"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ ყველას არ უნდა ვენდო, ყველას თან არ უნდა გადავყვე, მაგრამ..."
„მეშინია კალიების, რომ დავინახო ოთახში დახტის, იქ ვერაფრით შევალ“
"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ ყველას არ უნდა ვენდო, ყველას თან არ უნდა გადავყვე, მაგრამ სხვაგვარად ცხოვრებას მაინც ვერ ვახერხებ", - ამბობს ყველა დროის უძლიერესი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი.
- დაბადების თარიღი...
- 1988 წლის 15 სექტემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- სპორტსმენი და მსახიობი. სპორტი ყველა ასაკში მიზიდავდა, ვუყურებდი ჩვენს სპორტსმენებს, ვგულშემატკივრობდი. ფიზიკური მონაცემებით ბავშვობაში თანატოლებისგან განსხვავებული დიდად არ ვყოფილვარ, 15-16 წლის ასაკში სიმაღლეში სწრაფად მოვიმატე. ყოველთვის მიყვარდა ფილმები და ამის გამო მსახიობობის სურვილიც მქონდა.
- ჩემზე ამბობენ...
- კარგი ადამიანიაო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- რიგ საკითხებს ნაკლები ემოციურობით მივუდგებოდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო 2012 წელს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე გავედი, 110 კილოგრამში ვიასპარეზე და მეორე ადგილი დავიკავე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვარჯიში სულ 2 წლის დაწყებული მქონდა.

- პირველი საერთაშორისო წარმატება..
- 2013 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიყავი და იქიდან პოლიციის და სახანძრო სამსახურის ოლიმპიადაზე წამიყვანეს, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ტარდებოდა. იქ გავიმარჯვე, ორივე მკლავში ოქროს მედალი ავიღე.
- დღეს თქვენი ტიტულების ჩამონათვალი როგორია?
- მოყვარულებში მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ მაქვს მოგებული, ევროპა - 6-ჯერ. შემდეგ პროფესიონალებში გადავედი, სადაც მსოფლიო თასი მოვიგე, მოგებული მაქვს ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტურნირი ტოპ 8. შემდეგ ამ სპორტში ორი ახალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, ორივეს ჩემპიონი გავხდი. 2017 წლის შემდეგ არც ერთი რაუნდი და არც ერთი გადაწევა არ წამიგია, ამ შედეგით მსოფლიოს მასშტაბით ყველა დროის უძლიერეს მკლავჭიდელად ვითვლები.
- ყოჩაღ! თქვენს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ვის მიუძღვის?
- პირველ რიგში, ჩემი მწვრთნელი ლადო ხუციშვილი უნდა დავასახელო. ადამიანი, რომელმაც ჩემში პოტენციალი დაინახა და ამ სპორტში მიმიყვანა. სულ მავარჯიშებდა, მხარში მედგა, რომ მკლავჭიდში ფეხი ამედგა. დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს და მეგობრებს, მათი თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ასევე იმ ადამინებს, რომლებიც ჩემი სპონსორები არიან და ფინანსურად მეხმარებიან, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება რომ მქონდეს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- მიზანდასახულობა. მეუღლე მეუბნება, შენი სავიზიტო ბარათი ღიმილიაო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- გავაკეთო რამე განსაკუთრებული.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- მიზანდასახულობა და შრომის სიყვარული.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ზედმეტი ემოციურობა. ვაცნობიერებ, რომ გულთან ყველაფერი არ უნდა მივიტანო, მაგრამ...
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- რომ ყველას არ უნდა ვენდო, ყველას თან არ უნდა გადავყვე, მაგრამ სხვაგვარად ცხოვრებას ვერ ვახერხებ. ადამიანებისგან იმედგაცრუება არაერთხელ განმიცდია.
- ამ დროს როგორ იქცევით?
- უმეტეს შემთხვევაში არ ვიმჩნევ, მაგრამ იმ ადამიანთან დისტანციას ვიცავ.
- პატიება შემიძლია თუ...
- დავინახავ და ვიგრძნობ, რომ ის თავის დანაშაულს მიხვდა და ნანობს.
- ვიბნევი...
- როცა მაქებენ, ძალიან დიდ უხერხულობას ვგრძნობ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- როცა ავტომობილს ვმართავ და ვიღაც უსამართლოდ გაბმულ სიგნალს მაძლევს, ლამის უმართავი გავხდე. ვყვირი, უკმაყოფილებას ემოციურად გამოვხატავ.
- როცა აღმოაჩენენ, რომ საჭესთან ქართველი "ჰალკია", მერე რა ხდება?
- მერე იწყებენ, ვაიმე, ლევან, ბოდიში! მერე მე ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში, მრცხვენია.
- სიყვარული ეს...
- ღმერთის საჩუქარია ადამიანებისთვის, ბედნიერები რომ ვიყოთ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- არც ისეთი პატარა ვიყავი, 19 წლის ასაკში მოხდა ეს ამბავი და ყოველდღე რუსთავში დავდიოდი, ის გოგო იქ ცხოვრობდა.
- მაკვირვებს...
- ადამიანები უგულოები და ერთმანეთის მიმართ ცივები რატომ გახდნენ? ჩვენს შორის ემპათია რატომ დაიკარგა? რატომ აღარ ვინდობთ ერთმანეთს? საიდან გაჩნდა ასეთი დიდი აგრესია?
