაც ერთი ოჯახი თუ გადავარჩინეთ დანგრევასა და გაღატაკებას...
დღეს კანონით სათამაშო ბიზნესის რეკლამა მედიაში აკრძალულია. თუმცა მარკეტინგმა სხვა, ძალზე ეშმაკურ და დახვეწილ ხერხებს მიაგნო. ინტერნეტი გაჯერებულია ონლაინკაზინოების რეკლამით. მაგალითად, თუ რომელიმე საიტზე ფილმის ყურება გინდათ (მეკობრულ საიტებს ვგულისხმობ - ქართულსაც და უცხოურსაც), ჯერ აუცილებლად რომელიმე ქართული ონლაინკაზინოს რეკლამა "ამოგიხტებათ", რომელიც რამდენიმე წამში გამდიდრებას დაგპირდებათ. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ონლაინკაზინოების მარკეტინგმა მოიფიქრა.
კერძოდ, სოციალურ ქსელში ცნობადი სახეები ლაივ-რეჟიმში ონლაინკაზინოში თამაშობენ - ანუ რომელიმე სათამაშო ბიზნესის კომპანია მათ უხდის ფულს იმისთვის, რომ ლაივ-რეჟიმში ითამაშონ კონკრეტულ ონლაინკაზინოში. რა თქმა უნდა, ეს იფუთება იმით, თითქოსდა ისინი საკუთარი ფულით თამაშობენ. ჰოდა, „წარმოიდგინეთ, ხშირად იგებენ და სოციალურ ქსელში ასეთი ვიდეოები აჭრელებულია შემდეგი სათაურებით: "დავიწყე ორასი ლარით და 120 ათასი მოვიგე", „"სასწაული მოგება"“ და ა.შ. ეს ცნობადი სახეები პოპულარულები არიან ახალგაზრდებში. შესაბამისად, ონლაინკაზინოების „შტურმის“ მთავარი ობიექტები ახალგაზრდები არიან. არავის მორალს არ ვუკითხავთ, მაგრამ საინტერესოა, თავად ამ ცნობადმა სახეებმა თუ იციან, რა საქმეს ემსახურებიან.
თქვენი მონა-მორჩილის საახლობლოში იყო რამდენიმე ლუდომანი. დღეს ისინი აღარ თამაშობენ, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხეს ეს სენი. თუმცა უკვე იმდენი აქვთ წაგებული, ორ-ორ ბინას იყიდდნენ. მათი ისტორიიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რა ჯოჯოხეთურ გზას გადის ლუდომანი.

დაწყება - პირველი ნაბიჯი კატასტროფისკენ
თუ ლუდომანი გეტყვით, რომ თამაში დაიწყო გასართობად და დროის გასაყვანად, ის გატყუებთ. „"პალიტრამედიის" კამპანიის „"არ ითამაშო, იცხოვრე"“ ფარგლებში, ჩვენ ეს თემა კარგად შევისწავლეთ და ერთი ტერმინით მოვუძებნეთ ახსნა - „"ელიოზის სინდრომი". როგორც „"ნატვრის ხეში"“ ღარიბ-ღატაკი ელიოზი ხან ოქროს თევზს ეძებდა და ხან ჯადოსნურ ხეს, ისე საქართველოშიც უმრავლესობა თამაშს იწყებს იმიტომ, რომ უცბად, ყოველგვარი შრომის გარეშე, ფული მოიგოს. მათ უდიდეს ნაწილს ან მცირე შემოსავალი აქვს, ან სერიოზული ფინანსური პრობლემები.
ონლაინკაზინოს ალგორითმი ისე არის მოწყობილი, რომ დამწყები, როგორც წესი, იგებს. მას უჩნდება ცრუ ილუზია, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ფულის იოლად შოვნა. თამაშობს მეორედაც და, აგებს. უკვე ვეღარ არის ისეთ კარგ ხასიათზე, თუმცა სურს წაგებული ფული მაინც დაიბრუნოს. ჰოდა, თამაშობს მესამედაც და... აგებს. და უკვე აღმოაჩენს, რომ ანგარიშზე ფული აღარ აქვს. რაც ჰქონდა, წააგო. არადა, პური საყიდელია, კომუნალურები გადასახდელია, ბანკის ვალდებულებები გასასტუმრებელი. ჰოდა, ის სესხულობს ფულს (ბანკიდან ან კერძო პირისგან).
