„ამქვეყნად ისევ ივლის ზაზა დამენია!“
გურიაში, გომის მთაზე, ერთ-ერთ მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა. როგორც გმირის მეუღლე, ხათუნა ხუხუნაიშვილი ამბობს, ინიციატივა შეიარაღებული ძალების ვეტერანს დიმიტრი ქართლელიშვილსა და თავდაცვის სამინისტროს კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ეკუთვნის. "საქართველოში უკვე არსებობს ზაზა დამენიას მწვერვალი. ერთდროულად განვიცდი სიხარულსა და ტკივილს. ზაზა ჩემთვის მოუშუშებელი ჭრილობაა, თუმცა ასევე ჩემი სიამაყეა. მწვერვალისთვის ზაზას სახელის მინიჭება ერთ ძალიან კარგ ამბავს დაემთხვა. ჩვენს ერთადერთ ვაჟს შვილი შეეძინა - ზაზა დამენია, ესე იგი, სიცოცხლე გრძელდება", - ამბობს ხათუნა ხუხუნაიშვილი.
შეგახსენებთ, ზაზა დამენია 2004 წლის 5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის საბრძოლო მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა. ის რუსულ-ოსურ ბანდფორმირებების მიერ ქართველების სანგარში ჩაგდებულ ხელყუმბარას გადაეფარა და თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. იმ დღეს მასთან ერთად ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. თანამებრძოლების გადმოცემით, დაღუპვამდე ორი დღით ადრე ნაღმის აფეთქების გამო ზაზას თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, პოზიციის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა: "წიგნის კითხვა აღარ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ, და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო". მას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა. უკვე რამდენიმე წელია ოზურგეთის სკოლა, სადაც გმირი სწავლობდა, მის სახელს ატარებს.
ზაზა დამენია 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა, 1995 წელს კი შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი იყო. მცირე პაუზის შემდგომ, ოჯახის დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ისევ სამხედრო კარიერას დაუბრუნდა. 2002 წლიდან მსახურობდა მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქ ქვეით ბატალიონ "კომანდოს" რიგებში. სწორედ ამ სტატუსით დაასრულა სიცოცხლე საბრძოლო პოზიციებზე 2004 წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას. თითქოს წინასწარ გრძნობდა დასასრულს. როგორც მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, ერედვში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად მივიდა სახლში, ცოლ-შვილი ჩაიხუტა და უთხრა: "ვინ იცის, კიდევ როდის გნახავთ... როცა მოვკვდები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრო". რამდენიმე დღეში ოჯახი გურიაში გაემგზავრა. ზაზა უკანასკნელად ტელეფონით დაუკავშირდა მათ და უთხრა, რომ 16 აგვისტოს სახლში დაბრუნდებოდა. მისი ჩანაწერები, რომლებიც ოჯახში ინახება, მებრძოლის სულიერ სამყაროსა და პასუხისმგებლობის გრძნობას ასახავს. მაგალითად, წერს: "ომი თავისთავად სიმწარეა და სიკვდილი... ის მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა... ბევრ მწარე მოგონებას იტევს... ზოგი ისეთია, დროც ვერ ერევა, ვერ შლის გონებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭედილ ტკივილს. ასეთი სიმწარე თან მიაქვს ომგადახდილ ადამიანს... ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა".
თითქოს წინასწარ იცოდა, თუ როგორი იქნებოდა მისი დასასრული: "მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს... ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს... თუ მთლად განწირული არა ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა".
ზაზა დამენიას დედა, ციური წერეთელი, იხსენებს, რომ ზაზა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა წესიერებით, დისციპლინით, საკუთარი ტანსაცმლის გაუთოებასაც კი არავის ანდობდა. მუდამ მოწესრიგებული, პიჯაკითა და პერანგით დადიოდა, მკაცრი შინაგანი წესრიგითა და პრინციპებით ცხოვრობდა. ყველასა და ყველაფერზე ზრუნავდა. ხშირად ამბობდა, რომ ბრძოლის ველზე ქართველი ჯარისკაცები სათანადო დაფასებას ვერ იღებდნენ... საუბრობდა ომის დროს განცდილ უსამართლობაზე, ბრძოლისას გათავისუფლებული სოფლების მიტოვებაზე, ბრძანებებზე, რომლებიც ჯარისკაცებს რწმენას უკარგავდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის ბოლომდე დარჩა აფხაზეთში, სანამ უკანასკნელმა მებრძოლმა არ დატოვა ბრძოლის ველი. ის დარჩა იმ თაობის სიმბოლოდ, რომლისთვისაც სიტყვები "მოვალეობა" და "სამშობლო" მხოლოდ რიტორიკა არ ყოფილა, ამ ცნებებმა განსაზღვრა მისი მომავალიც.
ზაზა დამენიას ვაჟი, გიორგი დამენია, ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. განათლება სოციოლოგიურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე მიიღო, ერთხანს კალათბურთითაც იყო დაკავებული, თუმცა საბოლოოდ მაინც იმ სფეროში დარჩა, რომელსაც მამამისმა სიცოცხლე მიუძღვნა. ხათუნა ხუხუნაიშვილის თქმით, გიორგის პიროვნებაში ნათლად იგრძნობა მამის ხასიათი - დისციპლინა, სიწყნარე და პასუხისმგებლობის ძლიერი შეგრძნება. გიორგი ბედნიერია ვაჟის დაბადებით, ის გმირი მამის მოსახელეს გაზრდის და ამქვეყნად ისევ ივლის ზაზა დამენია!
ხათუნა ბახტურიძე