"კარები იღება და რას ვხედავ, "გიორგი სააკაძე" შემოდის..."
"სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, ისეთ საინტერესო ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ბევრისთვის მათი ახლოდან ნახვა სანატრელი რომ იყო", - ამბობს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი.
"ჩემი დროის თეატრალური"
- ჩემი თაობის მსახიობებს ახსოვთ, როგორი იყო მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტი და ადამიანები, რომლებიც იქ მოღვაწეობდნენ. გენიოსები დააბიჯებდნენ იმ შენობაში: ლილი იოსელიანი, მიშა თუმანიშვილი, ილია თავაძე, გიგა ლორთქიფანიძე, აკაკი ვასაძე... ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდნენ და მაშინდელი ემოცია დღემდე მომყვება... მაშინ ინსტიტუტის რექტორი გენიალური ილია თავაძე გახლდათ. აკაკი ვასაძეს ჯგუფი ჰყავდა. უნდა გენახათ, ეს ხალხი ერთმანეთში რომ საუბრობდა, მათ მიმართ რამდენად დიდ პატივისცემას ვავლენდით. სტუდენტებსაც გამოგველაპარაკებოდნენ ხოლმე, მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი.
ხმამაღალი ლაპარაკი მიყვარდა, ემოციური ადამიანი ვარ. ერთხელ მიხეილ თუმანიშვილმა მითხრა: ბიჭო, რა გაღრიალებს, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეო.
ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, კომისიაში გენიოსები ისხდნენ. იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც უკვე დავასახელე, იყვნენ მუმუშა გაწერელია, რეზო მირცხულავა, ვალიკო მრევლიშვილი, ბაბულია ნიკოლეიშვილი, გურამ საღარაძე... როგორც წესი, უნდა წამეკითხა ლექსი, პროზა ან იგავ-არაკი. იქ რა ხდებოდა, იცით? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა მიეღოთ და ვინ არა. შენ რომ კითხულობდი, ერთმანეთისკენ იყვნენ მიტრიალებული და საუბრობდნენ, თითქოს არც გისმენდნენ. ერთხელ გავჩერდი, ჩავთვალე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. გააგრძელე, რატომ გაჩერდი? - მკითხა რეჟისორმა რეზო მირცხულავამ. მეც გულწრფელად ვუპასუხე, არ მისმენთ-მეთქი. რა? ეგეთ ლაპარაკს როგორ ბედავო?! რას ჰქვია, არ გისმენთო. გარეთ გამომიშვეს. თუმცა შემდეგ გამოცდაზე დამიშვეს, როგორც ჩანს, მათში პატარა სიმპათია მაინც გამოვიწვიე. ალბათ, იმას ამჩნევდნენ, რაც მათთვის საინტერესო იყო და დანარჩენისთვის არც დროს კარგავდნენ და არც თავს იღლიდნენ.
მორიგ გამოცდაზე გავედი. უცებ კარები იღება და რას ვხედავ, "გიორგი სააკაძე" შემოდის. აკაკი ხორავა მანამდე ცოცხლად სად უნდა მენახა? აშკარად გიორგი სააკაძე დავინახე. ბატონი აკაკი ახლოს ცხოვრობდა, მაშინდელ ვორონცოვზე, თეატრალურში თურმე ხშირად მოდიოდა, ის ბევრი წლის განმავლობაში რექტორი იყო და უყვარდა იქაურობა. ხორავა რომ დაინახეს, კომისიის წევრები წამოიშალნენ, მიეგებნენ... სულ ყველაფერი დამავიწყდა, დავიბენი, ისედაც ვღელავდი და კიდევ ამ სცენის ნახვა მინდოდა? გარკვეული პაუზის შემდეგ მითხრეს, გააგრძელეო. როგორი საქმე იქნებოდა ამის შემდეგ იმ აუდიტორიის წინაშე გასვლა და თავის მოწონება...
მისაღები გამოცდები მერვე აუდიტორიაში ტარდებოდა, ახლა შენობაც შეცვლილია, მაშინ სხვაგვარად იყო, სამსახიობო (დრამატულ) ფაკულტეტზე 3 ჯგუფი ვსწავლობდით და მუსკომედიაზე - მხოლოდ ერთი. სტუდენტებიც და პედაგოგებიც ცოტანი ვიყავით, მაგრამ იყო ძალიან დიდი ურთიერთობები.
