„სანამ მუშაობა შემიძლია, ბედი ისევ უნდა ვეძებო“
ის ზღაპარი თუ გახსოვთ, ერთმა კაცმა რკინის ქალამნები რომ ჩაიცვა, რკინის ჯოხი აიღო და ბედის საძებნელად წავიდა ღარიბი ოჯახის გადასარჩენად. მე კარგად მახსოვს და სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანმა რკინის ქალამნებითა და რკინის ჯოხით, ამხელა ტვირთით დედამიწას შემოუაროს-მეთქი! არადა, თურმე შეიძლება და აგერ გვაქვს მაგალითებიც - ჩვენი ემიგრანტი ქალები, რომლებმაც რკინის ჯოხსა და რკინის ქალამანზე მეტი ტვირთი აიღეს, ოჯახებს წლობით მოშორდნენ და შორეულ გზებს დაადგნენ ბედის საძებნელად. Eეს მაშინ, როდესაც შესაძლოა საკუთარი კარ-მიდამოს გარეთ გახედვაც არ სურდათ, რადგან სწორედ იქ ეგულებოდათ სიცოცხლის საზრისი. აი ასე, ამ ტვირთით გაატარეს სიცოცხლის ბევრი დრო და ახლაც გზაში არიან. მათ სამშობლოს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, დაფიქრებაც არ სურს მათზე: რატომაც არა, თავიანთი ოჯახების ბედის შემსუბუქებით სახელმწიფოს ჩამოაცილეს ამ ოჯახებზე ზრუნვა. აი, სწორედ ეს გამახსენდა, როდესაც სოციალურ ქსელში ერთი რიგითი ოზურგეთელი ქალის, ნინელი ცხომელიძის მიმართვა ვნახე. თავისნაირ ემიგრანტებს სთხოვდა, მიშველეთ, უმუშევარი დავრჩი, იქნებ ამერიკაში წასვლაში დამეხმაროთო!
ქალბატონმა ნინელიმ თავიდან საუბარზე უარი მითხრა, ემიგრანტების ჯგუფებში რასაც ვწერ, ჩემს შვილსა და ახლობლებს ხელი არ მიუწვდებათ, არც მინდა გაიგონ, ამიტომ ვერ დაგელაპარაკებიო. მერე დამთანხმდა, იქნებ ხალხის ხმას ჩემიც დაემატოს და ხელისუფლება გონზე მოვიდეს. ემიგრანტები ძალიან ბევრნი ვართ, ძალა აღმართს ხნავს, მეც მინდა ჩემს ქვეყანაში ღირსეული სიბერე მქონდეს, დავიღალე ბედის ძებნითო.
- მე და ჩემი მეუღლე გარე ვაჭრობაში ვმუშაობდით და როგორღაც ვუძღვებოდით შვილებს, მაგრამ მეუღლე გარდამეცვალა და ჩემთვის ჩემს სამშობლოში ყოფნა დამთავრდა. აბა, რა უნდა მექნა, როდესაც შვილიშვილი მყავს აუტიზმის სპექტრით და ბევრი რამ სჭირდება, რეაბილიტაციის კურსები, მედიკამენტები, მასწავლებლები... Aამას კი ფული სჭირდება, თანაც ძალიან ბევრი. ჩემს შვილს იმდენად პატარა ხელფასი აქვს, რომ საკვებისთვისაც არ ჰყოფნით. რძალიც ვერ მუშაობს, სხვა შვილებიც ხომ ჰყავს. ამიტომ ისევ მე გავწირე თავი. ძალიან ინერვიულა ჩემმა შვილმა. მითხრა, სად მიდიხარ, დედა? როგორ შეიძლება ზრდასრულმა შვილმა დედა სამუშაოდ გაუშვას და თავად სახლში დარჩესო, მაგრამ არ დავიშალე. პირველად რომ სახლიდან გავედი, რომელსაც ერთი დღითაც ვერ ვტოვებდი, ძალიან დავითრგუნე. თურქეთში გადავედი სამუშაოდ, რადგან ოზურგეთთან ახლოს არის, ვიფიქრე, დროდადრო ჩამოვალ და ოჯახს დავხედავ-მეთქი. მაგრამ არაფერი გამოვიდა, თურქეთში ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, მაგრამ იმხელა ხელფასი არ მქონდა, რომ სახლიდან გადახვეწა გაემართლებინა. ამიტომ საბერძნეთში გადავედი. ცრემლით გამაცილეს ჩემმა თურქმა მასპინძლებმა. მოკლედ, გადავედი საბერძნეთში, მოხუცის მომვლელად ორი წელიწადი ვიმუშავე და ხელფასები იქაც შემცირდა. ვიფიქრე, იტალიაში ვცდი ბედს-მეთქი, იქიდან მართლაც უფრო მეტად შევძელი ოჯახის დახმარება. იტალიელები კარგი ხალხია, მაგრამ მოხუცებს უნდა გაუგო. ერთხელ ისეთ აგრესიულ მოხუცს ვუვლიდი, ვიფიქრე, თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ გამახსენდებოდა ჩემი შვილიშვილები და თავს შემოვუძახებდი.
ამასობაში 9 წელიწადი გავიდა. პირველად იმდენად განვიცდიდი, ერთბაშად 16 კილოგრამი ჩამოვიკელი, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. მე და ჩემნაირებს მისია გვაქვს, ოჯახები უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ ჩემს სახელმწიფოსაც ხომ უნდა ჰქონდეს მისია, ღირსეული სიბერე გვაღირსოს და რომ დავბრუნდები, ჩემს თავს არ ვჩივი, ჩემს შვილს ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ შვილებს მიხედოს.
იცით, ჩემნაირი რამდენია ემიგრაციაში, შინ დაბრუნება რომ ეშინიათ? იქიდანაც იმას ვხედავთ, რასაც საქართველოში ხედავენ ჩემიანები - თანამდებობის პირები მშვენივრად ცხოვრობენ, ხალხი კი გასაცოდავებულია. ამიტომ სანამდეც შეგვიძლია, ვრჩებით და ოჯახებს ვეხმარებით.
- ამერიკაში რატომღა მიდიხართ.
- როცა სამუშაო აღარ მაქვს, მორიგი სამუშაოს შოვნამდე ძალიან ვნერვიულობ. იმიტომაც გამოვაქვეყნე განცხადება და ემიგრანტებს ვთხოვე, თუ შეგიძლიათ სამუშაოს შოვნაში დამეხმარეთ-მეთქი.
რამდენჯერ მიფიქრია, ევროპა რომ არ იყოს, საქართველოში ამდენ გაჭირვებულს, ამდენ ავადმყოფს რა ეშველებოდა, ან ჩემს პატარას როგორ წავეშველებოდი რეაბილიტაციაში-მეთქი. ახლა ევროპის წყალობით სახლიც მაქვს და რაც მთავარია, შვილიშვილები დავაყენე ფეხზე. რძალი სულ მეხვეწება, ჩამოდი, დედაო, მაგრამ სანამ კიდევ შემიძლია, მინდა უფრო მეტი ვიმუშაო. ჩემი სახელმწიფოს იმედი რომ მქონდეს, უკვე იმ ასაკში ვარ, ჩემს ტკბილ შვილიშვილებში და სამშობლოში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ არა მაქვს იმედი, არც მე და არც სხვას, ამიტომ სანამ მუშაობა შემიძლია, ბედი ისევ უნდა ვეძებო. ვნახოთ, ზღაპრებში ბოროტი ყოველთვის მარცხდება, ეგებ ჩემს სამშობლოშიც დამარცხდეს.