"მე მოვიტანე აქამდე სოფელი, ის ჩემით ხარობდა, მე - მისით" - კვირის პალიტრა

"მე მოვიტანე აქამდე სოფელი, ის ჩემით ხარობდა, მე - მისით"

სოფელი ბზიკურთკარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხორხის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. მისი მცველი 85 წლის ელო ქისტაურია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ აქამდე ეს ლამაზი სოფელი ნასოფლართა სიაში არ ჩაწერილა.

ხორხის ხეობაში სულ 8 სოფელია. მათგან ხირაუშა (სადაც ჩვენი რესპონდენტია დაბადებული) და უბანი დაცლილია, ბზიკურთკარში კი ელო ბებო შემორჩა... როგორც მეუბნება, ადრე მის სოფელში 13 კაცი ცხოვრობდა, დღეს კი მიტოვებული სახლები ეკალბარდს დაუფარავს. ზვავმაც თავისი მსახვრალი ხელი დაატყო იქაურობას - ერთი სახლის გარდა, ყველა დაანგრია, ელო ბებოს სახლი კი –- ნახევრად. მას მერე ელო ქისტაურმა და მისმა შვილებმა სად არ იარეს, ვინ არ შეაწუხეს, ვის არ სთხოვეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ...

როცა დავურეკე, ელო ქისტაური თბილისში იყო, სამკურნალოდ ჩამოვედი და არ ვიცი, კიდევ ვეღირსები თუ არა ჩემს კარმიდამოს შევავლო თვალიო, მითხრა ნაღვლიანმა.

ელო ქისტაური-ბადაშვილი: - ზამთარი მოდის და ისევ დანგრეული სახლი მაქვს, ძალიან ცივა, არა თბება ეს ოხერი... საექიმო ვარ და თბილისში ჩამოვედი. რაი ვიცი, არავინ მომაქცია ყურადღება, რაისმე გაკეთება თუ ეწადათ, გააკეთებდნენ მაშინ. მიწისძვრამ რომ დაგვინგრია სახლი, მაშინ მეუღლე ცოცხალი მყვანდა, ხან იმან იარა, ხან მე ვიარე დუშეთში, კომისია იყო მოსული, შაამოწმეს, რაღაც აქტი შაადგინეს, ვითომ უნდა ეეშენებინათ ჩემი დანგრეული სახლი... მერე ათასი უბედურება მოხდა ჩვენს ბედზე და აღარავინ მოგვაქცია ყურადღება.

არც ახლაა არავინ ჩვენი პატრონი... დუშეთის გამგეობამ გუბერნატორს მიაწერა, დააკმაყოფილეთო, მაგრამ ხან რას იმიზეზებდნენ, ხან რას. შენაო სახლი გქონიაო, ეის თუ სახლია... შიშით ვიცხოვრე და ვცხოვრობ, ისეთ მდგომარეობაშია, სახურავს ხის ბოძები აქვს შადგმული, ის ამაგრებს. ახლა დავანებეთ თავი, როცა ყურ აღარ გვიგდებენ.

ზვავმა 1992-ში დაგვინგრია სახლი, დაღესტნისკე იყო 7-ბალიანი მიწისძვრა და ჩვენც გადმოგვწვდა. ბზიკურთაში მარტო ერთი სახლი გადარჩა, მისი პატრონები არაგვისპირში ცხოვრობენ. ადრე შვილები მეუბნებოდნენ, თბილისში ჩამოდიო, მაგრამ უარს ვამბობდი, ჩემთვის ვცუცუნებდი. საცა ვარ, მარტოკაი ვარ, ჩემთვინა.

რა აზრი აქვს ჩემს ყოფნას, წამლებზე არა მყოფნის ფული, შვილებi თავიანთ ოჯახებს ძლივს ინახავენ, ვის დავემდურო, განა არ იცი, რა დრო მოვიდა? დიდი ხანი არაა, რაც ქალაქში ჩამოველ, იმიტო წამოველ, ექიმთან ვარ მისასვლელი, მივიდე და გავიგო, რა მდგომარეობა მაქვს, გულიც მაწუხებს, ოპერაცია მითხრეს და აბა, რა ოპერაციას გადავიტან, 85 წლის ვარ...

ბადაშვილის გვარის ქალი ვარ, მოხევე. ოჯახში 8 და-ძმანი ვიყავით. ბზიკურთაში გავთხოვდი, თორე ჩემი სოფელი უფრო მაღლაა, ხირაუშა ჰქვია, ის ახლა ნასოფლარია (სოფელი გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე), მდინარე ხორხი ჩამოუდიოდა. თხოვნით გავთხოვდი, იქ არ მინდოდა, მაგრამ ეტყობა ბედი იყო თუ უბედობა, გავთხოვდი... მაშინ ბზიკურთაში 7-8 კომლი იყო, ორი გვარის ხალხი ცხოვრობდა - ქისტაურები და ქავთარაძეები. მერე აირია ქვეყანა, აღარც სკოლა იყო, ამიტომ წამოვიდა ხალხი ბარში, მეურნეობიდანაც არაფერი ხეირი იყო. როგორც ახლა, მთავრობა მაშინაც თვითონ სჭამდა მილიონებს...