ამ მერვე აუდიტორიის გვერდით გამნათებლების ჯიხური იყო, რუსთაველის თეატრის მცირე სცენას ანათებდნენ. ჩვენი ინსტიტუტი თეატრზე იყო მიერთებული, კარი გვყოფდა და ხშირად იმ კარიდან სპექტაკლების სანახავადაც ვიპარებოდით. ერთი გამნათებელი ძალიან კარგი კაცი იყო, შეგვიყვანდა სტუდენტებს თავის ჯიხურში და იქიდან ვუყურებდით სპექტაკლების რეპეტიციებსაც. ასე ვნახე მიშა თუმანიშვილის "ანტიგონეს" რეპეტიცია. სცენაზე იყვნენ სერგო ზაქარიაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე... უნდა გენახათ, ეს გენიოსები როგორ ურთიერთობდნენ, როგორ ეწყობოდა სცენა, როგორ მსჯელობდნენ. მათ შორის იყო გაგება, მეგობრობა, პატივისცემა. მსახიობები ხომ გენიოსები იყვნენ და რეჟისორიც გენიოსი იყო, მათ შორის გადაბრუნებული სიტყვა არ არსებობდა. ზოგჯერ ალბათ, ემოციებიც ერთვებოდა და ჯანსაღი კამათიც ექნებოდათ, ეს შემოქმედებით პროცესს მუდამ თან სდევს, თუმცა მე მათი კამათი არასდროს მინახავს...
თეატრალურში ვიწრო კორიდორი იყო, ვასაძე რომ გაივლიდა, სულ რომ არ დაგლაპარაკებოდა, მისი გავლაც კი რაღაც განსხვავებული და დიდი ენერგიის მატარებელი იყო. აკაკი ვასაძის გვერდით ხშირად ვმჯდარვარ და მომისმენია, როგორ საუბრობდა, როცა რაღაც საქმეს არჩევდა.

"სიხარულისგან რომ ავხტი, ლამის ჭერი ჩამოვანგრიე"
- არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, ფრანგებმა პირველად ფილმზე რომ დამამტკიცეს. ეს რა პერიოდია, იცით? საბჭოთა კავშირის იქით გასვლა რომ არ შეიძლებოდა. ისეთი მოულოდნელი ამბავი იყო... 1985 წელია, საზღვარგარეთ ვინ გაგიშვებდა.
ფრანგები იყვნენ საქართველოში ჩამოსული, როგორც ვიცი, მანამდე რეზო ჩხეიძესთან ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა "დონ-კიხოტის" გადაღების თემაზე, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ. საქართველოს ბუნება რომ დაინახეს, გაგიჟდნენ და ბატონ რეზოს უთხრეს, ერთობლივი ფილმი გადავიღოთ, სადაც ქართველები და ფრანგები ერთად ითამაშებენო. მსახიობების შერჩევა დაიწყო. რეჟისორის თანაშემწემ დამირეკა, მთხოვა მივსულიყავი. მეც ვცადე, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი... სინჯების შემდეგ, ბუნებრივია, ფრანგი პროდიუსერები სამშობლოში დაბრუნდნენ. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი არც მქონდა, სინჯებზე ისეთი მსახიობები იყვნენ მოსული, ვფიქრობდი, მე ვინ ამირჩევ-მეთქი, პატრონი და ხელის წამკვრელიც არავინ მყავდა, არადა, საქართველოში ეს ყოველთვის "ჭრიდა". ამ ამბიდან გავიდა 5 თუ 6 თვე, ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს, როლზე დამტკიცებული ხართო. სიხარულისგან რომ ავხტი, ლამის ჭერი ჩამოვანგრიე. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს წუთი არასდროს დამავიწყდება.
ეს ჩემი პირველი ფილმი იყო, როგორც ჩანს, სანამ ფრანგებმა არ აღმომაჩინეს, მანამდე ვერ მხედავდნენ. მერე დაიწყეს ჩემი გადაღება ქართველმა რეჟისორებმაც.