მოკლედ, ჩვენს დამწყებ ლუდომანს უკვე ვალი აქვს. მისი ტვინის ერთი ნაწილი ხვდება, რომ მიქარა, თუმცა მეორე ნაწილს არ ავიწყდება ის პირველი მოგება. ფიქრობს, მოდი, მცირე თანხით ვითამაშებ, იქნებ წაგებულის ნაწილი ამოვიღოო. შეიძლება მოიგოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა - იქნებ მთლიანად ამოიღოს წაგებული თანხა. ჰოდა, აგებს, ისევ ცდილობს თანხის ამოღებას და ისევ აგებს...
დიახ, შეიძლება ერთ დღეს მეტ-ნაკლებად სოლიდური თანხა მოიგოს. თუმცა ეს იმდღევანდელ მოგებასთან ჩანს სოლიდური, თორემ, თუ გადათვლის, მიხვდება, რომ წაგებული (ანუ სანამ ამ მოგებამდე მოვიდოდა) ბევრჯერ მეტი აქვს. გგონიათ, მოგებული ფული დიდხანს უჩერდება ლუდომანს?! არა, რა თქმა უნდა. ჩვენი ლუდომანის ტვინი უკვე დადებითად არის განწყობილი ონლაინკაზინოს მიმართ. შეიძლება ერთი დღე არ ითამაშოს, ორი, სამი დღე და შემდეგ...მუშაობს პრინციპი: „მოდი, პატარა თანხით ვითამაშებ, ეს ხომ არ გამაღატაკებს. აგებს, აგებს, აგებს და სულ რამდენიმე საათში აღმოაჩენს, რომ ანგარიში ისევ ნულზე აქვს და რამდენიმე დღის წინ მოგებული თანხაც წააგო და ზემოდან კიდევ იმდენი.
თამაშდამოკიდებულება ანუ უბედურება, რომელსაც არ აღიარებ
მოკლედ, ერთ დღეს ჩვენი ლუდომანი აღმოაჩენს, რომ ყოველდღე თამაშობს ონლაინკაზინოში. იშვიათ მოგებებს მოსდევს წაგებების სერია, იზრდება ვალების ოდენობა და კრიტიკულ ზღვარს აღწევს. თუმცა ის თამაშდამოკიდებულებას არ აღიარებს - მიიჩნევს, რომ როდესაც მოინდომებს, მაშინ დაანებებს თავს. მისი ტვინი ასე ფიქრობს - ერთი სოლიდური მოგება და მორჩა, ვწყვეტ თამაშსო. ეს მოგება არ ჩანს და თუ გამოჩნდა, ზემოხსენებული სქემით ისევ ონლაინკაზინოს უბრუნდება.
ზოგჯერ ლუდომანი იტყვის, მორჩა, აღარ ვთამაშობო! და შეიძლება თვეები მართლაც არ ითამაშოს. თუმცა ონლაინკაზინო ასე იოლად თავს არ დაგანებებს. იქ ამჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც ინტენსიურად თამაშობდა, სადღაც გაქრა. შესაბამისად, ერთ „მშვენიერ“ დღეს ჩვენს ლუდომანს მისდის მესიჯი - „თქვენ დაგერიცხათ ამდენი და ამდენი ფრისპინი“ (ეს არის უფასო დატრიალებები). ჰოდა, ჩვენი ლუდომანი იწყებს ფიქრს - ამის დედა ვატირე, მე ხომ ფულს არ ვრიცხავ, შევალ, უფასოდ დავატრიალებ და რაც არის, ეგ არისო...შედის, ატრიალებს და ასიდან ას შემთხვევაში უკან აღარ გამოდის. უკვე რიცხავს თავის ფულსაც და 100-დან 99 შემთხვევაში ისევ აგებს და ისევ თავფეხით ეშვება ამ ჯოჯოხეთში.
დეგრადაცია ანუ როგორ ცვლის ლუდომანია ადამიანს
ლუდომანი ძალიან, ძალიან უბედური ადამიანია. ის თავს გრძნობს აბსოლუტურად გამოცარიელებულად - განსაკუთრებით წაგებების შემდეგ. არანაირი ემოცია არ გააჩნია. ფაქტობრივად, მოსიარულე მიცვალებულია. სამსახურში ცუდად მისდის საქმეები, გულს ვერ უდებს ვერაფერს და პრინციპში, იმის ფონზე, რაც ხდება მის თავს, მუშაობაც და კიდევ ათასი რამ უაზრობად მიაჩნია. ახლობელ ადამიანებთან აღარ კონტაქტობს, იმიტომ, რომ აღარაფერი აინტერესებს. ღამე წესიერად ვერ სძინავს.