ჩემმა მეუღლემ, ნიკოლოზმა, 22 წელი მილიციაში იმუშავა, 4 წელიც ჯარში იყო. მერე პენსიაზე გავიდა. ცუდადა ვარო, რომ თქვა, 2 კვირაში დაიღუპა. 3 ბიჭი მყვანდა და უფროსი 29 წლისა დაიღუპა. ჩვენთან 8 კლასამდე იყო სკოლა, შვილები სასწავლებლად წამოვიდნენ და მარტოკები დავრჩით. მე და ნიკოლოზი ვშრომობდით და ვწვალობდით...

1999-ში 6 თვე საავადმყოფოში ვიწექი თბილისში, 6 თვეში ერთხელ დავდიოდი ქიმიაზე. თითქოს გამოვკეთდი, არა მიშავდა რა, ვმუშაობდი სახლში. ახლა კიდე ანემია მაქვს, სისხლს რომ გადამისხამენ, მერე ცოტა ხანს მოვგონდები, 1-2 თვესა, მერე კიდევ მივყავარ, არცა ვკვდები და აღარცა ვრჩები.

აქამდე ძლივს გამქონდა თავი სოფელში, ცეცხლს ვანთებდი, შეშას ვათრევდი. ცეცხლი რომ ჩაქრებოდა, მერე სულ იყინებოდა იქაობა. საქონელიც მყავდა, ცხვრებიც, ფრინველი, ინდაურები...

ადრე დუშეთში ჩოხელი იყო გამგებელი, იმასაც შავჩიოდი. სახლი დაგეშალა და ჩემთან მოდიხარო, ჩემი შვილისთვის უთქვამს. განა იმის სახლსა ვთხოულობდი, მაგასთან კი არა, ჩვენ მთავრობასთან მივდიოდით.

ამ ჩოხელის მამა ჩემი სოფლიდან იყო, ერთად დავიზარდეთ, მეგონა, იქნებ რაღაცაში დამეხმაროს-მეთქი, მაგრამ...

ახლა პენსიის ამარა ვარ და ისიც ექიმთან ერთ მისვლაზე არა მყოფნის - იქ ანალიზებიო, წამლებიო. წამლებს ორი თვისას მიწერს და ერთი თვისასაც ვერა ვწვდები. ორი კვირის წამალში 300 ლარს მიანგარიშებენ, ის დანარჩენი რაღაით ვიყიდო, ან რაღა ვჭამო. აქამდე შამეძლო და ჩემთვინ მამყავდა ყველაფერი სოფელში, მაშინ რა მიჭირდა, რად მინდოდა მაგათი პენსია. როცა აღარ შეუძლია ადამიანს, მაშინ უნდა დახმარება, თორემ, როცა შეუძლია მაშინ რად უნდა...

გასულ წელს იყო, ჩვენ მხარესა, ჩვენს ზეით ცხოვრობდა ერთი ოჯახი, სახლი დეეწვათ, გარეთ დარჩნენ, ღია ცის ქვეშ და არავინ ყურადღება არ მიაქცია და მე, აბა, ვინ მამაქცევს ყურადღებას, ვისი იმედი უნდა მქონდეს?! როგორ მენანება, ახლა ბზიკურთაში რო აღარავინაა, ნეტა დამანახა იქაობა, რაი ვიცი... შრომას რაღას შავძლებ, მაგრამ ერთხელ მაინც დამანახა ჩემი ეზო-ყურე. მე მოვიტანე აქამდე სოფელი, ის ჩემით ხარობდა, მე - მისით, აღარავინ იყო, მარტოკა ვიყავ 12 წელიწადი. ჯანი და ძალა მქონდა, შამეძლო თოვლი გადამეხვეტა, შეშა შამეტანა. ახლა, ალბათ, ამასაც ვერ შავძლებ. ვიდრე შამეძლო, ფეხით რამდენჯერ წავსულვარ პენსიის ასაღებად. იქ ახლომახლო არავინაა, რო გასკდე ყვირილით, ვერავის ვერაფერს გააგონებ, სულ რო ნადირს შავეჭამე, ვერავინ გაიგებდა. დაბლა, ჭალაზედა ცხოვრობს 2 კომლი, იქ რომც იჩხავლო, ვერ გააგონებ, წყალი მოდის, ხორხულას ვეძახით, იმის ხმაში ვერავინ ვერაფერს გაიგონებს. ჩვენი სოფლის გვერდზე ლაოშაა, მაღლა - ხორხია, ჩვენგან ძაან მოშორებით არის ყველა. ერთადერთი, შუქი მქონდა ბზიკურთაში, მაგრამ სამანქანე გზა არ იყო, კილომეტრები უნდა მევლო, მარშრუტკამდე რო მიმეღწია და დუშეთში ჩავსულიყავ. ვოცნებობ, არ ჩავვარდე ლოგინად, ისე, რომ ფეხზე ვეღარ დავდგე, სხვისა ჭირად არ გავხდე. ყველას თავისი გასჭირვებია და თავისი აქვს მოსავლელი.