გამგზავრებამდე ძალიან ფრთხილად ვიყავი, არ მინდოდა, რამე შემმთხვეოდა ან ჩხუბი მომსვლოდა, ახალგაზრდა ვიყავი. კომუნისტები ოხრები იყვნენ, ვიცოდი, საზღვარგარეთ გაშვებაზე ეგრევე უარს მეტყოდნენ. სხვათა შორის, არც მიშვებდნენ, რადგან მანამდე პატარა უსიამოვნებები მქონდა და დახასიათებაში ჩამიწერეს "თავშეუკავებელიაო". სხვა რომ მეჩხუბებოდა, მეც ვიჩხუბებდი, აბა, რას ვიზამდი. კაგებე არ მიშვებდა, მაგრამ რეზო ცეკაში მივიდა, მას გავლენები ჰქონდა.
ფილმი "ზღვის მაშვრალნი" 3-სერიიანი იყო. ფრანგ სცენარისტთან ერთად, რეზო თაბუკაშვილი იყო თანაავტორი, გიზო გაბესკირია - თანარეჟისორი. ფრანგ მსახიობებთან ერთად მე, ნოდარ მგალობლიშვილი და იმედა კახიანი ვთამაშობდით.
საფრანგეთში გადაღებებზე ყოფნისას მქონდა შეგრძნება, რომ სხვა პლანეტაზე ვიყავი. იქ ისეთი ურთიერთობები იყო, მსახიობების ისეთი პატივისცემა... უნდა გენახათ, როგორ გვეფერებოდა რეჟისორი თავის არჩეულ მსახიობებს. იქ რეჟისორმაც და პროდიუსერმაც კარგად იციან, რომ შენით იხვეჭენ სახელს, პოპულარობას, თანხასაც... ისე კი არ იყო, როგორც დღესაა საქართველოში, აქ მსახიობების დიდი უპატივცემლობაა, ეს შემიძლია თამამად ვთქვა. ანაზღაურება არის 0, როგორც თეატრებში, ისე კინოში. თავიდანვე გეკითხებიან, თანხას რამდენს ითხოვ? არც იცი, რა უპასუხო, დაბნეული ხარ. კინოში გადაღების შემდეგ შეიძლება თანხა სულაც არ გადაგიხადონ, ასეც არაერთხელ მომხდარა, ეს უდიდესი შეურაცხყოფაა. ახალბედა მსახიობს რასაც უხდი, ჩემთანაც ის თანხა გინდა გადაიხადო? შიმშილით რომ ვკვდებოდე, იმ თანხაზე არ წავალ.

"შენნაირს ექვსსაც მოვერეოდიო"
- დოდო აბაშიძე ლეგენდარული კაცი იყო, დაკუნთული, ყველასგან განსხვავებული. მას "ფესვების" გადაღებისას შევხვდი, რამდენიმე საერთო სცენა გვქონდა. შუადღეს გადამღები ჯგუფი ისვენებდა, მივუჩოჩდებოდი ხოლმე ბატონ დოდოს და მკლავზე ხელს შევაპარებდი, გაიწი, ბიჭო, აქედანო, მეტყოდა. მაინც არ ვეშვებოდი. ერთხელ ვკითხე, ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით, თქვენზე ლეგენდებს რომ ჰყვებიან-მეთქი? რა გინდა, ბიჭო, არაფერსაც არ მოგიყვებიო. ის მითხარით, ჩემნაირს რამდენს მოერეოდით-მეთქი? შენნაირს ორ-სამს მაინც მოვერეოდიო. გავბრაზდი, მე ხელები შვებულებაში კი არ მექნებოდა-მეთქი. გადმომხედა და, ბიჭო, ცოტათი მომერიდა, თორემ სიმართლე თუ გაინტერესებს, გეტყვი, შენნაირს ექვსსაც მოვერეოდიო. ამ ადამიანის ქცევებს სულ ვაკვირდებოდი და სულ აღფრთოვანებული ვრჩებოდი. სამწუხაროდ, "ფესვები" მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
თამუნა კვინიკაძე