„საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ასეთი ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობა“
ჟურნალისტ და აქტივისტ თორნიკე რაზმაძესთან შეხვედრა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სოციალურ ქსელში მის საინტერესო სტატიების წავაწყდი. თორნიკე პარლამენტთან მიმდინარე აქციებს მუდმივად აშუქებს.
- ჯერ კიდევ სტუდენტი აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა საპროტესტო მოძრაობაში, რომლებიც, ჩემი აზრით, უსამართლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასე იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და ასეა ახლაც. მიუხედავად ჩემი პროფესიული საქმიანობისა, მიმაჩნდა, რომ აუცილებელი იყო დამეფიქსირებინა საკუთარი აზრი და ვყოფილიყავი მონაწილე იმ პროტესტისა, რომელიც საქართველოს] მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია.
- თქვენი აზრით, რა მიზეზით შემცირდა ბოლო დროს მოქალაქეთა ჩართულობა აქციებში?
- არა მგონია, საპროტესტო განწყობა შემცირებული იყოს, პირიქით, გაიზარდა, უბრალოდ, ადამიანებს ფიზიკურად უჭირთ ყოველდღე ქუჩაში დგომა. ვფიქრობ, ამიტომაც შემცირდა შედარებით ხალხის რაოდენობა, მაგრამ გარკვეულ თარიღებში დაანონსებულ აქციებზე ხალხის რაოდენობამ გვაჩვენა, რომ საპროტესტო მუხტი არ განელებულა. ეს ჩანს სოციალურ ქსელებში, რაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა შეცდომა, რომ პოლიტიკოსები საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორობას ჩამოშორდნენ?
- ამ საპროტესტო მოძრაობაში პოლიტიკოსები არასდროს ყოფილან ორგანიზატორები და, ალბათ, ესეც არის ამ პროტესტის ერთ-ერთი სიძლიერე. პოლიტიკოსები ამ პროტესტის ნაწილი იყვნენ, ისინი დღემდე დადიან აქციაზე როგორც რიგითი წევრები.
- როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას უახლოეს მომავალში?
- პროცესების განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე, იმ პირებზე, რომლებსაც ხელში აქვთ მართვის სადავეები, უპირველესად კი ძალოვან უწყებას. სიტუაცია უფრო გამწვავდება და ხელისუფლება ახალ სისულელეს ჩაიდენს, ან უკან დაიხევს და ჩვენს მოთხოვნათა ნაწილს მაინც დააკმაყოფილებს.
ჩვენ ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნები. ერთადერთი პროგნოზი ის არის, რომ საპროტესტო მოძრაობა აუცილებლად მიაღწევს შედეგს, რადგან საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ასეთი ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობა და წარმოუდგენელია ამან შედეგი არ მოიტანოს. გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს, არ ვიქნებოდი ამ პროცესში.
- თუ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერთ?
- მე ყველა პოლიტიკურ პარტიას ვუჭერ მხარს, რომლებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში და არ თანამშრომლობენ იმ ბოროტ ძალასთან, რომელსაც მე "ქართულ ოცნებას" ვუწოდებ.
- რამდენად რეალურია, რომ 2028 წლამდე არჩევნები არ გაიმართოს?
- აბსოლუტურად ყველა სცენარი რეალურია, რომლის გათამაშებაც შეუძლია "ქართულ ოცნებას". არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის ყველა ვარიანტი რეალურია. აი, რომელი ჯობს, არ ვიცი, რადგან "ქართული ოცნება" საკუთარი წესებით განაგებს საქართველოს.
კესო ხოსიტაშვილი