თუმცა ეს ყველაზე იოლი ვარიანტია. უარეს შემთხვევაში, ლუდომანის ცხოვრებაში ჩნდება ტყუილი. ის ატყუებს დას, ძმას, მეგობარს, ოჯახის წევრს, ნაცნობს თუ უცნობს, რომ როგორმე სათამაშო ფული იშოვოს. თვითონ ძალიან კარგად ხვდება, რომ არასწორად იქცევა. თუმცა მის თავში ეს ყველაფერი ასეა დალაგებული - „მოვიგებ და ყველას ვალს გავუსწორებ. თუმცა ვერ იგებს და იდებს ახალ-ახალ ვალს. ლუდომანსა და ნარკომანს რამდენიმე საერთო თვისება აქვთ, პირველ რიგში ის, რომ ორივეს აქვს „ლომკები“ და კიდევ საკითხავია, რომელი უფრო ძლიერია- „წამლის“ თუ ონლაინკაზინოსი. გარდა ამისა, „ლომკის“ დროს ნარკომანი უდაბნოშიც რომ დასვა, ის როგორღაც მოახერხებს ნარკოტიკის შოვნას. ასეა ლუდომანიც - მისი სასოწარკვეთილი აზროვნება ისეთ ისტორიებს შეთხზავს, რომ სათამაშო ფულს იშოვის.
თუმცა, რა თქმა უნდა, აგებს და უკვე ჩნდება სუიციდური აზრები. სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი რა ინფორმაციასაც ფლობს, საქართველოში თვითმკვლელობათა დიდი ნაწილი სწორედ ლუდომანიას უკავშირდება.
მოკლედ, ჩვენ მივიღეთ ადამიანი, რომელიც ერთ დროს პერსპექტიული იყო, კარგი კარიერის გაკეთება შეეძლო, ჰქონდა შანსი, ცხოვრებით დამტკბარიყო...მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სიზმარივით ახსოვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ეყოფა თუ არა იმის ერთი ადგილი, რომ ხიდიდან გადახტეს.
როგორ დავეხმაროთ ლუდომანს
პირველ რიგში - არ დაიჯეროთ ლუდომანის ცრემლების, არ მისცეთ ფული, სულ ყველაფერი რომ დაიფიცოს, რომ ვალებს გაისტუმრებს და მორჩა! 100-დან 99 შემთხვევაში, ისევ ითამაშებს, წააგებს და აცრემლებული სხვას მიადგება!!! ფულის მიცემით და ვალების გასტუმრებით მას დათვურ სამსახურს უწევთ. დააყენეთ ის სწორ გზაზე, გამოგლიჯეთ ონლაინკაზინოს და თავის ფინანსურ პრობლემებს თავად მოაგვარებს.
თუმცა არაფერს აზრი არა აქვს, თუ ლუდომანმა რეალურად, გულწრფელად არ აღიარა, რომ თამაშდამოკიდებულია და დიდი უბედურება სჭირს. თუ არ შეხედა ფართო სურათს, რა დღეში ჩაიგდო თავი და ახლობლებიც. თუ მან ეს გაიაზრა, გადარჩენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ლუდომანმა საკუთარი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. სხვანაირად, გულწრფელი აღიარების გარეშე, რომელ ფსიქოლოგსაც ან ორგანიზაციასაც არ უნდა მიმართოს, აზრი არა აქვს. უკვე შემდგომი პერიოდი იქნება საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ "ხელი არ წაუცდეს", და სწორედ ამაში სჭირდება ახლობლების მხარდაჭერა. საკუთარ თავთან ბრძოლაში მას ძალიან დაეხმარება, თუ შემოსავლების სამსახურში საკუთარ თავს აზარტდამოკიდებულთა სიაში შეიყვანს ანუ ის 5 წლის განმავლობაში თავისი პირადი მონაცემებით ვერანაირ კაზინოში ვერ ითამაშებს. ეს იქნება ჯოჯოხეთის დასასრულის დასაწყისი.
გიორგი კვიტაშვილი