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ჩემმა მეუღლემ.
- ამას ლელა როგორ ახერხებს?
- ძალიან მარტივად, თავისებური მეთოდები აქვს. როცა ძალიან დაღლილი ვარ, ამ შემთხვევაში ცოტა რთულია.
- ვრისკავ...
- კარიერაში მარტივად, ცხოვრებაში უფრო ფრთხილი ვარ.
- ვამაყობ...
- ქართული სპორტით. ბოლო წლებში არაერთი მიმართულებით გვაქვს წარმატებები, ეს როგორ არ უნდა მახარებდეს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ბანკიდან ვალის აღება, ეს ხუმრობით, სერიოზულად - დღემდე აღსარების ჩაბარება ვერ გავბედე. შეიძლება ითქვას, ჩაკეტილი ადამიანი ვარ, გახსნა მიჭირს.
- ბოლოს ვიტირე...
- ახლახან მე და ჩემი მეუღლე ფილმს "უკანასკნელი სამურაი" ვუყურებდით. მე ადრეც ნანახი მქონდა, ლელას - არა და ატირდა, თვალზე ცრემლი მეც მომადგა.
- მეშინია...
- კალიების. რომ დავინახო ოთახში დახტის, იქ ვერაფრით შევალ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- სად დაიკარგე, რატომ არ მოდიხარო. ეს მესმის მეგობრებისგან, ნათესავებისგან, მშობლებისგანაც კი.
- და სად იკარგებით?
- ეს იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობ... რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი შვეიცარიიდან, სადაც გაიმართა შეჯიბრი და გაირკვა ჩემი მომავალი მეტოქე, 28 თებერვალს ავსტრიაში ვიტალი ლალეტინთან 7-რაუნდიანი შეხვედრა მექნება. 2019 წელს ხმაურიანი ტოპ 8 რომ ვახსენე, მაშინ შევხვდი ვიტალის და 6/0 გავიმარჯვე, თუმცა მას შემდეგ ის ძალიან მომატებულია, გაძლიერებულია, სიმაღლეში 204 სანტიმეტრია, 150 კილოგრამს იწონის, ანგარიშგასაწევი ძალაა, სერიზული მომზადება მომიწევს.
- ვუფრთხილდები...
- მეგობრებთან ურთიერთობას და ჯანმრთელობას, რადგან ჯანმრთელობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემს კარიერასთან
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- უარის თქმა, არადა, ხშირად საჭიროა. ყველას რიდი მაქვს, მგონია, რომ ყველასთან ვალში ვარ და რაღაცას რომ მთხოვენ, უარს ვერ ვეუბნები, ზოგჯერ მათი თხოვნის შესრულებისას საკუთარ საქმეს ვაფუჭებ. შეიძლება იმ ადამიანს სულაც არ ვიცნობდე.
- ვიტყუები, როცა...
- ჩაძინებული ვარ, გვიან რომ მირეკავენ და მეკითხებიან, ხომ არ გეძინა? მე ვპასუხობ, არა.
- თავისუფლებაა...
- როცა იმას აკეთებ, რაც შენ გსიამოვნებს, მაგრამ შენი ქცევა, არავითარ შემთხვევაში ვინმესთვის ზიანის ან დისკომფორტის მომტანი არ უნდა იყოს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ზუსტად ვიცი, ბევრი მანქანა მეყოლებოდა. ახლა 4 მანქანა მყავს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მანქანა მინდა - ბავშვობიდან ასე ვარ. კარგ სახლს ავაშენებდი და ბევრ ადამიანს გავახარებდი. სიკეთის კეთება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
- ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა...
- მეგობრებთან ერთად ყოფნა. ზოგჯერ შეიძლება ერთი ბოთლი ლუდი მივირთვა, მაგრამ ალკოჰოლი 10 წელია არ მიმიღია.
- მენატრება...
- ბავშვობა, ბებია, პაპა... სოფელში რომ ჩავდიოდი, მათი მზრუნველობა და სითბო, ის სილაღე მენატრება. პაპას სახელოსნო ჰქონდა და მე და ჩემი ძმა იქ შევუცვივდებოდით ხოლმე. მერე ბევრს ვხუმრობდით, ვიცინოდით.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ჩემი მეუღლე მშველის. განსაკუთრებით დაძაბული დიდი შეჯიბრებების წინ ვარ, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი და ლელასთან საუბარი სტრესს მიმსუბუქებს, სხვაგვარ განწყობას მიქმნის, ფსიქოლოგიურად მაძლიერებს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ბავშვობაში სულ მარიგებდნენ, ხარბი არ ვყოფილიყავი, რაც მე არ მეკუთვნოდა, სხვისი არაფერი მომენდომებინა...
- დაბოლოს გეტყვით...
- დიდი მადლობა "კვირის პალიტრას", ყველა ადამიანს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს. მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ როგორც ქუჩაში, ასევე სოცქსელებში. შეიძლება გარეთ გასვლისას ცუდ ხასიათზე ვიყო, მაგრამ მხვდებიან ადამიანები და ისეთ სიტყვებს მეუბნებიან, ხალისი მემატება, ეს სიყვარული ძალიან დიდი ბედნიერებაა. მინდა იცოდეთ, რომ მეც ყველანი მიყვარხართ!
თამუნა კვინიკაძე